ბავშვები და სიკვდილის ფილოსოფია
ვზივართ ეზოში და ვსაუბრობთ. ბავშვებს ჯერ კვერნას საქციელი ვერ მოუნელებიათ, ეშინიათ კიდევ არ მოვიდეს და მათაც არ უკბინოს. ვამშვიდებ.
.- კვერნა კატისებრთა ოჯახიდანაა? ოთახში არ შემოგვიხტეს!- მეკითხება შეშინებული თამარი. კვერნაზე დიდხანს ვისაუბრეთ და ამოვწურეთ ეს თემა. შემდეგ ბავშვებმა სიკვდილზე ჩამოაგდეს საუბარი, ვინ როდის კვდებაო.
-ბებო, მართალია კაცები უფრო ადრე კვდებიანო?!- იკითხა თამარმა.
- კი, მართალია!- წარმოთქვა თავდაჯერებით გუჯამ.
- არა, მოხუცდებიან და მერე კვდებიან!- წარმოთქვა ბრძენმა გაბომ. ეთუნა დიდია და არ ერევა ამ საუბარში.თინა არაფერს ამბობს, მხოლოდ გაფართოებული, შეშინებული თვალებით გვიყურებს. უცებ თამარი ატირდა.
- რა იყო თამარ, რატომ ტირი? - ვეკითხები თამარს.
- მინდა, რომ არავინ კვდებოდეს! თოვლის ბაბუს უნდა ვთხოვო, რომ არ მოკვდე ბებო! ბებო, შენ ჩემი დედიკოს ხნის მაინც იყო რა კარგი იქნება!
- რატომ თამარ?
- იმიტომ რომ არ მინდა მოკვდე, დიდხან არ მინდა მოკვდე!
- გოგო, რა დღეში ხარ, ყველა უნდა მოკვდეს, შეიძლება მეც მოვკვდე, მანჩო ძია ხომ ბებოზე ადრე მოკვდა!- დაუყვავა გუჯამ.
- მანჩო ძიას მანქანა დაეჯახა!- აუხსნა გაბომ
- ეს საიდან იცი გაბო?
- მე ყველაფერი ვიცი ბებო! შენ კარგ საჭმელებს გვიმზადებ!- გადავიდა სხვა თემაზე გაბო და ხელზე მაკოცა. თამარი რაღაცაზე გაღიზიანებული ისევ ატირდა. ვერ ვამშვიდებ, რაც უფრო ვეფერები, მით უფრო უმატებს ზლუქუნს. ამ დროს გაბოც აცრემლებულდა.
-რა მოხდა გაბუკა?!- ვეკითხები და ვეფერები, რავა ყველანი ატირდით.
- ზურგი მატკინეს, წყალი მომისვი, ან ყინული დამადე!-მთხოვს გაბო.
- ესენიც გაგაბრაზეს? რატომ?- კითხვები დააყარა თინამ.
- ჰო, ყველა მაბრაზებს!- დავამშვიდე და სკამზე დავსვი.
- კარგია, ეს მისიამოვნებს ზურგს!- დაწყნარდა გაბო.თამარი კი არა და არ მშვიდდება.
- თამარ, ნეტა მე თუ დამიტირებ ასე, როცა მოვკვდები?!- მივმართე თამარს მწყრალად.
- კიიიი, ვიტირებ! - იკივლა თამარმა და ახლა ისტერიულად ატირდა.
- მე მთელი დღე ვიტირებ!- აჰყვა გაბო.
- მე მთლიანად ვიტირებ!- წარმოთქვა თავდაჯერებით თინამ.
გადამრევენ ეს პატარები, ავუხსენი, რომ სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენაა და დროული ისიც მისაღებიათქო, მაგრამ მათ არ უნდათ ჩემი სიკვდილი. მიშველეთ, იქნებ ვინმემ უკვდავების წყალი მიშოვოთ!
No comments:
Post a Comment