Sunday, September 18, 2016

                                                  იქნებ წავიდე?!

 
      ტრადიციულ  ოჯახში ვარ გაზრდილი, ,კაცრი კანონებით,  სხვაგან გაშვებას ჩვენთან სტუმრობა რომ ერჩინათ ჩემს მშობლებს და მართლაც მოდიოდნენ ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, დედა ყველას თბილად იღებდა, ყველას უხაროდა ფულარიების ოჯახში სტუმრობა. სასკოლო გამოშვებაც სახლში გადავიხადეთ. კლასელი მყავდა ერთი ბიჭი გვერდიგვერდ ვიჯექით, სკოლის დამთავრების შემდეგ რამოდენიმეჯერ ვნახეთ ერთმანეთი, მერე წლები გავიდა, ბევრმა  წყალმა ჩაიარა...  და აი ჩვეულებრივი მძიმე დღე გათენდა, ძალიან ცუდად ვარ, ვფიქრობ თავი როგორ მოვიკლა.  უთენია  ტელეფონის ზარი გაისმა, შენ გკითხულობენო  გაკვირვებულმა მომაწოდა ყურმილი ქალიშვილმა. არავის ვეკონტაქტებოდი და ყველა მომჩერებოდა ვინ მამაკაცი მირეკავდა. მიკნავებული ხმით ვუპასუხე, შენი კლასელი ვარ ესა და ესო, გავიგე ყველაფერი... ახლა მოსკოვში ვცხოვრობ, ერთ-ერთი სასტუმროს დირექტორი ვარ, შვილები პარლამენტარები მყვანან, დაავლე შენს ძმისშვილს ხელი, წამოდი მოსკოვში, ოთახს დაგითმობთ და ყველანაირად ხელს შეგიწყობო. ხანმოკლე საუბარი, მადლობის მოხდით დავასრულე  და ტელეფონის ნომერი არც ჩამიწერია.  ცოტა ხანში ჩემი ძმისშვილი, თედო  ჩამოვიდა ხობიდან.  თედომ სევდანარევი ირონიით  მოჰყვა: ''ჭიშკართან მანქანა გაჩერდა, კაცი გადმოვიდა ღიმილით, მოსკოვიდან ჩამოვედი და ამ ოჯახის უნახავი ვერ წავალო. ბებია სად არის მინდა მოვეფერო, მრავალი სიკეთე მახსოვსო. ბებია გარდაიცვალათქო. შეწუხდა, მერე მამაჩემი მოიკითხა, შოთა რას შვებაო, მამაც გარდაიცვალა მეთქი, გაშრა, ცოტა პაუზის შემდეგ, ელგუჯა გულედანი სად არის, დიდ პატივს ვცემ ჩემი ლექტორი იყო,  ისიც გარდაიცვალამეთქი რომ ვუთხარი, თავში ხელი იცა, რა მოუვიდათ ამ საღ-სალამათ ხალხსო. ელგუჯას ხომ შვილი მოუკვდა და იმის შემდეგ დაავადამეთქი. შვილი, მანუჩარი მოუკვდაო, კაცი გაქვავდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა გაფითრებული, ყველა რომ ამოვწყვიტე, მერე შიშით, ჩუმად იკითხა თამრიკო სად  და როგორ  არისო? გაიგო, რომ თბილისში იყავი, თავი ჩაქინდრა და წავიდაო." აი  თურმე რატომ  მირეკავდა!
  ჰოდა გავიდა მას შემდეგაც  ბევრი წლები... ახლა კი დაწიხლულს, გულნატკენს, დაღლილს ცხოვრებისგან, უფინანსობისგან, უმადურობისგან და კიდევ რა ვიცი რისგან ამეკვიატა ამ სიბერეში მოსკოვში უნდა წავიდე, სანამ კიდევ შემრჩენია ძალა, ჩემს თავს მივხედავ, მეც ხომ მაქვს უფლება რაღაცეები დავიკიდოთქო, ბავშვები ხომ უკვე წამოვჩიტეთქო. დავიწყე იმ კეთილი კლასელის მოძიება, მაშინდელი  შეპირება თუ ძალაშია უნდა გავიგოთქო, შენც არ მომიკვდე, ვერა და ვერ მოვნახე, ახლა რაღაც იმედი გამიჩნდა, მოსკოვში მცხოვრებმა ახლობელმა მითხრა გაგიგებ კოორდინატებსო.  შინ ვახმოვანებ მოსკოვში მივდივარ, თუ შევძელითქო, ნეტა არ მეთქვა, ღვთის რისხვა დამატყდა თავს
 გაბო: მოსკოვი უცხოეთია, სად არის?!
- კი გაბო უცხოეთია!
- მერე მე როგორ მტოვებ, დედა სახლში არ არის, მე სკოლაში ვინ წამიყვანს, ვინ მამეცადინებს?- აღრიალდა გაბო
-ნუ ტირი გაბო, ყოველდღე დაგელაპარაკები, თან ფულს გამოგიგზავნი!
- არ მინდა ფული, გადაყარე, ჩემთან იყავი, ჩამეხუტე, შენ რომ ბებო იყო და მე ასე გითხრა კარგი იქნება?- სლუკუნებს გულამომჯდარი ბავშვი.   გუჯიკო, რომელიც დედამისის გვერდით იწვა გაიგონა გაბოს ტირილი, რა ხდებაო? და მიზეზი რომ გაიგო აღშფოთდა
-  არ წახვიდე, ჩვენ ვინ მოგვხედავს, დედა არ გაგვზრდის და ვერც გაგვზრდის, არც იფიქრო ბებო! - წარმოთქვა გაღიზიანებულმა. ეთუნა რაღაც მუსიკებს უსმენდა, მანაც მოჰკრა ყური, ჩვენს საუბარს
- ბებო, ვარიანტი არ არის, არ გაგიშვებ, თუ არადა მეც შენთან ერთად მოვდივარ!
- გამაგიჟებთ ხალხნო, წამოგჩიტეთ, უკვე არ ხართ პატარები, მეც მინდა დასვენება და ცხოვრება.
-არა ბებო, ჯერ პატარები ვართ, მიყვარხარ, შენს გარეშე ვერ შევძლებ! - უფრო ასლუკუნდა გაბო
-დამშვიდდი, დაიძინე, მოვიფიქრებ, იქნებ არ წავიდე! - დავუყვავე გაბოს
- კარგი, ცოტ-ცოტად ვმშვიდდები, ოღონდ პირობა მომეცი რომ არ დამტოვებ!- ვეფერები და ძლივს ვაძინებ. დილით ხელს არ მიშვებს, ყველგან დამსდევს შეშინებული. ცოტა ხანში თამარს და თინას დავურეკე,  ისინი მაინც არ არიან ჩემი გაზრდილები, მათაც დავეკითხებითქო. შენ რას იტყვი თამარ  მოსკოვში რომ წავიდემეთქი
- ვისთან მიდიხარ, რა გინდა არ წახვიდე, მიყვარხარ! არა და არა, გესმის?!- მომაყარა კატეგორიული ტონით თამარმა
სკაიპით დაგელაპარაკებით ყოველდღე!
- არა, არა, არ მინდა, არ მელაპარაკო!- მომიჭრა უფრო გაღიზიანებულმა თამარმა - ელაპარაკე თინას, ჩამძახა გაბრაზებულმა  და ყურმილი თინას გადასცა
-უნდა წახვიდე? დარჩი!- გაისმა თინას ღუღუნა ხმა
- ჰო, თინ, შენც წინააღმდეგი ხარ?
-ჰო, გთხოვ, დარჩი, მიყვარხარ და იმიტომ!
- ყოველდღე დაგირეკავ თინ!- მოვეფერე  თინას
- უნდა გნახო ვიდრე დარეკო!- მომაჭედა პაწუკა თინამ და საუბარი არ გამიგრძელა.
არ ვიცი რას ვიზამ, გამაგიჟებენ ესენი, მართლა მინდა ერთი ორი წლით გავიდე, მოვსინჯო ჩემი თავი, სანამ კიდევ შემრჩენია ჯანი და შრომისუნარიანობა. რა ვქნა მე თავის დროზე გავზარდე შვილები, შვილიშვილებიც წამოვჩიტე, უფლება არ მაქვს ყველასგან და ყველაფრისგან დავისვენო  ცოტა ხანი, არაფერი გავიგონო და  არაფერი
 დავინახო?! შეწუხებულმა მატას შევჩივლე. რას ატერორებ ბავშვებსო, ასეთი პასუხი მივიღე. არ ვიცი რას გადავწყვეტ, არადა ასეთი დამძიმებული როგორ წავიდე?!  ვნახოთ რას გადავწყვეტ, გაგაგებინებთ, ის კი გავიგე, რომ ჩემს თავს არ ვეკუთვნი თურმე