Sunday, April 29, 2018

                                                   გუჯა

  ახლა ისევ დიდი ხნის წინანდელი ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომელსაც იუმორით ვიხსენებ.
ელგუჯა გულედანი ვინც იცის, დამეთანხმება, ის არა მხოლოდ გარეგნობით და ინტელექტით გამოირჩეოდა, არამედ იყო საოცრად სპორტული, ფეხბურთის კარგი მოთამაშე და მოყვარული, კარგი მონადირე, მეთევზე, კარგი მოჭადრაკე. მის ყმაწვილკაცობის, სტუდენტობისდროინდელ თავს გადახდენილ ამბებზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. დისშვილები თუ ძმისშვილები თხოვდნენ მოეყოლა მისი საომარი თავგადასავლები, მაგრამ მას მაინცდამაინც არ უყვარდა თავის თავზე საუბარი და სხვებისგან ვიგებდით. მერე მანჩოც რომ წამოიზარდა და უკვე მოწიფულს მასაც დააინტერესა მამამისის ამბებმა
- მა, მართალია, ერთხელ დიდი სატვირთო მანქანით სავსე ბიჭებს გაუტაციხართ საცემად სადღაც ტყეში, მაგრამ ყველა გაგილახია და ხრამში უვნებელი გადამხტარხარ? - ეკითხება თვალებანთებული მანჩო. გუჯას ეღიმება
- ის მაინც მომიყევი, როგორ გალახე მარტომ მთელი კურსი, გთხოვ მა!
- მაშინ მესამე კურსზე ვიყავი, ჩემს ზემოთ ქეიფობდნენ, გოგო- ბიჭების ხმაურმა არ დამაძინა, ერთი ავძახე, მაგრამ ყურად არ იღეს, მერე ავედი და კარი შევაღე, დილის ოთხი საათია, დაგვაძინეთმეთქი - ერთმა ხელი წამავლო, შიგ შემაგდო და კარი ჩაკეტა. მთელი ბიჭები ჩემს საცემად გამოემართნენ. ასე არ უნდათქო და წამებში ყველა ძირს დავყარე.
- ამას როგორ ახერხებდი მა! - ეკითხება არფრთოვანებული მანჩო
- გარდა იმისა რომ ნავარჯიშევი ვიყავი, ყოველ დღე შტანგას ვწევდი, სისწრაფე მქონდა შვილო, სისწრაფე კი აბნევს მოწინააღმდეგეს. - მანჩო ეშმაკურად, კმაყოფილი წკურავს თვალებს
- მართალია, იმ საღამოს შენი ჩხუბი რომ უნახიათ, ერთ გოგოს საოცრად შეყვარებიხარ? - გუჯამ გაიღიმა
- შეუყვარდებოდა დე, ასეთ საოცრებას რომ შეხედა!- მივუგე ირონიით მე.
 - ნეტა მეც მანახა შენი ჩხუბი გუჯა, მაგ ამპლუაში არ მინახიხარ! - მივმართე ღიმილით
- გავცდი უკვე ჩხუბის ასაკს, მაგრამ თუ საჭირო შეიქნა, და მითუმეტეს შენი გულისთვის, რამოდენიმეს კიდევ მოვუგრიხავ კისერს! - მომიბრუნდა ირონიული ღიმილით ის.
ცოტა ხანში კი....
ახლობლის ქორწილში მივდივართ, გუჯა ადრე გავიდა სახლიდან, სანაპიროზე დაგელოდები, საპარიკმახეროში მოვწესრიგდები და შენ გამოდიო. მართლაც მოვემზადე და გავედი ჩვენს გაჩერებაზე. ვიფიქრე, ტაქსს გავაჩერებ და მალე მივალთქო, უცებ მოხეული ბიჭი გადამიდგა, უნდა გამეცნოვო. განზე გავდექი, არსაით გამაქანა, როცა არაფერმა გაჭრა, ავუხსენი, ჩემი უბანია, ნუ მაგდებ უხერხულობაში, ნაცნობებმა არ დამინახონ, გათხოვილი ქალი ვარ, სამი შვილის დედა, მეუღლე მელოდება, გამიშვი ინერვიულებს, გაიხედ-გამოიხედე ქალების მეტი რა დადისთქო. მოგეხსენებათ, სოხუმი საკურორტო ქალაქი იყო და ჩვენი ბიჭები ნამდვილად განებივრებულები იყვნენ კავკასიელ ბიჭებზე აჭრილი ქალებით.შენც არ მომიკვდე, არაფერი ესმის. ქურდი ვარ, ჩემი ყველას ეშინია, არ გაგიშვებო, ამით როგორ ტრაბახობმეთქი და გამწარებულმა სილა გავაწანი. თვითონაც აფეთქდა და ცუდი სიტყვა მაკადრა
- ელგუჯა გულედანის მეუღლე ვარ, თუ არ გაგიგია, იკითხე ვინ არის, მიწიდან ამოგთხრის და დღევანდელ დღეს არ გაპატიებს! - ლამის ცრემლიანმა დავემუქრე
- არ ვიცი ვინ არის, მკიდია!
-მაგასაც მალე ვნახავთ, ინანებ, შე გარეწარო!
ელგუჯას გაგონებაზე მისი თანმხლები ბიჭები შეკრთნენ, ეტყობა ან სტუდენტი იყო რომელიმე გუჯასი, ან იცოდნენ აშკარა იყო, რადგან მობოდიშება დამიწყეს, და ტაქსით გაშვებას მთავაზობდნენ. მე ვიუარე, მანამდე მოქცეულიყავით წესიერად, გაგეჩერებინათ თქვენი მეგობარიმეთქი და არ ჩავჯექი მათ გაჩერებულ მანქანაში. თვითონ გავაჩერე და წავედი. გუჯა აღშფოთებული დამხვდა, ამდენი ხანი სად იყავიო, მე კიდევ ცრემლები მსდიოდა და მოვუყევი რაც გადამხდა, ქორწილში ვერ წავალ, ცუდად ვარ მეთქი. გადაირია, ამიწერე როგორები იყვნენო და ჰოი საოცრებავ! გავიხედე და სანაპიროზე გულადი ქურდი შვიდ ბიჭთან ერთად არ მოსეირნობს?! გადავირბინე, მივეჭერი და მივახალე, ახლა ჩემს ქმარს აუხსენი რით დავიმსახურე ასეთი მოქცევათქო. შეცბა, ასე უცებ არც ის ელოდა და არც მე თუ დანაქადნები ასრულდებოდა. გუჯა ვეფხვივით მიეჭრა, წამებში შვიდივე მიწაზე გორავდნენ. მთელი სანაპირო მორბოდა, ელგუჯა გულედანი ჩხუბობსო, გუჯამ დაუყვირა ყველას, ხელი არ გაანძრიოთ, დახმარება არ მინდა, ამათ მე მივხედავო. გახარებულმა მეც ვუთაქე ჩანთა იმ მოხეულს. როცა გუჯამ მოათავა მათი დაჩეჩქვა, სახედაწითლებული გულადი ვაჟი გამოეკიდა, ბატონო ელგუჯა დამელაპარაკეთო. გუჯამ არ გაიკარა, დღეს საკმარისად მიიღეთ, ქორწილში მივდივარ, ხვალ კიდევ შეგხვდებით და კიდევ მიიღებთ საკადრისსო. კუდამოძუებული გაგვეცალა. შემდეგ იმ ქალებთან უშიშარმა ქურდმა ქვეყანა მოციქულები გამოაგზავნა შესარიგებლად გუჯასთან, ამაზე არ შეგაწყენთ.
ჩხუბის შემდეგ გუჯამ ტანსაცმელი შეითვალიერა, ვაიმე, ერთი ღილი ამწყვეტია, თუმცა არა უშავს, ქორწილში ვერ შეამჩნევენ, ხომ წამოხვალ ახლა ქორწილშიო?- გამიღიმა. როგორ არათქო- ვუპასუხე გახარებულმა. ჩემი ასეთი ხასიათის გამო სვანი შენ ხარ და არა მეო! - მეხუმრებოდა. კარგად მესმის, რომ საშიშია და არ არის სწორი მეუღლემდე მომხდარის მიტანა, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა შედეგზე არ მეფიქრებოდა, მათ დაიმსახურეს რაც მიიღეს.
ასე გავხდი შემთხვევით ჩემი გუჯას უძლეველობის მოწმე, ისე, ჩემი მანჩოც მამამისს დაემსგავსა, ისიც უშიშარი და ძლიერი იყო.

                                                მატარებელში

მეუბნებიან, რომ კარგად იკითხება ჩემი ჩანახატები და ელოდებიან, თუ მართლა ასეა, მახარებს. გადავწყვიტე, ჩემი დიდი ხნის წინანდელი იუმორისტული ჩანახატი შემოგთავაზოთ. ეს სოხუმში ცხოვრებისას, ჩემს ბედნიერ წლებში მოხდა.
ძალიან ტრადიციულ და მკაცრ ოჯახში გავიზარდე, მამა და დედა ისე არ ჩაგვსვამდნენ კუპირებულ ვაგონში, თუ ზუსტად არ ეცოდინებოდათ, რომ იქ ყველა ქალი იქნებოდა, თუ არა და საერთო ვაგონში მგზავრობისთვის ვიყავი განწირული. მერე ოჯახი შევქმენი და გუჯაც იგივე კატეგორიის შემხვდა, თბილისში თუ მარტოს მომიწევდა წასვლა, ერთადგილიანს მიხერხებდა, თუ არა და ისევ საერთო, სუნიანი ვაგონი და უძილო ღამე მქონდა გარანტირებული, ამიტომაც მგონია, თუ სამოთხის ბილეთი მერგო, მხოლოდ საერთო ვაგონში ალბათ, თუმცა, ოღონდაც იყოს სამოთხისკენ გზა და ურმით ან ფეხითაც დავადგები.
მოკლედ მამიდას ორმოცია და თბილისში მარტოს მიწევს წასვლა, ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით სამი, ოთხი ხუთი წლისანი არიან და გუჯა ბავშვებთან დარჩა, მე სვ-თი გამიშვა. აქეთობას ჩემებმა გამომაცილეს, მანამდე გუჯამ ბინაში ბევრჯერ დარეკა (სად იყო მაშინ მობილურები) თუ კუპეში ყველა ქალი არ იქნება და ბილეთებს ვერ გადაცვლი, საერთოში ჩაჯექიო. რა ახირებაათქო - გავბრაზდი, მაგრამ არც მე მსურდა მაინცდამაინც მამაკაცებთან მგზავრობა. ჩემებმა შემაცილეს კუპეში, შემოვიდა ორი ქალი, ერთ - ერთს პატარა გოგონა ახლდა, მესამე მე ვიყავი და მეოთხე არ ჩანდა. ჩემები დამშვიდდნენ, მაინცდამაინც მამაკაცი ხომ არ ამოვა, არ გიწევს ბილეთის გადაცვლაო - მითხრეს დამშვიდებულებმა, ამასობაში მატარებელიც დაიძრა და ჩავიდნენ. კუპეში მყოფებმა ცოტა ხანს გავისაუბრეთ, განათება ძალიან სუსტი იყო, წიგნის კითხვა ვერ მოვახერხე და თერთმეტი საათისკენ დავწექით. მე ზემოთ მომიწია დაწოლამ. არ ვიცი ღამის რომელი საათი იქნებოდა, კარი ფრთხილად გაიღო, სიბნელეში ვიღაც უხმაუროდ შემოვიდა და ზემოთა საწოლზე, ჩემს პირდაპირ მოკალათდა. არც დავინტერესებულვარ ძილ-ღვიძილში მისი სქესით. გამთენიისას ერთი ქალი ჩავიდა, მეორე მგონი სამტრედიაში და უკვე მეც გავახილე თვალები, გათენებულათქო, ქვემოთ სიცარიელე იყო, გავიხედე, ჩემს წინ ვიღაც პროსტინში ისე იყო გახვეული, სქესი ვერ გავარჩიე, მაგრამ გავიფიქრე: ასე კაცებს შეუძლიათ მოკუნტვათქო. ვაი თუ მართლა მამაკაცია?! - გამეცინა გუნებაში, სწრაფად ჩამოვხტი ძირს მოვწესრიგდი, გარეთ გავედი, ფანჯარაში გავიხედე, სახლები, ხეები, ველ-მინდვრები მატარებელთან ერთად მოძრაობდნენ. "ნეტა რომელ საათზე ვიქნები სოხუმში, ორი დღეა ბავშვები არ მინახავს, მენატრებიან, გუჯა აუცილებლად დამხვდება, რა ნელა მიდის ეს მატარებელი, აი იაპონიაში რაკეტული სისწრაფით დაჰქრიან თურმე მატარებლები, ეს კი ჯორივით რამდენ ხანს დგას ერთ ადგილას!"- გავიფიქრე უგუნებოდ, მერე მომბეზრდა დგომა, შევედი კუპეში, კარი ღიად დავტოვე. "კარგი შუქი მაინც იყოს წავიკითხავდი და დროც მალე გავიდოდა!" - ამის გაფიქრებაზე ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ავიხედე და ბიჭი მომშტერებია, სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე, იქნებოდა ალბათ თვრამეტ-ცხრამეტი წლის.
- მარტო ვართ?- მკითხა თვალების ფშვნეტით,ჯერ კიდევ ნახევრად მძინარემ. პასუხი არ გამიცია, ისევ გარეთ გავედი, ადგომა ენდომება არ იუხერხულოსმეთქი. ისევ ფანჯარაში ვიხედები, ერთმანეთს ენაცვლებიან ლამაზი ეზო - სახლები. "მართლა ლამაზი, მოვლილი, ეზო-კარი იციან სამეგრელოში" - ლამის ხმამაღლა წარმოვთქვი აღფრთოვანებულმა ბუნების სილამაზით.
- როდის ჩავიდნენ ის ქალები? - მეკითხება ჩემი თანაკუპელი, რომელიც ფანჯარასთან გვერდზე ამომდგომოდა.
- არ ვიცი საათზე არ დამიხედავს - ვუპასუხე უხალისოდ, მერე ჩემთვის გულში გამეღიმა, აუცილებლად მკითხავს გუჯა კუპეში მამაკაცი ხომ არ იყოვო.
- მაინტერესებს კუპეში მარტონი რამდენი ხანია ვართ და შენ სად ჩადიხარ?- აგრძელებს ჩემს დაკითხვას ქერა ბიჭი
- შენ არა, თქვენ! - შევუღრინე გაღიზიანებული ტონით და ისევ კუპეში შევედი, არ ღირს ამ იდიოტის ბჟუტურს ყურადღება მივაქციოთქო. თვითონაც შემოვიდა, ჩამოჯდა, კარის მიხურვა დააპირა, ხელი ავუკარი და ისეთი მზერა ვესროლე, ცოტა ხანი გაისუსა.
- არა, გავგიჟდები, რა ჯანდაბამ დამაძინა, ასეთი გოგო გვერდით მყოლიხარ, მართლა დეგენერატი ვარ- წამოიძახა და ხელი თავში შემოირტყა.
- რატომ, რას იზამდი, რის კეთებას ხარ მიჩვეული შე ცხვირმოუხოცავო ტუტუცო, ლაწირაკო? ხმა არ ამოიღო, თორემ ძირს ჩაგაბრძანებ! - დავემუქრე გაგულისებულმა.
-რა ბრაზიანი ყოფილხარ!
- ხართ, გითხარი ერთხელ, ზრდილობა არავის უსწავლებია შენთვის, უფროსებს როგორ უნდა ესაუბრო არ იცი? შენობით არ მომმართო და გითხარი გაჩუმდი - დავაყარე ქოქოლა
- ბოდიშით, რა დავაშავე ასეთი, არ შეიძლება ადამიანურად დამელაპარაკოთ?!
- ადამნიანებს ვესაუბრები ადამიანურად
- და თქვენი აზრით ვინ ვარ მე?
- ერთუჯრედიანი, უზრდელი, უტაქტო არსება! - მივაყარე და მესიამოვნა რომ პირი დააღო.
- მლანძღავთ კიდევაც! - კოპები შეყარა თანამგზავრმა
- შენ იმდენს იზამ სამუდამოდ დაგამახსოვრდება დღევანდელი მატარებელი და ეს კუპე
- მაშინებ, რა უნდა მიქნა? - ოფოფები აეძაგრა ჩემს მამლაყინწას და სიბრაზისგან ისევ შენობით მომმართა.
- ამას მალე გაიგებ! - მივმართე მშვიდად და ისევ გარეთ გავედი. კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. მერე ისევ გვერდით ამომიდგა და მეუბნება
- ასეთი რა გითხარი, ცუდი არაფერი მიკადრებია, არ შეიძლება ბიჭს შენისთანა ქალიშვილი მოეწონოს, ვინა ხარ ასეთი?
- აგევსოს ჩემისთანა სამშვილიანი ქალიშვილებით ოჯახი! - "მივაწყევლე " ჩუმად და გადახარხარება მომინდა, თავი ძლივს შევიკავე.
- არა, რა სამ შვილს რომ იბრალებთ, ერთი მაინც გეთქვათ - ისევ თქვენობითზე გადავიდა ჩემით მოხიბლული ყმაწვილი.
- რამდენი წლის ხართ, სად ცხოვრობთ?
- ქაღალდი და კალამი დაიკავე, ანკეტას შეგავსებინებ!
- მისამართი, ან ტელეფონის ნომერი მომეცით, დაგიმტკიცებთ, რომ კარგი ბიჭი ვარ
- უკვე დამიმტკიცე, არ არის საჭირო - მივმართე ირონიულად
- არ შეგეშვები, მაინც გიპოვი!
- აბა შენ იცი!
"სოხუმი"- დაიძახა გამცილებელმა. სიხარულით გავემართე ვაგონის ბოლოსკენ, ჩასასვლელად მოვემზადე - "დამხვდება, აუცილებლად დამხვდება გუჯა"- ვაცეცებ თვალებს და მართლაც მალევე შევნიშნე, ხელი დავუქნიე, ისიც ჩემი ვაგონისკენ მოდის.
-ეს მოხეული ტიპი ვინ არის?- ჩამსისინა ჩემს გვერდით თანამგზავრმა
- შენგან წვენს რომ გამოადენს მაშინ გაიგებ - მივუგე და ჩავხტი, გუჯამ გულში ჩამიკრა
- ვინ არის ის მაიმუნი, თვალს რომ არ გაშორებს, ერთად ხომ არ მგზავრობდით, რამე ხომ არ გაკადრა? გესაუბრებოდა მგონი.
- არა, რა უნდა ეკადრებინა, არც ვიცი ვინ არის. - დავინდე, ისე ღირსი იყო, წამოეპარტყუნებინა გუჯას ერთი-ორი.
გავიდა ხანი, ბავშვები სანაპიროზე მყავს, მერე ტრადიციულად ნართაში მიმყავდა ხაჭაპურის საჭმელად. ყურადღებით განებივრებულები ვიყავით, მიყოლებულები რომ იყვნენ, ყველას ტყუპები ეგონათ და დაკითხვებს მიწყობდნენ. ზოგი წინ გამატარებდა, ზოგი ბავშვებს გაეთამაშებოდა.
- ვგიჟდები ასეთ ახალგაზრდა ლამაზ დედიკოზე და ასეთ ბაიებზე, ნება მომეცით მე დაგპატიჟოთ, ერთი სიამოვნებაა თქვენი ყურება! - მომმართა ვიღაც უცნობმა. მადლობა გადავუხადე და ვიუარე, არ არის საჭირო, არ შეწუხდეთთქო.
- მე უნდა დაგპატიჟოთ, მომეცით ნება!- მომესმა ნაცნობი ხმა. "ის" იყო, ჩემი თანაკუპელი, დარცხვენილი, დაბნეული, მოკრძალებით მიყურებდა
- არა, მეუღლეს ველოდები, შენ რატომ უნდა დამპატიჟო? ისწავლე როგორ უნდა იქცეოდე უფროსებთან ?- ხმა არ ამოუღია
- კუპეში ისევ არ გიმართლებს, თუ უკეთესობაა, ჰა! - არ დავინდე
- ბოდიშით! - ესღა ამოღერღა და გამეცალა თავჩაქინდრული, ეტყობოდა კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვერ გაებედა


1