რამდენჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში
შენი ხანმოკლე ცხოვრების გზა შენსავით სუფთაა, ყველა ამჩნევდა, რომ შენგან კარგი პიროვნება ყალიბდებოდა. პატარაობიდანვე ვაჟკაცურს და დაკვირვებულს არც უმცროსი გეშლებოდა და არც უფროსი, ყველა ასაკის ადამიანთან შეგეძლო მეგობრობა. შენთან ურთიერთობა ყველას უნდოდა. გარდაცვლილი შვილის გახსენებისას დედა ყოველთვის მის საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს. ხშირად ფიქრებში ვბრუნდები წარსულში, თვალს ვავლებ მანუჩარ გულედანის ბავშვობას , ყმაწვილკაცობას , ეპიზოდებს და მისგან წყენას, გულისტკივილს ვერ ვიხსენებ. მანჩო ის სითბო იყო, რომლითაც მყუდრო ვიყავი, ის სინათლე, რომლის წყალობით კაშკაშებდა ჩემი წუთისოფელი, მეამაყებოდა ასეთი შვილი, რომელსაც ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. მის ხასიათში იყო განივთებული მეგრელისა და სვანის საუკეთესო თვისებები. სვანის სიდარბაისლე და მეგრული სიპეწე. ვიხსენებ და მიკვირს, რა იყო ამ ბავშვის ცხოვრება, მას ყველაზე ცუდ დროს მოუწია ყმაწვილკაცობამ. ექვს - შვიდჯერ მაინც მოუწია სიკვდილისთვის უშიშრად გაესწორებინა თვალი, თითქოს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.1. 27 სექტემბერს ჭუბერის (უღელტეხილით)გზით მოვდივართ. ერთად არ მოვდიოდით, ზოგი წინ, ზოგი უკან, ვინ როგორც ვახერხებდით, ვიღლებოდით, გზადაგზა ვისვენებდით. ჩვენ: მე ლელას და ერთ ახლობელ გოგოს სამი კბილებამდე შეიარაღებული ბანდიტი შეგვხვდა, რა გამოვიარეთ, ამაზე აქ არ მოვყვები. თურმე ესენი უფრო წინ წასულ მანჩოს შეხვედრიან და კურტკის გახდა და მიწაზე დაწოლა უბრძანებიათ. მანჩო არაფრით დანებდაო ამბობდნენ თვითმხილველები. დაემუქრენ,ის არ დამორჩილდა, მაგრამ მოხდა სასწაული, არ მოკლეს. როცა ვიკივლე, რომ მოეკალით რას შვებოდითქო, გაგეხადა ეს ოხერი კურტკა, დაწოლილიყავი მიწაზეთქო. არა სიკვდილი მერჩივნა სილაჩრესო.
2. თბილისში ახალჩამოსულები ვართ, ქვეყანაში საოცარი ქაოსია, რუსთაველზე შინ მომავალსთვის გზა გადაუღობიათ ვიღაც უცნობებს, შარის ატეხვა ნდომებიათ და ქურტკის გახდა მოუთხოვიათ. რა თქმა უნდა არ დაემორჩილა, იქაც მთელი ჩხუბი და დავიდარაბა და მერე ისევ გია ჩაერია, ეს ამბავიც გარჩევის საგნად იქცა. ამ ამბის დეტალები არ ვიცი. მაშინაც გადარჩა. რა გახდა ეს კურტკა, გაგეხადა, მიგეგდო, მართლა ხომ არ უნდა შეეწირო ამასთქო, ვუყვირე. დე, კურტკა არაფერ შუაშია, მაგის გახდას დაჩმორება მოჰყვება, ასეთი ცხოვრება არ მინდა,ერთხელ იბადები და კაცად უნდა მოკვდეო.
3. 1994 წელი. სასტუმრო აჭარა სავსეა შეიარაღებული მებრძოლებით. ყოველ ღამით გვიკაკუნებენ, ხან რას გვთხოვენ ხან რას, ერთ საღამოსაც პირდაპირ შპრიცი გადაგვახარშიეთო მოგვთხოვეს. მოკლედ კანკალში ვიყავი. ერთ დღესაც მე და ლელა ვართ მარტო. მოულოდნელად კბილებამდე შეიარაღებულმა, მთვრალმა მხედერიონელმა შემოგვიღო კარი. ლელას დაადგა თვალი და თავისი კურტკა ლოგინზე მოისროლა. ამ დროს მანჩოც მოულოდნელად დაგვადგა თავს (სხვათაშორის არ ვიცი როგორ და რატომ, მაგრამ მანჩო გასაჭირში უცებვე ჩნდებოდა, ეს პირველი შემთხვევა არ იყო) გული გადამიქანდა, ვიცოდი მანჩო არ მოითმენდა, რამე უბედურება არ დატრიალდესთქო. ვეფერები "სტუმარს", არ მინდა გამწვავდეს სიტუაცია. ყავა მომიდუღეთო-ეხლავეთქო. მანჩომ შემაჩერა, არ გაინძრე, გარეთ გადით, მე მივხედავო და კატეგორიული ტონით მოსთხოვა ლოგინიდან კურტკა აეღო, ეს არაკორექტულია და ოთახიდან გადითო. ის არ გადიოდა. მანჩომ მუშტი მოღერა,თვალით მანიშნა დაგვტოვეთო. არაფრით არ დავტოვე. არ ვიცი რა მოხდა იმ კაცში, ნათლად დაინახა,რომ ეს ბავშვი არ დათმობდა და თავს შეაკლავდა, თუ მის უნამუსობას მიხვდა, არ ვიცი,ჩემდა გასაკვირად დაემორჩილა მანჩოს და გავიდა ბოდიშებით, იარაღზე კი წარამარა ირტყამდა ხელს. მე კი აკანკალებულს მთელი ღამე არ მიძინია. მამშვიდებდა, დე, ნუ ხარ ასეთი მშიშარა, ვერ მესროდა, მართალი არ იყო. მეორე დღეს გამოფხიზლებულზე საბოდიშოდ შემოვიდა, არა მართო ის სხვებიც.
4. ერთი ახლობელი გოგო მიყვებოდა, სადღაც სტუმრად ყოფნის დროს ვუღაც გოგოს თავხედობის გამო შემოსწრებულ მხედრიონელს ის კინაღამ გაუუპატიურებია. მანჩო ცდილობდა გოგო დაეცვა, დაძაბულობა მოეხსნა, ფერი არ ედოვო მეუბნებოდა თვითმხილველი. ძალიან საშიში სიტუაციიდან არ ვიცი რამ იხსნათ, იმ გოგოს ვიღაც ახლობელი ავტორიტეტები უხსენებია, ამან, თუ არ ვიცი, რამ გაჭრა, დაშოშმინებულან. მერე მანჩოსთან დაძმაკაცებაზე დაუწყია საუბარი და მოფერება იმ კაცს, კარგი ბიჭი ჩანხარო. იმ ღამესაც სიკვდილთან ძალიან ახლოს იყო.
5. სასტუმრო აჭარაში გიას ვიღაც შეიარაღებულ ტიპთან მოუწია საქმის გარჩევა, გიას არაფერი დაუშავებია, უბრალოდ მგონი კომპლიმენტი უთხრა ერთ გოგოს, ის ჩემი გოგოაო უთქვამს ტიპს, გიას მოუბოდიშებია, მაგრამ არა,არაფერი შეისმინა, შარზე იყო. მასთან ძალიან ბევრნი ყოფილან. გია მეუბნებოდა ხოლმე, მანჩომ ჩემსავით შიში არ იცის, ეს არ არის ალბათ კარგიო. იმ დღესაც მხოლოდ ორნი დარჩნენ ჯგუფის პირისპირ. გიას უკითხია მანჩოსთვის, რა ვქნათ ორნი როგორ შევეჭიდოთ ამდენს, რას ფიქრობო? სანამ შევძლებთ ვიომოთ, აბა რა ვქნათ, თავს ხომ არ შევირცხვენთო, გიასაც ეს უნდოდა და გამართულა სასტიკი ბრძოლა. მხილველები ამბობდნენ, თუ რა სასწაულები ჩაიდინეს გიამ და მანჩომ, ბოლოს მანჩოს იქვე მდგომი ბიჭისთვის კასტილები წაურთმევია და იმით დარევია. შეიძლებოდა ეს ინციდენტიც ფატალურად დამთავრებულიყო. იმ განუკითხაობის პერიოდში ადამიანის მოკვდინება არაფერს ნიშნავდა. თუმცა ეს არ არის ყველაფერი, მე ბევრი რამ არ ვიცი. ის მოსკოვში ყოფნისასაც შეეჯახა პრობლემებს და უსამართლობებს, რაღაც მისთვის ძალიან ღირებულმა დაკარგა ფასი. გულგატეხილობა იგრძნობოდა ჩემთან საუბარში. ჩვენ ბოლო ღამე საუბარში გავატარეთ. ბევრ საკითხს შევეხეთ. ის ღამე ჩვენი გედის სიმღერა იყო. მანჩო ისეთი გახსნილი არსოდეს ყოფილა, იმასაც შემპირდა, შენს სურვილს შევასრულებ, იურიდიულზე გადავიტან საბუთებს, ან ხელახლა ჩავაბარებო. გავარჩიეთ რამოდენიმე წიგნი, ფილმი, ბოლო ფილმი, რომელიც ნახა"ფორესტ გამბი", ტომ ჰენსის მონაწილეობით.საოცრად გაფაქიზებული, გასაფრენად მზად მყოფი სრულყოფილება, გასაკვირი სითბოთი მიყვებოდა ფილმზე, ბოლოს სიმბოლურად ბუმბული როგორ ტრიალებს ჰაერში. მერე ეს ფილმი ვნახე და ჩემს კედელზე მიდევს სწორედ ის ეპიზოდი. და დღესაც ჩვენს შორის, მარადიული სიყვარულის და ურთიერთობის დასტურად, სწორედ ის ღინღლი დაფარფატებს.
ვიხსენებ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რა იყო ეს?! ან ძალიან ბევრი ხომ არ იყო ეს ჩვიდმეტი წლის ყმაწვილკაცისთვის?! თითქოს ამ მოკლე ხანში უნდა მოესწრო ბევრი სიკეთე და სიყვარული? ან რა იყო სიკვდილთან ამდენჯერ მიახლოვება, თითქოს ერთმანეთს ერკინებოდნენ? რა გამოცდებს უწყობდა განგება, თუ მე მამზადებდა მისი გარდაცვალებისთვის? ყოველთვის მეშინოდა მისი ამაყი, მოუსვენარი ბუნების, ბუნება, რომელიც არც საკუთარი თავის და არც სხვის დაჩაგვრის ნებას არ აძლევდა.მუხანათმა სიკვდილმა კი სულ სხვა, მოულოდნელი მხრიდან მოცელა. ეჩქარებოდა, ეჩქარებოდა.... უნდოდა ბევრი რამ მოესწრო. რეზონანსული იყო მისი გარდაცვალება, თითქოს მთელმა საქართველომ დაიტირა, მისი შემხედვარე მღვდელიც კი ცუდად გამხდარა. მან თავისი გარდაცვალებით ბევრის ცხოვრება შეცვალა. ბევრმა ტაძარს მიაშურა. მაკვირვებდა პატარაობიდანვე მისი საოცარი თავმდაბლობა,ზრდილობა, დამყოლი, გულჩვილი ხასიათი და ამავ დროს უკიდურესი თავმოყვარეობა, მიკვირდა, როგორ ათავსებდა ამ თვისებებს ერთმანეთან. მოვარდა გრიგალივით, გაგვაოცა და სახტრად დაგვტოვა აზვირთებულ ტალღებში.
მაინც ვერც ერთი ძალა ვერ მოშლის
განგების ნებას სულში რომ არის,
თვალი გამირბის სივრცის ბოლოში
იქნებ დავლანდო ჩემი ტაძარი.