მონაყოლი პატარ- პატარა ეპიზოდები
1. მეხუთე კლასში იყო მანჩო. ერთ დღეს მივაკითხე სკოლაში, ახალგაზრდა, იმჟამად ორსული ისტორიის მასწავლებელი მომვარდა აღფრთოვანებით, ლამის ტიროდა- ეს რა ბიჭი გყავთ, სასწაულად გადამარჩინა! - მე გაკვირვებული ვუყურებ. კლასში ერთი ბიჭი ჰყავდათ რთული, თავისებური ( მერე მაგარი ბიჭი დადგა) მასწავლებელთან კონფლიქტი მოსვლია და მივარდნილა ჩასაწიხლად
- პირდაპირ მუცელში აპირებდა ჩარტყმას, არ ვიცი ელვის სისწრაფით როგორ მოასწრო მანჩომ მისი დაჭერა და მოთოკვა, მადლობა ასეთი შვილი გაზრდისთვის!- ჩამეკონა ის მასწავლებელი
2. სოხუმში პირველი სართულიდან მეცხრეზე ხშირად გვსტუმრობდა მეზობელი, ხან ჯოკერს ვთამაშობდით, ხან ვსაუბრობდით. შემდეგ მანჩო ლიფტით მიაცილებდა ხოლმე კარამდე. ასეთი პატარა და ასეთი ჯენტლმენიო?- უკვირდა ლეილას. დევნილობის პირველ წლებში როცა ლეილა ჩვენთან მოდიოდა, მანჩო კორექტულად ხან ფულს ჩაუცურებდა ჯიბეში,ხან სიგარეტს. როცა ეს ტრაგედია დატრიალდა ლეილა იმ ჩვიდმეტ უმძიმეს დღეებში არ მოშორებია საავადმყოფოს. ბოლოს კი თქვა: არ მინდა ის ღმერთი, რომელმაც მანჩოსნაირი წაგვართვა , უნივერსტეტში ამდენი ხანია ვმუშაობ და მსგავსი არავინ მინახავსო. როცა მანჩოსთან მივდივარ საფლავზე უცებვე ვცნობ ლეილას მირთმეულ ყვავილებს.
3. სასტ. აჭარაში ყოფნისას უამრავი მეგობრები შეიძინა. მანჩო იმ დღეებში სოფელში იყო. მეზობელი ქალი მეუბნება, ჩემი შვილი რაღაც საბურავების მოპარვის თაობაზე დაიჭირეს, რა შარში გაყო თავი, ჭკუაზე არა ვარ, მანჩო რომ აქ ყოფილიყო, ხომ არ დაგვემართებოდა, მაგის უფლებას არ მისცემდაო. გავოგნდი, რას ამბობთ? თქვენი ბიჭი ოცდახუთი წლისაა, თექვსმეტი წლის ბიჭმა რა ჭკუა უნდა ასწავლოსთქო. მანჩოსოდენა ჭკუა რომ ჰქონდეს რა მიჭირსო.
4.სოხუმში ერთ დღეს მანჩოს მეზობლად მცხოვრებმა მეგობარმა მოაკითხა, ოჯახს პრობლემები გვაქვს პოლიციასთან, ფული გვჭირდება, იქნებ ბეჭედი გამაყიდინოვო. მანჩოს საკმაო რაოდენობის ფული ჰქონდა (მას მამამისიც ანებივრებდა და სადაც არ უნდა წასულიყო, თხოვდნენ ემღერა, შემდეგ ყველანი ფულს ჩუქნიდნენ) მთხოვა, დე 30 მანეთი მაკლია თუ არა გაქვს ისესხე, დავეხმაროთ, ცუდ დღეში არიან. რა თქმა უნდა ეგრევე დავთანხმდი, მანჩოს არ უნდოდა ბეჭედი გამოერთმია,ფული ისე წაიღეო,მაგრამ იმან არაფრით არ ქნა. დე, ეს ბეჭედი ჩემგან შენ გქონდესო. ასეც მოვიქეცი, მას არაფერზე ვეუბნებოდი უარს. მე საქორწინო ბეჭედი არ მეკეთა, მაგრამ ის ბჭედი არ მომიშორებია ხელიდან, მისი ნაჩუქარი ჩემთვის უცებვე რელიქვიად იქცეოდა. ეტყობა.....
5. მაიკო ( მანჩოს მამიდაშვილი, რომელიც ძალიან უყვარდა) მოვიდა ერთ დღეს ჩვენთან , მანჩომ გაიგო, რომ ფული არ ჰქონდა (დევნლობის პირველ წელს ყველამ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ) მანჩო გავარდნილა და მაიკოსთვის გარკვეული თანხა მიუცია. ბიჭებს ვუთხარი ბურთი უნდა ვიყიდოთმეთქი და მოვაგროვეო. მერე მათ რას ეტყვიო? შეწუხებულა მაიკო. რაღაცას ვიზამ შენ არ იდარდოვო. ის ასეთი იყო
6.აჭარაში მანჩოს მეგობარს დაბადების დღე ჰქონდა. ცოტა ხანში შემოვარდა, დე რამდენი გაქვს ფული? ღვინო არა აქვთ, სტუმრები კი საკმაონი არიან და უნდა ვიყიდო, ცოდვები არიან, ისე მივიტან რომ არაფერი გაიგონ. რაც მქონდა მივეცი. თვითონ არ სვამდა, მაგრამ ყურადღებიანს ეს ფაქტი არ გამორჩენია.
7.ჭუბერის გზაზე ტანსაცმელიც მოგვპარეს, განსაკუთრებით მანჩო დაზარალდა, რაც ეცვა იმის ანაბარა დარჩა. თბილისში ჩამოსულებს ავთო მარგიანმა ერთი ხელი ტანსაცმელი გამოუგზავნა,ვხედავ შარვალს ახვევს, სად მგაქვსთქო და დე, მე ერთი მაქვს, მეყოფა, იმას, ვისთანაც მიმაქვს ისიც არა აქვს ძალიან დახეულია და წავუღებო. ვაკოცე
8. მის საუკეთესო მეგობარს ირაკლის ჩხუბი მოსვლია და სერიოზული დაზიანებით მიუყვანიათ საავადმყოფოში. მანჩოს გააგებინეს თურმე ბიჭებმა. გულამოვარდნილი შევარდნილა და მედიკების გულგრილობით შეძრულს უყვირია, არაფერი დააკლოთ ფულს ახლავე მოვიტანთ, მანამდე კი ჩემი ოქროს ცეპი დაიტოვეთო, მოუგლეჯია კისრიდან და მაგიდაზე დაუდვია. ის ძალიან საიმედო, ძლიერი დასაყრდენი იყო, აკი ამიტომაც ეძებდნენ გასაჭირში ბიჭები, ყველანაირ სიტუაციაში მონახავდა გამოსავალს.
მანჩოსთვის ყველაზე მთავარი ადამიანური ურთიერთობები იყო, მატერიალურის წინ წამოწევა არასოდეს შემინიშნავს. უამრავიდან ერთს გავიხსენებ: მანჩოს დევნილობაში ახლობელმა ბიჭებმა საკმაოდ კარგი და ძვირადღირებული მაგნიტოფონი აჩუქეს. მეტი არც არაფერი გაგვაჩნდა მაშინ და მუსიკებს გოგოებიც ხშირად უსმენდნენ. ეს მაგნიტოფონი ხან ვის ჰქონდა და ხან ვის. როცა ერთ-ერთმა ჩვენმა მეზობელმა ერთი დღით ნათხოვი მესამე დღესაც არ შემოგვიბრუნა, გოგოებმა მოიკითხეს, მამიდამისმა უთხრა ერთ-ერთს მიდით და გამოართვითო. მანჩო სასტიკი წინააღმდეგი წავიდა, არც გაბედოთ, არ მიაკითხოთ, როცა მოიტანს მასინ იმხიარულეთ, თორემ მეწყინება, ნივთია სხვა ხომ არაფერი, მოვისვრი გადავაგდებო.
9. მახსოვს, ერთხელ მოვარდა, დე ბიჭებმა ვიქეიფეთ, ფული არ გვეყო, რამდენი შეგიძლია მომცეო, არ მქონდა და ცეპი მოვიხსენი და მივეცი. გაუხარდა, აუცილებლად დაგიბრუნებო. არ დამნანებია და არც დავინტერესებულვარ გაყიდა თუ ჩაალომბარდა, მისთვის არაფერი მენანებოდა, ის ამას იმსახურებდა, კარგი შვილი იყო. მე და მამამისი არაფერს ვიშურებდით მისთვის, ჩვენი და მთელი ჩვენი წრის მისდამი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მანჩო არ გაუყოყოჩებია. თვითონაც ყველაზე გადაყოლა ჩვეოდა.