ჩემი პირველი ტურნირი, პირველი გასვლა და ფრენა კუნძულ კვიპროსზე
რვადღიან ზღაპარში მე და ეთო (6-15 ნოემბერი 2022 წ.6-15 ნოემბერი 2022 წ.)
ჩემს ოჯახში ნარდს ყველა თამაშობდა. მახსოვს, სტუმარი რომ გვესტუმრებოდა სუფრის გაშლამდე ნარდს თამაშობდნენ ან ჭადრაკს ხის ძირში. მე კი ადრეულ ასაკში მასწავლა თამაში ჩემმა არისტოკრატმა ბებომ. პატარა რომ ვიყავი მაიძულებდა კარგად მემეცადინა, მერე ჩაიბარებდა გაკვეთილებს, განსაკუთრებით რუსულის სწავლაში მეხმარებოდა, შემდეგ კი ნარდს მეთამაშებოდა კარგა ხანს, ეს თითქმის ტრადიციად იქცა. ოჯახი რომ შევქმენი თავისუფალ დროს მე და გუჯაც ვირთობდით თავს. ცნობილი მოვლენების და ჩემი ტრაგედიის გამო ოცი წელი არ გავკარებივარ ნარდს. ერთ დღეს გია გულედანთან (გუჯას ძმისშვილთან) ნარდზე ჩამოვარდა საუბარი, მან დამაკვალიანა ქალები თამაშობენ, მიდი ფედერაციაში ცოტა გაერთეო, დიდი მადლობა ამისთვის გიას. მართლაც გადავწყვიტე მივსულიყავი და მალევე გადავერთე სპორტულ, ევროპულ ნარდზე. ფედერაციაში თბილად მიმიღეს, ახლა ერთი ოჯახივით ვართ. მომინდა ტრადიცია გამეგრძელებინა და ბავშვებსაც ვასწავლე, განსაკუთრებით ეთო დაინტერესდა. წელიწადში რამოდენიმეჯერ იმართება ტურნირები სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც სერიოზულ შედეგს დებენ ჩვენი მონარდეები, საოცარი გრანდმასტერები გვყვანან. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან შესაბამისი ყურადღება არ ეთმობა ამ სპორტს, არადა ევროპაში სკოლაში საგნად ისწავლება აქ კი ყომარბაზობად აღიქმება. რა თქმა უნდა მინდოდა მეც მიმეღო მონაწილეობა ამ ტურნირებში მაგრამ ფრენის შიში იმდენად დიდი იყო რომ ვერ ვბედავდი. და აი წელს ნოემბრის შვიდში კვიპროსში დაიგეგმა ტურნირზე წასვლა, თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ ეთოს ხათრით დავთანხმდი მონაწილეობას. ვერ გადმოგცემთ რა გადავიარე გაფრენამდე, მოვიმარაგე დასამშვიდებელი წამლები, ჩემმა ექიმმა ფსიქოლოგთან სიარული მირჩია, მაგრამ არ მივსულვარ, ისეთი რა უნდა ეთქვა, ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტიაო?! ეგ მეც ვიცი და ბევრი მიფრენია უცხოეთში თუ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, ეს ფობია სტრესების შემდეგ ავიკიდე. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო გავბედე და მე და ეთოც ოცამდე ფედერაციის წევრთან ერთად გავემგზავრეთ. სტამბულში რვა საათი გვქონდა დრო შემდეგ ფრენამდე, სირბილით დავათვალიერეთ "აია სოფია", გემით გავცურეთ მარმარილოს ზღვაზე, ვნახეთ ბოსფორის სრუტე და ცნობილი ხიდი და ჰოი საოცრებავ!გვაგვიანდება, პიკის საათია ყველაზე ჩქარი ტრანსპორტი მეტროა და 25 წლის შემდეგ მეტროშიც გავბედე ჩაჯდომა, ეთოს ჩემი ხელი ეჭირა და მამხნევებდა, მგონი კლაუსტროფობიაც გადავლახე. შემდეგ ჩავფრინდით კირენიაში და მივადექით ცნობილ სასტუმრო "მერიტ პარკს,"სადაც თამაში უნდა გამართულიყო. გამაოგნებელი შთებეჭდილება მოახდინა იქაურობამ, შვიდასამდე სტუმარი იყო ჩამოსული, საოცარი ორგანიზება, საოცარი ატმოსფერო, ყველა გიღიმის და გეფერება, გასაოცარი კვება გასაკვირი მენიუთი და საკვების სიმრავლით, ხორცეულით, ბოსტნეულით, რძის ნაწარმით, ტკბილეულით თუ ხილით. თამაშის სახეობაც ბევრი იყო: იყო ინტერმედია, ვანპოინტი, მეინი, ქალთა ტურნირი, ჯეკპოტი, მე და ეთომ თითქმის ყველაფერი ვითამაშეთ ზოგი მოვიგეთ, მეტი წავაგეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი მონაწილეობა იყო. აღსანიშნავია ასევე ტურნირის გრანდიოზული გახსნა და დახურვა. ეთო ზღვაზეც გადიოდა, ფოტოებს გვიღებდა. თარჯიმნის როლიც მშვენივრად შეითვისა. ამ ტურნირმა უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს, მადლობა თითოეულ მონაწილეს იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რაც მაჩუქეს. ნათქვამია ადამიანი მგზავრობაში იცნობაო, ჩვენ უკეთ გავიცანით ერთმანეთი და უფრო დავახლოვდით. მადლობა თითოეულ მათგანს, მადლობა ჩვენი ფედერაციის ხედმძღვანელს რეზო ცხოვრებაშვილს, მადლობა იქაურ მასპინძლებს, სულისჩამდგმელ არდას, ამ ტურნირის ავტორს, მარკო ფორნასირს, ნოდარ გაგუას ( გაგრელი მონარდე), რომელმაც ეთო ფინანსურად დააჯილდოვა და მეტი თამაშის შანსი მისცა. თითოეულ მონაწილეს. მე თქვენ ყველანი მიყვარხართ! და ყველაზე მთავარი, უდიდესი მადლობა ჩემს მატას, რომელმაც სული ჩაუდგა ამ )