შეხვედრა გაბოსთან
" თუ წახვალ ჩვენ ვინ მოგვხედავს, ვინ მოგვივლის?"ამ სიტყვებით გამაცილა გაბომ მონასტერში. იქ ყოფნის პერიოდში ერთადერთხელ დამელაპარაკა და უხეშად მკითხა, შენ სად ხარ საერთოდო? შეხვედრა ძალიან მშრალი და ცივი გვქონდა, ყურადღებას არ მაქცევდა. შინაურებმა მითხრეს, ხშირად იძახოდა, ბებო არ მენატრება, არც მინდა ჩამოვიდესო. გული მეტკინა, მაგრამ მივხვდი რომ ეს პროტესტი იყო. საღამოს ვკითხე, მართლა არ გინდოდა ჩამოვსულიყავითქო? რაზეც მიპასუხა
- ბებო, მე გაბრაზებული ვიყავი, ვიტყუებოდი, ბებო არ მიყვარსმეთქი, ახლა წყალი რომ დავლიე, ტვინში ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან მომენატრე. მოკლედ გავარკვიეთ ყველაფერი და ჩავეხუტეთ ერთმანეთს. მოგვიანებით ფაფა მოვუმზადე, მადლობა გადამიხადა.
- ბებო არ მინდა შეგაწუხო, თორემ კიდევ მინდა საჭმელი!- მითხრა მორიდებით. რაღაცეები კიდევ მივართვი.
- ბებო სუპერ მზარეული ხარ, აი იმერეთი... აი... - დაიწყო ბლუკუნი.
- გაბო საქართველოს კუთხეების ჩამოთვლა გინდა?- უცებ წამოდგა, რუკასთან მივიდა ხელით შემოხაზა მთელი ხმელეთი
- აი მთელი მსოფლიოს ხელა მზარეული ხარ!
- მადლობა გაბუკა! - ასე ჩამთავრდა შეხვედრის დღე, გაბუკამ კიდევ ბევრჯერ მითხრა კომპლიმენტები. საღამოს, ლოგინში დაწოლისას მთხოვა, ხელი მომკიდე და ისე დავიძინოთო. იქნებ შეშინდა ისევ არ წავსულიყავი?!