Sunday, November 30, 2014

       

                                                 სკოლის დამლაგებელი

             "სერიოზულ საქმეებში ადამიანები წარმოგვიდგებიან ისეთებად, როგორიც უნდა იყვნენ ისინი, წვრილმან საქმეებში კი- როგორებიც არიან."   გარკვეულ სიტუაციაში მოქმედების დროს ადამიანები კარგად მჟღავნდებიან და ეს ზოგადი ხასიათის დასკვნების გამოტანის საშუალებას ქმნის.
ფოთში მანჩო ერთერთმა მასწავლებელმა აითვალწუნა,  სოხუმელი ხარ და ფოთში ვერ "იბლატავებო,''  ეს სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა. მანჩო არ თმობდა, არც მის გაკვეთილებს ესწრებოდა, ვანანებ ამ სიტყვებსო. მე და მამამისი შეწუხებული დავრბოდით წარამარა სკოლაში. დაველაპარაკე მასწავლებელს  და მივხვდი, რომ ჩემი შვილი მართალი იყო. პედაგოგ მამაკაცს არაფერი კაცური არ ეცხო, გამაოგნა მისმა ბილწსიტყვაობამ და უტაქტობამ, მშობელთან როგორ ელაპარაკა ისიც არ იცოდა, ქალს "მებლატავებოდა." მოკლედ ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ იმ ვაი მასწავლებელმა ბოდიში მოიხადა.( მახსოვს მაშინ ქურდული სამყაროც ჩაერია,მაგის არაკაცობა ყველამ იცის და  ვანახებთ ფოთი ვისია, საერთოდ გავასახლებთ ქალაქიდანო, მაგრამ მანჩომ არ დაანება შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ან ფიზიკურად გასწორებოდნენ). ერთ დღესაც ჩვეულებრივ მივაკითხე სკოლას, შინ  მომავალ დედა-შვილს კიბეებზე ვიღაც  ასაკოვანი ქალი დაგვეწია.
- შვილო ეს ბიჭი თქვენი ვინ არის?- მეკითხება გაფართოებული თვალებით. გულმა რეჩხი მიყო, კიდევ რაიმე უსიამოვნება ხომ არ მოხდათქო.
- ჩემი ვაჟია ქალბატონო, რამე ხომ არ გაწყენინათ?
-ეს რა ბიჭი გაგიზრდია შვილო! ორმოცდაათი წელია ამ სკოლის დამლაგებლად ვმუშაობ, დავბერდი ქალი და ასეთი რამე ჩემთვის არავის გაუკეთებია, შევებრალე და მთელი სკოლის ნაგავი გამატანინა!-ამას იმეორებდა აღფრთოვანებული წარამარა და თავს ლამის მიწას ურტყამდა. შვებით ამოვისუნთქე, მანჩოს ჩავეკარი, მაგარი ხართქო.
მაკვირვებდა პატარაობიდანვე მისი საოცრად თავმდაბალი დამყოლი თვისება და ამავ დროს უკიდურესი თავმოყვარეობა, მიკვირდა, როგორ ათავსებდა ამ თვისებებს ერთმანეთთან, არ მახსოვს სუსტი დაეჩაგროს. მის ხასიათში იყო განივთებული მეგრელისა და სვანის ყველაზე საუკეთესო თვისებები. სვანის სიდარბაისლე და მეგრული სიპეწე. ის ამაყობდა რომ სვანი იყო.  ყველა ვარსკვლავი არ სწყდება ცას, ცის მარადიული ბინადარნი ხანდახან გაიელვებენ, მოგვიახლოვდებიან, განგვაციფრებენ, მოგვხიბლავენ და ისევ ცას უბრუნდებიან. იკიაფე ლამაზო, ჩაუქრობელო ვარსკვლავო, შენ არასოდეს ჩაქრები.
   ღამით მოველი საოცარ სიზმრებს,
 იქნებ ბავშვობა დაბრუნდეს შენი,
 ჩუმად შემოდი, ჩემო ბიჭო,
  მითხარ:
მოვედი!
და ნურასოდეს, ნურასოდეს ნუ მიმატოვებ!