სვანეთში - მე
ზემო სვანეთი თავისი კოშკებითა და ულამაზესი მესტიითა და უშგულით, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შესული. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაა.აქ დრო თვალის დახამხამებადაც გენანება, შიშობ, რომელიმე თვალისმომჭრელი ხედი არ გამოგეპაროს, ყოვლადწამიერი სანახაობა გატყვევებს, ცდილობ კადრში მოაქციო, მაგრამ აქ ცუდი ფოტო მაინც არ გამოგდის. პეიზაჟები საოცარი სისწრაფით იცვლება, ნისლიც კი სხვადასხვანაირია, ხან გამჭვირვალე, ხან რძესავით ბლანტი, ღრუბელი კიდევ ერთ წუთში ქუდად ეფარება მწვერვალს, მეორე წუთში ყელზე ეხვევა. ეთო ნადირობდა ორთავიან უშბაზე, ხან ერთი მწვერვალი გამოჩნდებოდა, ხან მეორე. ამბობენ თუ სვანეთში მისვლისას უშბამ გაგიღიმა და ორივე წვეროთი დაინახავ, სტუმარი სასურველიაო, პირველად რომ ვიყავი სვანეთში, მახსოვს გუჯამ მითხრა, უშბამ კარგად მიგიღო, გიღიმისო. ახლაც ასე იყო.მესტიაში სიარული ერთი სიამოვნებაა, ტკბები კოშკების ცქერით, ყველაზე მეტი ვარსკვლავიც სვანეთის ცაზეა. მეგონა ჩემი იყო მთაც, ჩანჩქერიც, ტყეც, კოშკი, მწვერვალები, მყინვარები, თან იმდენია, ყველას სახელს ვერ დაიმახსოვრებ. ვუყურებდი ერთმანეთის პირისპირ მდგარ უშბასა და თეთნულდს და ულამაზესი მითი მახსენდებოდა, თუ როგორ გადააქციეს შეყვარებული ქალ-ვაჟი მთებად, ანუ უშბა ვაჟია, ხოლო პატარძლად წოდებული თეთნულდი - ქალწული. დავდიოდი... ყოველ ნაბიჯზე სალოცავებია, თუმცა მე იქ ისეთი განცდა მქონდა, რომ ყოველი გოჯი მიწისა სიწმინდეა, კოშკიც სალოცავია ჩემთვის და ასე მგონია ქუჩაშიც რომ ილოცო უცებ შეისმენს უფალი, სიმაღლეების დაპყრობისას, იმდენად გამაოგნებელი სილამაზის ხილვისას, სერიოზული შიში მქონდა, ვაი თუ ფსიქიკამ ვერ გაუძლოსთქო. კოშკის სახურავზეც მოვექეცი, ეთო გაოცდა.მახვშის სკამზეც დავსკუპდი, დიდი ხანია მინდა საკარცხული შევუკვეთო, ალბათ ავიხდენ ამ სურვილსაც. მოკლედ მე სვანეთზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, ეგაა, ჩემი კალამი სუსტია ამისთვის.
ახლა ორიოდე სიტყვა იმაზე, ვინც ყველაფერ ამის ხელახლა ხილვის და განცდის საშუალება მომცა.
ჩემი მაიკო, კვიციანი,( გუჯას დისშვილი) გულედანების რძალი რომ გავხდი, ძალიან პატარა იყო. პირველდანახვისთანავე შემიყვარდა. იმ დღიდან შეიძლება ითქვას ერთად მოვდივართ. არავის სანათესაოდან ისე არ ესმის და არ იზიარებს ჩემს სიხარულსა თუ ტკივილს, როგორც მაიკო. ყოველთვის ჩემს გვერდითაა, რამდენჯერ ინტუიციით დაურეკია, მგონი კარგად არ უნდა იყოვო. ჩემი ყველაზე მძიმე პერიოდის დროს, როცა ძალიან მიჭირდა, სიკვდილის პირას ვიყავი და არსად არ გავდიოდი, მან მაიძულა, ყველაფერი გააკეთა, რომ სახლიდან ცოტა ხნით გავეყვანეთ. უღალატო, სხვანაირი ჯიგარი გოგოა. ახლაც არ მომასვენა, სვანეთში უნდა დაისვენოვო და შეიძლება ითქვას ძალით ჩამტენა გადატვირთულ მანქანაში. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მან იცოდა თუ რა დადებით ემოციებს მომგვრიდა სვანეთი, თან ნათესავიც თვითონ მირჩია, ხომ გეპატიჟება ვახტანგი, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, იქ უნდა დაისვენოვო და მათ სახლში დამტოვა. ბევრს არ გავაგრძელებ, ეს სიტყვა მისი სადღეგრძელოა. იხაროს თავის ულამაზეს ოჯახთან, ის ხუთი შვილის დედაა, დატვირთულ-გადაღლილი და მაინც ყველასთვის და ყველაფრისთვის იცლის. მადლობა მაიკო, გაიხარე. მადლობა ასევე ცუკერბერგს, რომ მე ჩემი ემოციების გადმოფრქვევის საშუალება მომცა.
