Monday, December 12, 2016


                                                       ქვეყნის მოვლა

       კარგად  ვიცი, რომ საქართველო ლანდშაფტური მრავალფეროვნების მხრივ მსოფლიო სამეცნიერო ლაბორატორიად შეიძლება ჩაითვალოს, ბუნებისა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულების ისტორია 1,5 მილიონ წელს ითვლის, რომ დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში უდიდესი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების მომჭირნე გამოყენებას, ეკოლოგიურად სუფთა საკვების და წყლის მოხმარებას, ეკოლოგიურ განათლებას და საერთო მოსახლეობის ეკოლოგიურ კულტურას.სახელმწიფოს ან მოსახლეობის ეკოლოგიური კულტურის კარგი მაჩვენებელია მისი დამოკიდებულება საყოფაცხოვრებო ნარჩენებისადმი, თუ რამდენად სწრაფად გადაამუშავებს და ეკონომიურად მოიხმარს მისი გადამუშავებით მიღებულ მასალას. ისიც ვიცი რომ საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება.  დიახ, ეს ყველაფერი  ვისწავლე, ბევრი რამ გამიგია,მაგრამ არც მიფიქრია, მე რა როლი მეკისრებოდა, მე რა შუაში ვიყავი, ან  რისი გაკეთება შემეძლო,  რა უნდა მექნა,  ერთ ადამიანს? მითუმეტეს მაშინ, როცა მე თვალები ზეცისკენ მქონდა აპყრობილი და მიწაზე თითქმის არ ვიყურებოდი.  და ეს თურმე ასე რომ არ ყოფილა სრულიად შემთხვევით  მივხვდი ( თუმც შემთხვევითობის არ მჯერა) და გულგრილი  დამოკიდებულება  გარემოსადმი სრულიად  შემეცვალა. ეს კი ასე დაიწყო
  ახლობელ ოჯახს 17 წლის ბიჭი ჰყავთ გარდაცვლილი. სასაფლაო საბურთალოზე გზის პირზეა. როცა უნივერსიტეტიდან ჩამოვდივარ, ჩამოვჯდები ხოლმე გზის პირზე და ფიქრებს მივეცემი, ვესაუბრები, საიდუმლოებებს ვუმხელ გამორჩეულ, სოხუმელ ბიჭს. ერთ დღესაც რაღაც ყოფითი პრობლემისგან სასოწარკვეთილმა მივაშურე, რათა შემდეგ დაწმენდილი აზრებითა და ცრემლისგან დასუფთავებული თვალებით და რაც მთავარია სუფთა, სპეტაკი გულით განმეგრძო არსებობა. ყოველთვის  მიზიდავდა სასაფლაო. არის ლტოლვა, რაღაც რომანტიული, იდუმალი, ჩვენთვის ხელშეუხებელი მიუვალი სამყაროს მიმართ, სადაც "ისინი" განისვენებენ. მახსოვს, ერთხელ მთელი დღე  სამოთხის და ჯოჯოხეთის არსებობის თემას ვაცნობიერებდი.  ჯოჯოხეთი მართლა ის არის რასაც გვეუბნებიან  (თითქოს ცოდვილები კუპრში იხარშებიანო), თუ ეს სულის სიხშირეა?! ის, ვინც სწორი ცხოვრებით იცხოვრა, კეთილი იყო, მაღალი ინტელექტის, უფრო მაღალ საფეხურზე არიან. აი მაგალითად, როგორც ნესტიანი ჰაერი, უფრო დაბლაა, მშრალი და თბილი, მსუბუქი ჰაერი კი უფრო მაღლა დაახლოებით ასე, ხომ მანჩო? მივმართე ქვაზე ამოტვიფრულ, ლამაზ სახეს. მომეჩვენა, რომ დასტურის ნიშნად გამიღიმა. შემდეგ ერთი სადღაც წაკითხული ამბავი გამახსენდა, თურმე კონკურსი გამოცხადებულა, ყველაზე ლაკონიური ეპიტაფიის შერჩევისთვის. და გაიმარჯვა ასეთმა წარწერამ: " მე შინ ვარ, თქვენ კი სტუმრად!" მართლაც ხომ სტუმრები ვართ ამ წუთისოფლისა, და რა ლამაზად,ზუსტად აღნიშნავს ამას ქართული ენა, წუთისოფელი, შოთა კი გვეუბნება, "წამია და წამწამისა მსწრობელიო!" ჩემმა შემდეგმა ვიზიტმა საყვარელ ადგილზე ქარიან ამინდში მომიწია, ჩვეულებრივ ვიჯექი და ვფიქრობდი. უცებ ქარმა პოლიეთილენის ბოთლი და ქაღალდები შემოყარა. მიმოვიხედე, არ მესიამოვნა, დამლაგებელი გაასუფთავებსთქო, ჩავილაპარაკე და ფიქრი გავაგრძელე. ქარი კი მაყრიდა და მაყრიდა ნაგავს. შევწუხდი, ფიქრი გამიწყდა, ვერ ვისვენებდი. "ბუნებაში ალბათ არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე- მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე- მისი  სახელმწიფოს ავ- კარგი და პირუკუ!"   ეს რამ გამახსენა, რა შუაშია ეს ფრაზა ახლა? დავაყარე ჩემს თავს კითხვები. ამასობაში კი კიდევ ერთი ბოთლი შემოაგდო ქარმა."პოლიეთილენი, საუკუნის ნაგავი!" წამომიტივტივდა ახლა  სადღაც წაკითხული ეს ფრაზა. წამოვდექი ჩემდაუნებურად,  ავკრიფე ყველაფერი და მოშორებით მდგარ ურნაში ჩავყარე. შემდეგ ირგვლივ მიმოვიხედე, ესენიც თუ არ ავკრიფე, ქარი ამასაც ხომ შემოყრისთქო და ირგვლივ ყველაფერი დავასუფთავე. გავიხედ-გამოვიხედე, მესიამოვნა. ისინი შინ არიან ჩვენ აქ, ხომ უნდა მივხედოთ თითოეულმა დაბინძურებულ გარემოს შინ თუ სტუმრად მყოფებმა? წამოვიძახე ჩემი საქციელით კმაყოფილმა. მაშინაც მომეჩვენა, რომ ჩემმა მესაიდუმლე ჭაბუკმა საფლავის ქვიდან მადლობის ნიშნად თავი დამიკრა.და  მივხვდი,  რამხელა მნიშვნელობა აქვს თიოეული ადამიანის სწორ ქმედებას, რა შეიძლება თითოეულმა ადამიანმა გააკეთოს.  იმ დღეს  შევნიშნე სწორედ, რომ ქვემოთ ფერდში ხეები დამწვარიყო და იქაც უამრავი ნაგავი ეყარა, გული დამეწვა,როცა გინდა რაიმე  დაინახო, ხედავ ეტყობა ადამიანი. "ნეტა ამ ხეებს ხანძარი რამ გაუჩინა?!" გავიფიქრე და მოშორებით წამოჭიმულ შენობებს ვკიდე თვალი, იქნებ გამიზნულად გაანადგურეს, რომ მშენებლობაში ხელი არ შეშლოდათ. გული დამეწვა. რა უბედურებაა ამდენი მშენებლობა, ჰაერისა და მცენარეების გარეშე როგორ უნდა ვიარსებოთ? "ტყეების, ხეების განადგურებ იწვევს ნიადაგის გამოშრობას,ეროზიას. წყალს და მის სისუფთავეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დედამიწაზე მობინადრე ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის!"  ჩამოვარაკრაკე გუნებაში. ის დღე იყო და იმის შემდეგ  ჩვევად მექცა, სადაც შემეძლება უყურედღებოდ არ დავტოვო დანაგვიანებული გარემო. მივხვდი, რომ თითოეული ჩვენთაგანის ვალია ეს.  უკვე მაღიზიანებს ქუჩაში დაგდებული სიგარეტის ნამწვავებიც კი, მეჩვენება რომ ჩემს ოთახში ყრია. უცებ ის ფრაზა მიტივტივდება" მე შინ ვარ, თქვენ კი სტუმრად!" სტუმრად მყოფნი, ხო არ დავანაგვიანებთ მასპინძლის ოჯახს? ბედნიერება ის კი არ არის რასაც გინდა იმას აკეთებდე, არამედ ის,რომ ის გინდოდეს რასაც აკეთებ. მე მომწონს რასაც ვაკეთებ. სიცოცხლის არსს სამი პრინციპი აქვს მინიჭებული: გონიერება, სიყვარული და სილამაზე. ეს სამი პრინციპია სამყაროს ხსნის შანსი. ხოლო ეპოქის კრიზისი სხვა არაფერია, თუ არა რომელიმე მათგანის დეფიციტი. ლამაზ ბუნებას გონიერი, სიყვარულით მოპყრობა სჭირდება, თორემ ერთ დღეს ეს კაცობრიობას ძალიან ცუდად შემოუტრიალდება.  
  მინდა თითოეულ თქვენგანს მოგიწოდოთ, ნუ დაგავიწყდებათ დედამიწა ერთი დიდი სახლია, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობთ. ამ სახლს კი გაფრთხილება სჭირდება!  მე მიყვარს ჩემი სახლი!