Monday, September 15, 2014

                                                  თამარის გასაჭირი

ის დრო, როცა გოგონები  დედის ჩასაცმელით და  აქსესუარებით   ინტერესდებიან, თამარისაც დაუდგა...  ხან დედის მაღალი ფეხსაცმლით დაბაკუნობს, ხან სუნამოს ისხამს, ხან ლაქს ისვამს, ხანაც დედის ტანსაცმლით  იმოსება. რა თქმა უნდა ერთი ფრიად საჭირბოროტო საკითხითაც დაინტერესდა, გაეზრდება თუ არა მკერდი?! და დედამისს მიმართა ამ ფრიად მნიშვნელოვანი საკითხის გასარკვევად.  დედამისმა დაამშვიდა, რა თქმა უნდა გაგეზრდება, ყველა გოგოს ეზრდებაო.
- მე არ გამეზრდება!- თქვა შეწუხებულმა თამარმა
- რატომ თამარ?
- იმიტომ რომ მამას ვგავარ, მამას არა აქვს და არც მე მექნება!- წამოიძახა თავდაჯერებით,თამარმა
ცოტა ხანში მატას ჩასმული კბილი  მოსძვრა, თამარი გაოცებულია
- დე, შენ პროტესტი გაქვს?!


                                           


თინა ბაღიდან მოჰყავთ, მანქანაში ჯდება და შენობას მიმართავს: "ვემშვიდობები მშვიდობას." მატა ამ დროს რაღაცას ჩუმად ესაუბრება თამარს. თინა შენიშვნას აძლევს.
-რა არის ჩუმად რომ ხმაურობთ!






                                                    გაბუკა ხუთი წლის გახდა

გაბო დიდი ხანია ელოდება ამ დღეს.
- თქვენ რა იცით ცხოვრება, მე ვიცი, დიდი ვარ, ხუთთან ახლოს ვარ და იმიტომ! ყოველ დღე კითხულობს რამდენი დღე დარჩა ჩემს დაბადების დღემდეო, ხუთ თითს გაშლის ხომ ამდენის გავხდებიო!
აი გუშინ დილიდან მეტიკტიკება.
-ბებო, წვიმამ გაგაიღო და გარეთ გავალ, შენ წინდა ჩამაცვი, ფეცაცხმელის მე ჩავიცმევ,  სუპერ კარგად ვიცმევ, მეგობრებს დავპატიჟებ დაბადების დღეზე, მერე შემოვალ და შენს სეისბუქზე დავჯდები.
- ვის დაპატიჟებ გაბო?
- ბებო, ლალი ხომ მოვა, ლალის დავპატიჟებ!- პატივი დასდო ლალის. მეცინება, თავის ტოლებზე კი არ ლაპარაკობს დიდებს ეპატიჟება გასართობ დარბაზში. ყველამ სიხარულით მიიღო გაბოს მოწვევა. ასეა, კარგი კაცის დაბადების დღეზე ყველას უხარია მისვლა.  ლალი თავს იწონებს მე დაპატიჟებული ვარ ვენდისშიო. დაპატიჟა ბიძები და დეიდები.
- ხომ მოვლენ ბებო?
-რა თქმა უნდა მოვლენ გაბო!- ისევ გარბის, ცოტა ხანში კარებთან მიყვირის
- ბებო, უდაჭრილო პური მომეცი, ბავშვებს უნდა გავუტანო, სუპერ მიყვარხარ! რამდენ საათშია ჩემი დაბადების დღე?
-ხვალ დილით გაბუკა!
მოგვიანებით შემოდის და მეკითხება
- ბებო, მე როდის ვისწავლე სიარული, ერთი წლის რომ ვიყავი?
- უფრო პატარამ!
-ააა, ნული წლის რომ ვიყავი ხომ?! ესე იგი ძლიერი ვიყავი? რამდენ ხანშია ჩემი დაბადების დღე?- არ ისვენებს გაბო
- გაბუკა, დაღამდება, დაიძინებ და დილით უკვე იუბილარი ხარ!
- მარი გახდა ხუთი წლის ორი დღეა,  მაგრამ მაინც ტოლ-ტოლები ვართ!- მეზობლის მარი მართლაც ერთი კვირის წინ გახდა ხუთი წლის, გაბოს ეს არ მოსწონს თვითონ უნდა უფროსი იყოს. საღამოს დავბანეთ დავაწვინეთ, ვერ ისვენებს.
- არ მეძინება და რა ვქნა! - წუწუნებს.- ბებო ოთხის რომ გავხდი სად მქონდა დაბადების დღე?
-  ეზოში გაბო, როგორ არ გახსოვს, ულამაზესი დაბადების დღე გქონდა!-შევახსენე გაბუკას.
-ააა , გამახსენდა, ახლაც ეზოში მინდა! - და ტირილი მოუნდა.
-გაბო შენ ხომ ვენდისი არჩიე, აი ნახე მოგეწონება!
- კარგი მაშინ! - დამშვიდდა გაბო. ვსაქმიანობ, მეძახის - შენთან მინდა სულ ჩაგეხუტო, ბებო მე შენს მუცელში ვიჯექი და მერე დედას მუცელში გადავხტი იცი?! - გამაგიჟებს ეს ბავშვი რეებს იძახის. ვუჯდები ლოგინთან, მესაუბრება.
-ბებო უფრო გავიზრდები და უფრო ძლიერი ვიქნები ხომ?!
-კი, საყვარელო!
-სუპერ ბებო ხარ!
ვეფერები, როგორც იქნა ჩაიძინა. მე კი ღამე კითხვაში უნდა გავათენო,

რადგან ძილს პირი არ უჩანს.

ვაშაააა, გათენდა, გაბო ხუთის გახდააააააა, ვულოცავთ!  " სუპერ ბიჭი" გაზრდილიყოს!  მე დღეს ილუბალი (იუბილარი) ვარ!

გაბო კმაყოფილია



დილით  ადგომისთანავე მილოცვები და საჩუქრები მიიღო შინაურებისგან. შემდეგ ბაღში გამართეს ზეიმი. სამ საათზე შინ მოვიყვანეთ, ისევ ახლობლებისგან მოფერება და საჩუქრები, შემდეგ კი საღამოს ვენდიში წავედით. ძალიან კმაყოფილი დარჩა, მაგარი დაბადების დღე მქონდაო. საღამოს დაღლილი გვინდა დროზე დავაწვინოთ მაგრამ...
-მე დღეს ილუბილარი ვარ და როდესაც მინდა იმ დროს დავწვები!- გამოგვიცხადა გაბომ
                                                                       ვენდიში