Wednesday, July 30, 2014

                                                                გაბოს აწმყოც აინტერესებს  წარსულიც და მომავალიც

ბავშვებს არც წარსული აქვთ და არც მომავალი, ჩვენგან განსხვავებით ისინი აწმყოთი ხარობენ.
 აი ჩემს ოთხი წლის გაბოს წარსულიც აინტერესებს და მომავალიც. წუხელ ვზივართ, ტელევიზორს ვუყურებთ, მე თორნიკე ყიფიანს ვგულშემატკივრობ. მაყურებელი "ყიფოს" ძახილით აყრუებს დარბაზს.
- ბებო, ყიფო სახელია?- ინტერესდება გაბო 
- არა, გვარია, ტორნიკე ჰქვია!
-ააა, მაგარია, უნდა გაიმარჯვოს?!
-ჰო, გაბო, მაგარია და უნდა გაიმარჯვოს!
-ბებო, დაასტოპე, მეძინება, დამაწვინე და მერე უყურე ყიფოს! - ვემორჩილები გაბოს სურვილს.
-დამიჯექი ცოტა ხანი, მომეფერე, მაკოცე, ჩამეხუტე და მერე გაგიშვებ, ძალიან მიყვარხარ!
-მეც ძალიან მიყვარხარ გაბუკა!
-არა, მე უფრო, აი სამყაროს ხელა!
-ბებო, შენ დაბერდები და მოკვდები? არ მინდა შენთან დაშორება!-  გაკვირვებული ვუყურებ.
-კი, გაბო, როცა ღმერთი ისურვებს, გარდავიცვლები! -გაბო დაფიქრდა, ცოტა ხანი ხმა არ ამოუღია. ვინ იცის რა ტრიალებდა მის პატარა გონში.
-ღმერთისთან იქნები? მე მაინც გნახავ!
-ჰო, გაბო და მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები!
-ბებო, მანჩო ძია და ბაბუა რომ არ მომკვდარიყვნენ რვა ვიქნებოდით ხომ?! ახლა ექვსი ვართ.- გავოგნდი, დავუთვლივართ კიდევაც?! .
-მანჩო ძია ვიცი როგორ გარდაიცვალა, აი ბაბუ არ ვიცი, მითხარი!
-გაბო, ამაზე ნუ ფიქრობ, ჯერ პატარა ხარ!
-არა, მე დიდი ვარ და ყველაფერი ვიცი და მახსოვს! კარგი ბებო, წადი, უყურე ტელევიზორს, ჩემი საჩუქარი ხარ!-და ნება დამრთო მეყურებინა "ყიფოსთვის."
გამაოგნებელია დღევანდელი ბავშვების აზროვნება, ინტუიცია.მოკლედ ინდიგო ბავშვები იბადებიან. გაბუკა კი ყოველდღე მაკვირვებს თავისი მარგალიტებით.




No comments:

Post a Comment