Sunday, September 21, 2014

მანჩო

ხშირად ამბობენ სიზმრებს არ უნდა აჰყვეო...

მთვარის ვახშმობისას ... ძილ-ღვიძილში მესმა ხმა საოცნებო, ასგზის ნეტარი, ბავშვისგან წარმოთქმული ჯადოსნური სიტყვა "დედა," ეს იყო ძალზე ტკბილი რამ ნისლივით გამჭვირვალე და შეუცნობელი.
საოცარია... აზრი მიწყდება, გონებას დელგმასავით ეხეთქება მოგონებანი: სურათივით ფერადოვანი, ჩვილის ცრემლივით უმანკონი, ვარსკვლავებივით მიუწვდომელნი. გაზაფხულის ლამაზი დღეა... ბაღის სურნელი, "ყვავილთ ფშვინვა"სულს მიხალისებს, სადად მორთული სადღაც მივიჩქარი. ეზოში გასულს მესმის "დედა! " გული საგულეში აღარ მიძევს. მეძახის ჩემი ბიჭი, მეძახის პირველად, მეძახის სიყრმის შვილი და საძირკველი! "დედაო," თუმცა უკან ვეღარ ვბრუნდები , გულში ვნეტარებ. გზას ვაგრძელებ, ფრთები მესხმება, ენას იტეხავს ჩემი ბიჭი.
გვიან ვბრუნდები, ის უჩვეულოდ აფახულებს ლამაზ თვალებს, შემომციცინებს, ჩემი ბიჭი მუხის ფოთოლს ჰგავს, ძლიერს, მწვანეს, ბუნების ნებიერს. გულს შიში აკრთობს: არ ჩამოვარდეს!... და უცებ ბურანიდან გამოსული ძეს სიზმრისეულს ვეხმიანები: რაა, შვილო! ვეხმიანები ათრთოლებული თვალდანამული. ის კი არსად ჩანს, სადღაა ჩემი ბიჭი, ჩემი სიცოცხლე...ჩვილის ენით რომ შემეხმიანა- გამეხუმრა, მომეხმატკბილა, მომესათუთა. მონატრებისა იყო ალბათ ღვთიური წუთი.

27 სექტემბერი- ჯვართამაღლება- ჩვენი ოჯახისთვის ორმაგად საკრალური არმოჩნდა! აფხაზეთის დაკარგვის (ჩვენი ბუდიდან აყრის)  და შენი ამ სამყაროდან მიღმიერში გარდასხეულების დღე! იქნებ არ იყო შემთხვევითობა?!  ახალს ვერაფერს გეტყვი!  ცხრამეტი წელია გეძახი, გიხმობ... უშენოდ ცხოვრებას ვსწავლობდი ეს წლები, მგონი  ვისწავლე...  მაპატიე!