გაბო ფილოსოფოსობს
გაბო და მე ყოველ ღამე გვიან ვიძინებთ. დიდხანს ვსაუბრობთ ათას საჭირბოროტო საკითხებზე, ვთამაშობთ, ვეფერებით ერთმანეთს და მერე ვიძინებთ. გაბოს რატომღაც ძალიან აინტერესებს ბებო დაბერდება თუ არა. ყოველ ღამე ხელებს მისინჯავს, ხელები ხომ არ დაგიბერდაო.-ბებო ხელები არ გაქვს ბებერი?! - მერე სახეზე მაკვირდება - ლამაზი ხარ, მაინც დაბერდები?!
-კი გაბო, თუ ღმერთმა ინება დამაბერებს!
- მეც უნდა დავბერდე?
-ჰო გაბო, ასეა, შენც გეყოლება შვილები, შვილიშვილები და მერე დაბერდები!
-არ მინდა დაბერება, რატომ უნდა დაბერდეს ყველა?!
-ასეა ცხოვრების წესი!
გაბო ჩაფიქრდა, მეც ფიქრებმა წამიღო, უცებ გაბო თავზე დამადგა.
-ბებო, ბებო რატომ მოწყინდი, სად იყურები?- შევხედე, გავუღიმე.
-არა,ბებო შენ შორს იყურები, მე მიყურე, ბაბუზე ფიქრობ?
-არა გაბო!
-აააა, მანჩო ძიაზე?
-ჰო, გაბო!
- ძალიან გიყვარს მანჩო ძია? რატომ მოწყინდი, შენ ხომ თქვი ის ღმერთისთან არისო და ცოცხალიაო?!
- კი გაბო ღმერთთან არის და ცოცხალია, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ!
-მე ვიცი , ის გვეფერება, მე ვხედავ! - გაბო არ ჩერდება, მამშვიდებს, ბოლოს თავისი ბუნჩულა ხელებით სახეს მისკენ მიბრუნებს და კატეგორიულად მთხოვს მას ვუყურო და ვესაუბრო.
ასეთი საღამოები ხშირად გვაქვს, გაბოს სევდას ვერ გამოაპარებ და ცდილობს, იმ სამყაროდამ ამ სამყაროში გადმომისროლოს და ეს კარგადაც გამოსდის.
No comments:
Post a Comment