ორი ათეული წლის შემდეგ
ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო ჩემს ორ ნაწილად გაყოფილ ცხოვრებაში "მასთან" და "მის" შემდეგ გადავწყვიტე მასთან ერთად ვინც იყო ყველა უარმეყო. ნათქვამია უბედურება დაცემა კი არ არის, არამედ ის, ადგომას რომ ვერ შეძლებო.დიდი დრო დამჭირდა, ჩემს თავს დატეხილი ტრაგედია უფლის ნებად მიმეღო და წამოვდექი. წამოვდექი და ჩემგან უარყოფილ სამეგობროს ისევ გავუღე გულის კარი. ყველას მოფერება მომინდა, იქნებ გედის სიმღერაა?! არ ვიცი, დრო მიჩვენებს. და აი შობის მეორე დღეს ჩვენი ოჯახისთვის ძვირფას ნანა და იურა ჩოფლიანების ოჯახს მივაშურე. არ მოვყვები, თუ მონატრებული შეხვედრა რაოდენ თბილი და სასიამოვნო იყო. ხსოვნა საოცარი ფენომენია. მას შეუძლია წამის ერთი გაელვება მარადიული სუნთქვით აცოცხლოს, იშვიათი ფერებით დაფეროს და ტკბილ სევდაში ჩაძიროს. დროის მდინარებას ვინ შეაჩერებს...ძვირფას მოგონებებს , რაც დრო გადის ფერი კი არ აკლდება, უფრო ემატება. ამ ბინდისფერ წუთისოფელს სწორედ ამგვარი სხივიანი წამები ამშვენებენ. და აი, მოგონებათა სკივრიდან ამომიტივტივდა მათი ქორწილის დღე. ლამაზ, ტრადიციულ, დასავლურ ქორწილში მისულთ ნანას სილამაზე რომ გვანცვიფრებდა. მერე კი აი რა გამახსენდა. "დუბლიონკების" ბუმია და ვერ ვშოულობ ( მაშინ კარგი სამოსის შოვნა არ იყო იოლი), არ ვიცი მაშინ "მაშინაბსოიუზის" ბაზის დირექტორმა იურა ჩოფლიანმა საიდან გაიგო ეს. ერთ დღესაც ურეკავს გუჯას, იბარებს ბაზაში და მიგზავნის ისეთ "დუბლიონკას,"როგორზეც ვოცნებობ. მეტს აღარ გავაგრძელებ თუ რა ლამაზი, მეგობრული თბილი ურთიერთობები გვქონდა, გასახსენებელი თუმც უამრავია. მინდა აღვნიშნო, რომ არ შეცვლილან, ნანა რამოდენიმე შვილიშვილის ბებია ისევ ისეთი მომხიბვლელია. მადლობა ჩოფლიანებს ამ თბილი, დაუვიწყარი დღისთვის

