Wednesday, September 6, 2017

                               

                                 ჩვენი ფესვები

სვანეთში ვყოფილიყავი და არ მომენახულებინა ის ეზო-კარი, სადაც გუჯას ძირძველი მიწა და სახლია, სადაც სკოლა დაამთავრა, და დაოჯახებიდან პირველივე წელს იქ დამასვენა, ისე როგორ იქნებოდა. და მივადექით მე და ეთო. ყველაფერი თვალწინ დამიდგა... ის ბედნიერი წლები ბავშვებით რომ დავდიოდით, მაგრამ გული დამეთუთქა ჩვენი ნასახლარის ნახვაზე. საშინელი სანახავი ყოფილა მიტოვებული სახლი. ეთო დარბოდა ეზოში და ლამის ტიროდა,უამრავ კითხვებს მაყრიდა: ბებო ამ სახლში ცხოვრობდა ბაბუაო? ცრემლიანი ვპასუხობდი.მანჩო ძია ამ ეკლესიაში ლოცვის შემდეგ მოევლინა ამ ქვეყანას, ხოლო როცა გარდაიცვალა მამიდამისმა, ნუნუ ბებომ, სწორედ აქ ნახა მანჩო დასვენებული და ხელი მაღლობზე მდგარი პატარა ეკლესიისკენ გავიშვირე. ლამის ჩამონგრეული კედლები დავკოცნეთ მე და ეთომ. უზარმაზარ კაკლის ხეს მოვეფერეთ. ბებო ჩავდგათ აქ სახლი და ყოველ წელს ვიაროთ, წამოიოძახა ეთომ აღფრთოვანებით. კი, ბებო,მაგრამ მაგას თანხები უნდა. მე ჩავდგამ ბებო რომ გავიზრდები, ბევრს ვიმუშავებ. გამეცინა. თუ ადრე არაფერს ვამბობდი, ახლა დიდი სურვილი გამიჩნდა ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ბაბუას კუთვნილ ეზოში მართლა მომიხერხდეს სახლის ჩადგმა. მთელი სანათესაო მაგულიანებდა, გუჯას შვილებს და შვილიშვილებს აქ სახლი როგორ არ უნდა ჰქონდეთო?!გუჯას იმხელა დამსახურება აქვს მთელი სვანეთის წინაშე, მთელი ლენჯერიც ალალი უნდა იყოს მისთვისო, ყველაფრით გვერდში დაგიდგებითო, არც სასამართლო და არც ოფიციალური კანონები უნდა ამას, დავჯდებით და გადავწყვიტოთ ყველაფერიო. აი ასეთი ხალხია სვანები. გეფიცებით დიდი და პატარა ამას მეუბნებოდა, დღეს კი სოფელ იფარიდან მეგობარმა დამირეკა, გაუგია ჩემი იქ ყოფნის ამბავი მომიკითხა და იმანაც ეგ მკითხა, რამე არა გაქვთო?უარის მოსმენისას შეიცხადა, ეგ როგორ, ყველას ვიცნობთ მე და ჩემი მეუღლე გვერდში ამოგიდგებითო. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო, ჭკუაში დამიჯდა, რაც ჩვენია რატომაც არ უნდა მივიღო?!
ჩვენი მიტოვებული მამაპაპისეული სახლი, მე და ეთო დავრბივართ და ვეფერებით ყველაფერს