Wednesday, July 30, 2014

                                                                  ეთო



შარშან ჩემებს წყნეთში არ ავყევი, გადავწყვიტე დამესვენა, მაგრამ ეთო წამდაუწუმ მირეკავს,დაკითხვებს
 მიწყობს, თუ რატომ არ ვარ მათთან? კატეგორიულად მთხოვს, ავიდე წყნეთში, თუ არადა   თბილისში ჩამოსვლით მემუქრება. ერთ დღეს მორიგი სატელეფონო საუბრისას მეკითხება, ესენი (ანუ, ლელა და მატა) ხომ არ გაგებუტნენო. არა, მატა ყოველდღე მაკითხავსთქო, მაგრამ ვერაფერს გავხდი, არ მიჯერებს. ერთ დღეს სასაფლაოზე ვარ მთელი დღით წასული (სასაფლაო ჩემი ნავთსაყულელია, იქ დროის შეგრძნება მეკარგება და კარგად ვგრძნობ თავს), მაგრამ ეთო აბა მასვენებს?! მირეკავს
- ბებო, დედამ დაგირეკა, ან მესიჯი მოგწერა?
- კი, გენაცვალე, მომიკითხა, დამშვიდდი!
- ბებო, მე დედას რაღაც ვუთხარი, მომისმინე!
- ეთო, რით ვერ ისვენებ, გენაცვალე!
- ბებო, დედას ვკითხე ბებოს ხომ არ გაებუტემეთქი, ეს არ შეიძლება, შენ ხომ გინდა შენი შვილები, ანუ ჩვენ კარგად გექცეოდეთ, ასე უნდა ბებოსაც მისი შვილები კარგად ექცეოდნენ, დედაზე გაბუტვა არ შეიძლებათქო!
გავოგნდი.
- ეთო, რით ვერ დაიჯერე, რომ დასვენება მინდა გენაცვალე, ანდა დედას ასეთი რამ როგორ უთხარი!
- სამი დღე ვემზადებოდი ამის სათქმელად ბებო, მე შენს თავს არვის დავაჩაგვრინებ, მანჩო ძია ხომ ასეთი იყო, მე მანჩო ძია ვიქნები შენთვის! - არ მესიამოვნა ეთოს ასეთ თავგამოდებათქო ვერ ვიტყვი, მადლობა გადავუხადე, მოვესიყვარულე, შევხედე ქვაზე ამოტვიფრულ ჩემი უსაყვარლესი ორი ადამიანის სახეს, ისინი მიღიმოდნენ და მგონი მე ეს არ მომჩვენებია.
- ჰო, ღირს ცხოვრება!-მივმართე  მათ და შინ კმაყოფილი წამოვედი.






No comments:

Post a Comment