29 აპრილი
ჩვეულებრივ გვიან ვჯდები ხოლმე კომპიუტერთან, როცა ბავშვებს სძინავთ და ყველაფერი მიწყნარებულია. დღეებს, რიცხვებს დიდი ხანია არ ვაქცევ ყურადღებას, ერთია, თუ პარასკევია, მიხარია, ესეიგი შაბათს და კვირას შედარებით ვისვენებ, ბავშვებს არ ვამეცადინებ. და აი, ახლა რატომღაც დავინტერესდი, ნეტა დღეს რა რიცხვია და აპრილი მალე გადავათქო? და შინაგანმა ხმამ ირონიანარევი ღიმილით მიპასუხა - 29 აპრილიაო. სასაცილოა, ცხოვრებაში პირველად გამახსენდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს დღე მისთვის. დილით ყურში ჩამჩურჩულებდა, გილოცავ დღევანდელ დღესო, ხოლო ჩემს გაკვირვებულ შეკითხვაზე რას მოლოცავთქო, გულდაწყვეტით მპასუხობდა, ნუთუ არ გახსოვს, დღეს ხომ ჩვენი დაქორწინების დღეაო! მერე კი აუცილებლად თაიგულს მომართმევდა. სხვათაშორის ვარდებით ხშირად მანებივრებდა, მახსოვს ერთხელ ბაზარში წამიყვანა, იმ მეყვავილესთან მიმიყვანა, ვისგანაც სისტემატიურად ყიდულობდა თაიგულებს და ჩემი თავი წარუდგინა, აი რომ მეუბნებოდი, მანახა ის გოგო როგორია ვისთვისაც ასე ხშირად ყიდულობთ ვარდებსო, აი მოვიყვანე, ხომ ლამაზი ცოლი მყავსო! ასე გადიოდა წლები, მე კი ერთხელაც არ გამხსენებია, გადავითვალე და ჰოი საოცრებავ, ორმოცი წელი გასულა ჩვენი დაქორწინებიდან. რატომ მაიცდამაინც დღეს?! ამას ალბათ ინტუიცია ჰქვია, რომელიც მე ძალიან გამძაფრებული მაქვს.ადამიანისთვის მნიშვნელოვანი მარტოოდენ სამი მოვლენაა: დაბადება, სიცოცხლე, სიკვდილი. დაბადებას ვერ იგებს, სიკვდილით იტანჯება და ავიწყდება, რომ უნდა იცხოვროს. მე მართლა დავიწყებული მქონდა, რომ უნდა მეცხოვრა, ის კი ყოველი დღით ხარობდა.
ჰოდა, ჩემო კარგო, დაგასწრებ და ახლა პირველად მე მოგილოცავ ამ დღეს! ყვავილებს შენს სამუდამო საცხოვრისში მოგართმევ, ხოლო აქ ჩემს პატარა თხზულებას შევახსენებ ახლობლებს, რომელიც ჩვენს ლამაზ ცხოვრებას მივუძღვენი, თუმც შემდგომ ის მწარე შარბათით გაუფერულდა და გამწარდა, მაგრამ ჩემთვის მაინც ძვირფასი და ღირებულია, რადგან ის ჩემი და შენი ცხოვრებაა!