Monday, April 25, 2016

                                                            პროფესიონალი თუ?!

დღესაც ჩვეულებრივ, სწრაფად გავეშურე სკოლაში გაბუკას მოსაყვანად. ხალვათად მეცვა და საფულე მოსასხამის ჯიბეში ჩავიგდე. "საფულეში არ უნდა მედოს ყველა საბუთი, სამგზავრო მარტო უნდა ვატარო, რომ დამეკარგოს, რა აღადგენს?"- გავიფიქრე და ყვითელ ავტობუსში ასულმა ბილეთი ავიღე. უცებ მკეთრი მოძრაობით ჯიბისკენ წავიღე ხელი და იქ სხვის ცივ ხელს წავაწყდი. ხელის პატრონსაც არ მოეწონა ჩემი ხელი და საფულეს ხელი უშვა. ავიხედე, ჩემს წინ მაღალი, სათვალიანი, შეჭაღარავებული წვერებით 60- 65 -ამდე წლის სანდომიანი კაცი იდგა.
- ყველაფერი რიგზეა ქალბატონო! მომმართა ჩუმად
- თქვენს ასაკში? გამაოგნეთ!-ჩავსისინე ჩუმად და ჩავედი, არ მიხმაურია. ჩასვლისთანავე გავხსენი საფულე, იქნებ მოასწრო რაიმეს ამოღებათქო და ვხედავ, ფული აღარ დევს. ძალიან ბევრი არ იყო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი, მთელი კვირა ულუკმაპუროდ უნდა დარჩენილიყვნენ ბავშვები. გაბრაზებული სწრაფადვე მივბრუნდი, იქნებ ავტობუსი არც იყოს დაძრულითქო, მაგრამ უშედეგოდ. მიმოვიხედე და ჰოი საოცრებავ! იქვე იდგა.
- დამიბრუნეთ ფული!- მივმართე მკაცრად და ხმამაღლა
- ინებეთ ქალბატონო, გთხოვთ არ იხმაუროთ!- მომაპყრო მშვიდი, მუდარით სავსე თვალები და ხელში ჩემი ფული შემომაჩეჩა. დავტოვე იქაურობა, არ ვიცი კარგად მოვიქეცი თუ ცუდად. იქნებ ჯობდა არ დამენდო?! ერთია, მთელი დღე ვფიქრობ, რატომ ჩამოვიდა ჩემთან ერთად, ან რატომ იდგა ერთ ადგილას, თითქოს მელოდებოდა და გამზადებული დასაბრუნებლად ხელში ეკავა ფული. ეტყობოდა რომ არ იყო უბრალო ადამიანი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ უინტელექტო არ ჩანდა. ვინმე ხომ არ მეტყვის რა კატეგორიის ადამიანთან მქონდა საქმე, ადრეც ქურდი იყო თუ ახლა გაჭირვებამ აიძულა, თუ გამოცდილი არ იყო, როგორ შეძლო ფულის ამოღება და მერე ცარიელი საფულის უკან ჩადება, და რატომ დამიბრუნა, რატომ არ გაიქცა? კითხვები არ მასვენებს. ვნანობ რომ არ გავესაუბრე, მაგრამ მე ხომ საოცრად ჩქარი ცხოვრების რეჟიმი მაქვს, მუდამ გადარბენებზე ვარ. მგონი ამოკი შემეყარა, მინდა მოვნახო, გავიცნო, გავიგო რა ცხოვრება გაიარა, მოკლედ, გულახდილად გავესაუბრო.




                                                                               გაბო და სექსი

      მეუხერხულება იმის თქმა რაც მაწუხებს და მაინც..... რომელი არხიც არ უნდა ჩართო სექსი, სექსიო გაიძახიან, ზოგი ტრაბახობს კიდევაც სექსი მაქვსო. არაფერი არ უნდა დარჩეს დაფარული? მამაკაცის და ქალის ურთიერთობა იმდენად ინტიმური და უდიდესი საიდუმლოებაა, რომ ამას ხმამაღლა საუბარი არ ეგების და თუ მართლა არ იშლიან და არ იხურება ეს თემა, სექსს ქართულად სხვა რამ ჰქვია და თუ მაგრები არიან ქართულად მოიხსენიონ თავიანთი საქები ქმედება (გნებავთ მეგრულში, სვანურშიც არის ეს სიტყვა), თუ როგორ არის ჩვენი საქმე? იქნებ მე იმ თაობის ვარ სექსი რომ არ იყო და სექსი სხვაა და ტ.... სხვაა?! ბოდიშისხვათაშორის სექსი პირდაპირი თარგმანით სქესია და გამოდის რომ ამათ ერთმანეთთან სქესი აქვთ, თანაც დაუკვირდით, სექსი მაქვსო, რა, ფულია რომ ჰქონდეს თუ ტანსაცმელი? ეს ქმედებაა რასაც იძახიან ეს უბადრუკები, ანუ გრამატიკულად უაზრობა გამოდის, სწორს ვიძახი, ამიტომაც ქართულად უნდა ილაპარაკონ.ოთხი- ხუთი დღეა პატარა გაბუკა ღამ-ღამობით წუხს, ცუდი ფიქრები მოდის თავში ბებო და ვერ ვიძინებო, ვამშვიდებ, მამაო ჩვენოს ვუკითხავ, მაგრამ არ მშველისო. ვკითხე, საშინელებათა ფილმი ხომ არ ნახეთქო (თითქოს ვაკონტროლებთ ფილმებს, მაგრამ დამეთანხმებით დღეს ყველაფერი გააკონტროლო, ძნელია), არა, სხვა ფიქრები მოდისო. არაფრით მითხრა, თუ რა ფიქრები იყო ასეთი. წუხელ ისევ დაიწყო ყვირილი, არ მშორდება ეს საშინელი ფიქრებიო, სხვაზე იფიქრე, კარგი რამე გაიხსენეთქო
- ვერა, ბებო ვებრძოლები და არაფერი არ გამომდის, მაწვალებს!- წამოიყვირა და თავში ხელები დაიშინა, მომშორდითო. ისევ ლოცვები წავუკითხე, რომ დამშვიდებულიყო. ცოტა ხანში ეთო გამორბის ოთახიდან, გაბომ თქვა, ს-ზე რომ იწყება იმაზე ფიქრები მაწვალებსო. გავოგნდი, არაფერი მითქვამს. დღეს უნდა მოვიფიქრო, როგორ დაველაპარაკო. ახლა გეკითხებით, ვის მოვთხოვო პასუხი, ვის ვეცე და ვინ მივახრჩო გაბოს ძილის დაფრთხობისთვის? ჩემი გაბო მოკრძალებული, მორიდებული, წესიერი, სინდის-ნამუსიანი კაცია, დღეში ასჯერ ამბობს, მიყვარხარ, ბოდიში, მადლობა. რცხვენია გაბოს და სწორია რომ რცხვენია, ნეტა სირცხვილის გრძნობა სხვებსაც აწუხებდეთ!