Tuesday, November 4, 2014

                                                        peteri

                                            ყოველი დღე პატარა ცხოვრებაა

  1975 წელი

მესამე კურსის სტუდენტი ვარ, ჩემი ცხოვრების ოქროს წლებია.
ზამთრის არდადეგებზე  ჩვეულებრივ  თბილისს მივაშურე. ჩემთვის ყველაფერი  ლამაზი და კარგი თბილისთან ასოცირდებოდა.  იქ მელოდა  სამი მამიდის უსაზღვრო  სითბო და სიყვარული, მელოდა უამრავი  ნათესავისა  და ახლობელ-მეგობრების  ღიმილი და კეთილგანწყობა, მელოდა  თაყვანისმცემლების გადაჭარბებული , მაგრამ სასიამოვნო ყურადღება, მელოდა თეატრები  და კინოთეატრები მრავალჯერ ნანახი  თუ უნახავი ფილმებით, სპექტაკლებით,  თუ საცირკო წარმოდგენებით, ერთი სიტყვით  მე დედაქალაქი მელოდა  მთელი თავისი სიდიადით. ექსკურსიებს თუ „კულტპახოდებს“  მამიდაშვილი, მარინა, მიგვარებდა. ის ყველა წარმოდგენაზე წინასწარ მახვედრებდა  ბილეთებს. რაც არ უნდა დიდხანს  გაგრძელებულიყო ჩემი ვიზიტი  დედაქალაქში, დრო მაინც არ მყოფნიდა, სულიერად ავსებული ვბრუნდებოდი, მაგრამ  უკმარისობის გრძნობა არ მტოვებდა, მიჭირდა თბილისის დატოვება.
   აი, ერთ დილით, შინიდან გამოვედით მე და ჩემი ორი მამიდაშვილი: ირინა და როზა.  ეს დღე ცირკისთვის უნდა დამეთმო.  წინდღის  თოვას დედაქალაქი საპატარძლოდ შეემოსა. თოვლით დაფარულ არე-მარეს  მზე მეტ  ბრწყინვალებას და ხიბლს მატებდა. ასეთ ამინდში ფეხით გავლა ვამჯობინეთ და გზადაგზა  შემხვედრ მაღაზიებსაც არ ვტოვებდით შეუსვლელად. ტანზე  შემოტმასნილი, დეკოლტირებული, მოკლე კაბა მეცვა, ქურქი  გახსნილი,  ფეხზე, მაღალყელიანი,  მაღალ პლატფორმაზე ჩექმით, შავი, გრძელი, ჩამოყრილი თმებით ამაყად მივაბიჯებდი დედაქალაქის  ქუჩებში. ირგვლივ გამვლელ- გამოვლელები თვალს მაყოლებდნენ და ეს მე არ მიკვირდა, თვითონაც ვიცოდი, რომ კარგ ფორმაში ვიყავი. მალე  შევამჩნიეთ, რომ სამი უცხოელი ბიჭი ფეხდაფეხ  დაგვყვებოდა.
-  მე მგონი   ესენი შენ დაგსდევენ!-  აღნიშნა ირინამ  ირონიული ღიმილით,
-  რატომ გადაწყვიტე, რომ მაინცდამაინც ჩემი პერსონით არიან დაინტერესებულნი,  იქნება და შენ მოეწონე რომელიმეს?!- მივუგე ირინას.
-  მაღაზიაში შევამჩნიე,  სამივე შენ მოგჩერებოდა  და რაღაცას საუბრობდნენ!- მომიბრუნდა ირინა სერიოზულად.  როცა ცირკის ბილეთების ასაღებად რიგი მოვიკავეთ იქაც ჩვენს უკან აღმოჩდნენ.
-  თამრი, ირინა მართალია, ეგენი მართლაც შენს გამო აგვედევნენ დღეს ლანდივით, ნახე, ის  ლამაზი ბიჭი  როგორ მოგჩერებია!- მითხრა როზამ.  გავიხედე, მართლაც იმ სამში ყველაზე გამორჩეული, მაღალი, ათლეტური აღნაგობის, ლამაზი ბიჭი ღიმილით აპარაებდა ჩემსკენ თვალებს. შევხედე, თვალი  თვალს მოხვდა  და ორივეს მორცხვად გაგვეღიმა. საღამოს, წარმოდგენაზე მისულებს, უკვე არც გაგვკვირვებია, რომ უცხოელი  "ნაცნობები" ჩვენს გვერდით  ვიხილეთ.
-  ნახე როგორ მოუხერხებიათ ჩვენს გვერდით ბილეთების აღება! - შენიშნა ირინამ
 წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ქუჩაში , ტრანსპორტის მოლოდინში მდგარნი,   ბიჭების  ალყაში მოვხვდით.  ალყის გარღვევა ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ, ცოტა არ იყოს შემეშინდა.
-         რა ხდება?  რას ნიშნავს თქვენი საქციელი?- მკაცრად მივმართე მე.
-           გთხოვთ, მოგვისმინოთ, არაფერს დაგიშავებთ, არ შეშინდეთ! -  აქტიურობდა ერთი ქართველი, - ესენი  ჩვენი  სტუმრები, ბულგარელი მოჭიდავეები არიან, ჩვენ ყველანი მათი თხოვნით მოვედით. აი პეტერს  თქვენ ძალიან მოეწონეთ, ამბობს ერთი ნახვით შემიყვარდაო, მთელი დღე დაგდევდათ თურმე!- და ხელი სწორედ იმ ლამაზი  ყმაწვილისკენ გაიშვირა.  პეტერს შევხედე, დარცხვენილი, სახეალეწილი მიყურებდა.
-  დაიკო, ნუ გვიწყენთ,  მისი თხოვნით მოვედით, იქნება შემახვედროთო, სერიოზული ახალგაზრდაა!- ჩაერთო საუბარში მეორე ქართველი.
-           დიახ, თქვენ მას ძალიან მოსწონხართ, არა უყვარხართ!  - დამტვრეული რუსულით მომმართა ერთ-ერთმა ბულგარელმა.
- რაა, როდის შევუყვარდი,  ჰკითხეთ ერთი?! - და გულიანად გადავიხარხარე.  ყველა რაღაცას მიხსნიდა, მხოლოდ ის იდგა უთქმელად, დარცხვენილი და აფორიაქებული.
-          და, მე რა უნდა ვქნა,  შინ არ უნდა გამიშვათ?!- მივმართე ყველას მწყრალად.
-           როგორ არა, ოღონდ პირობა მოგვეცით, რომ ხვალ  რვა საათზე სპორტის სასახლეში მოხვალთ, პეტერს შეჯიბრი აქვს, სამბისტია, მას ძალიან უნდა რომ უგულშემატკივროთ!
-          რომ არ მოგატყუოთ, ხვალ არ მცალია,მუსკომედიაში მივდივარ, წარმოდგენა  ცხრა საათზე იწყება, ვერ მოვასწრებ!
-           არა, დაიკო, უარს ნუ გვეტყვით, ჩვენ პეტერს შევპირდით, რომ შეხვედრაზე  დაგითანხმებდით, სტუმრებს არ გვინდა გული დავწყვიტოთ! -  მომმართა ახლა მესამემ. რაღაცის თქმა დავაპირე... უცებ  პეტერი  მუდარის სავსე თვალებით მომიახლოვდა და ძლივს გასაგები რუსულით  მთხოვა მივსულიყავი. მართლაც საოცრად სიმპათიური იყო, მის ალეწილ სახეს და დაჟინებულ მზერას ვერ გავუძელი, თავი დავხარე.
-           კარგით, პირობას გაძლევთ  რომ მოვალ,  ოღონდაც  დროზე გაგვიშვით!- მივმართე ყველაზე აქტიურს.
-         დედას გაფიცებთ, ოღონდ არ მოიტყუოთ, ცოდოა ბიჭი, ასეთი არაფერი დამმართნიაო!- მუდარით მომმართა ერთ-ერთმა.
-          ნამდვილად მოვალ!
მათ  როგორც კი პირობა ჩამომართვეს, ტაქსი გაგვიჩერეს, ფული გადაგვიხადეს და ხელის ქნევით გამოგვემშვიდობნენ, თან მოგვძახოდნენ აუცილებლად გელოდებითო.
-         წავიდეთ ხვალ, ცოდვები არიან, მართლაც კარგი ბიჭი ჩანს, არ მითხრა ახლა არ მომეწონაო?!- მომმართა გზაზე ირინამ.
-         კი ძალიან მომეწონა, მაგრამ რა აზრი აქვს, ის ოთხ დღეში მიემგზავრება, თანაც მუსკომედიაშიც ძალიან მინდა წავიდე, თუმცა ვნახოთ ხვალ რა ჭკუაზე დავდგები! საღამოს საინფორმაციო გადაცემის ყურებისას როზამ  იყვირა, პეტერს ანახებენ, ნახეთ რა კარგად ჭიდაობსო. ყველანი ცისფერ ეკრანს მივცვივდით.   ჩემდა გასაკვირად მთელი ღამე პეტერზე  ფიქრში  გავატარე, მისი ლამაზი, დამორცხვილი სახე ვერ მოვიშორე.
           მეორე დღეს  სპორტის სასახლესთან დათქმულ    ადგილზე პეტერი დაგვხვდა  კიმანოში ჩაცმული. დაგვინახა  თუ არა  სიხარულით მოგვარდა,  სახეგაბადრულმა  ბილეთები მომაჩეჩა,  შემდეგ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ   ვერ შეძლო, მორცხვად დახარა თავი და სწრაფად გაეშურა.  ჩვენ ადგილების მონახვა ძლივს მოვასწარით, რომ პეტერის და ერთი ქართველის გვარი უკვე გამოაცხადეს. თურმე პეტერს უნდა გაეხსნა შეჯიბრი.   ტატამზე პეტერი დაბნეული, აფორიაქებული გამოვიდა, თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა, აშკარა იყო  მე მეძებდა.  მართლაც მიპოვა თუ არა  სახე გაუნათდა  და გამიღიმა.
-         როგორი კარგია, თვალებს არ გაშორებს!-  დაილაპარაკა ირინამ ცოტა ხმამაღლა.  ამის  თქმა და უცებ მოპირდაპირემ  ჩვენი ბულგარელი  ტატამზე ბეჭებით გააკრა.
-            აუ, როგორ მებრალება, შენს ყურებაში იყო ეს სულელი ბიჭი!-  თქვა სინანულით  როზამ.
-         ჰო, ეგ მეც შევამჩნიე, სწორედ ამით ისარგებლა ქართველმა მოჭიდავემ!- ვთქვი დანანებით მეც.
-          ამათ ჭიდაობის რა იციან, აქ სავაჭროდ ჩამოდიან!- ისროლა ჩვენს უკან რეპლიკა უხეშად   ვიღაცამ.  მეტი აღარც მინდოდა  წამოვხტი.
-          თამრი, ესენი მიხვდნენ, რომ პეტერს ვგულშემატკივრობდით  და შურით წამოიძახეს, ყურადღებას ნუ მიაქცევ, დაჯექი! - მთხოვა ირინამ.
-          გოგოებო, წამოდით  ჩქარა, მუსკომედიაში  ვასწრებთ! - ვთქვი კატეგორიული ტონით  და გასასვლელისკენ გავვარდი, რაღაცას წამოვედე, კინაღამ წავიქეცი, ზურგს მიწვავდა პეტერის საყვედურით და მუდარით სავსე თვალები. მუსკომედიაში წარმოდგენა ისე ჩამთავრდა  არაფერი გამიგია. გოგოებმა ჩამქოლეს, საშინლად მოიქეციო.
დღემდე არ მტოვებს სინდისის  ქეჯნა,  ვერ ვივიწყებ  ლამაზ, ათლეტური აგებულების ბულგარელს, მის დამორცხვილ სახეს, ხოლო მისი მზერის სიმწვავე, რომელიც გაქცეულს ზურგს მიწვავდა, არა თუ ამ ცხოვრებას,  თუ რეინკარნაცია დასაშვებია ჩემს შემდგომ განსხეულებასაც გადასწვდება.

                                                                                სოხუმი
                                                                                1980  წელი             




                                              გაბო ბრაზობს

გაბო გაბრაზებული მოდის და მსაყვედურობს.
- გუჯა ჩემზე გაბრაზებულია, მარისთან მე არ მინდა, ეთოს ჩემთან არ უნდა და მე რა ვქნა, ვისთან გავიდე გარეთ, მარტო შეიძლება ვიყო?!  გარეთაც იხალისებ, თუ გინდა და არ ხარ გაბრაზებული! - გადის გარეთ და ცოტა ხანში შემოდის.
- ბებო, რა მჭირს ერთი, დილიდან ცოტას ვსვამ წყალს,  ღამიდან ბევრს, დამალევინე წყალი! - დაწოლისას დედა მოიკითხა, შეწუხდა დედას უკვე დაუძინიაო.
-არ ვიცოდი დედა არ გამოწვებოდა ( არ ჩამიწვებოდა), თორემ ჩვეულებრივ ჩავეხუტებოდი!
- გაბო, ნუ ჭიჭყინებ!
-  კაი, არ ვიტირებ, მაშინ ოთხის ვიყავი რომ ვტიროდი, ნათურას მე ჩაგირთავ, ხომ იცი მაგის მასტერი  ვარ!- მითხრა  კაცმა და  მართლაც პრობლემური ღამის ნათურა ჩამირთო.  ღამე ყური  ასტკივდა და ტირილი მორთო. ტკივილგამაყუჩებელი მივეცით და ოტიპაქსი ჩავუწვეთეთ, თვითონ ყურსაწმენდი ჩხირი მოითხოვა, ალბათ ჭუჭყიანი მაქვსო და ყური ამოიწმინდა. ამასობაში ტკივილმაც გაუარა და ჩაიძინა.დილით გაღვიძებულმა გამოაცხადა
- მე თვითონ ვუშველე ჩემს თავს, ყური ამოვიწმინდე და მომირჩა!





                                                  გაბო სახლის კაცია

- გაბო, ადექი ბაღში უნდა წახვიდე!- ვეუბნები დილით.
- არ მინდა ბაღი, მე სახლის კაცი ვარ!
- კარგი გაბო, ნუ ჭიჭყინებ, ადექი, დაღლილი ვარ!
- მასე მეც დაღლილი ვარ!- მითხრა საყვედურით. უცებ დააბოყინა და გაეცინა.
- ბებო, ინგლისელები როგორ აღოპინებენ?- გამეცინა, არა მგონია გაბოს ნისლიანი ალბიონის მკვიდრთა ბოყინი აინტერესებდეს, ალბათ ამერიკელები იგულისხმა, ჩვენს უბანში ბევრი ზანგია, უკვე ბევრი გაიცნო  და იქნებ იმიტომ?!
- შენსავით აბოყინებენ გაბო, ახლა ჩავიცვათ მალე, თორემ ბაღში დავაგვიანებთ და დაისჯები!
-ღირსი ვარ!- წარმოთქვა ამაყად გაბომ.



                                                       მე ოცი წლის ვარ



ეთო და გაბო მორბიან ჩემთან, გაბო ტირის, ეთო თვალს მიკრავს.
-ბებო, შენ ხომ  502 წლის ხარ, მე 30-ის?
- კი, ეთო!
- არაა!  ღრიალებს გაბო, ეთო 11 წლისაა, გუჯი 9-ის,  ბებო კი 20 წლის, ხომ ბებო?- გაბო დაძაბული ელოდება პასუხს, თვალებს არ მაშორებს. ეთო კიდევ თვალებით მთხოვს მას დავუდასტურო. გაბოს არაფერი ეშლება.
- მართალი ხარ გაბუკა, დამშვიდდი, მართლა 20 წლის ვარ!
- ახლა?!- მიმართა ნიშნისმოგებით გაბომ ეთოს. მეც გახარებული ვარ, ოცი წლის ვარ, მართალია გაბუკა, ოცის ვარ ოცის!  მართლა ასეთი განცდა მაქვს  და არასოდეს დავბერდები, რადგან გაბოს ასე სურს! გაბოს ვეფერები, ისიც მკოცნის.
-გაბო ამას ჩავწერ ჩემს დღიურში.
- დაწერე, ოღონდ ის არ დაწერო, მაშინ რომ ვთქვი!
-  რა  გაბუკა?
-აი, "ს"-ზე რომ იწყება!
მივხვდი "სექსი" რომ აწუხებდა, დავამშვიდე, არ დავწერთქო. გაბომ არ იცის, რომ ის ამბავი ქვეყანამ გაიგო, თორემ გასაქცევად მექნებოდა საქმე.



                                                                                     

                                                  გაბოს შიში

გაბომ გამაბრაზა და ვუწყრები. პასუხად მეუბნება ცუდი ხარო. ვებუტები და თან ვემუქრები შინ აღარ დავრჩებითქო. ამ საუბარს თამარმა მოჰკრა ყური და მომვარდა
- ბებო ჩემთან წამოდი, გთხოვ, ჩვენთან იცხოვრე, ჩემს დიდ ლოგინზე ორივენი დავეტევით!
 გაბო აწრიალდა, დამსდევს, მოსვენება დაკარგა.
-ბებო, ვიხუმრე, აქ დარჩი, არ წახვიდე, გაბერილი ვარ ხუმრობით, თინას ბრალი იყო, ის ხმაურობდა, მე არაფერ შუაში ვარ!- ვურიგდები. ცოტა ხანში მომიბრუნდა
-ბებო, ადამიანი რომ გეტყვის წყალი მინდაო და აღარ მიუტან უმადლოსი უნდა უთხრა?
- ვერ გავიგე გაბო!
- ბებო, ანუ არა მადლობა, მადლობა არ უნდა უთხრა ხომ?!  რამდენი ხანია მწყურია, წყალი დამალევინე.
-  აქამდე რატომ არ მითხარი გაბუკა?
- მეგონა შეგიწუხდებოდა, არ მინდოდა გაგაწუხო!- მოდი და არ გაგიკვირდეს, ამ პატარებს რამდენი ეშმაკობა აქვთ, ეს პატარა "პატხალიმი"




                                         გაბოს თავისუფლება უყვარს

- ბებო ფრჩხილი მტკივა!- წუწუნებს გაბო.
-მანახე, წაგაჭრი ცოტას და წარამარა ხელს არ მოიკიდებ!- მთანხმდება, მაგრამ მაკრატელის შეხებისთანავე აღრიალდა.
-ასეთი მტკივნეული არაფერი გამიგონია!
- გაბო,ბოდიში, თუ გატკინე, არ მინდოდა!
-შენ სულ გაპატიებ, რასაც დაგიშავებია  გუშინწინუკან და დააშავებ!
-მადლობა გაბო, მიყვარხარ!
ამ დროს გუჯიკო შემოდის ოთახში
 - გაბო, შენზე სიზმარი ვნახე!
-რა ნახე?- ეკითხება ინტერესით და მტკივანა ფრჩხილი აღარც ახსოვს.
- ვითომ ცოლი შეირთე, კიდევ შეირთე, კიდევ შეირთე და ყველა გაუშვი!- გაბო გაბადრული უყურებს.
- რა გეცინება, ასჯერ მოიყვან ცოლსთქო არ მითქვამს!- დატუქსა გუჯიკომ.
-ვნახოთ!
- გამაგიჟებს ეს ბავშვი!
- რა კარგია მარტო ცხოვრება, არ მინდა ცოლი!- წარმოთქვა კმაყოფილებით გაბომ.