Sunday, December 7, 2014

                                                  .



    უცნობი ბიჭები

                                             
                                                                 (გია ფარულავას მონაყოლი) 
    ერთ დღეს  რუსთაველზე მე და მანჩომ  ბიჭები გავიცანით, საუბარში მანჩომ მათ მოწყენის მიზეზი ჰკითხა. ერთ-ერთმა თქვა, წაგებული ხუთასი დოლარი მაქვს ხვალ ჩასაბარებელი და ვერ ვშოულობო.  მანჩომ ბიჭებს გვითხრა ფული მოვაგროვოთ და ვიქეიფოთო,  შენ კი რაც შეიძლება მეტი უნდა გამოართვა მამაშენს, დამავალა სერიოზულად მე. მეორე დღეს   რუსთაველზე  ის ბიჭი იპოვა, ჩვენი მოგროვოლი ხუთასი დოლარი მისცა  და უთხრა, არასოდეს ითამაშოვო. გაოგნებული მეგობრები კი დაგვამშვიდა, ქეიფს მერეც მოვასწრებთ,  იქნებ შემდეგში არ ითამაშოს, ცოდო იყოვო. არ დამავიწყდება იმ ბიჭის სახე, ასე მხოლოდ მანჩოს შეეძლო მოქცეულიყო, დარწმუნებული ვარ მართლა არასოდეს ითამაშებს,  მანჩოს სასწაულად შეეძლო ადამიანებზე ზემოქმედება, ძლიერი ლოგო ჰქონდა.
     " ქონებას თვისას მათხოვრები ითვლიან მხოლოდ!"
 შექსპირის ამ სიტყვებს ხშირად წამოიძახებდა ხოლმე  ცოტა ხნით სიყვარულისთვის, სიკეთისთვის ჩამოსული ანგელოზი.
  მე  ერთ დღეს ვიქეც ცივ ლოდად,
 კარგად არ მახსოვს რა მოხდა..
მაგრამ ვიცი რომ არ მოხვალ.... 

      მანჩო აცდენდა ხოლმე ლექციებს, მე პროტესტი მქონდა, ის კი ღიმილით მამშვიდებდა, დე ჩავაბარებ გამოცდას და დიპლომსაც მოგართმევ თავის დროზეო, კი გაქვთ ორ-ორი დიპლომი შენ და მამას მაგრამ რა?! მთავარია როგორ გამოიყენებ, ცხოვრება უნდა შეგეძლოს. ერთ დღესაც ლელა უნივერსიტეტიდან  ლამის ტირილით მოვიდა. ლექტორმა ფეხზე დამაყენა და პასუხი მომთხოვა შენი ძმა რატომ არ დადისო. მანჩოს ხმა არ ამოუღია, საერთოდ ნაკლებად მოსაუბრე იყო, ვერასოდეს მიხვდებოდი რას მოიმოქმედებდა. მერე გამაგებინეს, რომ იმ ლექტორს პასუხი მოსთხოვა, ჩემი და რა შუაში იყო, მეტჯერ არ გაბედოთ ასეთი არაკაცური საქციელი.  აგერ ვარ და მე გიპასუხებთ  არ მინდა თქვენს ლექციებზე სიარული და არ დავდივარ, გამოცდას კი ჩავაბარებ. ხმა ვერ ამოუღია იმ ლექტორს, რომელსაც დიდად კარგი სახელი არ ჰქონდა.  როცა ეს ამბავი გავიგე, დავტუქსე, ეს როგორ გაბედეთქო. არავის მივცემ უფლებას, გინდა ლექტორი იყოს გინდა რექტორი ჩემი და ატიროსო,მიპასუხა მოჭრით. თავის დებზე უზომოდ შეყვარებული,მართლა ვის რას გააბედინებდა?! სხვათაშორის იმდენად ნიჭიერი იყო, გამოცდებზე მაინც მაღალ ნიშნებს იღებდა. რა ვიცი ეს სწორი იყო თუ არა , მაგრამ თვით ლექტორებმაც აღიარეს, რომ მანჩო მართალი იყო, მითუმეტეს მე და გუჯაც უნივერსიტეტის თანამშრომლები ვიყავით.

    აქვე მინდა გავიხსენო კიდევ ერთი მომენტი,როდესაც მანჩო ისევ ძალიან ახლოს იყო სიკვდილთან მიახლოვებული.აფხაზეთის ცნობილი  მოლაპარაკებების დროს მე და მანჩო სოხუმში ჩავედით, გუჯა წინააღმდეგი იყო, ეს ჩვენ გამოვიტანეთ შეიარაღება, აფხაზებს გუდაუთაში აქვთ ყველაფერი, ომი არ დამთავრებულა, სად მიდიხართო?!  ქალაქი პარალიზებული იყო, წყალიც არ მოდიოდა, მანჩოს უზომოდ უყვარდა თავისი ქალაქი, მოირბინა უბანი, თან სტადიონზე თამაშობდა, თან წყლით მამარაგებდა, რომ სახლი მიმელაგებინა. რამოდენიმე დღის შემდეგ ხობში უნდა დავბრუნებულიყავით და მერე მთელი ოჯახი წავსულიყავით  სოხუმში, მანჩოს არ უნდოდა წამოსვლა, შინ დავრჩებიო, მაგრამ მარტო არ დავტოვე. მოვდივართ ელექტრიჩკით, მოვუახლოვდით ინგირს და შეიქმნა ერთი ამბავი, ამოცვივდნენ კბილებამდე შეიარაღებული ზვიადისტები, ვინ იბრძოდით, რატომ იბრძოდით, ვის გაქვს იარაღიო?   ზოგს ცემდნენ, ზოგს ვაგონიდან აგდებდნენ, მოკლედ ყველაფერს ჩითავდნენ. მოვიდა ჩვენი ჯერიც, ვზივართ მე და მანჩო. ვისია ის ჩანთა ზემოთ რომ დევსო? - უყვირა ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმულმა პატარა ,შეიარაღებულმა კაცმა.
- ჩვენია!- უხალისოდ უპასუხა მანჩომ
- რა დევს შიგნით?- ხმას აუწია "პატრიოტმა"
- ნახე რაც დევს! - უპასუხა ისევ მშრალად მანჩომ და ბოტასების შნურკების შეკვრა დაიწყო ზოზინით
- შენ გეუბნებიან ბიჭო,ადექი და ჩამოიღე ჩანთა! - ყვირილით,ბრძანების ტონით მიმართა გავეშებულმა მებრძოლმა
- შენ გაინტერესებს და თავად ჩამოიღე - თავის აუწევლად მიუგდო ისევ სიტყვა მანჩომ.   დავიზაფრე, ოფლმა დამასხა. შევხედე, ჩუმად მივანიშნე  (მანჩოს რომ არ ენახა), გარეთ გავიდეთ, რაღაც უნდა გითხრათქო. იკადრა ჩანთა ჩამოაგდო, გახსნა,მერე უფრო განრისხებული მიაშტერდა მანჩოს, ფიქრობდა ალბათ როგორ დაესაჯა ბიჭი, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა და ეწინააღმდეგებოდა, ვაგონში ეს არავის გაუბედავს. ვითომ სხვათაშორის  გარეთ გავედი, გამომყვა. შევევედრე, მხოლოდ თხუთმეტი წლისაა, შეეშვი, თავს შეგაკლავს და არ დაგმორჩილდება, ხომ იცით როგორი ასაკია, მამამისი ზვიადის მეგობარია, შეგიძლია იკითხო, ნუ დამღუპავმეთქი, ჯერ შემეწინააღმდეგა, ამხელა ბიჭი რაფერ არის მხოლოდ თხუთმეტისო,მაგრამ  მერე მოლბა და თავი დაგვანება. მოვბრუნდი, გვერდით მოვუჯექი, ხელი გადავხვიე, მის თვალებში დიდი გულგატეხილობა ამოვიკითხე, ეს მერამდენედ?! საერთოდ რა იყო მისთვის ბოძებული ჩვიდმეტი წელი?! ვაკოცე, და მივახვედრე, რომ მაგარი ბიჭი ხართქო. ის ჩემს მიერ წაკითხულ წიგნის გმირებს ჰგავდა და ეს მე მომწონდა. როცა მე მამაკაცების მიმართ პრეტენზია მიჩნდება, გოგონები მეუბნებიან, შენი მოსაწონი არ დადის, შენ მანჩოსნაირი გინდა ყველა იყოსო?   არა ნახევარი - ან მეოთხედითქო-ვპასუხობ