Sunday, August 7, 2016

                                                                 მოტაცება

   ამ დღეებში  სამოცდაექვსი წლის ახლობელმა, სვანმა ქალმა ერთი სასაცილო ამბავი მიამბო, მინდა თქვენც გაგახალისოთ.
   - ცხრამეტი წლის ვიყავი, პირველ შვილზე ორსული, სვანეთში, მის ძირს სახლში  რომ  წამიყვანა მეუღლემ. ორმოცდახუთი წლის მაზლი მყავდა უცოლო, რომელიც დიდად არ იკლავდა თავს ოჯახის შექმნაზე. ერთ დღეს შეიქმნა წიოკობა, ახლობლებს ქალი მოეტაცებინათ ჩემი მაზლისთვის მეზობელი სოფლიდან. ქალის კივილზე მთელი სამეზობლო მოცვივდა. ჩემი მაზლი ამბობდა, არ მინდა ეს ჯოჯო ქალიო, მამამთილიც თავს იკლავდა, ასეთი მკივანა რძალი რად მინდაო. ამასობაში ვიღაცამ დაიძახა მთელი ლატალი მოდის ქალის წასართმევადო. გვერდით სახლში წამოწოლილს, დღე-დღეზე მოლოგინების მომლოდინეს, დიდად არ მაინტერესებდა რა ხდებოდა, მაგრამ მთელი სოფელი დაიძრაო რომ გავიგე წამოვდექი, ვნახავ როგორი გოგოათქო. შევედი ოთახში და გავშრი. ჩემს წინ  თმებგაშლილი, სახეჩამოპორტნილი, უფორმო, ნახშირივით შავი, მართლა გონჯი,  ორმოცდასამი წლის ქალი იდგა. "აი რას ნიშნევს თავის დაფასებათქო!" გავიფიქრე და გავედი. სვანეთში დიდი სირცხვილია მოტაცებული გოგო წაგართვან,  ორი სოფელი დაუპირისპირდა ერთმანეთს, ცოცხალი თავით არ გაატანეს ლატალელებს მოტაცებული ქალი, მხრებჩამოყრილნი, ბრძოლაწაგებულნი, შერცხვენილნი, უქალოდ დაბრუნდნენ ლატალელები. ქალი დამორჩილდა ბედს,  კივილი მიატოვა და დარჩა იქ სადაც ბედმა მიიყვანა. ჩვენს ლამაზისეულს ორი შვილი ეყოლა. პირველი შვილი  ორმოცდახუთი წლის ასაკში გააჩინა. სხვათაშორის მას  ყველა  უფრთხოდა, ცდილობდნენ კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინათ, რადგან ჩურჩულებდნენ დიდი ჯადობაზია, ჩემს მტერს და ავს ვისაც გადაეკიდებაო, ისე, კატები ჰყვარებია ძალიან, ღამ-ღამობით კატის ჩხავილი ისმოდა თურმე მისი ეზოდან.   ნათელი დაადგეს მის ხსოვნას, გული არ გეტკინოთ, დიდხანს იცხოვრა, ღრმა სიბერემდე. აბა!!!
   P.S.
გაუთხოვრების საყურადღებოდ: არასოდეს არ არის გვიან ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა, მთავარია თავი დაიფასოთ და გამტაცებლებიც გამოჩნდება.