Sunday, June 3, 2018

                                       
ტბის პირას                            

ცოტა ხნის წინ ინტერნეტის საშუალებით შევიტყვე, ფილმისთის საუკეთესო დეტექტიური ჯანრის ნაწარმოების კონკურსი გამოცხადებულიყო. ის დღეები თვალწინ მიტრიალებდა და მოსვენებას არ მაძლევდა ერთი, ადრე მომხდარი საოცარი, შემზარავი ისტორია. მართლა საფილმო იქნებოდა, მაგრამ მე ხომ აგატა კრისტი არ ვარ რომ კარგი ნაწარმოები გამომეცხო, ამიტომ გადავიფიქრე, თუმც ფიქრი იმ ამბავზე მოსვენებას არ მაძლევდა. გადავწყვიტე მოგიყვეთ ისეთი ფორმით, რომ საინტერესო იყოს წასაკითხად, თუ რა თქმა უნდა მკითხველს არ დავამძიმებ. შევცვლი ადგილმდებარეობებს, სახელებს, რადგან იმ ამბის მხილველნი და ტრაგედიის გადამტანი ადამიანები მგონი მეგობრებში მყავს. რამდენად გამომივა არ ვიცი, იქნებ შუა გზაზეც შევწყვიტო.
პროლოგი
შავებში ჩაცმული ქალი ეზოში შევიდა, სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ქალს არავისთვის შეუხედავს, მოულოდნელად დანა დააძრო და ბავშვების დედინაცვალი აჩეხა.
„პეიზაჟს მწერლები არ ხატავენ როგორც უბრალო ფონს, პეიზაჟი დაკავშირებულია ადამიანის განწყობილებასთან და მოქმედებასთან.
ხშირად მწერალი გვიხატავს ბუნების მომხიბლავ სურათს, მის სილაღეს, სიხალისესა და შვებისაღმძვრელ მშვენიერებას იმ დროს, როდესაც ადამიანი განუსაზღვრელ მწუხარებას განიცდის, ან იღუპება კიდეც.
ქარი საშინელის ქუხილით ჰბრუნავდა; მზემ ამოიწია და დაჰყურებდა პალიასტომს, თითქოს სეირს უყურებსო. ივანეს ხეები ისე თამაშობდნენ ტალღებზე, თითქოს დასულდგმულებულან და უხარიათ, რომ თავისუფალი ვართო. ივანეს პატარა ნავიც გარეულიყო ხეებში.... დიახ ასეა იმ დღის ბუნება აღწერილი პალიასტომის ტბაში. გამახსენდა იმიტომ, რომ იმ დღესაც საშინელი ქარი იყო, ტბა მრისხანებდა, ცა მოქუფრულიყო, თითქოს ბუნება წვიმისთვის ემზადებოდა, მაგრამ არა, მთელი ღამე ასე გაგრძელდა, დილისკენ კი დამშვიდებული ტბა და არაბუნებრივი სიჩუმე ავისმომასწავებელ განწყობას ჰქმნიდა. ბუნებაც და ხალხიც რაღაცის მოლოდინში იყო და მართლაც ცოტა ხანში მეთევზის ყვირილმა შეძრა არე-მარე, მთელი სოფელი დაიძრა. ტბის პირას დამხრჩვალი დის ცხედრები ეყარა. ვიღაც ქალი მივარდა და ქალიშვილებს კაბები  გადააფარა