აცრა
ვერაგი კვერნა
წუხელ ბაჭიას კივილმა წამოგვყარა, თითქოს საიმედოდ დამალული ბაჭია მაინც მოგვიხრჩო შემოჩვეულმა ვერაგმა კვერნამ. ბავშვების ყვირილმა, ნასროლმა ნივთებმა მტაცებელი დააფრთხო და ერთი ბაჭია გადავარჩინეთ. პატარებს მთელი ღამე არ უძინიათ, ვერ გადაუწყვეტიათ მისცენ ვინმეს ეს კურდღელი თუ თვითონ დაიცვან კვერნისგან.გაცემის შემთხვევაში გარანტიებს ითხოვენ არ დაკლან და არ შეჭამონ ბაჭიაო. მოკლედ ამდენი ტყუილი ცხოვრებაში არ მითქვამს. დღეს ინტერნეტში კვერნის შესახებ ყველაფერი შეიტყვეს, მაგრამ ეს ჩვენს გასაჭირს რას უშველის! ტყის პირას ვართ არ გინდათ ბაჭიებითქო, მაგრამ აბა ვინ მიჯერებს!კვერნას შემოტევების შემდეგ დარენილმა ერთადერთმა ბაჭიამ მოიწყინა, მძიმედ დადიოდა და დორბლები სდიოდა.ეტყობა მტაცებელმა მოასწრო კბენა. ღამის თერთმეტი საათია, პანიკამ მოგვიცვა. ინტერნეტით მოვიძიეთ ყველანაირი ინფორმაციები ცოფის შესახებ, შემდეგ დავრეკეთ მედიკებთან საკონსულტაციოდ. ვარკვევთ ვინ როგორ ეკონტაქტებოდა კურდღელს ამ ორი დღის განმავლობაში.
- გუშინ კურდღელს ეფერებოდი?- ეკითხება თამარს დედამისი.
- კი, მოვკიდე ხელი!- არ ცრუობს თამარი
- ხელები დაიბანე?
- კი, დღეს დავიბანე!
- გუშინ ხელი მოჰკიდე და დღეს დაიბანე?!- სიცილს ვერ იკავებს დაზაფრული დედამისი.
გუჯამ აღიარა, მე ვაკოცე ბაჭიას, მაგრამ ეს მანამ იყო, სანამ კვერნა დაკბენდაო. გადავწყვიტეთ აგვეცრა ყველანი, მითუმეტეს ბავშვებს ნაკაწრებიც ჰქონდათ. დაიწყეს ტირილი, მოთქმა, არ გვინდა ნემსიო, განსაკუთრებით თამარი და გაბო ღრიალებენ, არავითარ შემთხვევაში არ გავიკეთებთ აცრასო. თამარს გარეული ცხოველების შიშით წყნეთში ყოფნაც აღარ უნდა ( საღამოს ტყიდან მგლის სტუმრობასაც ელოდება) ამ ღრიალში მათ ჩვენი სატელეფონო საუბრებიც არ გამორჩენიათ უყურედღებოდ, ყური მოჰკრეს ორმოცდარვა საათის განმავლობაშიო და ყველაფერს მიხვდნენ.
-რა,ორმოცდარვა საათი რა შუაშია, თუ ვერ მოვასწრებთ გავცოფდებით?!- აღრიალდა უფრო თამარი - საზიზღარი კვერნა
- ვერ ვიტან კვერნას! - წამოიძახა გაბომ
- რამდენი საათი გავიდა? ამაღამ, ახლავე გაგვიკეთეთ ნემსი! - იხვეწება გუჯი.
- კი, ბებო, ახლავე წავიდეთ! -სლუკუნებს თამარი
მოკლედ უფრო მეტი ყვირილი და ვაი-უშველებელი ატყდა, არ გვინდა სიკვდილიო.ყველაზე ღირსეულად თავი ციცქნა თინათინს უჭირავს. მოკლედ ღამის პირველ საათზე მივადექით თბილისის იმუნიზაციის ცენტრს. ბავშვები მშვიდად ელოდნენ ექიმს. ექიმს ვკითხეთ, ბაჭიასთვის ხომ არ გაგვეკეთებინა ანალიზი, იქნება და არ იყოს ინფიცირებულითქო?! (გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო) იუმორის გრძნობით გამორჩეულმა ექიმმა ღიმილით გვითხრა, კი,ბატონო, პასუხი ერთ თვეში იქნება და თუ გინდათ დაელოდეთო. აბა ვინ ჭკუათმყოფელი დაელოდებოდა! ხუთივე ბავშვმა რიგ-რიგობით მშვიდად მიუშვირა მკლავი ექიმს, მხოლოდ თინამ წაიტირა ცოტა. ასევე უტირლად, ღირსეულად იჩხვლიტა ნემსი ლელამაც, რომელსაც თავისი მოყვანილი ბაჭიები ძალიან შეყვარებოდა და ისიც ხშირად ეკონტაქტებოდა. მე და მარინა კი გადავრჩით, ეტყობა ვერ მოვასწარით კურდღლების შეყვარება.მოკლედ კვერნას სტუმრობამ ერთვიანიანი მკურნალობით,მკაცრი დიეტით (მგონი ზღვაზე წაუსვლელობითაც) დაგვასაჩუქრა.მიახლოებული ისტორიები არ გვაკლია ყოველ ზაფხულს.
იმედია წლევანდელი ისტორია საწინდარი იქნება მომავალ ზაფხულს ჩემი მშვიდი, უცხოველოდ დასვენებისა. არავინ იფიქროს ცხოველები არ მიყვარდეს, მაგრამ ამდენი ბავშვის გაკონტროლება დამეთანხმეთ ძნელია.
No comments:
Post a Comment