Saturday, June 20, 2015

                                                          სტიქია

გარკვეულ სიტუაციაში მოქმედების დროს ადამიანები კარგად მჟღავნებიან და ეს ზოგადი ხასიათის
დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა. არ ვარ პოსტების წერით დაკავებული ქალი, აქა-იქ რაღაც ჩემი თვალით ნანახ და გაგონილის ჩანახატს თუ გავაკეთებ ხოლმე ეგ არის და ეგ. ახლა კი...
ეს დღეები ძალიან მძიმე იყო ჩემთთვის. ის ორი ხობელი, საოცარი დები ჩემი მეზობლები არიან. უსაყვარლესი მამიდაშვილი და მისი მეუღლე ბეთანია- წყნეთის გზაზე მეწყერში მოყვნენ, დილის ხუთ საათამდე ტყე- ღრე იარეს მაშველების მოლოდინში და მართლაც ღვთის სასწაულით გადაურჩნენ სიკვდილს. ტელეიზიით ვისმენ გამწარებული ქალის მოთქმას: "ერთ წუთში დავკარგე ჩემი მთელი ცხოვრების ნაშრომი", ძალიან მეტკინა. სოხუმელმა ქალმა კარგად ვიცი,თუ რა არის ეს, ერთ დღეს რომ გამოიღვიძებ და "სხვისი ჭირი ღობის ჩხირი დამოკიდებულებით" და დევნილის სულში ჩაფურთხებული სტატუსით ქუჩაში აღმოჩნდები, შემდეგ კი ბობოლა ხალხისგან გაგონილი შეურაცხმყოფელი სიტყვები: "დევნილს რძლად არ შემოვუშვებ!" ან "დევნილ ბავშვებთან არ ითამაშოთ!" გული მიკვდება, როცა გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. ვინც იცნობს ჩემს ოჯახს და იცის ჩემი ტრაგედიის შესახებ, მიხვდება რა განცდებში ვიქნები. ახლა ბევრი გამოთქვამს გულისტკივილს, ხალხი იხოცება და შარდენზე და რესტორანებში რა ამღერებთო. გამახსენდა, ჩენ რომ ფეხით ჭუბერის გზით მოვდიოდით, მაშინაც ბევრს ტაშ-ფანდური ჰქონდა გამართული. მესმის, რომ ზოგი უკმაყოფილოა იმით რომ მაშველებმა დაიგვიანესო, შემძრა ჩემი მამიდაშვილის ნათქვამმა, არამიანცის საავადმყოფოში საკაცით მიყვანილ დალეწილ ქალს,შოკიებულ ჩემს სიძეს რაღაც გასინჯვაში და თაბაშირის დადებაში 159 ლარი გადაახდევინეს. მწარედ გამაცინა, ვიღაც გლდანელის ნათქვამმა, მე რატომ უნდა ვიმუშაო ვაკეში, ვაკელებმა გაწმინდონ აქაურობაო, ასევე ავაზაზე რომ იხუმრა ვიღაცამ, ხედავთ ავაზა რა სვეტი ყოფილა ვაკეს არ შორდებაო, ან ლაფათქა დამაკავეთ უნდა ჩავსელფდეო. ეს ყველაფერი იქნებ სამართლიანი, მგრამ ბოღმით ნათქვამია ალბათ იმ ადამიანებისა, რომელთაც ჯიპის ფანჯრიდან მომზირალი, ფულით გაზულუქებული ადამიანები აღიზიანებს. ნუთუ არაფერი შეცვლილა?! ნუთუ არაფერი გვაფხიზლებს? როდემდე უნდა იყოს ვაკელობა სტატუსი? მართლაც ჯიპის ფანჯრიდან ხომ არ უნდა ვუყუროთ ქვეყნის უბედურებას?! ან ყველანაირი სიტუაცია და მათ შორის ასეთი ტრეგედია პოლიტიკური ქულების ჩასაწერად როგორ უნდა გამოვიყენოთ?! ამ პოსტის მიზანი ის კი არ არის, ვინმე ან რამე გავკილო, ვიღაც სწორად იქცევა თუ არა. ის რაც ახლა ხდება ღმერთმა დაგვიფაროს და იქნებ მომავალშიც მოხდეს, ვიღაც იქეიფებს, ვიღაც ცინიკურად გაიცინებს, ვიღაცა არ მიიტანს გასაჭირს გულთან, მთავარი და მისასალმებელი იმ ახალგაზრდების ერთსულოვნებაა, რომლებიც ახლა ერთ მუჭად შეკრული დღე და ღამე იქ დგას და სიყვარულის, თავგანწირვის მაგალითს რომ გვიჩვენებს. ჩავეჭიდოთ ამას, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა, სხვისი გასაჭირის გულთან მიტანა ვისწავლოთ.
ხდება ხოლმე ადამიანი აწყობს გრანდიოზულ გეგმებს, მაგრამ გარემოებათა მიზეზით ყველაფერი ინგრევა. ასეთ დროს ზოგიერთი ყურებს ჩამოყრის და თავის ოცნებებს გამოიგლოვებს, სხვები გრძნობენ ნებისმიერ წარუმატებლობას შეიძლება ახლდეს დადებითი მხარეები და ჰყოფნით ძალა თავის სასარგებლოდ შეატრიალონ ფორტუნა.
ჩვენი ცხოვრება ის დღეები როდია, რომელიც გადის, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდება და დაგვამახსოვრდება მაშინ, თუ სიყვარულით ვიცხოვრებთ, სიყვარულით გავუწვდით ერთმანეთს დახმარების ხელს და ამით შევიმსუბუქებთ ჩვენს წუთისოფელს.
მჯერა, სიყვარულით თუ ვიცხოვრებთ ფორტუნა საქართველოს სასარგებლოდ შემოტრიალდება.





ჩემი უცნაური სიზმარი თუ ხმა შეუცნობელიდან?!

ასეთი გამონათქვამი არსებობს: "სურათი ათასობით სიტყვად ღირსო!" ზოგიერთი მათგანი რაღაც მესიჯს ატარებს, ზოგიერთი ჩვენს ემოციებსა და განწყობას ინახავს.
ცოტა ხნის წინ სიზმარში ჩემი ყმაწვილქალობისდროინდელი რაღაც ეპიზოდი ვნახე. გამოღვიძებულზე კი მხოლოდ ისღა გამახსენდა, რომ კედელზე ჩამოკიდებულ ჩემს სტუდენტობისდროინლელ სურათს მივჩერებოდი, თითქოს ჩემი ქალიშვილი მიღიმოდა, ეს იყო ფიქრი იმისა, რომ ყოველ ღაწვს ნაოჭი მოელის, სიცილს დაქანცვა, ოცნებას გაცრუება. ადგომისთანავე ალბომს წავავლე ხელი, სადაც სოხუმიდან ცოტაოდენ წამოყოლილ და ცოტაოდენ ნათესავებისაგან შეგროვილ სურათებს მოეყარა თავი. ჩემი მეხსიერების სკივრიდან დიდი ხნის მივიწყებული კადრები გაელვარდა. ხსოვნა საოცარი ფენომენია, მას შეუძლია წამის ერთი გაელვება მარადიული სუნთქვით აცოცხლოს. უკვე წაშლილი საუკუნოდ, ისევ წამომიტივტივდა მეხსიერების სტრიქონებს შორის. სანამ შორეულ წარსულს გადავწვდებოდე მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე თვის წინ ძველი, "მეგობარი" შემხვდა ქუჩაში, დარცხვენილმა მითხრა შენთან მოსვლა მინდაო, რამაც ჩემი აღფრთოვანება ნამდვილად ვერ გამოიწვია, თუ რატომ?!....
თავს არ ვიქებ, მაგრამ მეგობრები უამრავი მყოლია და მყავს, არავინ დამიკარგავს, ვუფრთხილდები ურთიერთობებს და ერთგულებაც უსაზღვროდ შემიძლია, მოკლედ ბოლომდე გავიტანეთ ერთმანეთი ჩემმა სამეგობრომ იმ ერთის გარდა. ის ერთი კი მაშინ ძალიან მომეტმასნა, არავისთვის ვემეტებოდი, ყველას გზას უღობავდა ჩემსკენ მომავლებს, რაღაცეები არ მომწონდა, მაგრამ ვუერთგულე, ყოველნაირად გვერდში ვედექი ხელმოკლე "მეგობარს" ხანდახან გამკენწლავდა უსიამოვნო აზრი, "ნუთუ მიყენებს?!" მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას. იყო მეორეც რომელიც ძალიან მიყვარდა და მომწონდა, მოისწრაფოდა ჩემსკენ, მაგრამ ის გასაქანს არ გვაძლევდა, თუ მე და ის გოგო სადმე ერთად დავგეგმავდით წასვლას, ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩაეშალა. მე მუდამ პირველის ნებას ვყვებოდი, რის გამოც არაერთხელ დამიჭერია სევდიანი, გულნატკენი გამოხედვა ჩემთან მეგობრობის მოსურნე გოგოსი. ერთხელ საუბარში ვიღაცის უინტელექტობით გაღიზიანებულმა წამოვიძახე
– მისი მაქსიმალური შეხება ლიტერატურასთან ერთი ან ორი წიგნი თუ იქნება!
– არა მხოლოდ მაგისი, ზოგს ერთი წიგნიც არა აქვს წაკითხული! – წარმოთქვა ირონიით. მივხვდი, ვინც იგულისხმა. მახსოვს ერთხელ ქარაგმებით მიმანიშნა "იმის" უარყოფით მხარეებზე, მაგრამ თავი შორს დავიჭირე. თუმცა მოკლე ხანში " მან" დამანახა ვინც იყო, გაშიშვლდა მისი სიბოროტე. მასთან ურთიერთობა დამთავრდა იმით რომ სათქმელი სასაუბრო ტონის ერთი ოქტავის აწევით მივახალე. იმის შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა, არც იმ მეორესთან გაგრძელებულა დიდხანს ურთიერთობა, მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, იყო ომი, ჩემი ტრეგედია და აი ახლაღა შემხვდა ქუჩაში. "არა, ძალიანაც რომ მოისურვოს სახლში ვერ მივიღებ!" -  კი არ გავიფიქრე, წარმოვთქვი კატეგორიული ტონით. და აი, ცოტა ხნის წინ ისევ უცნაური სიზმარი მესიზმრა.
თითქოს ერთი შავი არსება ყველგან თან დამსდევს, მაწვალებს, სულს მიხუთავს, რაღაც სისულელეებს მახვევს თავს, ხან უფსკრულში მიპირებს ჩაგდებას, მოკლედ ცხოვრებას მიმწარებს, თითქოს გამოსავალი არ არის და ამ დროს საიდანღაც თეთრი ანგელოზი მეცხადება, რომელმაც ხელი ჰკრა ამ ბოროტს და გამანთავისუფლა. შევხედე, მადლობა უნდა მეთქვა, ხელით მანიშნა, არ გინდაო, "რა ნაცნობი თვალები და გამოხედვა აქვს!" - ამის გაფიქრება და ის მაღლა, მაღლა აიწია და ღრუბლებს მიეფარა. გამოვიღვიძე, ცხადშიც გამომყვა ის სიმძიმე და განწყობა რაც სიზმარში განვიცადე, მერე ის ნაცნობი თვალები გამახსენდა და დავმშვიდდი. "ჰოი საოცრებავ, ეს ხომ იმისი გამოხედვა და თვალებია! " -  ამის გაფიქრება და ბლოკნოტს ვეცი, მივრეკ–მოვრეკე და მივაკვლიე მისამართს. მეორე დღესვე გავეშურე იმ მისამართზე. ზარი კანკალით დავრეკე, კარი ახალგაზრდა ქალმა გამიღო და შემიპატიჟა. დამეხვივნენ იქაურები, დიდი თუ პატარა, თამრიკო დეიდა თქვენა ხართო?! გაოცებულმა ვიკითხე, საიდან იცითთქო! - თან თვალებით "იმას" ვეძებდი. დედა ძალიან ბევრს გვიყვებოდა თქვენზე, სურათებიც გვაქვს, ძალიან უყვარდით, ამბობდა საოცრად კარგი ადამიანიაო, ბევრად არ შეცვლილხართ, ახლაც მომხიბვლელი ხართ! - მითხრა მეორემ. მე ეს სიტყვები სადღაც შორიდან მესმოდა. "რატომ წარსულში?!" - გავიფიქრე დაზაფრულმა. ამასობაში მისაღებ ოთახში შევედით. თვალი კედელზე ჩამოკიდებულ, გადიდებულ სურათს ვკიდე და ყველაფერს მივხვდი. ხმა ჩამიწყდა, ოთახი საშინელი დუმილით დაიმუხტა. მაპატიეთქო წამოვიძახე და გარეთ გავვარდი. " და მე ავტირდი ვით მეფე ლირი!  -  აღმომხდა ხმამაღლა და ამდენუბედურებაგამოვლილი ქალი იქვე მწარედ ავზლუქუნდი.
P.S.
ადამიანური ყოფის საიდუმლოებით მოცულ პროცესში, რომლის დროსაც ერთი იქცევა კაენად, მეორე– აბელად, ერთის გული ივსება ღვარძლითა და სიკეთისადმი სიძულვილით, მეორისა კი– სათნოებითა და დაუშრეტელი სიყვარულით,– რა თქმა უნდა, თავისუფალი ნება გადამწყვეტ როლს ასრულებს.