დასავლეთისკენ
ჩემი ცხოვრებისგან გამომდინარე ოცდახუთი წელია თითქმის არ დავდივარ ჩემს მშობლიურ კუთხეში. ორი წელია ვეშურები ჩემი დის ნახავას, და აი გუშინწინ მოულოდნელად გადავწყვიტე დასავლეთისკენ მიმავად ძმისშვილსა და სიძეს გავყოლოდი. მშობლიურ სახლს ღამის სამ საათზე მივადექით, ცაზე ავიხედე, რამდენი ხანია ასეთი მოწმენდილი არ მინახავს, უამრავი ვარკვლავი მიკრავდა თვალს და თითქოს მესალმებოდნენ, მიღიმოდნენ. ყოველთვის გული მიჩქარდება ხობის ხსენებაზეც კი. დილით ეზო დავიარე,საოცარი სანახავი იყო ამწვანებულ-აყვავილებული არა-მარე, ჩემი საყვარელი ჭალა. ჰაერიც კი სხვანაირი იყო, ღრმად ვსუნთავდი, თითქოს მარაგს ვიღებდი ჟანგბადისა. ისეთი საამო სურნელი ტრიალებდა, დიდს თუ პატარას შინ რომ არ მოანდომებდა ყოფნას. კიდევ ერთხელ დავბრუნდი უზრუნველსა და ტკბილ ბავშვობაში.ხსოვნა ხომ საოცარი ფენომენია, ჩემი მოგონებების სკივრიდან ელვის სისწრაფით ამოლაგდა ულამაზესი ბავშვობის, ყმაწვილქალობის კადრები, ჭიშკარს მივაპყარი მზერა, ისევ ის კარები ჰკიდია, საზეზე ირონიულმა ღიმილმა გადამიარა. რამდენი სადედამთილო თუ ხელის მთხოვნელი მოდგომია ამ ჭიშკარს ფულარიების ლამაზი ასულების ხელის სათხოვნად თუ სანახავად, "გინაძირაფშა," რომელთაც დედაჩემი მედგრად იგერიებდა, არავისთვის ვემეტებოდით. ტკბილ სასიამოვნო მოგონებებს უცებ ტკივილიანი კადრები ჩაენაცვლა. სასაფლაოს მივაშურე, მე და თედომ (ძმისშვილმა) მივეფერეთ ყველას- უდროოდ თუ დროზე გასულებს, განსაკუთრებით ორი დის საფლავმა შემძრა (ზარანდიების). დარდმა წამლეკა, მერე გამახსენდა სადღაც წაკითხული ფრაზა, ძველსა და სამუდამოდ წარსულზე დარდი ცხოვრებას გპარავს, არ მისცე ამის უფლება, მოეფერე ნაჭრილობევს და დაემშვიდობე. მე და თედო შინ მოვბრუნდით. მაიკო და ჩემი რძალი უკვე მზად იყვნენ ცენტრში გასულიყვნენ, მე კი ჩემი დისკენ გამეგრძელებინა გზა. ბავშვები ეზოში ჟივილ-ხივილით დარბოდნენ, მინდორში საოცარი სანახავები იყვნენ. დავემშვიდობე პაწუკებს. სანამ კილომეტრით არ გავცდით სახლს, მანამ მიგვაცილებდა მათი ყვირილიანი შეკვეთები: მაშხალები, ფეიერვერკები, ათასგვარ სათამაშოებს და სასუსნავებს აბარებდნენ მაიკოს საყვარლები. ყველანი ბავშვები ვიყავით, ჩვენც ხომ ასე ვაბარებდით მშობლებს, მერე გავხდით სხვანაირები. ცენტრში გასულმა ჩემს სკოლას შევავლე თვალი, მაგრამ ყველაზე საყვარელი ჩემი ადგილი ვერ მოვინახულე, სადაც მთელი ჩემი ბავშვობა ვეშურებოდი, შატალოზე მთელი კლასი იქ მივდიოდით, ეს ხობის მონასტერია, ჩემთვის ყველაზე ულამაზესი, უძვირფასესი, პატარა სამოთხე. მოკლედ ჩავჯექი ტაქსში და გავემართე სოფელ წინანგოლისკენ. გავაჩერე ნაცნობ ჭიშკართან და შევედი ეზოში. ჯერ ცალკე მდგარ "კუხნას" მივაშურე, არავინ ჩანს, ცარიელია ყველაფერი, შევედი სახლის პირველ სართულზე აბსოლუტურად ცარიელი და გაპარტახებული. ჩემი და კი ამბობდა ყველაფერი დაიმტვრა სახლი საშინელ დღეშიაო, მაგრამ ეს რა უბედურებაამეთქი, მერე ხმამაღლა მოვუხმე, პასუხი რომ არ გამცა, შევშინდი და რეკვა დავიწყე. სად ხარმეთქი და კიბესთან ვდგევარო, მეც კიბესთან ვიდექი. უკვე ისიც მიხვდა და მეც, რომ სამარცხვინოდ სხვის ოჯახში ვიყავი შესული. გარეთ მჯდარი მეზობლები გაკვირვებულები მიყურებდნენ, შემრცხვა. მერე მე და ჩემი დის მონატრებული შეხვედრა, და გულის ტკივილი, რომ უკვე ნახევარი ქალია დარჩენილი. აქაც დამხვდა ბევრი ისეთი რამ ( სურათები)რამაც ისევ სევდაში ჩამძირა, ჩემი დის სილამაზე, ყმაწვილქალობა და ასეთი ახლანდელი მდგომარეობა უსაშველოდ მეტკინა. მერე ჩემს თავს შემოვუძახე. ვერავინ იქნება ბედნიერების მესაკუთრე, ხანდახან გვეძლევა შანში, მისი დროებითი მდგმურები ვიყოთ. ჩემი სევდა ზაზას ( ჩემი დისშვილი, პირველი შვილიშვილი ჩვენს ოჯახში, პირველი სიხარული) გამოჩენამ გაქარწყლა, მერე გიოც მოგვემატა. ბიჭებმა ხელი არ გამანძრევინეს, ღომი შემოდგეს, ქათამი შეაგდეს ღუმელში, მოკლედ ხორცს ვერ შევჭამთქო არ მითქვამს, გული არ ვატკინე ჩემს დას. ვისაუბრეთ, ღამის ორ საათამდე. გავიხსენეთ ბევრი რამ ტკბილიცა და მწარეც. ზაზამ ისეთი რამეები გამახსენა,რაც დიდი ხნის დავიწყებული მქონდა და მგონი არც გამახსენდებოდა. მეზობლებიც შემოვიდნენ, თბილი იყო ყველასთან შეხვედრა. ღამის ორ საათზე ზაზუნამ მეზობლის მანქანით გამომაცილა ცენტრამდე, ჩამსვა ავტობუსში და დამემშვიდობა. ამ ჩემს დასავლურ ვოიაჟს ჩასვლაზე უფრო მიხტომა შეეფერება ვუწოდო , მაგრამ მე მაინც კმაყოფილი წამოვედი. მომავალში იქნებ კიდევ გავბედო ჩასვლათქო. ავტობუსში მარტო დარჩენილს შიშისგან გული ამიჩქარდა, მაგრამ მერე დავმშვიდდი, "სოფელი მაინც თბილია" -გავიფიქრე, ყველანი რა კარგები არიან. უკვე დაღლილს, ძილისკენ მიდრეკილს ხან ხობის ეზოში მოჟრიამულე ბავშვების სასიამოვნო ხმა ჩამესმოდა, ხან კი ჩემი დის სახლში სუფრასთან ჩვენი საუბრების ხმა.ტბასავით უძირო და ღრმაა ადამიანთა სევდა, მაგრამ ღმერთმა ამ სევდასთან ერთად მოსაწყენი ყოველდღიურობის ნათელი ფერებით ასავსებად პატარ-პატარა სიხარულიც გვიბოძა და სწორედ ამ პატარ-პატარა სიხარულისთვის ღირს და ფასობს სიცოცხლე.
ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი და პირველი საშუალო სკოლა