Tuesday, August 26, 2014

                                                       თამარის პროტესტი.

თამარი ზის ხის ძირში და ტელეფონით ერთობა. ჯერ თინა ეუერთდა მერე გაბო.
- ცოტა გაიწიე, თავზე რომ მაჯდები სკამი კი არა ვარ, საერთოდ რას შემომეხვიეთ, თითქოს ეკლესია ვიყო!- მიმართა მწყრალად თამარმა საზოგადოებას.
- ეკლესიას თუ დაანგრევ, დაგსჯის!- შეაშინა თამარი გაბომ. თამარმა შეუბღვირა.
- მოიტანოს მალე ბატიბუტი მაინც მატამ!- გაახსენდა ბატიბუტი გაბოს.
- ბატიბუტი არ მოიტანს, ზღვას მერე!- იმედი გადაუწურა თინამ.
- ლაპარაკი არ იცის ამ ბავშმა!- გაღიზიანდა თამარი.
როდის წავდივართ ზღვაზე?- იკითხა თინამ.
- ზეგის ხვალ! - გააგებინა გაბომ.
- ბებო, რა სისულელეებს  ლაპარაკობენ, მომშორდნენ!- ბრაზობს თამარი.
- თინა აჭიჭყინდა ტელეფონი მათხოვოსო, თამარი ცოცხალი თავით არ აძლევს.
- თამარ, ათხოვე ცოტა ხნით!- მივმართე თამარს.
-არა ბებო, არ მივცემ, დებილი ბავშვია!
- ასე რატომ ლაპარაკობ თინაზე, ის ხომ შენი დაა!
 - კარგი იყო ამის გამო რომ მკეტავდნენ ოთახში?!  სულაც არ მებრალება, ასე მოუხდება!
- შენ თვითონ მოგიხდება!- ბღავის თინა
- იტირე, იტირე, ძალიან კარგი!
- შენ იტირე თუ კარგია!- გამოაჯავრა თამარი თინამ.
-თვითონ არასოდეს ვებრალები, ამ დებილი ბავშვის გამო ხუთიათასჯერ  დამსაჯეს!
- თამარ ხუთიათასი დღე არც არის გასული რაც მოევლინე ქვეყნიერებას, რატომ აზვიადებ?!-
- ეგრე ითქმევა ბებო,  გამოთქმაა ასეთი!
არწივისავით მგლიჯავს ყველაფერს ხელიდან, რატომ დაიბადა კატის წელიწადში, ეგ იქნებოდა თევზი, ყველანი ძაღლის წელში ვართ დაბადებული და ეგ უნდა იყოს კატა?!

                                                                გაბო მადლობას მიხდის

ეს იყო შარშან, საღამოთი ბავშვები თამაშობენ, მე ტელევიზორს ვუყურებ, უცებ გაბო შეშინებული მორბის, ბებო ცხვირი მტკივა, მძივი მაქვსო. ჩავხედე არაფერი ჩანდა, ეთო და გუჯი შეშინებულები დარბიან, არ მინდა ვანახო ბავშვებს, რომ მეც ძალიან შევშინდი.
- ბებო, რა დამემართება? დავიხრჩობი?!- მეკითხება ტირილით გაბო. სასწრაფოს გამოვუძახე. მათაც ვერაფერი ჰქნეს. ერთი ექიმი ნახევრადმძინარე, თუ ნახევრადმთვრალი პინცეტით აწვალებდა ბავშვს. მეორემ უთხრა დაანებე თავი, ქირურგია საჭიროვო. წავედით არამიანცში, შორი იყო ჩვენგან და ბავშვს წარა-
მარა ვაკონტროლებდი, თავი არ გადაეწია, ღრმად არ ესუნთქა და არ ჩასძინებოდა. ქირურგმა ინსტრუმენტებით მალევე ამოუღო ბავშვს უცხო სხეული და გვითხრა კიდევ კარგი არ გიწვალებიათ ძალიან ღრმად ჰქონდა საკმაო მოცულობის მძივი და შეიძლებოდა სასულეში გადაცდენოდაო. გამაცია, გამახსენდა პინცეტით როგორ ეჩალიჩებოდა ნახევრადმძინარე თუ ნახევრადმთვრალი კაცი. გაბოს ცხვირი გაუღიზიანდა სისხლი სდიოდა და ტამპონები ჩაუდეს, მაგრამ ხმას არ იღებს. შინ როცა მოვედით გაბომ ხელები მომხვია.
- ბებო ბოდიში!  არ მინდოდა, რატომ ეგდო ძირს მძივი? ყველაფერი იმის ბრალია, რომ კომპიუტერზე არ დამსვეს, მიყვარხარ! შენ გადამარჩინე, მაგარი ბებო ხარ!