Saturday, August 19, 2017

                                       ზღაპარი ბუხრის პირს


    ბავშვებს უყვართ როცა ბუხარი აგიზგიზებულია, იწვება მწვადები და ჭყინტი სიმინდი, მერე კი საუბარი.ამ დღეებში  გამოვუცხადე, რომ მეც უნდა დავისვენო, სვანეთში მივდივარ ათიოდე დღითმეთქი. ყველა მოიღრუბლა. რამდენი ხნით, მერე გემრიელობებს ვინ გაგვიკეთებს? - დამაყარეს კითხვები, ყველას უნდა ჩემთან ერთად წასვლა, მაგრამ რა....დასვენება გამომივა?!
- რა მალე გავიდა ბებო არდადეგები? უშენოდ ამდენ ხანს ვერ გავძლებ! - აჭყიპინდა გაბო. იგივეს იმეორებენ ყველანი.
- გაბო, მალევე ჩამოვალ, რა ცხვირი ჩამოუშვი!- დავტუქსე ჩემზე მწარედ შეყვარებული გაბო
- ბებო შენისთანა ბებო არ არსებობს, შენ რომ აკეთებ ისეთ  საჭმელებსაც ვერავინ გააკეთებს, ყველას გვიყვარხარ, მართალია გაბო-  ბეჭედი დაუსვა გაბოს ნათქვამს თამარმა
- მეც ძალიან მომენატრები! - ჩამეკონა  თინა - რამე საინტერესო ამბავი მოგვიყევი მაშინ-მომთხოვა კატეგორიული ტონით თინამ
- კარგით ზღაპარს მოგიყვებით, ბუხარს  მოუხდება, თან მისაღამოვდა - მივმართე ბავშვებს, ყურები დაცქვიტეს
   ერთ ულამაზესი ქვეყნის, ულამაზესი სოფლის, ულამაზესი ტყის პირას, ულამაზესი სახლი იდგა, სადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. რას არ ნახავდით ამ ეზოში: ცხოველები, ფრინველები, მწერები, ხე-მცენარეები, ყვავილები. ეზოში წყარო მოჩუხჩუხებდა. ყველანი ტკბილად, ჰარმონიულად ცხოვრობდნენ, ყველამ თავ-თავისი საქმე იცოდა. მგელი, ძაღლი, კატა თუ სხვა გარეული და შინაური ცხოველები ერთმანეთს ეფერებოდნენ, ეალერსებოდნენ.  მალე ოჯახს ბიჭი ეყოლა. ყველა გახარებული იყო, ბავშვისთვის ზოგს რძე მოჰქონდა, ზოგს წყალი, ზოგს ყვავილი და ნაირ-ნაირი სათამაშოები. ბიჭი წლობით კი არა დღითი-დღე იზრდებოდა, ძლიერი, გონიერი, ლამაზი, გულკეთილი, ბევრ სიკეთესთან ერთად საოცარი ხმა დაჰყვა უფლის რჩეულს. უხაროდა დედას და მამას ასეთი შვილი რომ აჩუქათ უფალმა.
   ერთ საღამოს დედა გვიანობამდე აივანზე იჯდა და ჩაეძინა. უცებ უცნაური ხმა მოესმა, მიაყურადა, ზემოდან, ანუ ზეციდან მოდიოდა ხმები.
- კარგი ბიჭია, ნეტა რა დავაბედოთ?- იკითხა ერთ-ერთმა ხმამ - მგონი ანგელოზები არიან, გაიფიქრა ქალმა და სულგანაბული დაელოდა რას იტყოდნენ
- ნამდვილი მზეჭაბუკია, ვნახოთ როგორ ჩააბარებს გამოცდას და მერე გადავწყვიტოთ რა ბედი ეწიოს - თქვა მეორე ხმამ
- კი, დავაკვირდეთ, მართალი ხარ!  უპასუხა მესამე ხმამ და საოცარი გალობა წამოიწყეს. დედას  ის ხმები ჩაესმოდა დღე და ღამ. ასე გადიოდა წლები. ბიჭი ყველას აოცებდა, მისი მომრევი არავინ იყო, ერთი სიამოვნება იყო მისი საამო ხმის გაგონება, როცა სიმღერას წამოიწყებდა, ცხოველები, თუ ფრინველები ირგვლივ შემოეხვეოდნენ და სულგანაბულნი უგდებდნენ ყურს.
ერთხელ ბიჭმა ჩვეულებისამებრ ქამარ-ხანჯალი შეიბა,  თოფი გადაიკიდა და ტყეში სანადიროდ წავიდა. ბუნების სილამაზემ დროის განცდა დააკარგვინა, სიმღერ-სიმღერით მიუყვებოდა ვიწრო გზას მთისკენ და როცა გონს მოვიდა, მიხვდა, ძალიან შორს წასულიყო, თუმცა არ შეშინებია, ბიჭი უშიშარი იყო, ვითარცა უხორცო. უცებ შენიშნა ანაკონდა ვეფხვს შემოხვეოდა და ახრჩობდა, ბევრი არ უფიქრია, გველი ხანჯლით განგმირა, იფიქრა ვეფხვი შემომიტევსო, მაგრამ ასე არ მოხდა, უკან გამოჰყვა და დამეგობრდნენ. იმ დღიდან ვეფხვი და ბიჭი ერთმანეთს არ მოშორებიან. მორიგი ნადირობისას ბიჭს ტყის სიღრმიდან გოგოების კივილი შემოესმა, არც დაფიქრებულა ისე გაექანა, ტყის კაცს შეეპყრო გოგონები და  სიღრმისკენ მიათრევდა. დაეწია მზეჭაბუკი და გაიმართა სასტიკი ბრძოლა, დიდი ჭიდილის შემდეგ ბიჭმა გაიმარჯვა და გოგონები მშობლებს მიჰგვარა.   იმ საღამოსაც აივანზე იჯდა დედა, იმ ღამის შემდეგ, ისევ იმ ხმების მოლოდინში იყო. მართლაც შუაღამისას გაიგონა
- ეს გამოცდა კარგად ჩააბარა, ვნახოთ შემდეგ რას იზამს! - წარმოთქვა ნაცნობმა ხმამ, დედას შეეშინდა, ნეტა შემდეგ რა იქნებაო.
დილით საუზმისას შვილს სთხოვა, ფრთხილად იყავი, რაიმე ფათერაკს არ გადაეყაროვო. ბიჭი დედას ჩაეკონა, ნუ გეშინია, არაფერი მომივაო. რამოდენიმე დღეში სოფელში წიოკობა გაისმა, ქალი და ცხენი იხრჩობა მდინარეშიო, ელვისისწრაფით გადაეშვა ადიდებულ მდინარეში ბიჭი და გაავებულ მდინარეს გამოსტაცა ჯერ მეზობლის ქალი, შემდეგ კი ცხენი. მთელი სოფელი ლოცავდა, შენ და შენმა გამზრდელმა იხარეთო. იმ საღამოსაც გაიგონა დედამ კმაყოფილი ანგელოზების ხმა. ვინმეს რამე გაუჭირდებოდა ყველა მზეჭაბუკს უხმობდა.
  სოფელს დევი შეჩვეოდა და მოსვენებას არ აძლევდა მაცხოვრებლებს, ხან ცხოველებს სტაცებდა, ხან ბავშვებს, ვინ გაბედავდა მასთან შებმას, ვერაფერს გახდნენ. დედის თხოვნით ყველანი უმალავდნენ ბიჭს. რომ გაიგოს ვერ მოითმენს და დამეღუპებაო. ერთ დღესაც  გზად მტირალი კაცი შემოხვდა, მიზეზი რომ ჰკითხა, ბავშვი მომტაცა დევმაო, წამოსცდა გამწარებულ მამას.. გაგიჟდა ბიჭი, მიხვდა, რომ  მარტო ვერ დაამარცხებდა, ვეფხვს მოუყვა გასაჭირი, მერე ცხენს და ძაღლსაც უთხრეს და მოილაპარაკეს, თუ როგორ უნდა დაემარცხებინათ დევი. მართლაც ძაღლმა შემოიტყუა ვიწრო ხევში, მერე ვეფხვი გამოხტა და ზურგზე შეახტა, ცხენმა ტლინკები დააყარა, დაბნეულ დევი ბიჭმა ხანჯლით განგმირა. ასე გრძელდებოდა კარგა ხანს, არ ილეოდა ბიჭის კეთილი საქმეები, დედას კი აივანზე ერთი და იგივე სიტყვები ესმოდა: "ეს გამოცდაც ჩააბარაო!"  ბოლოს სოფელში ქორწილის დღეს  მექორწილეები შხამიანი სოკოთი მოიწამლნენ, სოფლის დედაბერმა თქვა, მხოლოდ ერთი ბალახი გადაარჩენს ამათ, რომელიც სამი მთის იქეთ, ვეებერთელა  მუხის ძირში რომ ხარობს,თუ ვინმე მოასწრებს მოტანასო. არც დაფიქრებულა მზეჭაბუკი, შემოახტა თავის რაშს და გაექანა, გზად მიმავალმა ბევრი იწვალა, მაგრამ ბალახი დროზე მიუტანა მომაკვდავ ხალხს და გადაარჩინა. იმ საღამოს კი დედამ აი რა გაიგონა
- უკვე საკმარისია, დროა ზეცაში ავიყვანოთ, აქ მაგისი ადგილი არ არის!
- ჰო, გამოცდა მართლაც კარგად ჩააბარა, დროა!  - უპასუხა მეორემ. დედა ძალიან შეშინდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდესო. მეორე დილით შვილი ვერსად ნახა, მთელი სოფელი მოიარა, მერე ტყეშიც წავიდა იქნებ სანადიროდ წავიდაო, მაგრამ ვერსად მიაკვლია. ნამტირალევს, დაღლილს აივანზე ჩასძინებოდა. უცებ საოცარი გალობის ხმა მოესმა, საოცრება... ზეციდან მისი მზეჭაბუკი გალობდა. მერე მისი ხატება წინ დაუდგა დედას, მე ძალიან კარგად ვარ უფალთანო, აკოცა, დაემჩვიდობა ხელის ქნევით და ცაში აიჭრა.  იმის შემდეგ ზის დედა აივანზე და ელოდება იმ ხმებს, შვილის გალობას.
- ეს ამბავი მგონი მანჩო ძიაზე და შენზეა! - წამოიძახა გაბომ
- ჰო,გაბო, მეც ასე ვიფიქრე, ხომ მართალია ბებო? - შემომხედა ეშმაკური ღიმილით თინამ
რა ვიცი რაც გინდათ ის იფიქრეთ, მე მთხოვეტ და ზღაპარი მოგიყევით