Monday, March 30, 2015

                                              გაბო და თინა 

 გაბო და თინა ბჭობენ, თუ რა არის სექსი
- სექსი არის როცა ტუჩებში კოცნიან!- უმტკიცებს თინას გაბო
- არა, სექსია, როცა შიშვლები არიან!- თავდაჯერებით ამბობს თინა.
უცებ თინა დედამისს ეკითხება რა გვარი ხარო? როცა პასუხად მიიღო გულედანიო, პროტესტი გამოხატა.
- რატომ არ ხარ სურგულაძე, მამა ხომ არის და შენ რა ღმერთმა მოგწერა?!
- კბილი უნდა ამოვიღო, ბევრი ფული მექნება!- თქვა უცებ თავდაჯერებით თინამ.  ნეტა საიდან მიხვდა, რომ კბილები ყველას სჭირდება და სტომატოლოგს ყოველთვის ექნება სამუშაო, ჭკვიანია თინა. გაბომ ტოლი არ დაუდო
- მე სახლები უნდა ავაშენო და ძაღლი უნდა მეყოლოს!
-ძაღლს ჩვენ გავზარდავთ ხომ!- უპასუხა გახარებულმა თინამ
- კი, სახლს ავუშენებთ და გავზარდავთ!
-დე, ვარდი იყიდე!- რატომღაც ვარდი მოუნდა თინას
- რად გინდა?
-ისე, ლამაზია!- პასუხობს თინა. იცის თინა მატრაბაზმა  სილამაზის და ფულის ფასი.
- დაიძინეთ!- ვეუბნები მე
- არა, წამოძინებული ვარ დილით, გვიან დავწვები!
- დებილო, გვიანია, დაწექი!- უწყრება თინა.





                                             გაბოს საფიქრალი

    გაბო  გაბრაზებული მომვარდა
 - ბებო ყველაზე გაბრაზებული ვარ, მათხოვარი გავხდები, მარტო შენ  მოგცემ ფულს, ყველამ თავის თავს მიხედოს!
- ვინ გაგაბრაზა გაბო, რა ხდება?
- ყველამ, დედამ ოთახიდან გამომაგდო, ხვალ ბაღში არ მინდა , რაღაც ტვინი მაქვს გაბუჟებული! ისე მუშა უნდა გამოვიდე და სახლი მინდა ავაშენო, კარებს გავუკეთებ და თქვენთან მოვალ!- მოვეფერე და დავამშვიდე
-ბებო, შენ სანამ დაბერდები ცოლს მოიყვან?
- შენ გინდა რომ მე გავთხოვდე?
- კი და ბევრი შვილები უნდა გეყოლოს!
- კარგი, გაბო ასე მოვიქცევი, წავალ მასთან და იქ ვიცხოვრებ!- გაბოს რაღაც არ მოეწონა
- გამხდარია, ბებერია, წვერიანია? - დამაყარა კითხვები
-  ბებერი არ არის და არც წვერიანი!
- მაშინ არ უნდა გიყვარდეს, თუ ჩვენთან ადგილი არ არის, შვილები მას დაუტოვე,   შენ აქ იყავი ჩემთან!
- ასე არ შეიძლება გაბო, თუ მათხოვებ მასთან ერთად უნდა ვიცხოვრო!

- არა, შენ დედა იქნები და ყველგან იგივე იქნება, შენ გააკეთებ ყველაფერს! არა, არ მოიყვანო ცოლი, იმეგობრე მაინც, მთელ სამყაროზე კარგი ბებია ხარ და როგორ უნდა გაგიშვა!
- კარგი, გაბო, მოვილაპარაკეთ, შენთან ვრჩები!- გაბომ  გაიხარა და ჩამეკონა. მე რვეული ავიღე და ღიმილით ჩვენი დიალოგის წერა დავიწყე, რომ არ დამვიწყებოდა.

- რა გეცინება! მაგას წერა რად უნდა და მეტი ამაზე არ ვილაპარაკოთ თორემ გავბრაზდები!
 ასე მიბიძგა  ოჯახის შექმნისკენ გაბომ, მეც განვეწყვე, მაგრამ რად გინდა... ისევ გადამაფიქრებინა!  მოკლედ, დავრჩი გაუთხოვარი, ისღა დამრჩენია  ვიმეგობრო ვინმესთან.