Tuesday, February 24, 2015

                                                   პატრიარქთან

                                                                                            2013 წლის მარტი
     "ჭეშმარიტი სიმშვიდე არის მხოლოდ მაშინ, როცა ღმერთსა  და ადამიანს შორის ჰარმონიული ურთიერთობაა"!  ამ ფიქრებმა გამიელვა, როცა პატრიარქის სახეს შევხედე.
    მქონდა ბედნიერება პატრიარქთან არაერთხელ შეხვედრისა,  შვილგარდაცვლილ დედებს განსაკუთრებით გვაგრძნობინებს თავისი გულის სითბოს, მისაუბრია მასთან, მიმირთმევია ჩემი ხელით ნახელავი ( ნაქარგი თეთრი ქალაქი, იერუსალიმის გამოსახულებით),  მაგრამ ის, რაც შარშან მასთან შეხვედრისას განვიცადე, რაღაც სხვა იყო, შთამბეჭდავი და განუმეორებელი. ჩვენ სამნი ვიყავით:  მე ლელა და ერთი ახლობელი. შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა, მან დაწვრილებით გამოგვკითხა მე და ლელას სოხუმის ამბები, ჩემი ტრეგედიის შესახებ,  პრობლემებზეც, მაშინდელი აფხაზეთის სულიერ სიღარიბეზეც ბევრი ვისაუბრეთ  და  დაბრუნების  იმედიც ჩაგვისახა. საუბარი ისე თბილად და საინტერესოდ წარიმართა, რომ ერთმანეთი არ გვეთმობოდა. მერე დაგვლოცა სათითაოდ, ლელას წარმატებები უსურვა დაწყებულ საქმიანობაში,  ცოტა ხანს დამელოდეთო და გავიდა.   მაშინ ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვანი საქმისთვის სასწრაფოდ მჭირდებოდა  გარკვეული თანხა   და ჰოი საოცრებავ! პატრიარქმა სამივეს სათითაოდ  ის თანხა დაგვაკავა ხელში რაც მე მჭირდებოდა. გავოგნდი,  ბევრჯერ მსმენია მისი უწმინდესობის ინტუიციის შესახებ, მაგრამ.... "რაოდენ უბრალოა ხანდახან სასწაული"!  გავიფიქრე და ლამის ცრემლები წამსკდა. ლელა კი მართლა  აატირა პატრიარქის სითბომ და ყურადღებამ. ლელაზე მალე გადმოვიდა დიდი მადლი.

    არსებობს გამონათქვამი " სურათი ათასობით სიტყვად ღირსო!" ზოგიერთი მათგანი რაღაც მესიჯს ატარებს, ზოგიერთი ჩვენს ემოციებსა და განწყობას ინახავს. აი ისინიც, ჩემთვის ძვირფასი სურათები:

ლელა აცნობს თავის ხედვებს

Saturday, February 21, 2015

                                          გაბო ისევ მლიქვნელობს

 გაბო ბაღიდან მომყავს.
- დედა სად არის ამდენი ხანი?
- სამსახურში გაბუკა!
-ფეხით სიგრძეა სამსახურიდან და აგვიანებს?
- ჰო გაბო! - შინ მისვლისას ეთომ რაღაც კადრებისკენ გაახედა და ეუბნება, ჩვენ სოხუმელები ვართო.
-თბილისი ლავი!- უპასუხა გაბომ, შემდეგ მე მომმართა
- ბებო, ფისი მინდა, ბაღში მგონი ცოტა გამეპარა!- შემყავს საპირფარეშოში და მართლაც ცოტათი სველია.
-უნდა გამოგიცვალო!
-ბებო, ბოდიში  წუხელ რომ თავი მოგარტყი და გატკინე, ახლა გაწუხება არ გინდა, არ გინდა ცოტა დაისვენო?! ცოტა დაისველა, არ გამომიცვალო, არ გავცივდები, მანამდე გაშრობილი იქნება.
- გაბო, უნდა გამოიცვალო, როგორ შეიძლება შეგაშრეს?!
- კარგი  ბებო, დიდი სახლი რომ გვექნება ძაღლს მე გავზარდავ, შენ დაღლილი ხარ!







Thursday, February 19, 2015

                                                                     კარამელის კამფეტი

                                                                           2013 წლის 28 აპრილი

   კარგი კაცი და კეთილი განზრახვა ყველგან და ყოველთვის ვარგა. 
რამოდენიმე დღის წინ 66 ნომერ მარშრუტკით მომიწია მგზავრობა. ნახევრად ასული არ ვიყავი, როცა ჩემსკენ გამოწვდილი კანფეტიანი ხელი შევნიშნე, დავიბენი, მძღოლმა მითხრა გამომართვითო. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ამგვარი შემთხვევისთვის თავაზიანი ღიმილი და "სასიამოვნოა", დამავიწყდა.წამიერად დამავიწყდა ჩემი უიღბლო ცხოვრება,კეთილდღეობა, წარსული, აწმყო და მომავალი. როცა აზრზე მოვედი შევამჩნიე ერთ კილომდე კანფეტი ეყარა მინასთან. კითხვაზე ეს რამ მოგაფიქრებინათმეთქი, მიპასუხა, მომბეზრდა ამდენი დაღვრემილი სახეების ყურებაო. იქნებ ვინმემ ამიხსნათ მე რა დამემართა?! ნუთუ ასეთი საოცრების მოხდენა შეუძლია ერთ ცალ კარამელის კამფეტს?! ერთი ვიცი, რომ ხშირად მინდა ვიმგზავრო ასეთი ტრანსპორტით, რომელიც წამიერად დამავიწყებს ყველაფერს და დადებითი ემოციებით ამავსებს.ხალხნო ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი, სიყვარული!

Friday, February 13, 2015


                                                                    მამა                                                 ადრე ვიღვიძებ, ჯერ ისევ ბნელა. ვცდილობ ძილს მივცე თავი, მაგრამ ამაოდ. მინდა ნათურა ავანთო, რამე წავიკითხო, მაგრამ გარს მწარე მოგონებები მეხვევა.ჩემს ყმაწვილქალობის წლებს ვუბრუნდები. მანამდე არასოდეს დავფიქრებულვარ სიკვდილზე, მხოლოდ სიცოცხლე მაინტერესებდა. მაშინ პირველად მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემი სიყვარული დამაკავშირებდა შენთან.ეს მოხდა 1977 წლის 14 თებერვალს. თითქოს ჩვეულებრივი ზამთრის საღამო იყო, მაგრამ....მაშინ პირველად შეირყა ჩემთვის დედამიწა. სრულიად ახალგაზრდამ დატოვე საწუთრო. შენმა კაცთმოყვარე, კეთილმა, მრავალტკივილდათმენილმა გულმა მსუბუქ კონფლიქტს ვერ გაუძლო და.... რაოდენ დაუჯერებელი იყო მაშინ, რომ შენი გული სამუდამოდ გაჩერდებოდა... ჩვენი ცხოვრება ის დღეები როდია, რომელიც გადის, არამედ ისინი, რომლებიც გვამახსოვრდება, და დაგვამახსოვრდება მაშინ თუ სიყვარულით ვიცხოვრებთ. სიყვარულით იცხოვრე და სიყვარულში გვაცხოვრე. დღესაც რომ ვიკრიბებით სალაპარაკო თემა შენა ხარ, შენი კაცური კაცობა,შენი გადამდები კეთილშობილება, სიკეთე და გულმოწყალება, გასაოცარი აკადემიურობა და უბრალოება. ვერ ამომიხსნია საიდუმლო, თუ როგორ შეძელი უშურველად გაგეცა და მიგეღო ამოდენა სიყვარული. შენ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები, რომელთა ცხოვრება დავიწყებას არასოდეს მიეცემა. უსაშველოდ მაკლიხარ და მენატრები მამა



              

Thursday, February 12, 2015


                                                   მე და მაია


მე და მაიკოს ბევრი საინტერესო რამ გვაქვს გასახსენებელი. ამ სურათმა კი ერთი შემთხვევა გამახსენა. მაშინ სოხუმში ვცხოვრობდით ბედნიერად, მართლაც ოქროს წლები იყო. ერთ დღეს სენაკში წავედით ახლობლის გასვენებაზე. შემოგვაღამდა. ხან ავტობუსით, ხან დიდი კამაზით მოვაღწიეთ ოჩამჩირემდე. ვდგევართ სიბნელეში გაჩერებაზე და ვნერვიულობთ. უცებ ვიღაც თავხედი ბიჭები მოგვიახლოვდნენ, ვერაფრით ვერ მოვიშორეთ, აბეზრებმა შეშინებაც დაგვიწყეს, სადღაც გვეპატიჟებოდნენ. რაღაც უნდა გვეღონა. უცებ ჩვენს წინ მდგარ სახლისკენ გავიხედე და ყვირილი ავტეხე, გუჯა სად ხარ ამდენი ხანი,  გამოდითქო, მაიკოც ამყვა, ეტყობა სმას შეჰყვა და ჩვენ აქ გვაწუხებენო. ამის თქმა იყო და ბიჭებმა ბოდიში დაიკოებო, მივდივართო და გაგვეცალნენ. ჩვენც ამოვისუნთქეთ. ჩვენდაბედად ავტობუსიც მალე გამოჩნდა. როცა შინ მისულებმა გუჯას მოვუყევით ეს ამბავი, იხუმრა ხედავთ, ისევ მე გიშველეთო.

Saturday, February 7, 2015

                                                       გაბომ გამაოცა

გაბოს არა ერთხელ გავუკვირვებივარ, მაგრამ ის რაც მან გუშინ მკითხა მართლა გამაოგნებელი იყო.
 საღამოს კომპიუტერთან ვზივართ, უცებ მომიბრუნდა
    - ბებო, მანჩო ძიას სიკვდილი ვინ გადაგატანინა? - იმდენად მოულოდნელი იყო და დაუჯერებელი, რომ კითხვა უამრავჯერ შევუბრუნე, იქნებ სხვა რამე იგულისხმათქო.
     - ბებო, ვერ გაიგე? ვინ გადაგატანინა მანჩოს სიკვდილი, ვინ გადაგატანინა,  ჩვენ?- დამიკონკრეტა გაბომ. რა უნდა მეპასუხა, ჰოთქო ვუთხარი.
   - ჩვენ გეუბნებოდით გადაიტანეო?!
    - არა, გაბო, მაგრამ ძალიან  შემიყვარდით და ყურადღება თქვენზე გადავიტანე!- ჩამეხუტა. მერე მეუბნება სანამ შენ არ დაწვები არ დავიძინებ, სანამ დედები არ დაწვებიან მე არ დავიძინებ, თუ გინდა რომ არ ვიჭყიპინო, არ დამაწოლინე!
- ეგ როგორ,  ვინ დედებზე ლაპარაკობ?
  - შენ ხომ ხარ დედა  და დედაც დედააა, ანუ დედები!- " გამიასნა" გაბომ.










Thursday, February 5, 2015


                                   ჩემი   "სამსახიობო"  კადრები GDS-ში ფილმი "ტიფლისი"

                                                 18  09  2014
ყოველთვის ვოცნებობდი მსახიობობაზე, სიყმაწვილეში მქონდა  მონაცემები, იყო შემოთავაზება და მოწონებები, მაგრამ ჩემი სურვილი ტრადიციებს და მამას ამ პროფესიისადმი  მკაცრ, შეუწყალებელ  დამოკიდებულებას შეეწირა. და აი ჩემი ცხოვრების შემოდგომისას შემომთავაზეს ფილმ "ტიფლისში"   ჯგუფურ გადაღებებზე მიმეღო მონაწილეობა, ცდუნებას ვერ გავუძელი და დავთანხმდი. რამოდენიმე დღე დავდიოდი, დილიდან დაღამებამდე ვიღებდით ერთ კადრს, ვიღლებოდი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი, შევიძინე ახალი მეგობრები და ისიც გავიგე თუ რა რთული ყოფილა მშობლებისგან უარყოფილი ჩემი საოცნებო პროფესია, ჰონორარი ჩემი საჟურნალისტო მოგვაწეობის დროს ბევრჯერ მიმიღია, მაგრამ სულ სხვა იყო გადაღებებზე სამჯერ აღებული ჰონორარი, დასახარჯად მენანებოდა. აი კადრს მიღმა გადაღებული ფოტოები:

















Wednesday, February 4, 2015

                                                     "მიყვარხარ"

სიძულვილი ძალიან მძიმე ტვირთია, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ის სიძულვილში გავატაროთ.
სიყვარული საკმაოდ ფართო მცნებაა! რა არ იმალება ამ სიტყვის მიღმა.სიყვარული მეტია ვიდრე სიტყვა.ზრუნვა უსიყვარულოდ- უშედეგოა, პასუხისმგებლობა 
უსიყვარულოდ-სიფრთხილეა. სამართლიანობა უსიყვარულოდ-გულქვაობაა. მეგობრობა უსიყვარულოდ - მლიქვნელობაა.
ამ დღეებში ქალიშვილმა მითხრა არ იყავი მაინცდამაინც თბილი დედა, არ მახსოვს გეთქვას "მიყვარხარო". სხვათაშორის  ხშირად მსაყვედურობენ ორივენი, მოკლედ ერთი, მეორეს არ ჩამოუვარდება. გული დამწყდა. მე ჩემი შეხედულება მაქვს ამ საკითხზე, ანუ არის თუ არა საჭირო ახლა მოდად შემოსული "მიყვარხარ" წამდაუწუმ უმეორო შვილს ან პირიქით. რა ხდება დღეს?! დედა შეცვალა ძიძამ, ბებიამ...
ძიძა სადილს უმზადებს ბავშვს, აჭმევს, ბანს, ამეცადინებს, ასეირნებს, აძინებს, ბავშვი დედის გვერდითაც კი არ წევს. რა დარჩენია დედას თუ არა ის, რომ ხშირად უმეოროს მიყვარხარო. ჩვენს დროს კი ასე არ იყო, ჩვენ, ჩამოწერილი, ანუ ჩარეცხილი თაობა სხვაგვარად გამოვხატავდით შვილებისადმი სიყვარულს. ამიხსენით ჩემი თაობის ხალხმა სიყვარული საქმემ უნდა გამოაჩინოს თუ სიტყვამ? მე საქმით დავამტკიცე, რომ შვილები უზომოდ მიყვარდნენ. სხვათაშორის მარტოკამ გავზარდე და არც მეცალა ხშირი მოფერებისთვის. დღეს სიყვარულის დეფიციტია და იქნებ ამიტომაც უნდა ვიმეოროთ ხშირად "მიყვარხარ".არ ვიცი, მომაწოდეთ თქვენი შეხედულებები.                                     29.04 2013







                                              გაბო ისევ ფილოსოფოსოფს

გაბომ ოთახში რაღაც ნაგავი მოისროლა.
-იმედია ბებო არ ნახავს!-გადახედა საზოგადოებას ღიმილით, მერე "წამეპატხალიმა"
- ბებო კომპთან შენს კალთაში მინდა ვიჯდე, თბილი ხარ და მისიამოვნებს!- ცოტა ხანში უჰაერობამ შეაწუხა.
-  ბევრი ჰაერი მინდა  ბებო, ღმერთს აქვს კოსმოსში ჟანგბადი?
- კი, გაბო! - მერე დაერივნენ ერთმანეთს,   გაბო ბღავილით მორბის ჩემსკენ.
-რა ხდება გაბო?
-შეწუხების თავი მაკლია?!
- შეგაწუხეს, გენაცვალე?!   წამო, დავწვეთ, ლამაზ ზღაპარს მოგიყვები!- გაბო მაწყვეტინებს
- ბებო დაქორწინდნენ, მერე შვილები ეყოლათ, მერე დედები მოკვდნენ, მერე შვილები, ასე იქნება ცხოვრება? არ დამთავრდება არასდროს?! 
- ჰო, გაბო, ეს არის ცხოვრება!- გაბო ჩაფიქრდა, ჩაწვდა ვითომ ცხოვრების არსს?!





Tuesday, February 3, 2015



                               რა შეიძლება მოხდეს, როცა თვალები არ გაქვს                                                                    გახელილი               

                                     
ამ დღეებში ახლობლის ავადმყოფობის გამო ბევრჯერ მომიწია სირბილმა ხან ავერსის კლინიკაში, ხან რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ორივეგან შესასვლელში ზღაპრებში რომ აგებენ ხოლმე ხაფანგებს ისეთი კბილანებია გადებული მანქანებმა რომ არ გაიარონ.პირველ ჯერზე რომ წამოვედე და დავეცი, თუ გადარჩენა ერქვა გადავრჩი, აი მეორე ჯერზე კი... ამკრიბეს და ახლა ერთვიანი პარალიზებული თაბაშირიანი ხელებით დავსაჩუქრდი, არადა ხელები როგორ მჭირდება! როცა ვიკითხე ჩემს გარდა ვინმე დაცემულათქო?! (ვიფიქრე უყურადღებო, ჩაფიქრებული, ჩქარი სიარული ვიცი და გამონაკლისი ვარ ალბათთქო) ძალიან ბევრი, თანამშრომლებიც ხშირად ეცემიან, ამდღეებში ერთმა თანამშრომელმა თავიც გაიტეხაო ,მიპასუხეს ( კიდევ კარგი თავი არ გავიტეხე!). როცა ადგილზე მივედი თაბაშირიანს თავი რომ შემებრალებინა, ან შლაგბაუმი გააკეთეთ, ან ხომ ზიხართ, რაღად გინდათ ეს ხაფანგი, ცოდვაა ხალხი თქო, მითუმეტეს აქ დალხენილი არავინ დადის და განერვიულებული, სიჩქარის გამო შეიძლება ჩემსავით ბევრს დაემართოსთქო. იცით რა მიპასუხეს?! თვალები კარგად გაახილეთო. ვისაც მაგ ტერიტორიაზე მოგიწევთ გავლა, გირჩევთ, თვალები ფართოდ გაახილოთ, მერე რა რომ იქვე აღმოგიჩენენ სასწრაფო დახმარებას, თანაგიგრძნობენ კიდეც, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით!  არავინ დაგაფინანსებთ, შრომისუნარიანობას დაკარგავთ რამოდენიმე თვით და მერწმუნეთ ხელებიც დაგჭირდებათ და თავი მითუმეტეს!                  01.04.2014







                                                           შოთა და გუჯა

ადრე ვიღვიძებ, ფაცი-ფუცით გავრბივარ. ჩემს მშობლიურ სოფელში მივდივარ. ხობი... ამეშალა
ფიქრები.
   ხობი... ხობი...ეს სიხარულია თუ ტკივილი?! რატომ მეშინია ასე ხობის? ვიცი რაც მელის... გრძელი, დამღლელი გზა გავლიე, ჭიშკარს მივუახლოვდი, გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, აღარ შემომჩურჩულა ჭიშკართან მდგარმა ჭადარმა, აღარც ჩემი უსაყვარლესი იფნები მეგებებიან, მათ ადგილას ახლა სიცარიელეა. საფლავებს ვეშურები, სასაფლაო....ახლა ვიცი რა არის სასაფლაო. აი შენი საფლავი შოთა... როცა გასვენების დღეს სასაფლაოდან გამოვბრუნდი, მეგონა ხშირად ვივლიდი, მაგრამ... 
     შოთა ფულარია- პროფესიით ისტორიკოსი, მაღალი, შეჭაღარავებული, ახოვანი ჭკვიანური თვალებით, მართლაც მშვენიერი გარეგნობის ხშირად შემოგხვდებოდათ სკოლაში მიმავალი, მაღალი სულიერი თვისებების მატრებელი იყო. გამოირჩეოდა სრულიად უბრალოებით, აუღელვებელი , დინჯი საუბრით, რაც უფრო ახლოს გაიცნობდით, მით უფრო სასიამოვნო იყო მისი შინაგანი კულტურა, ნაკითხობა, ჯენტლმენური, დახვეწილი მანერები, კაცთმოყვარე იყო.
       ელგუჯა გულედანი -პროფესიით ფილოსოფოსი. აღსანიშნავია მისი ადამიანური თვისებები და ღირსებები: მაღალი ზნეობა, კაცთმოყვარეობა, მეგობრობა. საოცარი უნარი დახმარებოდა ყველას, ვისაც კი მისი თანადგომა სჭირდებოდა. ელგუჯა გულედანს იცნობდნენ დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში და იგი ყველგან სარგებლობდა ბრძენი და კეთილშობილი პიროვნების ავტორიტეტით. 8 აპრილს მანუჩარ გულედანი თავის სულის სინათლეში შეიფარებს ორ ბუმბერაზ

ადამიანს, უდროოდ ჯანგატეხილ მამასა და ბიძას. გილოცავთ მიღმიერ სამყაროში დაბადებას!
        08.04.2014





                                           ჩემი ერთი  უიღბლო დღე

დილიდან გადავწყვიტე ერთ-ერთ ეკლესიაში შვიდგზის ზეთი მეცხო, თავს ცუდად ვგრძნობ წამადგებათქო. ჩემდა გასაკვირად ეკლესიაში სიხალვათე იყო, ძალიან ცოტა იყო ხალხი. მიუხედავად ამისა ახალგაზრდა მღვდელმა ბრძანა, გარეთ გადით ყველანი, შიგნით მხოლოდ ასაკოვნები და სნეულები დარჩნენო.ზეთი ვიცხე და იქვე მრავლად დახვავებულ ორნაირ ქაღალდის ხელსახოცს წავატანე ხელი, ( ვიფიქრე იმიტომ ყრია, რომ მოწუწვის შემთხვევაში აიღოს ხალხმათქო, ადრეც მინახავს ასეთი) მღვდელმა უხეში ტონით მითხრა, ხელი გაუშვიო, რა თქმა უნდა დავაგდე, ამით არ დამშვიდებულა, მიმავალს მომაძახა, გითხრა ვინმემ აიღეო?! გარკვეულ სიტუაციაში მოქმედების დროს ადამიანები კარგად მჟღავნდებიან და ეს ზოგადი ხასიათის დასკვნების გამოტანის საშუალებას ქმნისთქო, გავიფიქრე. არ ვეკუთვნი იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელნიც ანაფორიანი ინდივიდების ფეხებთან თავს ურტყამენ,  მხოლოდ ორი სიტყვით შემოვიფარგლე: "რა უხეშობაა!" , რადგან სხვების განწყობის გაფუჭებას მოვერიდე. გარეთ გამოსულმა ჩემი ხელჩანთიდან ამოღებული ხელსახოცით სახეზე და ხელებზე ზეთი კი არ მოვიშორე, მგონი კანიც გადავიძვრე. დაამთავრებენ ეს ლაწირაკები სასულიერო აკადემიას თუ სემინარიას, უცებვე ჩააცმევენ  ანაფორას და ჰგონიათ ყველაფრის უფლება აქვთ,  მერე ყველას საკუთარი ეკლესიის ქონის ამბიციაც უჩნდება."ვაი გრძელკაბიანებსო!"  თუმცა ყველაფერი ჩვენი ბრალია. შემდეგ ტრანსპორტში ავედი, ფეხზე დასადგომი ადგილი აღარ იყო, მაგრამ მეჩქარებოდა და იძულებული ვიყავი რისკის ფასად ვმდგარვიყავი. უკან გადაიწიეთ, ხალხი კიდევ ხომ უნდა ამოვიდეს! იყვირა მძღოლმა, ვეცადე ცოტ-ცოტად უკან გავწეულიყავი.
- ცოტა ფრთხილად! -მიყვირა იქვე მჯდომმა ქალმა, მგონი ჩემი ჩანთა მოედო. შევხედე, ქალს სახეზე " მე გავძეხი" ეწერა და შევუღრინე, მსუბუქად შეგეხეთ, რამ შეგაწუხათთქო?! როგორ მინდოდა კიდევ რამე ეთქვა! ეყო ჭკუა და გაჩუმდა ეტყობა შემატყო, რომ უარყოფითი ენერგიის დაცლის ობიექტად იქცეოდა, ან ჩემმა მოტეხილა ხელმა გაულბო ვითომ  გაყინული გული?! ასკურავებთან ხელი გადავიხვიე და შინ მისულმა ფანჯრის რაფას მოტეხილი ხელი ისე მივარტყი, ნახევარი საათი ვყმუოდი. არ იყო ჩემი დღე ეტყობა. არ უნდა გავსულიყავი გარეთ. იქნებ დავუჯერო ხანდახან ჰოროსკოპს?!                                                              2014წ.აპრილი




                                                   

 9 მაისი ჩემთვის


ვისთვისაც მნიშვნელოვანია 9 მაისი მინდა ყველას მივულოცო! რაც შემეხება მე ცრემლები მადგება ხოლმე ამ დღეს თვალებზე. მამაჩემი, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტი, 1941 წელს გაიწვიეს ომში და მხოლოდ 1947 წელს ჩამოვიდა. მან ომის ყველა საშინელება გამოსცადა საკუთარ თავზე, იყო რამოდენიმეჯერ დაჭრილი, ტყვიას მუცლით
დაატარებდა, სასწაულებრივად გადაურჩა რამოდენიმეჯერ სიკვდილს, 1943 თუ 44 წელს ტყვედ ჩავარდა და კონცლაგერში არაადამიანური ტანჯვა-წამება გამოიარა. მას არც სახელ
ი, არც ჩინ-მედლები არ რგებია და არასოდეს დადიოდა 9 მაისის შეკრებებზე, რადგან ტყვედ ნამყოფი იყო. არადა მისი საბრძოლო ამბები და გმირობა იმსახურებდა ყურადღებას, მაგრამ რას იზამ?! იმისთვისაც მადლობა, რომ სტალინმა არ გადაასახლა. ისე უამრავი ჩივლობდა ტყვედნამყოფიაო, მაგრამ ეტყობა ვერაფერი მოღალატეობრივი ვერ მოუნახეს და ცოცხალი დატოვეს. არადა ფაშისტები რადგან ასისთავი იყო "ფრიცს" ეძახდნენ და აწამებდნენ სამხედრო საიდუმლოება გეცოდინებაო. ეჰ, ვერაფერს ვიტყვი, ძალიან დაიჩაგრა ამის გამო, განათლებული, არაჩვეულებრივი პიროვნება წინ არ გაუშვეს. მტკივა ეს დღე და მამა ძალიან.

ერთი დღე მამას საომარი ცხოვრებიდან

ქერჩთან ათასობით ჯარისკაცი ვიდექით და ბრძანებას ველოდით, რომ გემზე საბრძოლველად ავსულიყავით. ზღვაზე ომი უაზრობა, წაგებული იყო, მაგრამ ვინც წინააღმდეგობას გასწევდა იქვე ხვრეტდნენ. ზღვა სისხლისფერი იყო, უამრავი დაღუპული, იყო სასწაული ქაოსი, ბევრმა ნაპირზე სიკვდილი არჩია. უცებ გენერალმა ჩამოიარა და სათითაოდ დაგვათვალიერა, ჩემამდე რომ მოვიდა ჩამაცივდა, მერე თითით მანიშნა გამოდიო. გამიკვირდა, დანარჩენები გემებზე აყარეს და ყველანი დაიხოცნენ. მე ასი კაცი ჩამაბარა იმ გენერალმა და სხვაგან გამიშვეს საბრძოლველად. დღემდე ვერ ამიხსნია რამ გადამარჩინა. ალბათ განგებამ, უფლის გარეშე ხომ არაფერი ხდება, თუმცა იქნებ შენმა გარეგნობამთქო ვეტყოდი მამას.


ჩემი მამა <3 თევდორე ფულარია