Friday, February 13, 2015


                                                                    მამა                                                 ადრე ვიღვიძებ, ჯერ ისევ ბნელა. ვცდილობ ძილს მივცე თავი, მაგრამ ამაოდ. მინდა ნათურა ავანთო, რამე წავიკითხო, მაგრამ გარს მწარე მოგონებები მეხვევა.ჩემს ყმაწვილქალობის წლებს ვუბრუნდები. მანამდე არასოდეს დავფიქრებულვარ სიკვდილზე, მხოლოდ სიცოცხლე მაინტერესებდა. მაშინ პირველად მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემი სიყვარული დამაკავშირებდა შენთან.ეს მოხდა 1977 წლის 14 თებერვალს. თითქოს ჩვეულებრივი ზამთრის საღამო იყო, მაგრამ....მაშინ პირველად შეირყა ჩემთვის დედამიწა. სრულიად ახალგაზრდამ დატოვე საწუთრო. შენმა კაცთმოყვარე, კეთილმა, მრავალტკივილდათმენილმა გულმა მსუბუქ კონფლიქტს ვერ გაუძლო და.... რაოდენ დაუჯერებელი იყო მაშინ, რომ შენი გული სამუდამოდ გაჩერდებოდა... ჩვენი ცხოვრება ის დღეები როდია, რომელიც გადის, არამედ ისინი, რომლებიც გვამახსოვრდება, და დაგვამახსოვრდება მაშინ თუ სიყვარულით ვიცხოვრებთ. სიყვარულით იცხოვრე და სიყვარულში გვაცხოვრე. დღესაც რომ ვიკრიბებით სალაპარაკო თემა შენა ხარ, შენი კაცური კაცობა,შენი გადამდები კეთილშობილება, სიკეთე და გულმოწყალება, გასაოცარი აკადემიურობა და უბრალოება. ვერ ამომიხსნია საიდუმლო, თუ როგორ შეძელი უშურველად გაგეცა და მიგეღო ამოდენა სიყვარული. შენ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები, რომელთა ცხოვრება დავიწყებას არასოდეს მიეცემა. უსაშველოდ მაკლიხარ და მენატრები მამა



              

No comments:

Post a Comment