Thursday, December 28, 2017

სისხლის ყივილი


                                       სისლის ყივილი

                                               თავი ავია, გულს ენდეთ



                        კარგა ხანია საქართველოში გვარის დალოცვის ტრადიცია დამკვიდრდა და ეს მისასალმებელია. არიან გვარები, რომელთა წარმომადგენლები ყოველ წელს იკრიბებიან და ეს კეთილი შურით მშურს, რადგან ნათესავები ერთმანეთს უნდა იცნობდნენ, თან ისეთი დროა ძველებურად არ არის მისვლა-მოსვლა, იყო ჩემს დროს მისვლა - მოსვლა, მაგრამ რაც შემემთხვა ძალიან უსიამოვნო და მტკივნეული ამბავია. ჩემი გვარის ცოტანი ვართ საქართველოში, ექვსი- შვიდი წლის წინ დალოცა პატრიარქმა ფულარიები, ძალიან ცოტანი ვიყავით, მერე აღვნიშნეთ დალოცვის დღე, დავთქვით, რომ შევიყრებოდით ხოლმე, მაგრამ ნათქვამი მხოლოდ ნათქვამად დარჩა, საქმით არაფერი გაკეთებულა.
სასისხლო სიგელი იაკობიძეთა ბოძებული 1433 წელს თამარ მეფის მიერ. სიგელში ამ გვარის სისხლი განსაზღვრულია "ასოცი ათასი კილმანეული თეთრი" სიგელში მოხსენიებულია გვარი ფულარია
( ე. თაყაიშვილი საქართველოს სიძველენი" წ. მე-2გვ.371-374

ახლახან ახლობლების გვარი დაილოცა, ვისაუბრეთ წარმომავლობაზე, ბევრ რამეზე მერე ჩემი ძველი ჩანაწერი გამახსენდა და აი თქვენც მოგიყვებით.

იმ წელს სოხუმში ხვავრიელად მოთოვა. ასეთი დიდთოვლობა იშვიათობა იყო მზიურ აფხაზეთში, დიდი თუ პატარა ქუჩაში იყო გამოფენილი. იყო ერთი გნიასი წიოკობა. გოგოების კივილი აყრუებდა არე-მარეს, ბიჭები დასდევდნენ გოგონებს და დაუნდობლად აგუნდავებდნენ. ჭორი იყო თუ სიმართლე არ ვიცი, მაგრამ მთელი ქალაქი ლაპარაკობდა, რომ სტუდენტი გოგონასთვის ბიჭებს თოვლით გუნდაობისას სერიოზული დაზიანებები მიუყენებიათ, შეიძლება მხედველობა დაკარგოსო. მეტი არც მინდოდა შიშით დავდიოდი, თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი არ დამესიონ, თვალი არ ამომთხარონთქო. იმ დღეს ლექციებზე მიმავალი ტრანსპორტს ველოდებოდი, თან შიშით გული ამოვარდნაზე მქონდა.უცებ ჩემსკენ მომავალი სამი ზორბა ბიჭი შევნიშნე, რომელთაც უშველებელი თოვლის გუნდები ეკავათ და დამცინავად მიახლოვდებოდნენ, უკან- უკან ვიწევდი, ვთხოვდი, გაცივეული ვარ არ მომეკაროთ მეთქი.ერთმა, რომელიც ძალიან უხეში ჩანდა ხელი წამატანა, მიმიზიდა თავისკენ და პირში თოვლის გუნდის ჩატენვა დამიპირა, სხვები ხორხოცებდნენ. ვაი-ვაგლახით გავუსხლტი ხელიდან და ინსტიქტურად სახეში ჩანთა ვთხლიშე. გამწარდა, ერთი ამ მეტიჩარას დამიხედეთ, თოვლში დავმარხავ, იმ ლამაზ თვალებს თოვლით ამოვუვსებო, დანარჩენები აქეზებდნენ, მიდი, მიდი ღირსიაო. შიშით, მუდარის თვალებით შევყურებდი და უკან-უკან ვიწევდი, ისეთი ბოროტი მზერით მომყვებოდა, მივხვდი კარგი არაფერი მელოდა.ისეთი უხეში და ავყია ჩანდა, არც თხოვნამ არც "თუ ძმა ხარ1"-მა გაჭრა. თუ გაცივებული ხარ სახლში მჯდარიყავი, ახლა მე გაგაგრილებო. თითქოს ხსნა არსაიდან ჩანდა, საცაა მომიახლოვდებოდა და.... უცებ ჩემსკენ მომავალი, მაღალი, სიმპათიური ბიჭი შევნიშნე, ნეტა ამას რაღა უნდათქო, ამის გაფიქრებაღა მოვასწარი რომ ხელი წამავლო, მშვიდად, მოკრძალებით, განზე გამიყვანა, ბიჭებს ცოტა მკაცრი ტონით უთხრა ჩემი ახლობელიაო, წამსვე გამეცალნენ.
- ბესო! - ხელი გამომიწოდა "მხსნელმა", ღიმილით, უაზროდ შევხედე, ჯერ კიდევ შიშს ვყავდი შეპყრობილი.
- თქვენი სახელი, სტუდენტი ხართ?
- დიახ, თამარი მქვია!
- გიხდებათ ეს სახელი, დედოფალივით ხართ!
- მადლობა, რომ მიხსენით ამ მხეცებისგან, ასეთი უზრდელი და თავხედი ბიჭები არც მინახავს, არანაირი პატივისცემა ქალისადმი.
- ჰო, ესენი ადრეც შემინიშნავს, ერთობიან, დაერევიან ხოლმე გოგონებს, ფრთხილად იყავით, რომელ კურსზე ხართ?
-მეორეზე!
- მე მეოთხე კურსზე ვსწავლობ სუპტროპიკულ სინსტიტუტში. საიდან ხართ თამარ?
-ხობიდან!
- მე სენაკიდან, მეზობლები ვყოფილვართ!
- კი, მე და დედა ხშირად დავდივართ მოსაბაზრებლად სენაკში, თან იქ ნათესავებიც გვყავს - ბესომ ინსტიტუტამდე მიმაცილა, რა ბედნიერება იყო, დაცულად ვგრძნობდი თავს.მეორე დღესაც გაჩერებაზე დამხვდა, შემდეგი დღეებიც არ დავუტოვებივარ უყურადღებოდ. ცოტა არ იყოს უკვე უხერხულობას მიქმნიდა მისი გადაჭარბებული ყურადღება, მაგრამ ჩემს "გადამრჩენელს" ყოველთვის ღიმილით ვესალმებოდი. ხოლო, როცა შეხვედრაზე ჩამოაგდებდა სიტყვას ათას რამეს ვიმიზეზებდი უარის სათქმელად. ერთხელაც, როცა ძალიან ჩამაცივდა სადმე დავჯდეთქო, ვიფიქრე იქნებ მართლა გავიცნო ახლოს არ არის ცუდი ბიჭიმეთქი, ამის გაფიქრება და გულში უსიამოვნოდ დამკრა, მთელი სხეული ამიმხედრდა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. მოკლედ არ შედგა ჩვენი შეხვედრა. ყოველ შაბათს ხობში მივდიოდი ელქტრიჩკით, რაღაც მაქინაციებით ჩემს გვერდით აღმოჩნდებოდა ხოლმე სენაკელი. ერთხელაც მოვკალათდი ჩემს ადგილზე და წიგნი გადავშალე, გარდა იმისა, რომ მიყვარდა კითხვა, ფარადაც ვიყენებდი, აქაოდა ვკითხულობ, ნუ მაბეზრებთ თავს საუბრით და ზედმეტი კითხვებითთქო.
- გამარჯობა თამარ!- ჩამესმა ნაცნობი ხმა, ავიხედე ბესო და მისი მეგობარი დამდგომოდნენ თავზე.
- გამარჯობა! მივუგე უხალისოდ და კითხვა განვაგრძე.
- რას კითხულობთ ასე გამალებით? - "ეგ არ მომეშვება"- გავიფიქრე და თავი ავწიე
- ლონდონს!
- ხო შეიძლება ცოტა ხნით მოგვხედო, კითხვისთვის დიდი დრო გექნება- გულნატკენი ხმით მომმართა ბესომ. მეტი რა გზა მქონდა, წიგნი დავკეცე მაგიდაზე დავდებთქო და ძირს დამივარდა, წიგნში ჩადებული კონვერტი ცოტა მოშორებით გაფრიალდა, ბესო ჯერ წიგნს დასწვდა, მერე კონვერტი აიღი, დახედა და ჰაერში ხელი გაუშეშდა
- ვისია თამარ ეს წერილი, ვისთან მიგაქვს?
- ჩემია ბესო,საქორწილო, მოსაწვევი, მამასთან მიმაქვს.- ვუპასუხე გაკვირვებულმა და კონვერტი სწრაფადვე გამოვართვი. ხმა არ გამიცია, საუბარი უნდა და იმიტომ მისვამ ამდენ კითხვასთქო.
- ვისთან მიგაქვს მოსაწვევი?- აკანკალებული ხმით ფერწასულმა მკითხა ჩემმა თანამგზავრმა. ახლა უკვე მივხვდი რაღაც ისე ვერ იყო და გამჭოლი მზერა ვესროლე
- მგონი გასაგებად გითხარი სადაც მიმაქვს
- თამარ კონვერტზე ფულარია წერია, მამაშენი... ანუ შენ რა ფულარია ხარ? - აბლუკუნდა ბესო
- ჰო, ფულარია ვარ, აქამდე არ იცოდი? - ბესო მთლად წამოჭარხლდა
- თევდორე ფულარიას ქალიშვილი ვარ, რა ეს სახელი და გვარი რამეს გეუბნება?!
- დედას გაფიცებ, ხომ არ მატყუებ, ეს შეუძლებელია!
- რა გჭირს, ვერ ვხვდები რატომ უნდა მოგატყუო!- ამის თქმა და ბესო გველნაკბენივით გავარდა გარეთ და მეგობარიც მიჰყვა, იმის შემდეგ არ გამოჩენილა, მე კი გაოგნებული ვიჯექი, ნეტა რა ბზიკმა უკბინათქო.
ერთი თვე თუ იქნებოდა გასული, მამამ ჩაფიქრებით მომიხმო, გვერდით დამისვა, ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, მივხვდი, რაღაც საჩოთირო საკითხზე აპირებდა საუბარს და უჭირდა, მამას დიდი პატივისცემა და რიდი მქონდა "ნეტა რაზე უნდა მესაუბროს?" -გავიფიქრე და გავინაბე
- შვილო, ეს ჩვენი ბრალია, უფროსების, გამოუსწორებელი შეცდომა. სენაკელი ჩვენი ახლო ნათესავი თამარა ფულარია ხომ იცი? თამხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ვინ არ იცოდა ლამაზი წარმოსადეგი, ამაყი, ყარაჩოღელი ქალი, რომელიც თავისი სიდარბაისლით, სილამაზით და ვაჟკაცური ბუნებით იყო განთქმული, მამა ხშირად აკითხავდა.
- ვნახე თამარა ამ დღეებში, მის ბიჭს.... არ გააგრძელა ის მტკივნეული სიტყვა მამამ, დედა შენ რომ მოგეწონება ისეთი გოგო უნდა გაგაცნო, ვერ დამიწუნებო. ჯერ გვარი ხომ უნდა ეკითხა იმ სულელ ბიჭს!- თავი გადააქნია მამამ დანანებით, მებრალება ბიჭი - რა მიხვედრა უნდოდა, საუბრის დაწყაბისთანავე მივხვდი, ბესოზე იყო საუბარი, " თურმე რაში ყოფილა საქმე და რატომ აორთქლდა!"- მამას კი სირცხვილით თვალებში ვერ ვუყურებდი
- მოვა ამ დღეებში თამარა, უნდა გავიცნოვო - მიწა გამსკდომოდა მერჩია, არანაირი სურვილი არ მქონდა თამარა ფულარია გამეცნო. "ახლა რა ჯანდაბა უნდა, აინტერესებს მის შვილს როგორი გოგო მოეწონა? აქამდე გაგვცნობოდნენ!" -ლამის ხმამაღლა წამოვიძახე ჩემი გულისტკივილი. თავში ქარიშხალი მიტრიალებდა. ასეთი უსიამოვნო განცდა არასოდეს მქონია.მართლაც მობრძანდა იმ დღეებში ჩვენი ნათესავი, მედიდური მიხვრა - მოხვრით, მეფერებოდა, მათვალიერებდა, გულში მიკრავდა, მართლაც ლამაზი გოგო ყოფილხარ ჩემო სისხლო და ხორცოვო, მამას დანანებით შეხედა, მოსაკლავები ვართო და წავიდა. მე და ბესო შემდეგ არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს, იმ პატარა ქალაქში ისე დავამთავრეთ ორივემ სწავლა რომ თვალიც კი არ მოგვიკრავს ერთმანეთისთვის, მხოლოდ მამას გარდაცვალებისას იყო ჩვენთან, მოკრძალებით მომისამძიმრა, არც გამომლაპარაკებია.

P.S.
ნათესაობა, ერთი გვარის წარმომადგენლები უნდა იცნობდნენ ერთმანეთს.





No comments:

Post a Comment