Monday, October 16, 2017

                                რომანტიული სიყვარული  (1 )


    დიდი ხნის ტირილისა და ძებნის შემდეგ ქეთევანმა  მისი ერთადერთი, სანუკვარი შვილი ერთ-ერთ მონასტერში იპოვა. მონაზვნის სამოსლით შემოსილ  ახალგაზრდა ქალში ძლივს შეიცნო თავისი ნანა. "როგორ დალეულა!"- გაიფიქრა გულდათუთქულმა დედამ და ხელები გაშალა
- მოდი, შვილო, დედა გენაცვალოს, ძლივს გიპოვე, ხომ კარგად ხარ?
- დედაო დამიძახეთ! - მშრალად გამოსცრა პასუხი მონაზონმა. ქეთევანს ხმა არ ამოუღია, იქვე ჩაიკეცა. ასე იყვნენ კარგა ხანს. შემდეგ ყოფილი შვილი ცივად  დაემშვიდობა და ერთმანეთს სამუდამოდ დაშორდნენ. ქეთევანი მიხვდა, რომ მას ვერასოდეს ნახავდა.  
"რა ვქნა, სად წავიდე, დავიხურო ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცივით  მეც ლეჩაქი და სადმე გადავიკარგო, თუ?! აქვს ჩემს ცხოვრებას აწი აზრი?" გაიფიქრა ქეთევანმა, არა, კი არ გაიფიქრა, ხმამაღლა წამოიძახა, რადგან საკუთარმა ხმამ შეაკრთო, ცოტა გონს მოვიდა, მერე შინ დატოვებული მეუღლე გაახსენდა, რომელიც იმედით ელოდა, წარმოიდგინა მისი განადგურებული სახე და გადაწყვიტა შინ წასულიყო და გაეგრძელებინა ცხოვრება ნანას გარეშე, არა, ცხოვრება იმ დღეს დაასრულეს ცოლ-ქმარმა, როცა შვილმა სახლი დატოვა, უბრალოდ იარსებებენ, მანამ სანამ სიკვდილი არ ესტუმრებათ.
ნანა? -  ნანა კი ჩქარი ნაბიჯით გაეშურა თავისი სენაკისკენ, ცრემლები ახრჩობდა, მიიხედ-მოიხედა ვინმე ხომ არ მხედავსო, შეასწრო, უხეშ საწოლზე დაეგდო და აზლუქუნდა. 
   
იმ ღამით ნანამ საშინელი სიზმარი ნახა, რომ ყველამ დატოვა, დაინახა რომ სულ მარტო იყო. დილით შეშინებული ადგა და სწრაფად გასწია უნივერსიტეტისკენ, კინაღამ მანქანა დაეჯახა.მთელი დღე მოწყენილი იყო. ლექცია ისე ჩამთავრდა ერთი სიტყვაც არ გაუგონია.შემდეგ შინისკენ მიმავალმა იფიქრა, ცოტა ხნით კაფეში შევისეირნებ, ჰაერს გადავყლაპავო, თავისუფალი სკამი იპოვა და ჩამოჯდა. ნანამ რაღაც აფორიაქებულმა და უსიამოვნო წინათგრძნობით აღვსილმა მიმოავლო ირგვლივ თვალი და..... არა, ეს არ შეიძლება ხდებოდეს, მეჩვენება!" გაიფიქრა ქალიშვილმა, თვალები დაახამხამა, მაგრამ საზარელი სურათი არ ქრებოდა, მისი რჩეული ბიჭი და უახლოესი მეგობარი, ნათია ერთმანეთს გადახვეოდნენ. თვალთ დაუბნელდა, წამოიჭრა, ვერ გადაეწყვიტა რა მოემოქმედნა, ჯერ იფიქრა მივეჭრები, ორივეს მივაფურთხებო, მაგრამ გადაიფიქრა, გაიქცა,  ეტყობა შენიშნა გიამ, რადგან მოსდევდა და ემუდარებოდა, გაჩერდი ყველაფერს აგიხსნიო. ნანა კი მირბოდა, უაზროდ მირბოდა, სადღაც შორს უნდოდა გადაკარგულიყო, აზრზე მაშინ მოვიდა, როცა რომელიღაც ტაძარში დედა ღვთისმშობლის წინ დამხობილი აქვითინდა. როცა გული იჯერა, ეკლესიის ეზოში სკამზე ჩამოჯდა.
"ეს როგორ? განა მისი საუკეთესო მეგობარი თავად არ შუამდგომლობდა , არ ეუბნებოდა? კარგი ბიჭია ძალიან უყვარხარ, ხელი არ ჰკრაო?! ორივენი ცრუობდნენ? და აქამდე ეს როგორ არ შეამჩნია? როდის შეეტმასნა მათ ურთიერთობას სატანა? თითქოს სამყარო დაემხო ნანას თავზე. ბოლოს ძალა მოიკრიბა და ლასლასით წავიდა შინისკენ. კარი შეაღო თუ არა დედამ უცებვე შეატყო უგუნებობა და მიზეზი ჰკითხა. ნანას არაფერი დაუმალავს, ყველაფერს მოუყვა, დედის კალთაში თავი ჩარგო და კვლავ აზლუქუნდა. დედა ბევრს ესაუბრა, მოეფერა,დაამშვიდა, ეს არ არის დასასრული, კარგია, რომ  დროზე ნახე, არ არის გია შენი ღირსი, გულიდან ამოიგდე, ახალი ჰაერი ჩაისუნთქე და ხვალიდან ახალი ცხოვრება დაიწყეო.დედის სითბომ და დარიგებამ ცოტა აზრზე მოიყვანა, ცოტათი დამშვიდდა, აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო, უნდოდა წყლისთვის გაეტანებინა ის ნეგატიური განწყობა, რაც მთელი დღე დაუფლებოდა, მერე თავის ოთახში ლოგინზე წამოწვა, ჯერ წერა სცადა, ვერ შეძლო, ვერც კითხვას დაუდო გული. იმ ღამეს არც დედას ეძინა და არც შვილს. დედა წარა-მარა შვილის კარებს აყურადებდა, უნდოდა შესულიყო, მაგრამ თავს იკავებდა, იქნებ უკვე ძინავს არ შევაწუხოვო.
  დილით ნანა ადრე ადგა, შემოდგომის სიცივეშეპარული ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ მოწესრიგდა, ჩანთას დაავლო ხელი
 -  შვილო, ჩაი მაინც დაგელია, როგორ ხარ? - მიაძახა უკვე კარებში გავარდნილ შვილს ქეთევანმა.
- კარგად ვარ დედა, კარგად, არ  იდარდო!- მოაძახა დედას და სწრაფად ჩაირბინა კიბეები. ქუჩაში თავი გაჰყო თუ არა წინ გია აეტუზა
- ნანა, მომისმინე, ყველაფერს აგიხსნი!- ხმის კანკალით მიმართა ბიჭმა
- არა, არაფრის მოსმენა არ მინდა, არ მაინტერესებს, გაქრით ჩემი ცხოვრებიდან ორივენი - არც შენ და არც ნათია გიჯობთ არ დამენახოთ! - ისეთი კატეგორიული და მკაცრი ტონით მიმართა გიას, რომ ვაჟი მიხვდა, რომც მოესმინა,  აზრი არ ჰქონდა თავის მართლებას, თან იცოდა ნანას შეუვალი, პრინციპული ხასიათი და იქაურობას აწურული გაშორდა. გიასგან განსხვავებით ნათია არაფერს ცდილა, მხოლოდ თავს არიდებდა ყოფილ მეგობარს.
  გადიოდა დღეები, კვირეები, თვეები, ნანა ჩადგა კალაპოტში, ჩვეულებრივ რიტმში აგრძელებდა  ცხოვრებას, სწავლას. მიყუჩდა ტკივილი, თითქოს ჭრილობა მოშუშდა, მაგრამ როცა იარები გაიხსნებოდა და ტკივილი შეაწუხებდა , გარბოდა ტაძარში, დედაღვთისმშობლის წინ დაემხობოდა, აქვითინდებოდა და მერე კი დამშვიდებული, დაწმენდილი თვალებითა და სუფთა გულით ბრუნდებოდა შინ. თაყვანისმცემლები ბევრი ჰყავდა კარგი გარეგნობისა და კარგი ბუნების გოგოს, მაგრამ ის არავის იკარებდა, გადაწყვეტილი ჰქონდა გულის კარები არავისთვის გაეღო.
 აი დადგა გაზაფხულიც. მშვენიერი გაზაფხულის მოახლოება ყველაზე პირველად თეთრად აფეთქებულმა  ტყემლებმა და ფერდობზე შეფენილმა იებმა ამცნეს. იმ დღეს ნანა კარგ განწყობაზე ადგა.

                                           

                               
   


რომანტიული სიყვარული  (2)


  - რა მშვენიერი ამინდია დედა!- მიმართა დედას და გულში ჩაიკრა. ქეთევანი გახარებული უყურებდა გამხიარულებულ ნანას - "უკვე თვალებში ნაღველი თითქმის არა აქვს"-გაიფიქრა და შვილს მიუჯდა სამზარეულოს მაგიდასთან
 - გაზაფხული ბუნებაში ახლის მომტანია შვილო, შენთვის სიკეთე, სიყვარული, ახალი სიხარულები მოეტანოს! - დალოცა მისი ერთადერთი სიხარული ქეთევანმა.მის ხმაში სიყვარულთან და სითბოსთან ერთად დიდი სევდაც იგრძნობოდა რაც არ გამოჰპარვია ნანას. იცოდა ნანამ რომ დედა უთქმელად იტანჯებოდა.ვერ მოითმინა, ისევ მივარდა და ქეთევანს სახე დაუკოცნა.
- არაფერზე იჯავრო, კარგად ვარ დედა, თითქოს არც ყოფილა ის ადამიანი ჩემს ყოფაში, სამაგიეროდ ჭკუა ვისწავლე, არასოდეს არავის შევიყვარებ!
- ასე ნუ ამბობ შვილო, გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ღირსეული ადამიანი და შეიყვარებ კიდევაც. სიყვარული შეიძლება მოულოდნელად გეწვიოს, ის არ გეკითხება შენ გინდა თუ არა, დაუპატიჟებლად შემოაღებს გულის კარებს, და ეს ხდება არა მხოლოდ ერთხელ.
- დედიკო, შენ რამდენჯერ გიყვარდა?- ჰკითხა ეშმაკური ღიმილით ნინომ დედას. 
- მე და მამაშენს სკოლიდან გვიყვარდა ერთმანეთი, აბა ვინ მაცალა, დავამთავრე სკოლა თუ არა, დამავლო მამაშენმა ხელი და შევქმენით ოჯახი, სწავლა მერე გავაგრძელე, არ ვფიქრობდი, მაგრამ არ ჰქნა, ექიმობა შენი ოცნებააო და სამედიცინო ინსტიტუტი დამამთავრებინა.
- ჰო, თქვენ საოცრად გიყვართ ერთმანეთი. ბედმა კარგი დედ - მამა მარგუნა. ნინომ დაიმორცხვა
- სად მიდიხარ საყვარელო ასე გამოპრანჭული, ძალიან ლამაზი ხარ!
- ჯერ ბიბლიოთეკაში, მერე ვნახოთ, გავისეირნებ გოგონებთან, დღეს რაღაც ყველაფერი მიხარია. მართლაც მთელი დღე გულმხიარული დააბიჯებდა ქუჩაში ნანა, გაზაფხულივით ლამაზ და მსუბუქ გოგოს ყველა თვალს აყოლებდა. ნინო მიჩვეული იყო ყურადღებას და არც უკვირდა. საღამოსკენ კაფეში გოგოებთან ერთად შესულმა სიმპათიურ ბიჭს მოჰკრა თვალი, რომელიც ნანას ჩასცივებოდა. ნანას ეს ბიჭი ადრეც შეუმჩნევია, მაგრამ დაკვირვებით მხოლოდ დღეს დააკვირდა.
- შეიძლება თქვენთან ჩამოვჯდე? - მოკრძალებით ჰკითხა ბიჭმა. ნანამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ახლაღა შეამჩნია ბიჭს მუქი ყავისფერი თმები და ისეთივე ფერის თვალები ჰქონდა. თბილი  ეჩვენა ბიჭის თვალები
- ყავას დალევ?
- არა, ყავას არ ვსვამ, ჩაი იყოს! - ბიჭმა ჩაი და ნამცხვარი შეუკვეთა.
- ჩემნაირი ყოფილხარ! - გაუღიმა ბიჭმა
- ეგ როგორ?
- მეც არ ვსვამ ყავას, ყავა მავნეა, და თვალები ორივეს თაფლისფერი გვაქვს - გაიღიმა ბიჭმა - არც ეწევი
- არა!- კისკისით უპასუხა ნანამ
- კარგი ერთი, არც ეწეოდი?
- არა, არასოდეს მომიწევია, შენ?
- არც მე, გითხარი უკვე,  ჩემნაირი  ყოფილხარ! - გაუღიმა თბილად დათომ. ნანას საოცარი სითბო ჩაეღვარა სულსა და გულში. კარგა ხანს ისაუბრეს ბევრი რამ შეიტყვეს ერთმანეთზე, საერთო ინტერესებიც ჰქონიათ, მაგალითად ნანას გატაცება ცურვით და ცხენებით არ გაჰკვირვებია დათოს, თვითონაც ხშირი სტუმარი ყოფილა იპოდრომის. მოკლედ მხიარული განწყობით მიუახლოვდნენ ნანას სადარბაზოს, ბიჭმა მეორე დღესაც დაუთქვა შეხვედრა და დაცილდნენ.
 მეორე დღეს დათომ ისევ კაფეში შესთავაზა დამსხდარიყვნენ.
- მეგონა სადმე კლუბში დამპატიჟებდი. - გაეღიმა ნანას - ვატყობ განსხვავებული ხარ!
- ჰო, რა! 
- მეც არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები, აქ სიწყნარეა.
- შენი აზრით რომელი სიყვარულია  ყველაზე ძლიერი?
- ძლიერი? - კითხვა შეუბრუნა ნანამ - მეგობრული, ან დედა-შვილური ალბათ უფრო....ყოყმანით ახედა ბიჭს
- რომანტიულ სიყვარულზე რას იტყვი? - ნანას ღაწვები შეუფარკლდა
 - ის ყველაზე სუსტი გრძნობაა!
- ასე რატომ ფიქრობ?
- ხომ არ გგონია ჩემში რაიმე გრძნობას გააჩენ და გინდაც გაჩნდეს, ძალიან სუსტი იქნება, მე გული მატკინეს, მიმატოვეს, ეს  არ განმეორდება
- წარსული ერთი დიდი მორევია, თუ მას აწმყოზე გააბატონებ, ჩაგითრევს!- გოგომ ბიჭს მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.
ისინი ერთ ქალაქში არ ცხოვრობდნენ, მათ მხოლოდ მანძილი როდი აშორებდათ, მაგრამ ეს მაინც მოხდა, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.


                                          რომანტიული სიყვარული      (3) 

ნანას ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს, როგორ დაახვია თავბრუ დთომ ასე უცებ. "არასოდეს არ თქვა არასოდეს!"- სწორი ყოფილა ეს გამონათქვამი, ფიქრობდა ნანა. ახლა წარსულზეც ეცინებოდა, გია გატაცება ყოფილა თურმე, ნამდვილი სიყვარული ახლა მეწვიაო და ბედნიერებისგან ფრთებშესხმული დაფრინავდა. ირგვლივ ყველაფერი ლამაზად ეჩვენებოდა, ყველა და ყველაფერი უყვარდა. დათოს ჩემები ვერ დამიწუნებენ უნდა გავაცნო მშობლებსო და ერთ დღესაც შინ მიიპატიჟა და წარუდგინა დედ-მამას.
 მშობლებს მოეწონათ წარმოსადეგი, კარგად აღზრდილი, გონიერი სასიძო, ისაუბრეს, წარმომავლობა გამოჰკითხეს, გვარ- სახელის გაგონებაზე გუნება გაუფუჭდათ, ეს იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ქალ-ვაჟსაც არაფერი გამოჰპარვიათ, დათომ მოიბოდიშა მეჩქარებაო და წავიდა.ნანამ თეთრად გაათენა ის ღამე. არც მშობლები ყოფილან კარგ დღეში. დილით ნანამ დედა ნამტირალევი, თვალებშეშუპებული რომ დაინახა, შეცბა
 - რა მოხდა დედა,დავაშავე რამე? - ჰკითხა ქეთევანს ლამის ტირილით ნანამ. დედამ პასუხი არ გასცა, მხოლოდ თავს აქნევდა იქეთ-აქეთ. ახლა მამას შეხედა გოგომ, იქნებ მამამ გამაგებინოს რამეო, მაგრამ მამასაც განადგურებული სახე ჰქონდა, დანა პირს არ უხსნიდა და არაფერი უთქვამს.
- რა მოხდა, ადამიანები არ ხართ, გამისკდა გული, მე და დათოს გვეხება, არ მოგეწონათ, რამე შეგვეშალა?
- არა შვილო, თქვენ არაფერი შეგშლიათ, ჩვენ შეგვეშალა! - გაბზარული ხმით უპასუხა  გოგიმ შვილს, რომელიც ნანას თვალს არიდებდა.
- აშკარად მე და დათოს გვეხება ხომ?
- ჰო! - წარმოთქვა ტირილით ქეთევანმა
- თქვით თუ არ მოგეწონათ, ან რა სჭირს დასაწუნი?
- დასაწუნი ნამდვილად არ არის, მაგრამ შენ არ შეგეფერება!- ამოიკნავლა ქეთევანმა
- რა სადედოფლოდ მამზადებთ, რატომ არ შემეფერება?
- ნუ გააგრძელებ შეხვედრებს შვილო, გემუდარები! - ჩურჩულით მიმართა ნანას მამამ. ამის მეტი მშობლებს არაფერი უთქვამთ, თავიანთ ოთახში ჩაიკეტნენ. ნანამ მოსვენება დაკარგა, ვერ გაეგო რა ხდებოდა.მშობლებმა ჭამა მიატოვეს, ვერც ეკონტაქტებოდნენ ქალიშვილს. ნანას უხალისობა დათოს არ გამოჰპარვია, წუხდა ბიჭი, დადარდიანდა. იცოდა ნანა მშობლებს ანგარიშს გაუწევდა და მათ წინააღმდეგ არ წავიდოდა.არადა ამ თემაზე უჭირდა ნანასთან საუბარი, ერიდებოდა, შიში მოძალებოდა, ვაი თუ ხელი მკრასო. ერთ დღესაც ნანა მის საყვარელ, მესაიდუმლე ბიძას ესტუმრა, ყველაფერს მოუყვა და სთხოვა, აეხსნა რა ხდებოდა. შეატყო ბიძისთვის ეს ამბავი ახალი არ იყო.
- მიჭირს შვილო ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ ნუ წახვალ მშობლების წინააღმდეგ, შენს გარდა არავინ ჰყავთ, გულს ნუ მოუკლავ
  - რათა, ძია ავთო, მითხარით, ვხედავ ყველანი რაღაცას მიმალავთ, მე და დათოს გვიყვარს ერთმანეთი, სიტყვა გვაქვს მიცემული ერთმანეთისთვის, რაიმე მტრობა ხომ არ ჰქონიათ მის მშობლებთან ჩემებს?
- მეტს ვერაფერს გეტყვი შვილო, ჯობია დაივიწყო, ჩემი თხოვნაა. ნანამ ის ღამეც თეთრად გაათენა, გულს უკლავდა  დალეული, დადარდიანებული მშობლების ყურება.ტაძარს მიაშურა, დედაღვთისმშობლის ხატის წინ, როგორც ყოველთვის, ტირილით გული მოიოხა და მერე შინ წავიდა უხალისოდ. კარი შეაღო თუ არა დედის შეშლილმა სახემ  გააგიჟა, გულმა რეჩხი უყო, მიხვდა რაღაც ცუდი ხდებოდა.
-რა მოხდა დედა?
- მოგიკვდეს დედა!
- რა, რა მოხდა, დათოს ხომ არ შეემთხვა რამე?! - წამოიძახა მისდაუნებურად ნანამ. დედამ პასუხი არ გასცა, მამას სახემ კი ყველაფერს მიახვედრა
- დათო?
- ჰო, დათო აღარ არის!  - ტირილით ამცნო შემზარავი ამბავი მამამ
-ბოლო სიტყვები ნანას არ გაუგონია, იქვე ჩაიკეცა, გონება დაკარგა. როცა გონს მოვიდა სასთუმალთან ქიმი ეჯდა და პულსს უზომავდა.
- რა დაემართა დათოს, რა მოხდა ახლა მაინც მითხარით სიმართლე! - მუდარის თვალებით შეხედა მშობლებს ნანამ.
- აზრი არა აქვს დამალვას შვილო, თავი ჩამოიხრჩო!
 უნდა გაუძლო შვილო! - თავზე ხელი გადაუსვა ძია ავთომ
 რატომ, რატომ? თქვენი ბრალია ყველაფერი, თქვენ ის უარყავით!  - კიოდა ისევ ნანა
- ვაი ჩვენს თავს უბედურს, ამას ვინ იფიქრებდა, გვქონდა მიზეზი შვილო, მერე გეტყვით! - დაუყვავა ავთომ
- არა ახლავე, ახლავე მეტყვით, თორემ მეც იგივეს გავიმეორებ, თავს არ ვიცოცხლებ.
- დათო და შენ და-ძმანი ხართ, ერთი დედ-მამის შვილები, სხვადასხვა ოჯახში გაშვილებულები.  ნანამ ხელახლა დაკარგა გონება. როცა გონს მოვიდა, მხოლოდ ჭერს შესცქეროდა გაშტერებული თვალებით, არ ჭამდა, არ სვამდა, არავისთან კონტაქტობდა.ოჯახში ისეთი მდგომარეობა  და სიმძიმე სუფევდა, დასტირებელი რომ ასვენია ოჯახში. ლანდიღა დარჩა, ეს ულამაზესი ქალიშვილი. ასევე იტანჯებოდნენ მშობლებიც. ქეთევანი მის ფეხთით ეგდო დღე და ღამე , მაგრამ ნანა ზედაც არ უყორებდა, მხოლოდ ერთხელ ამოიკნავლა, რატომ არ მითხარით ნაშვილები რომ ვიყავი თავიდანვეო, იქნებ ეს არ მომხდარიყო?!
 - გვეშინოდა შენი დაკარგვის შვილო! - ამოღერღა ქეთევანმა.
- თურმე რატომ იყავით მთელი ცხოვრება დამფრთხალი,არა, მაშინ არ დამკარგავდით, ახლა კი დამკარგეთ! - წარმოთქვა მკაცრი ტონით ნანამ, ქეთევანს გააჟრიალა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
 ერთ დილით ნანა წამოლასლალდა, ბარგი ჩაილაგა,დედ- მამას მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის,  საყვარელ ბიძას დაემშვიდობა, მერე მის საყვარელ ტაძარს მიაშურა, ხატის წინ დაემხო, დიდხანს იბუტბუტა, იტირა და მტკიცე გადაწყვეტილებით და მყარი ნაბიჯით წავიდა უკანმოუხედავად ......



No comments:

Post a Comment