Sunday, April 29, 2018


                                                მატარებელში

მეუბნებიან, რომ კარგად იკითხება ჩემი ჩანახატები და ელოდებიან, თუ მართლა ასეა, მახარებს. გადავწყვიტე, ჩემი დიდი ხნის წინანდელი იუმორისტული ჩანახატი შემოგთავაზოთ. ეს სოხუმში ცხოვრებისას, ჩემს ბედნიერ წლებში მოხდა.
ძალიან ტრადიციულ და მკაცრ ოჯახში გავიზარდე, მამა და დედა ისე არ ჩაგვსვამდნენ კუპირებულ ვაგონში, თუ ზუსტად არ ეცოდინებოდათ, რომ იქ ყველა ქალი იქნებოდა, თუ არა და საერთო ვაგონში მგზავრობისთვის ვიყავი განწირული. მერე ოჯახი შევქმენი და გუჯაც იგივე კატეგორიის შემხვდა, თბილისში თუ მარტოს მომიწევდა წასვლა, ერთადგილიანს მიხერხებდა, თუ არა და ისევ საერთო, სუნიანი ვაგონი და უძილო ღამე მქონდა გარანტირებული, ამიტომაც მგონია, თუ სამოთხის ბილეთი მერგო, მხოლოდ საერთო ვაგონში ალბათ, თუმცა, ოღონდაც იყოს სამოთხისკენ გზა და ურმით ან ფეხითაც დავადგები.
მოკლედ მამიდას ორმოცია და თბილისში მარტოს მიწევს წასვლა, ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით სამი, ოთხი ხუთი წლისანი არიან და გუჯა ბავშვებთან დარჩა, მე სვ-თი გამიშვა. აქეთობას ჩემებმა გამომაცილეს, მანამდე გუჯამ ბინაში ბევრჯერ დარეკა (სად იყო მაშინ მობილურები) თუ კუპეში ყველა ქალი არ იქნება და ბილეთებს ვერ გადაცვლი, საერთოში ჩაჯექიო. რა ახირებაათქო - გავბრაზდი, მაგრამ არც მე მსურდა მაინცდამაინც მამაკაცებთან მგზავრობა. ჩემებმა შემაცილეს კუპეში, შემოვიდა ორი ქალი, ერთ - ერთს პატარა გოგონა ახლდა, მესამე მე ვიყავი და მეოთხე არ ჩანდა. ჩემები დამშვიდდნენ, მაინცდამაინც მამაკაცი ხომ არ ამოვა, არ გიწევს ბილეთის გადაცვლაო - მითხრეს დამშვიდებულებმა, ამასობაში მატარებელიც დაიძრა და ჩავიდნენ. კუპეში მყოფებმა ცოტა ხანს გავისაუბრეთ, განათება ძალიან სუსტი იყო, წიგნის კითხვა ვერ მოვახერხე და თერთმეტი საათისკენ დავწექით. მე ზემოთ მომიწია დაწოლამ. არ ვიცი ღამის რომელი საათი იქნებოდა, კარი ფრთხილად გაიღო, სიბნელეში ვიღაც უხმაუროდ შემოვიდა და ზემოთა საწოლზე, ჩემს პირდაპირ მოკალათდა. არც დავინტერესებულვარ ძილ-ღვიძილში მისი სქესით. გამთენიისას ერთი ქალი ჩავიდა, მეორე მგონი სამტრედიაში და უკვე მეც გავახილე თვალები, გათენებულათქო, ქვემოთ სიცარიელე იყო, გავიხედე, ჩემს წინ ვიღაც პროსტინში ისე იყო გახვეული, სქესი ვერ გავარჩიე, მაგრამ გავიფიქრე: ასე კაცებს შეუძლიათ მოკუნტვათქო. ვაი თუ მართლა მამაკაცია?! - გამეცინა გუნებაში, სწრაფად ჩამოვხტი ძირს მოვწესრიგდი, გარეთ გავედი, ფანჯარაში გავიხედე, სახლები, ხეები, ველ-მინდვრები მატარებელთან ერთად მოძრაობდნენ. "ნეტა რომელ საათზე ვიქნები სოხუმში, ორი დღეა ბავშვები არ მინახავს, მენატრებიან, გუჯა აუცილებლად დამხვდება, რა ნელა მიდის ეს მატარებელი, აი იაპონიაში რაკეტული სისწრაფით დაჰქრიან თურმე მატარებლები, ეს კი ჯორივით რამდენ ხანს დგას ერთ ადგილას!"- გავიფიქრე უგუნებოდ, მერე მომბეზრდა დგომა, შევედი კუპეში, კარი ღიად დავტოვე. "კარგი შუქი მაინც იყოს წავიკითხავდი და დროც მალე გავიდოდა!" - ამის გაფიქრებაზე ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ავიხედე და ბიჭი მომშტერებია, სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე, იქნებოდა ალბათ თვრამეტ-ცხრამეტი წლის.
- მარტო ვართ?- მკითხა თვალების ფშვნეტით,ჯერ კიდევ ნახევრად მძინარემ. პასუხი არ გამიცია, ისევ გარეთ გავედი, ადგომა ენდომება არ იუხერხულოსმეთქი. ისევ ფანჯარაში ვიხედები, ერთმანეთს ენაცვლებიან ლამაზი ეზო - სახლები. "მართლა ლამაზი, მოვლილი, ეზო-კარი იციან სამეგრელოში" - ლამის ხმამაღლა წარმოვთქვი აღფრთოვანებულმა ბუნების სილამაზით.
- როდის ჩავიდნენ ის ქალები? - მეკითხება ჩემი თანაკუპელი, რომელიც ფანჯარასთან გვერდზე ამომდგომოდა.
- არ ვიცი საათზე არ დამიხედავს - ვუპასუხე უხალისოდ, მერე ჩემთვის გულში გამეღიმა, აუცილებლად მკითხავს გუჯა კუპეში მამაკაცი ხომ არ იყოვო.
- მაინტერესებს კუპეში მარტონი რამდენი ხანია ვართ და შენ სად ჩადიხარ?- აგრძელებს ჩემს დაკითხვას ქერა ბიჭი
- შენ არა, თქვენ! - შევუღრინე გაღიზიანებული ტონით და ისევ კუპეში შევედი, არ ღირს ამ იდიოტის ბჟუტურს ყურადღება მივაქციოთქო. თვითონაც შემოვიდა, ჩამოჯდა, კარის მიხურვა დააპირა, ხელი ავუკარი და ისეთი მზერა ვესროლე, ცოტა ხანი გაისუსა.
- არა, გავგიჟდები, რა ჯანდაბამ დამაძინა, ასეთი გოგო გვერდით მყოლიხარ, მართლა დეგენერატი ვარ- წამოიძახა და ხელი თავში შემოირტყა.
- რატომ, რას იზამდი, რის კეთებას ხარ მიჩვეული შე ცხვირმოუხოცავო ტუტუცო, ლაწირაკო? ხმა არ ამოიღო, თორემ ძირს ჩაგაბრძანებ! - დავემუქრე გაგულისებულმა.
-რა ბრაზიანი ყოფილხარ!
- ხართ, გითხარი ერთხელ, ზრდილობა არავის უსწავლებია შენთვის, უფროსებს როგორ უნდა ესაუბრო არ იცი? შენობით არ მომმართო და გითხარი გაჩუმდი - დავაყარე ქოქოლა
- ბოდიშით, რა დავაშავე ასეთი, არ შეიძლება ადამიანურად დამელაპარაკოთ?!
- ადამნიანებს ვესაუბრები ადამიანურად
- და თქვენი აზრით ვინ ვარ მე?
- ერთუჯრედიანი, უზრდელი, უტაქტო არსება! - მივაყარე და მესიამოვნა რომ პირი დააღო.
- მლანძღავთ კიდევაც! - კოპები შეყარა თანამგზავრმა
- შენ იმდენს იზამ სამუდამოდ დაგამახსოვრდება დღევანდელი მატარებელი და ეს კუპე
- მაშინებ, რა უნდა მიქნა? - ოფოფები აეძაგრა ჩემს მამლაყინწას და სიბრაზისგან ისევ შენობით მომმართა.
- ამას მალე გაიგებ! - მივმართე მშვიდად და ისევ გარეთ გავედი. კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. მერე ისევ გვერდით ამომიდგა და მეუბნება
- ასეთი რა გითხარი, ცუდი არაფერი მიკადრებია, არ შეიძლება ბიჭს შენისთანა ქალიშვილი მოეწონოს, ვინა ხარ ასეთი?
- აგევსოს ჩემისთანა სამშვილიანი ქალიშვილებით ოჯახი! - "მივაწყევლე " ჩუმად და გადახარხარება მომინდა, თავი ძლივს შევიკავე.
- არა, რა სამ შვილს რომ იბრალებთ, ერთი მაინც გეთქვათ - ისევ თქვენობითზე გადავიდა ჩემით მოხიბლული ყმაწვილი.
- რამდენი წლის ხართ, სად ცხოვრობთ?
- ქაღალდი და კალამი დაიკავე, ანკეტას შეგავსებინებ!
- მისამართი, ან ტელეფონის ნომერი მომეცით, დაგიმტკიცებთ, რომ კარგი ბიჭი ვარ
- უკვე დამიმტკიცე, არ არის საჭირო - მივმართე ირონიულად
- არ შეგეშვები, მაინც გიპოვი!
- აბა შენ იცი!
"სოხუმი"- დაიძახა გამცილებელმა. სიხარულით გავემართე ვაგონის ბოლოსკენ, ჩასასვლელად მოვემზადე - "დამხვდება, აუცილებლად დამხვდება გუჯა"- ვაცეცებ თვალებს და მართლაც მალევე შევნიშნე, ხელი დავუქნიე, ისიც ჩემი ვაგონისკენ მოდის.
-ეს მოხეული ტიპი ვინ არის?- ჩამსისინა ჩემს გვერდით თანამგზავრმა
- შენგან წვენს რომ გამოადენს მაშინ გაიგებ - მივუგე და ჩავხტი, გუჯამ გულში ჩამიკრა
- ვინ არის ის მაიმუნი, თვალს რომ არ გაშორებს, ერთად ხომ არ მგზავრობდით, რამე ხომ არ გაკადრა? გესაუბრებოდა მგონი.
- არა, რა უნდა ეკადრებინა, არც ვიცი ვინ არის. - დავინდე, ისე ღირსი იყო, წამოეპარტყუნებინა გუჯას ერთი-ორი.
გავიდა ხანი, ბავშვები სანაპიროზე მყავს, მერე ტრადიციულად ნართაში მიმყავდა ხაჭაპურის საჭმელად. ყურადღებით განებივრებულები ვიყავით, მიყოლებულები რომ იყვნენ, ყველას ტყუპები ეგონათ და დაკითხვებს მიწყობდნენ. ზოგი წინ გამატარებდა, ზოგი ბავშვებს გაეთამაშებოდა.
- ვგიჟდები ასეთ ახალგაზრდა ლამაზ დედიკოზე და ასეთ ბაიებზე, ნება მომეცით მე დაგპატიჟოთ, ერთი სიამოვნებაა თქვენი ყურება! - მომმართა ვიღაც უცნობმა. მადლობა გადავუხადე და ვიუარე, არ არის საჭირო, არ შეწუხდეთთქო.
- მე უნდა დაგპატიჟოთ, მომეცით ნება!- მომესმა ნაცნობი ხმა. "ის" იყო, ჩემი თანაკუპელი, დარცხვენილი, დაბნეული, მოკრძალებით მიყურებდა
- არა, მეუღლეს ველოდები, შენ რატომ უნდა დამპატიჟო? ისწავლე როგორ უნდა იქცეოდე უფროსებთან ?- ხმა არ ამოუღია
- კუპეში ისევ არ გიმართლებს, თუ უკეთესობაა, ჰა! - არ დავინდე
- ბოდიშით! - ესღა ამოღერღა და გამეცალა თავჩაქინდრული, ეტყობოდა კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვერ გაებედა


1

No comments:

Post a Comment