Saturday, August 15, 2015

                                                        ოთხი  არა და ერთი კი

                                "რაა ისეთი, არ იკადრებს რასაცა ფიქრი ყოვლისჩამდენი, 
                                 ყოვლადბილწი და ყოვლადწმინდა"
   ასაკი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის გარკვეულწილად ადამიანის განვითარების დონის მანიშნებელია, მაგრამ მხოლოდ მანიშნებელი  და არა განმსაზღვრელი. ეჰ, ჩემს შემთხვევაში ასაკი განმსაზღვრელი აღმოჩნდა.
  შუადღით ყველანი ეზოში ვზივართ. ელიკომ თვალი ჩამიკრა  და ბავშვებს გააგებინა, თუ როგორ მიმღეროდა შუაღამით ერთ-ერთი თაყვანისმცემელი სერენადას.
- თქვენი ბებო ალბათ მალე გათხოვდება!- ირონიული ღიმილით და მოწკურული თვალებით გამოუცხადა სიახლე საზოგადოებას ელიკომ. ეთო სასტიკად მოიღრუბლა, ვერ ვიტან ამ თემაზე ხუმრობას და  მეტს არაფერს ვიტყვიო და მართლაც გაჩუმდა, მაგრამ ვაი ასეთ გაჩუმებას.
- ბებოს უმღეროდნენ, რა არის სერენადა?- იკითხა გაკვირვებულმა გუჯამ
- როცა ვინმე უყვართ, უმღერიან ხოლმე, აი ბებო უყვარს კარგ ადამიანს, რა, არ შეიძლება გათხოვდეს?!- განაგრძო ჩემი უფლებების დაცვა ელიკომ 
- არა, არ შეიძლება!- წამოიძახა მორცხვად გაბომ
- რატომ გაბო?- არ ეშვება ელიკო
- ყურში გეტყვი, შენ ხომ გუჯა ბაბუს შეყვარებული იყავი, ახლა არ შეიძლება!-  ჩამჩურჩულა გაბუკამ ისე, რომ ყველამ გაიგონა.
- რა გათხოვება, რის გათხოვება!- აღშფოთებას ვერ მალავს თემის განხილვას შემოსწრებული თამარი- ეთომ რა თქვა?
- თამარ, ყველას აზრი მაინტერესებს, ეთომ უარი მითხრა,  შენ რატომ ხარ წინააღმდეგი?- დავეკითხე თამარს ცოტათი შეურაცხყოფილმა
- მერე ცალკე იცხოვრებ, ქმართან ერთად წახვალ და ჩვენ ვეღარ გნახავთ!- დამიკონკრეტა ჩემი გათხოვების შემთხვევაში მოსალოდნელი ჩემი დეფიციტის შიშით შეპყრობილმა  თამარმა. თამარს მოსწონს... არა კი არ მოსწონს, მოითხოვს მისთვის საყვარელი ადამიანები მარად მის გვერდით იყვნენ
- რა დროს ბებოს სიყვარულია, ამ ხნის არის და!- წამოიყვირა გაღიზიანებული ტონით აქამდე ჩუმად ხეზე მჯდომმა გუჯამ
- სიყვარულისთვის ყველა ახალგაზრდაა!- ვცადე რე მარკის ამ ცნობილი ფრაზით დამეცვა ჩემი სიყვარული
- ვერ გავიგე რად გინდა გათხოვება!- მეტი აგრესიით გააგრძელა გუჯამ დაკითხვა
- გუჯი, ბებოსაც უნდა კარგი ცხოვრება, პატრონი  ჰყავდეს, სურვილები შეუსრულონ! - ფარ-ხმალს არ ჰყრის ელიკო
- ჰო, გუჯიკო, მეც მინდა ჩემზე ზრუნავდნენ!-  შეტევაზე გადავედი უკვე მეც
- ლელა და მატა ზრუნავენ შენზე, ხომ გყავს პატრონი, ფული გინდა?-  გაძლევენ, ექიმი და წამლები გინდა?-  მოგხედავენ,  ყველაფერს  გიკეთებენ და ვერ გავიგე რატომ თხოვდები!- ნერვიულობისგან გუჯიკოს ყელზე ძარღვები გამოებერა
- მარტო ექიმი და ფული ხომ არ არის საკმარისი?- გაბრაზდა ახლა ელიკოც
- დანარჩენზე ილოცე ბებო, ღმერთს სთხოვე და შეგისრულდება!- წარმოთქვა კატეგორიული ტონით გუჯამ და მიგვანიშნა რომ მისთვის ეს თემა დაიხურა და კაკლის ხეზე ერთი ტოტით მაღლა ახტა, გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო, გაოცებული თვალებით მომზირალ თინას შევხედე, ის იყო ჩემი ერთადერთი იმედი, ჩემი ჰუმანური, დედამისის მგვანი, ბეღურა თინა.
- თინ, შენ რას იტყვი?
- კი, ბებო, გათხოვდი, არ მეწყინება! -  წარმოთქვა ღიმილით, დამორცხვით, მაგრამ ალალად თინამ. "ოოო,  რა გონიერი ბავშვია!" გავიფიქრე და მივხვდი, რომ თინა უფრო საყვარელი გახდა ჩემთვის.  როგორც იქნა ერთი "კი" მივიღე, მაგრამ კარგად იცით რომ ეს არ არის საკმარისი სამი კი მჭირდებოდა, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად
- ამ მილეთის ხალხში ჯიშითაც და ხაზგასმული მიუკარებლობითაც, მოკლედ მთელი თქვენი გარეგნობა ბრწყინვალე მაგალითი გახლავთ იმ იშვიათობისა, კაცს ცოდვისკენ კი არა, კაცს ღმერთისკენ რომ გაახედებს!- წარმოთქვა ელიკომ პათოსით, ირონიულად, ნიშნისმოგებით ისევ მოწკურა თვალები და ბავშვების ბანაკში გადაინაცვლა, მოკლედ.... მოულოდნელად ხანჯალი ჩამცა
- შენც ბრუტუს?!- მივმართე ელიკოს ღალატით გაოგნებულმა
- მეც!
 - კი მაგრამ ფარისევლობდი? აკი ჩემიანი მეგონე!-  უკმაყოფილოდ მივმართე ჩემს ყოფილ ვექილს
- მეც ხომ ჯერ კიდევ ბავშვი ვარ, თან ჩემი ხმა ხომ არაფერს წყვეტდა!- მიპასუხა სარკაზმით ელიკომ.   ჩამოვყარე ყურები
- ეჰ, ბავშვებო მე ალბათ ბოლო აკორდებს ვუკრავ!  
- ვიცი რომ გვატყუებდი, სინამდვილეში არ გინდოდა!- წარმოთქვა სიხარულით თამარმა.
ახლა თქვენთვის მომინდვია განსაზღვროთ თუ რომელი ბავშვია ამათგან ჩემი კეთილის მოსურნე. შეიძლება ყოველ წელს  კარსმომდგარ ბედნიერებას კარს არ უღებდნენ?!
ასე დავრჩი წელსაც გაუთხოვარი... რა გაუთხოვარი... პატრონდაკარგულსურვილებშეუსრულებელღმერთსდაგოგოებსსმინდობილი,  ანუ კარსმომდგარბედნიერებაჩარაზული. არადა წლები მემატება,  ხომ არ მაკლდება? წიწილებისა არ იყოს,  ესენი როდის დაიზრდებიან? და რომ დაიზრდებიან და სულერთი იქნება  გავთხოვდები, თუ კოსმოსში გავფრინდები ვიღა მითხოვს, ჰა?!
თინა მიყვარს ძალიან!
შვილი ნატვრის თვალია!

 P S.და მაინც, მომავალ წელსაც ვიბრძოლებ ჩემი ბედნიერებისთვის, არა უშავს, თუ ერთი წელი მომემატება, "მასაც ხომ მოემატება ის ერთი წელი და ბავშვებსაც ხომ მოემატებათ ამ ერთ წელიწადში ასაკთან ერთად ჭკუა?!






No comments:

Post a Comment