Tuesday, August 11, 2015


                                             წყნეთის ყვითელი ავტობუსი

გუშინ წყნეთში ავტობუსით ამოვდიოდი,გამცილებელი მკაცრი ტონით მოითხოვდა მგზავრებს ბილეთები შეეძინათ, თორემ შემდეგ გაჩერებაზე კონტროლიორი ამოვა და დაგაჯარიმებთო.
- ამაზე მეტი რა უნდა დამაჯარიმოს, ოც თეთრიანი ბილეთი ვერ ამიღია, დაჯარიმებული ვარ უკვე,- წაოიძახა ასაკოვანმა ქალმა
- მაგას არავინ გკითხავთ, ბილეთი უნდა აიღოთ!- მკაცრად შეხედა მონიტორინგის თანაშემწემ.
- მე არ ავიღებ ბილეთს!- კატეგორიული ტონით წარმოთქვა უკნიდან ქალმა, მგონი ისიც ასაკოვანი იყო
- რატომ ქალბატონო? მაშინ მეც დამაჯარიმებენ
- კონდიციონერი ჩართეთ და გადავიხდი
- მე რა შუაში ვარ! - გაოგნებული ხმით მიუბრუნდა გამცილებელი
- აბა ვინ არის შუაში, მე? დარეკეთ სადაც საჭიროა ხალხს რომ ახრჩობთ, ამოვიდნენ კონტროლიორები მე გავცემ პასუხს- შეუტია ქალმა და ისე შეხედა, გამცილებელმა ხმა ჩაიკმინდა, არჩია დაჯარიმებულიყო. შემდეგ კი რა დიალოგებიც წარიმართა ძალიან გავს ჩემს შარშანწინდელ პოსტს, და აი ისიც.
 მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რამაც ხალში დიდი პროტესტი გამოიწვია, მაგრამ მძღოლს ხალხის შფოთი გულთან არ მიუტანია და არც აპირებდა როგორც შევატყვე სიჩქარის დაგდებას
- დამშვიდდით ხალხნო, ბილეთები კი გვაქვს ყველას აღებული და რა ჯობია, სამოთხეში მიგვაგრიალებს წამებში აი კაცი!-დაგვამშვიდა ერთ-ერთმა მჯდომმა
- სამოთხეში კარგია, მაგრამ ჯოჯოხეთში რომ მიგვაგრიალოს რას ვშვებით?!- დაამატა მეორემ
- მანქანა კი მიგვიყვანს კარამდე და მანდ თქვენ განაწილდით დამსახურებისამებრ!- წამოიძახა სარკაზმით ახლა უკნიდან ვიღაცამ. ამ დროს ვიღაც ქალმა განწირული ხმით წამოიძახა
- გააჩერეთ,გააჩერეთ! გაჩერებაა, მართლა ჯოჯოხეთში ხომ არ მიგყავრათ!
- სად არის მანდ გაჩერება!- როყიო ხმით გაუწყრა მძღოლი ჩამოსვლის მოსურნე ქალს. ლაპარაკი შეძლებია1ჩავილაპარაკე ჩემთვის
- მოთხოვნითაა გაჩერება მოთხოვნით, გააჩერეთ სანამ ბოლო გაჩერებამდე არ ასულხართ!- კატეგორიულად მოთხოვა თავისგაჩერებასაცდენილმა მგზავრმა და ხმას ერთი ოქტავით აუწია
- არ წერია მანდ მოთხოვნით!-არ შეეპუა მძღოლი
- მართალს ამბობს ეს კაცი, მანდ წერია "ოთხოვნით" და არა მოთხოვნით
- "მ" -ასოს ამოვარდნას უნდა შეეწიროს ახლა ეს ქალი?- შეიბრალა ვიღაცამ დაზარალებული მგზავრი
- მაგი შეიწიროს თავისმა უჯიათობამ!- დაწყევლა ქალმა მძღოლი- ქვეყანაა ახლა ეს? წერია მოთხოვნით გაჩერებაო და ვინ გიჩერებს! -,მეცინება ბევრჯერ წამიკითხავს წყნეთის გზაზე იმ ადგილას "გაჩერება ოთხოვნითო",მაგრამ ერთი ასო ასეთ უსიამოვნებას თუ შექმნიდა არ მეგონა."შემდეგი ასო ო-ც რომ წაიშალოს უკეთესი იქნება, დარჩება 
თხოვნით და არა ოთხოვნით და უფრო გააჩერებენ!"გავიფიქრე და გამსახურდიას ერთი ფრაზა წამომიტივტივდა გონებაში,ერთ, ასო-ბგერა " ძ"-ს მოძულე და ამომგდებ ვაი მეცნიერს რომ უპასუხა, "ეჰ, ჩემო სიმონ,შენ რომ წერილი მოგწერო და "ძ" ასო არ ვიხმარო, უნდა მოგწერო, ჩემო ვირფასო სიმონ?!" ასე დავრწმუნდი გუშინ თითოეული ასოს მნიშვნელობაზე,ის ქალი კი ერთი ასოს გამო დიდი მანძილით გასცდა თავის სახლს. გავუფრთხილდეთ ყოველ ბგერას,ადამიანურ ურთიერთობებს, თორემ შეიძლება მართლაც ჯოჯოხეთში აღმოვჩნდეთ.

No comments:

Post a Comment