Saturday, August 15, 2015

                                                        ოთხი  არა და ერთი კი

                                "რაა ისეთი, არ იკადრებს რასაცა ფიქრი ყოვლისჩამდენი, 
                                 ყოვლადბილწი და ყოვლადწმინდა"
   ასაკი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის გარკვეულწილად ადამიანის განვითარების დონის მანიშნებელია, მაგრამ მხოლოდ მანიშნებელი  და არა განმსაზღვრელი. ეჰ, ჩემს შემთხვევაში ასაკი განმსაზღვრელი აღმოჩნდა.
  შუადღით ყველანი ეზოში ვზივართ. ელიკომ თვალი ჩამიკრა  და ბავშვებს გააგებინა, თუ როგორ მიმღეროდა შუაღამით ერთ-ერთი თაყვანისმცემელი სერენადას.
- თქვენი ბებო ალბათ მალე გათხოვდება!- ირონიული ღიმილით და მოწკურული თვალებით გამოუცხადა სიახლე საზოგადოებას ელიკომ. ეთო სასტიკად მოიღრუბლა, ვერ ვიტან ამ თემაზე ხუმრობას და  მეტს არაფერს ვიტყვიო და მართლაც გაჩუმდა, მაგრამ ვაი ასეთ გაჩუმებას.
- ბებოს უმღეროდნენ, რა არის სერენადა?- იკითხა გაკვირვებულმა გუჯამ
- როცა ვინმე უყვართ, უმღერიან ხოლმე, აი ბებო უყვარს კარგ ადამიანს, რა, არ შეიძლება გათხოვდეს?!- განაგრძო ჩემი უფლებების დაცვა ელიკომ 
- არა, არ შეიძლება!- წამოიძახა მორცხვად გაბომ
- რატომ გაბო?- არ ეშვება ელიკო
- ყურში გეტყვი, შენ ხომ გუჯა ბაბუს შეყვარებული იყავი, ახლა არ შეიძლება!-  ჩამჩურჩულა გაბუკამ ისე, რომ ყველამ გაიგონა.
- რა გათხოვება, რის გათხოვება!- აღშფოთებას ვერ მალავს თემის განხილვას შემოსწრებული თამარი- ეთომ რა თქვა?
- თამარ, ყველას აზრი მაინტერესებს, ეთომ უარი მითხრა,  შენ რატომ ხარ წინააღმდეგი?- დავეკითხე თამარს ცოტათი შეურაცხყოფილმა
- მერე ცალკე იცხოვრებ, ქმართან ერთად წახვალ და ჩვენ ვეღარ გნახავთ!- დამიკონკრეტა ჩემი გათხოვების შემთხვევაში მოსალოდნელი ჩემი დეფიციტის შიშით შეპყრობილმა  თამარმა. თამარს მოსწონს... არა კი არ მოსწონს, მოითხოვს მისთვის საყვარელი ადამიანები მარად მის გვერდით იყვნენ
- რა დროს ბებოს სიყვარულია, ამ ხნის არის და!- წამოიყვირა გაღიზიანებული ტონით აქამდე ჩუმად ხეზე მჯდომმა გუჯამ
- სიყვარულისთვის ყველა ახალგაზრდაა!- ვცადე რე მარკის ამ ცნობილი ფრაზით დამეცვა ჩემი სიყვარული
- ვერ გავიგე რად გინდა გათხოვება!- მეტი აგრესიით გააგრძელა გუჯამ დაკითხვა
- გუჯი, ბებოსაც უნდა კარგი ცხოვრება, პატრონი  ჰყავდეს, სურვილები შეუსრულონ! - ფარ-ხმალს არ ჰყრის ელიკო
- ჰო, გუჯიკო, მეც მინდა ჩემზე ზრუნავდნენ!-  შეტევაზე გადავედი უკვე მეც
- ლელა და მატა ზრუნავენ შენზე, ხომ გყავს პატრონი, ფული გინდა?-  გაძლევენ, ექიმი და წამლები გინდა?-  მოგხედავენ,  ყველაფერს  გიკეთებენ და ვერ გავიგე რატომ თხოვდები!- ნერვიულობისგან გუჯიკოს ყელზე ძარღვები გამოებერა
- მარტო ექიმი და ფული ხომ არ არის საკმარისი?- გაბრაზდა ახლა ელიკოც
- დანარჩენზე ილოცე ბებო, ღმერთს სთხოვე და შეგისრულდება!- წარმოთქვა კატეგორიული ტონით გუჯამ და მიგვანიშნა რომ მისთვის ეს თემა დაიხურა და კაკლის ხეზე ერთი ტოტით მაღლა ახტა, გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო, გაოცებული თვალებით მომზირალ თინას შევხედე, ის იყო ჩემი ერთადერთი იმედი, ჩემი ჰუმანური, დედამისის მგვანი, ბეღურა თინა.
- თინ, შენ რას იტყვი?
- კი, ბებო, გათხოვდი, არ მეწყინება! -  წარმოთქვა ღიმილით, დამორცხვით, მაგრამ ალალად თინამ. "ოოო,  რა გონიერი ბავშვია!" გავიფიქრე და მივხვდი, რომ თინა უფრო საყვარელი გახდა ჩემთვის.  როგორც იქნა ერთი "კი" მივიღე, მაგრამ კარგად იცით რომ ეს არ არის საკმარისი სამი კი მჭირდებოდა, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად
- ამ მილეთის ხალხში ჯიშითაც და ხაზგასმული მიუკარებლობითაც, მოკლედ მთელი თქვენი გარეგნობა ბრწყინვალე მაგალითი გახლავთ იმ იშვიათობისა, კაცს ცოდვისკენ კი არა, კაცს ღმერთისკენ რომ გაახედებს!- წარმოთქვა ელიკომ პათოსით, ირონიულად, ნიშნისმოგებით ისევ მოწკურა თვალები და ბავშვების ბანაკში გადაინაცვლა, მოკლედ.... მოულოდნელად ხანჯალი ჩამცა
- შენც ბრუტუს?!- მივმართე ელიკოს ღალატით გაოგნებულმა
- მეც!
 - კი მაგრამ ფარისევლობდი? აკი ჩემიანი მეგონე!-  უკმაყოფილოდ მივმართე ჩემს ყოფილ ვექილს
- მეც ხომ ჯერ კიდევ ბავშვი ვარ, თან ჩემი ხმა ხომ არაფერს წყვეტდა!- მიპასუხა სარკაზმით ელიკომ.   ჩამოვყარე ყურები
- ეჰ, ბავშვებო მე ალბათ ბოლო აკორდებს ვუკრავ!  
- ვიცი რომ გვატყუებდი, სინამდვილეში არ გინდოდა!- წარმოთქვა სიხარულით თამარმა.
ახლა თქვენთვის მომინდვია განსაზღვროთ თუ რომელი ბავშვია ამათგან ჩემი კეთილის მოსურნე. შეიძლება ყოველ წელს  კარსმომდგარ ბედნიერებას კარს არ უღებდნენ?!
ასე დავრჩი წელსაც გაუთხოვარი... რა გაუთხოვარი... პატრონდაკარგულსურვილებშეუსრულებელღმერთსდაგოგოებსსმინდობილი,  ანუ კარსმომდგარბედნიერებაჩარაზული. არადა წლები მემატება,  ხომ არ მაკლდება? წიწილებისა არ იყოს,  ესენი როდის დაიზრდებიან? და რომ დაიზრდებიან და სულერთი იქნება  გავთხოვდები, თუ კოსმოსში გავფრინდები ვიღა მითხოვს, ჰა?!
თინა მიყვარს ძალიან!
შვილი ნატვრის თვალია!

 P S.და მაინც, მომავალ წელსაც ვიბრძოლებ ჩემი ბედნიერებისთვის, არა უშავს, თუ ერთი წელი მომემატება, "მასაც ხომ მოემატება ის ერთი წელი და ბავშვებსაც ხომ მოემატებათ ამ ერთ წელიწადში ასაკთან ერთად ჭკუა?!






Tuesday, August 11, 2015


                                             წყნეთის ყვითელი ავტობუსი

გუშინ წყნეთში ავტობუსით ამოვდიოდი,გამცილებელი მკაცრი ტონით მოითხოვდა მგზავრებს ბილეთები შეეძინათ, თორემ შემდეგ გაჩერებაზე კონტროლიორი ამოვა და დაგაჯარიმებთო.
- ამაზე მეტი რა უნდა დამაჯარიმოს, ოც თეთრიანი ბილეთი ვერ ამიღია, დაჯარიმებული ვარ უკვე,- წაოიძახა ასაკოვანმა ქალმა
- მაგას არავინ გკითხავთ, ბილეთი უნდა აიღოთ!- მკაცრად შეხედა მონიტორინგის თანაშემწემ.
- მე არ ავიღებ ბილეთს!- კატეგორიული ტონით წარმოთქვა უკნიდან ქალმა, მგონი ისიც ასაკოვანი იყო
- რატომ ქალბატონო? მაშინ მეც დამაჯარიმებენ
- კონდიციონერი ჩართეთ და გადავიხდი
- მე რა შუაში ვარ! - გაოგნებული ხმით მიუბრუნდა გამცილებელი
- აბა ვინ არის შუაში, მე? დარეკეთ სადაც საჭიროა ხალხს რომ ახრჩობთ, ამოვიდნენ კონტროლიორები მე გავცემ პასუხს- შეუტია ქალმა და ისე შეხედა, გამცილებელმა ხმა ჩაიკმინდა, არჩია დაჯარიმებულიყო. შემდეგ კი რა დიალოგებიც წარიმართა ძალიან გავს ჩემს შარშანწინდელ პოსტს, და აი ისიც.
 მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რამაც ხალში დიდი პროტესტი გამოიწვია, მაგრამ მძღოლს ხალხის შფოთი გულთან არ მიუტანია და არც აპირებდა როგორც შევატყვე სიჩქარის დაგდებას
- დამშვიდდით ხალხნო, ბილეთები კი გვაქვს ყველას აღებული და რა ჯობია, სამოთხეში მიგვაგრიალებს წამებში აი კაცი!-დაგვამშვიდა ერთ-ერთმა მჯდომმა
- სამოთხეში კარგია, მაგრამ ჯოჯოხეთში რომ მიგვაგრიალოს რას ვშვებით?!- დაამატა მეორემ
- მანქანა კი მიგვიყვანს კარამდე და მანდ თქვენ განაწილდით დამსახურებისამებრ!- წამოიძახა სარკაზმით ახლა უკნიდან ვიღაცამ. ამ დროს ვიღაც ქალმა განწირული ხმით წამოიძახა
- გააჩერეთ,გააჩერეთ! გაჩერებაა, მართლა ჯოჯოხეთში ხომ არ მიგყავრათ!
- სად არის მანდ გაჩერება!- როყიო ხმით გაუწყრა მძღოლი ჩამოსვლის მოსურნე ქალს. ლაპარაკი შეძლებია1ჩავილაპარაკე ჩემთვის
- მოთხოვნითაა გაჩერება მოთხოვნით, გააჩერეთ სანამ ბოლო გაჩერებამდე არ ასულხართ!- კატეგორიულად მოთხოვა თავისგაჩერებასაცდენილმა მგზავრმა და ხმას ერთი ოქტავით აუწია
- არ წერია მანდ მოთხოვნით!-არ შეეპუა მძღოლი
- მართალს ამბობს ეს კაცი, მანდ წერია "ოთხოვნით" და არა მოთხოვნით
- "მ" -ასოს ამოვარდნას უნდა შეეწიროს ახლა ეს ქალი?- შეიბრალა ვიღაცამ დაზარალებული მგზავრი
- მაგი შეიწიროს თავისმა უჯიათობამ!- დაწყევლა ქალმა მძღოლი- ქვეყანაა ახლა ეს? წერია მოთხოვნით გაჩერებაო და ვინ გიჩერებს! -,მეცინება ბევრჯერ წამიკითხავს წყნეთის გზაზე იმ ადგილას "გაჩერება ოთხოვნითო",მაგრამ ერთი ასო ასეთ უსიამოვნებას თუ შექმნიდა არ მეგონა."შემდეგი ასო ო-ც რომ წაიშალოს უკეთესი იქნება, დარჩება 
თხოვნით და არა ოთხოვნით და უფრო გააჩერებენ!"გავიფიქრე და გამსახურდიას ერთი ფრაზა წამომიტივტივდა გონებაში,ერთ, ასო-ბგერა " ძ"-ს მოძულე და ამომგდებ ვაი მეცნიერს რომ უპასუხა, "ეჰ, ჩემო სიმონ,შენ რომ წერილი მოგწერო და "ძ" ასო არ ვიხმარო, უნდა მოგწერო, ჩემო ვირფასო სიმონ?!" ასე დავრწმუნდი გუშინ თითოეული ასოს მნიშვნელობაზე,ის ქალი კი ერთი ასოს გამო დიდი მანძილით გასცდა თავის სახლს. გავუფრთხილდეთ ყოველ ბგერას,ადამიანურ ურთიერთობებს, თორემ შეიძლება მართლაც ჯოჯოხეთში აღმოვჩნდეთ.

Wednesday, August 5, 2015

                                                           გაბო სამზარეულოში

სამზარეულოში ვფუსფუსებ, გაბოც იქვე ტრიალებს. რატომღაც ბოლო ხანებში კატლეტი შეიძულა.
- ხომ შეჭამ გაბუკა?- მივმართე სიყვარულით
-კი, ბებო ერთ ცალს შევჭამ!
-ორი უნდა შეჭამო! -გავზარდე რაოდენობა მე
-კარგი, შევჭამ!
-იქნებ სამიც შეჭამო?- და ასე ვაჭრობაში ათასამდე ავედით.გაბომ გამაჩერა და ირონიულად მომმართა
- ბებო, ათასს მაინც ვერ გააკეთებ და ჯობია ერთი ცალი შევჭამო! - შემდეგ მოტრაპეზე საზოგადოებამ შემიქო ნახელავი
- კატლეტიც კარგია, პიურეც, საწებელიც, მაგარი სუპერი ხარ, ყველაფერს გემრიელს აკეთებ! -ამავსო კომპლიმენტებით
- პური როგორია?- ჰკითხა რომელიღაცამ
- პური უფრო მაგარი ვიღაცის გაკეთებულია!
- გაბო, ვინ არის ჩემზე მაგარი, პური ვინ გააკეთა?- ვკითხე გაბრაზებულმა
- პური ღმერთის არის ბებო,ღმერთმა გააკეთა და გამოგვიგზავნა! პური ჩვენი არსობისა ხომ იცი!








Monday, August 3, 2015



     

                                                         წყნეთი - 2015  და  "კათალო"  

              

     ყოველ წელს არდადეგების მოლოდინში გული მზეზე საჩირედ დადებულ ხილივით მიშრება. ჭილაძისა არ იყოს თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე რომ აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც გაუტოლდეს.....და ცა რომ მიწიდან იწყება, ამას ყველაზე კარგად წყნეთში ვგრძნობ.  
  დროის მცნება ფრიად სხვაგვარად შეიძლება  გავიგოთ. ადამიანი, რომელსაც ხანგძლივი სიცოცხლე ელის, დროს არავითარ ყურადღებას არ აქცევს, იგი ფიქრობს, რომ  მის წინ მთელი მარადისობაა, ხოლო შემდეგ როდესაც აჯამებს ან ანგარიშობს, სინამდვილეში რამდენი იცხოვრა, აღმოჩნდება, რომ სულ რაღაც რამოდენიმე დღეს ანდა უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე კვირას უცხოვრია. თუ ეს შეითვისე, მაშინ ორი-სამი კვირა, ან ორი- სამი თვე შეიძლება შენთვის იმდენივეს ნიშნავდეს, რამდენიც სხვისთვის მთელი ცხოვრება. წყნეთში გატარებული ყოველი ზაფხულის თითოეული დღე ჩემთვის მთელი ცხოვრებაა, თან იმით ვარ ბედნიერი რომ 2-3 თვე ხუთივე შვილიშვილთან მიწევს ყოფნა.ბავშვებს არც წარსული აქვთ და არც მომავალი, ჩვენგან განსხვავებით აწმყოთი ტკბებიან.  მე ბავშვებისგან აწმყოთი ცხოვრებას ვსწავლობ, ისინიც სწავლობენ ჩემგან რაღაცეებს.მოკლედ მე მარადიულად ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასებების პროცესში ვარ. ჩემთვის  მნიშვნელოვანი და უნუკალური დღეები მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო, ვცდილობ  მთელი წლის მარაგი ავიღო დადებითი ემოციებისა, რაშიც  ეზო, ბალახი, ვარდები, ბუხარი, განსაკუთრებით კი დიდი კაკლის ხე მეხმარება. მე და შუა ეზოში მდგარი კაკლის ხე დავმეგობრდით, რომელსაც  ყოველ დილით ფეხშიშველი ვუახლოვდები ყავის ჭიქით ხელში,შემდეგ ჩავეკონები და ვუყვები ახალ-ახალ ამბებს, ჩემს საიდუმლოებებს, მე მას "კათალო" შევარქვი. არ გაგიკვირდეთ! ის მიმანიშნებს, რომ მასაც ვუყვარვარ. ისიც, როგორც ბევრი ამბის მომსწრე, მიყვება წარსული ცხოვრების შესახებ, ხან მხიარული, ხანაც მოწყენილი მეჩვენება, ისიც ჩემსავით რომანტიულია. თითქოს ბოლომდე არ  მეხსნება.... თუმცა მეც ხომ ასეთი ვარ! ორივენი წარსულს მივსტირით. ჰამაკი რომ ჩამოვკიდეთ მე და ბავშვებმა ვეცადეთ ლურსმანი არ გამოგვეყენებინა, რათა ჩვენს "კათალოს" არ სტკენოდა. კათალომ ეს შენიშნა და მადლიერება ფოთლების შრიალით გამოხატა.
   ნათქვამია, ყოველი კაცი წინაპართა ბოლო წერტილიაო, და ეს წერტილი ისე უნდა დაისვას, რომ კარგად დააჩნდეს.მე ჩემი გვარის უკანასკნელი მოჰიკანი ვარ ჩემი შვილიშვილებისთვის და მინდა ჩემს მიერ დასმული წერტილი მკაფიო იყოს, რათა მათ კარგად დავამახსოვრდე, თუ რამდენად გამომივა, ამას მომავალი აჩვენებს. ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეების და სიხარულის იდეოლოგი, დამფუძნებელი, ავტორი, შემქმნელი, შემოქმედი, შემსრულებელი, ორგანიზატორი, სპონსორი,, ქველმოქმედი,, მატაა! ჩემი სანათესაო რომ ვგროვდებით ვიხსენებთ, თუ  როგორ ვიზრდებოდით ერთად და როგორი დაუვიწყარი ბავშვობა გვაჩუქა მამაჩემმა. დედას შვილის ქება არ ეგების, მაგრამ არც დაუნახაობა ვარგა, მატა მამაჩემის კვალს მიჰყვება,   მადლობა მას ამისთვის! დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები როცა დაიზრდებიან, ამ ლამაზ წლებს, ერთად გატარებულ თითოეულ დღეს, სიყვარულით მოიგონებენ