წყნეთი - 2015 და "კათალო"
ყოველ წელს არდადეგების მოლოდინში გული მზეზე საჩირედ დადებულ ხილივით მიშრება. ჭილაძისა არ იყოს თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე რომ აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც გაუტოლდეს.....და ცა რომ მიწიდან იწყება, ამას ყველაზე კარგად წყნეთში ვგრძნობ.
დროის მცნება ფრიად სხვაგვარად შეიძლება გავიგოთ. ადამიანი, რომელსაც ხანგძლივი სიცოცხლე ელის, დროს არავითარ ყურადღებას არ აქცევს, იგი ფიქრობს, რომ მის წინ მთელი მარადისობაა, ხოლო შემდეგ როდესაც აჯამებს ან ანგარიშობს, სინამდვილეში რამდენი იცხოვრა, აღმოჩნდება, რომ სულ რაღაც რამოდენიმე დღეს ანდა უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე კვირას უცხოვრია. თუ ეს შეითვისე, მაშინ ორი-სამი კვირა, ან ორი- სამი თვე შეიძლება შენთვის იმდენივეს ნიშნავდეს, რამდენიც სხვისთვის მთელი ცხოვრება. წყნეთში გატარებული ყოველი ზაფხულის თითოეული დღე ჩემთვის მთელი ცხოვრებაა, თან იმით ვარ ბედნიერი რომ 2-3 თვე ხუთივე შვილიშვილთან მიწევს ყოფნა.ბავშვებს არც წარსული აქვთ და არც მომავალი, ჩვენგან განსხვავებით აწმყოთი ტკბებიან. მე ბავშვებისგან აწმყოთი ცხოვრებას ვსწავლობ, ისინიც სწავლობენ ჩემგან რაღაცეებს.მოკლედ მე მარადიულად ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასებების პროცესში ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანი და უნუკალური დღეები მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო, ვცდილობ მთელი წლის მარაგი ავიღო დადებითი ემოციებისა, რაშიც ეზო, ბალახი, ვარდები, ბუხარი, განსაკუთრებით კი დიდი კაკლის ხე მეხმარება. მე და შუა ეზოში მდგარი კაკლის ხე დავმეგობრდით, რომელსაც ყოველ დილით ფეხშიშველი ვუახლოვდები ყავის ჭიქით ხელში,შემდეგ ჩავეკონები და ვუყვები ახალ-ახალ ამბებს, ჩემს საიდუმლოებებს, მე მას "კათალო" შევარქვი. არ გაგიკვირდეთ! ის მიმანიშნებს, რომ მასაც ვუყვარვარ. ისიც, როგორც ბევრი ამბის მომსწრე, მიყვება წარსული ცხოვრების შესახებ, ხან მხიარული, ხანაც მოწყენილი მეჩვენება, ისიც ჩემსავით რომანტიულია. თითქოს ბოლომდე არ მეხსნება.... თუმცა მეც ხომ ასეთი ვარ! ორივენი წარსულს მივსტირით. ჰამაკი რომ ჩამოვკიდეთ მე და ბავშვებმა ვეცადეთ ლურსმანი არ გამოგვეყენებინა, რათა ჩვენს "კათალოს" არ სტკენოდა. კათალომ ეს შენიშნა და მადლიერება ფოთლების შრიალით გამოხატა.ნათქვამია, ყოველი კაცი წინაპართა ბოლო წერტილიაო, და ეს წერტილი ისე უნდა დაისვას, რომ კარგად დააჩნდეს.მე ჩემი გვარის უკანასკნელი მოჰიკანი ვარ ჩემი შვილიშვილებისთვის და მინდა ჩემს მიერ დასმული წერტილი მკაფიო იყოს, რათა მათ კარგად დავამახსოვრდე, თუ რამდენად გამომივა, ამას მომავალი აჩვენებს. ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეების და სიხარულის იდეოლოგი, დამფუძნებელი, ავტორი, შემქმნელი, შემოქმედი, შემსრულებელი, ორგანიზატორი, სპონსორი,, ქველმოქმედი,, მატაა! ჩემი სანათესაო რომ ვგროვდებით ვიხსენებთ, თუ როგორ ვიზრდებოდით ერთად და როგორი დაუვიწყარი ბავშვობა გვაჩუქა მამაჩემმა. დედას შვილის ქება არ ეგების, მაგრამ არც დაუნახაობა ვარგა, მატა მამაჩემის კვალს მიჰყვება, მადლობა მას ამისთვის! დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები როცა დაიზრდებიან, ამ ლამაზ წლებს, ერთად გატარებულ თითოეულ დღეს, სიყვარულით მოიგონებენ
No comments:
Post a Comment