მძიმე ქელეხი
"გვინდა არ გვინდა, ჩვენ ყველანი მოთხრობები ვართ, დავდივართ და ერთმანეთს ვკითხულობთ. ზოგი მოწყენილია, ზოგი იმედით სავსე, ზოგი ტრაგიკული"გოდერძი ჩოხელი
ამ დღეებში ჭირის სუფრაზე დავსხედით მე და ჩემი მეგობარი. გვერდით სანდომიანი, სიმპათიური, სამოცდაათწლამდე ასაკის ქალბატონი მომიჯდა. მიცვალებულის შესანდობარი რომ წარმოთქვა სუფრის წინამძღოლმა, გვერდით მჯდომმა ქალმაც ჭიქა ასწია "ნათელი დაუმკვიდროს უფალმაო" მომმართა და შემომთავაზა მეც დამელია.
ქართული სუფრა მართლაც ჭამა–სმის რიტუალი როდია, მას საოცარი ძალა აქვს, რომ ელვის სისწრაფით დაახლოვოს ადამიანები ერთმანეთს.საუბარი გავაბით. ჩვენს წინ ლამაზმა, ვულგარულად ჩაცმულმა ახალგაზრდა ქალმა გაიარა, ის გრაციოზულად, გამომწვევად მიაქნევდა კურტუმოს, აშკარა იყო, მის უკან მიმავალ სპორტული აგებულების წარმოსადეგ მამაკაცს აწონებდა თავს.
– არა მგონია ამათ ჩვენი, მაშინდელი, მოკრძალება, სუფთა სასიყვარულო ამბები გაიგონ, ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფათ. დღეს სიყვარული და სექსი ლამის გაიგივებულია, სადაც სექსი დომინირებს ამაღლებულზე და სიწმინდეზე ლაპარაკი ზედმეტია!–წარმოთქვა სინანულით ახლადგაცნობილმა ქალმა. თანხმობის ნიშნად გავუღიმე, წინ მჯდომმა ახალგაზრდა გოგონებმა ჩაიქირქილეს.
– გულდასაწყვეტია, იმის შეგრძნება, რომ შენს ირგვლივ არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც მისაბაძად გამოდგება! – გააგრძელა მან და თვალებში ცრემლები ჩაუდგა. მივხვდი, ცხოვრებაზე ძალიან გულგატეხილი იყო. ამასობაში მეორე სადღეგრძელოც წარმოითქვა, მან ისევ დაცალა ღვინო.
– შვილია ადამიანის საბოლოო შედეგი, თუ შვილმა არ გაგიმართლა ყველა შენი სიხარული ამაო ყოფილა!- წარმოთქვა სადღეგრძელოსავით
– მართალი ბრძანდებით, ფანჯიკიძისა არ იყოს შვილი მართლაც გვირგვინია მოღვაწეობისა, ჩვენი ცხოვრების არსიც ხომ ეგ არის, ქვეყანას შენზე უკეთესი ნაშიერი დაუტოვო!– მივმართე თბილი, მშვიდი ტონით. რაღაც უაზროდ შემომხედა.
– ოთხი შვილი სიმწრით გავზარდე მარტოკამ, ყველას ვასწავლე, როგორც შემეძლო გვერდში ვედექი, შვილიშვილებიც გავზარდე, ახლა კი!...– დადუმდა. პაუზა ძალიან დიდი გამოუვიდა. ნეტა რა მოუვიდა, ცნობისმოყვარეობა არ მასვენებდა, შევხედე, აწითლებულ ცრემლიან თვალებში უდიდესი სევდა და ტკივილი დასადგურებოდა. გული ჩამეწვა. კითხვის დასმა ვერ გავბედე,, ველოდებოდი როდის ამოიღებდა ხმას.
– ახლა ქუჩაში ვაგდივარ, ჩემი პატრონი არავინაა, ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცისა არ იყოს, მეც ლეჩაქდახურული დავეხეტები, ჯერ არ ვიცი საით წამიღებს ბედისწერა!
– არ ინერვიულოთ, მეც ბევრი გასაჭირი შემხვდა, ბევრმა ქარტეხილმა გადაიარა ჩემს ოჯახზე!– ვეცადე დამემშვიდებინა
– შვილები გყავთ?– მკითხა ირონიულად
– კი!– მოვჭერი მოკლედ, არ მინდოდა რაოდენობა და ჩემი ტრაგედია მეხსენებინა.
– ალბათ თქვენც დიდი შრომა გასწიეთ და გაისარჯეთ მათ გამო ხომ?!– თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
– მერე დაგიფასდათ?!– მკითხა გაღიზიანებული ტონით
– ვხედავ განათლებული ქალბატონი ბრძანდებით, არ გესწავლებათ, რომ დაფასების გამო არ ვაკეთებთ, ესეც არ იყოს, აბა შვილები როდის არიან კმაყოფილები!
– ჰო, მაგრამ ის რაც მე დამმართეს!.... უცებ მწარედ ატირდა, ცხვირსახოცი სახეზე აიფარა
– ქალბატონო ლონდა, მოულოდნელად შვილმა შეიძლება ისეთი შემოგილაწუნოს რომ მისმა ხმამ მეორე უბანიც გააყრუოს, დამშვიდდით, ყველაფერი მოგვარდება ალბათ!
– თქვენ რა გვარი ხართ?– მომიბრუნდა უცებ. გამიკვირდა გვარი რაში აინტერესებსთქო, უხალისოდ გავეცი პასუხი
– ასეც ვიფიქრე, თქვენ უბრალო ქალი არა ხართ და არც იმის უფლებას მისცემთ ალბათ ვინმეს შეურაცხყოფა მოგაყენოთ!– მიპასუხა ხმაჩახლეჩილმა,მხარზე ხელი დავადე,მინდოდა თანაგრძნობა გამომეხატა.
– მინდა ახლა მე სიცოცხლე?! არა შვილებს არ უნდა გადაჰყვე!
-– თქვენ ხომ სხვებიც გყავთ, იმ ერთმა გატკინათ გული, სხვასთან მიდით!- გავუღიმე ნაძალადევად
–რომელთან? იმ ორთან რომელნიც მიკიჟინებენ, ვისაც გადაჰყევი იმან მოგხედოსო, თუ იმას, რომელიც უცხოეთშია და ცოლ–შვილს ძლივს არჩენს, იმან არც მინდა გაიოგოს.
– ახლა რას აპირებთ, რაიმეთი ხომ არ დაგეხმაროთ?!იქნებ ყველაფერი მოგვარდეს!
– რა უნდა მოგვარდეს, გული საბოლოოდ მკვდარი მაქვს და მკვდარი გულით რა მნიშვნელობა აქვს სად დავივანებ, ალბათ მოხუცთა თავშესაფარში ვეცდები დავსახლდე თუ შესაძლებელი იქნა, მორწმუნე ადამიანი ვარ და თავს ხომ ვერ მოვიკლავ, ისე მართლა, არსებობს ჯოჯოხეთი თუ გვატყუებენ?– მკითხა ღიმილით
– ვერ გეტყვით, მაგაზე მეც ბევრი მიფიქრია, მაგის შიში რომ არა, წარმოიდგინეთ ალბათ ნახევარი დედამიწა თავს მოიკლავდა!- ვუპასუხე დარწმუნებით– მე ვეცდები რაიმეთი წაგეშველოთ ახლობლებში გავიკითხო!
– არამც და არამც მეც მყავს საახლობლო, სხვა რამ მანადგურებს.... დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს!....–წარმოთქვა სასოწარკვეთილმა, მივხვდი ნათქვამის იქეთ კიდევ რამდენი უთქმელი ფრაზა თუ მოსაყოლი ამბები ირეოდა მის თავში.
– ეჰ, ეგ რომ შესაძლებელი იყოს....- წარმოვთქვი მეც დანანებით,
" გულს მომავალი აცოცხლებს მხოლოდ
აწმყო ყოველთვის სევდით სავსეა" – წამოვიწყე ჩემდაუნებურად უცებ პუშკინი, იქნებ ეს სანდომიანი, ინტელექტუალური ქალი ცოტათი გავახალისოთქო
მან ეთი ჭიქა ასწია, სათქმელი თქვა და მომიბრუნდა
" ჩემს სულს დაესხენ, უცხო ხარ ჩემთვის,
აწ გამკიცხავ თუ ბოდიშს მომიხდი,
აღარ მანაღვლებს და ესღა მეთქმის,
რომ შენს წინაშე ქედს არ მოვიხრი"... მიპასუხა ლერმონტოვით, შემდეგ წამოდგა, გამიღიმა, მადლობა გადამიხადა და ნელი ნაბიჯით გავიდა დარბაზიდან. წავიდა და ჩემი რაღაც უდიდესი ნაწილი გაიყოლა. ვიჯექი და ვფიქრობდი, რატომ მეცნობა ეს ამბავი,სიზმარში ვნახე, თუ თავად გადამხდა ყველაფერი?! მყისიერად რომ გავაანალიზე მივხვდი ასეთი და ამის მსგავსი საწუხარი უამრავი დედისგან მომისმენია.რა ხდება ნეტავ? სიყვარულის და სექსის გაიგივებისა არ იყოს იქნებ დედა–შვილობის მადლი და არსიც ჩაძირა ამ ცივილიზაციამ?!
No comments:
Post a Comment