Sunday, May 31, 2015

                                                                             "ის"

      სანამ მორიგ ჩანახატს შემოგთავაზებდეთ, მინდა ჩემს მკითხველს შევახსენო ორი წლისწინანდელი ჩემი ჩანახატი იმაზე, ვისი წყალობითაც მე ვაკეთებ ამას.
    არასოდეს არ თქვა არასოდესო. ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ისევ   აქტიურ ცხოვრებას შევძლებდი, მაგრამ მან ეს მაიძულა   
რამე გამიჭირდება?– მასთან გავრბივარ, საჭირბოროტო საკითხია?!– ის მიგვარებს, რამე მტკივა?– ის მიამებს, ფინანსები მინდა?– ის მაფინანსებს, წასაკითხ წიგნებს თუ ფილმებს ის მირჩევს, 2005 წლიდან ინტერნეტმომხმარებელი მისი წყალობით გავხდი, მაიძულა მეწერა,სხვანაირად დაიღუპებიო, ბოლოს ბლოგერიც გამხადა.  ვერ წარმოვიდგენდი, თუ რამეს მართლა  დავწერდი,  მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო, ის ჩემი ნავსაყუდელია, ცხოვრება, სიარული,  ხელახლა დამაწყებინა. მასთან მყუდროდ, საიმედოდ და დაცულად ვგრძნობ თავს. როცა "ვშოპინგობთ" თუ "სუპერვმარკეტობთ" და მას დრო არა აქვს თავისი მანქანით შინ მიმიყვანოს, მაფინანსებს და ცალკე, მეორე ხელში ათ ლარიანს მიკუჭავს, ეს ტაქსისთვისო, თან კატეგორიულად მოითხოვს სხვა ტრანსპორტზე არ ავიდე. მე რა თქმა უნდა თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ჩვენ ერთმანეთს ვშორდებით, მერე კი....
აი ერთ დღესაც, როცა ძალიან მტკივნეული და სერიოზული საქმე მომიგვარა, მომამარაგა სურსათ–სანოვაგით, დამაფინანსა და ბოლოს ჩვეულებრივ, როგორც ყოველთვის ტაქსის ფული ჩამიკუჭა ხელში კატეგორიული ტონით მომმართა
– თამრო, ჩემს თავს გაფიცებ, ტაქსით წადი, იცოდე მაწყენინებ, აუცილებლად შეგამოწმებ!
– კი, მატ, აბა რას ვიზამ!– ვუპასუხე გაბადრულმა და ჩემი გზით წამოვედი. რა თქმა უნდა ტვინში ისევ იგივე აზრები დამიტრიალდა "რა ჯანდაბად მინდა ტაქსი, ამ ფულით ბავშვებს რაღაცას ვუყიდი!"–თქო და ისევ ყვითელ სამგზავრო ტრანსპორტში ავედი. რას ვიფიქრებდი.... ჩამოვედი ტრანსპორტიდან ჩემს სახლთან და ჰოი საოცრებავ! ჩემს წინ ნაცნობი ნომრით შავი "ინფინიტი" დგას.
– რას გავს ეს თამრო!– გაბრაზებულმა მომმართა– მაიცდამაინც ტაქსი დაგიყენო?! ცოტა ხანი მაცალე და მაგასაც ვიზამ, სანამ ყველა ნეკნს არ დაიმტვრევ მანამ ჭკუა არ უნდა ისწავლო, რატომ არ სცემ შენს თავს პატივს?! – შემრცხვა, დიდი ხანია ისეთი განცდა მაქვს, რომ დედა ის არის და არა მე. მშობელი დამსახურებულად მტუქსავდა.
– რა ვქნა დე, დასაბამიდან საქალეთს ადამის ვალი გვაქვს და მე მინდა ჩემი ნეკნებით გადავიხადო!– გადავიტანე იუმორში, მაგრამ ის სერიოზულად აღშფოთებული იყო. თუმცა ძალიან მიმტევებელმა და ჰუმანურმა ადამიანმა მალევე მაპატია სიცრუე და სიტყვის გატეხა. კარგი, სხვა დროს არ ქნა ასეო და გამიღიმა.
საოცარია ეს ცხოვრება, ზოგს ტვირთად აწევხარ და მაინც გელოლიავება, გიფრთხილდება, სულს გიბერავს, ზოგი შენ გაწევს ტვირთად და მაინც მეტს და მეტს მოითხოვს შენგან. ეტყობა დასაბამიდანვე ასეა მოწყობილი ეს ქვეყანა. სიკეთე არ იქნებოდა რომ არა ბოროტება. არ ვიცი მომავალში რას ვიზამ, ვიმგზავრებ ტაქსით თუ გავაგრძელებ ადამისთვის ვალის დაბრუნებას, ერთი კი ნამდვილად ვიცი
"ის" მე სულს მიბერავს!

P.S.
არადა ადრე ძირითადი ჩემი ტრანსპორტი ტაქსი იყო დავდიოდი დაძალების გარეშე. ვაჰ, დრონი, დრონი!






No comments:

Post a Comment