Sunday, May 31, 2015

                                                          ისევ ყვითელი სიკვდილი

ამ დღეებში ახლობელთან ვიყავი სტუმრად, ისედაც ცუდ ხასიათზე მყოფს იქაურმა სიტუაციამ უფრო დამამძიმა და გათიშული ავედი ყვითელ ავტობუსში. აზრზე მაშინ მოვედი, როცა ჩამოსვლისას კონტროლიორი კაცი და ქალი დამადგნენ თქვენი ბილეთი მაჩვენეთო. ავუხსენი ცუდ დღეში მყოფს დამავიწყდა ბილეთის აღება, ნახეთ უფასო სამგზავრო ბარათი მაქვს და ყველაფერი ხომ გასაგებიათქო. მსგავსი სიცივე, გაყინული სახეები ცხოვრებაში არ მინახავს. არ გვაინტერესებს უნდა დაგაჯარიმოთო.არაფერმა გაჭრა რობოტებთან, პირადობა მომთხოვეს და რაღაც კამერა ჩართეს. გადავირიე, პირველად ვიყავი ასეთ სიტუაციაში, ნუ მიღებთ, ტელევიზორში ხომ არ გაუშვებთ, სირცხვილით სად გამოვყო თავი, თან რომ წარმოვიდგინე ამას მარინა ნახავსთქო! ვეხვეწე, ხუთ ლარს კი არა ას გადავიხდი ოღონდ შემეშვითთქო. ხმა არ ამოუღიათ, მორჩნენ თავიანთ საქმეს და გამაფრთხილეს , ერთი თვის ვადაში თუ არ გადაიხდით, შემდეგ ორმოცდაათი ლარის გადახდა მოგიწევთო.
- რამოდენიმე თვე არ გადავიხდი, და როცა სოლიდურ თანხას მიაღწევს მაშინ ვიფიქრებ, თქვენ ნუ წუხხართ, ისე ლაპარაკი შეგძლებიათ!- მივაძახე სასტიკად გაბრაზებულმა. ეს რა დამამცირებელი ფაქტი ყოფილა, არ მიკვირს, ბევრისგან გამიგია ისტერიკებში ჩავვარდიო, ეტყობა ესეც უნდა გამომეცადა?! სამგზავრო მიკავია და ვფიქრობ კბილებით დავგლიჯო თუ გადავაგდო, ამ ფიქრში ვიყავი რომ მეორე ჩემთვის საჭირო ყვითელ ავტობუსში აღმოვჩნდი, თავს დამშვიდება დავუწყე, არა უშავს სანამ ტაქსი გამომიჩნდება ვივლი რა გზაათქო. ბილეთი რა თქმა უნდა ავიღე.
- ქალბატონო, ბილეთი აიღეთ დროზე! - მიმართა ძალიან ასაკოვან ქალს გამცილებელმა.
- მოგვიანებით ავიღებ, მაცალეთ! - ზრდილობიანად უპასუხა ქალმა
-არა, ახლავე აიღეთ, ამოსვლისთანავე უნდა აიღოთ ბილეთი! - მკაცრად შეეპასუხა გამცილებელი. აქ კი ნერვებმა მიმტყუნა და რაც მთელი დღის დაგროვილი მაწუხებდა მას გადავანთხიე.
- არა გრცხვენიათ, ხანშესულ ქალბატონს ასე რომ მიმართავთ, იქნებ 10- 15 წუთში უწევს ისევ მგზავრობა და უნდა ჩასვლიოსას გადაიხადოს, რათა შემდეგ ნახევარ საათში კუთვნილი შეღავათით ისარგებლოს! ( ვინც არ იცით ყვითელი ავტობუსი იმათვის, ნახევარ საათში თუ 20 თეთრიანი სამგზავრო გაქვს 10 თეთრი გიწევს, და საწყალი ხალხი ცდილობს, მოასწროს და ამ შეღავათით ისარგებლოს)
- მოასწროს არ ვიცი მე, წესია ასეთი, ამოსვლისას უნდა გადაიხადოს, წაიკითხეთ და ნახავთ!
- რა ჯანდაბას მაკითხებთ, არ მაინტერესებს, რა აზრი აქვს მაშინ იმ შეღავათს მეორე სატრანსპორტოში თუ არ აძლევთ ამის საშუალებას?!
- ბაზარში თუ მიდის მაინც ვერ მოასწრებს!
- რა სისულელეებს მელაპარაკებით, იქნებდა ბაზარში მარტო კიტრის ყიდვა უნდა და ასწრებს, ეს რა თქვენი საქმეა, ასეთი ლოგიკით შორს ვერ წახვალთ, სად გამზადებენ და რა კურსებს გადიხართ ასეთი გაყინულები რომ ხართ?! აი თქვენისთანა უგულომ დამაჯარიმა ახლა 5 ლარით.
- უი, ასეთი ხისთავიანი ვინ შეგხვდათ, თქვენ უფასო სამგზავრო გაქვთ და არ უნდა დაეჯარიმებინეთ! - შეიცხადა გამცილებელმა.
- განა მარტო ისინი იყვნენ ხისთავიანები?! - წარმოვთქვი გაბოროტებულმა და ისეთი მზერა ვესროლე, გაჩუმდა.
გადავწყვიტე ჯინაზე ვიმგზავრო ყვითელი ავტობუსით და ვიბრძოლო, დავიცვა გაჭირვებული ხალხი.
მიფრთხილდით ყვითელი ავტობუსის ჯალათებო!







No comments:

Post a Comment