Monday, March 30, 2015

                                              გაბო და თინა 

 გაბო და თინა ბჭობენ, თუ რა არის სექსი
- სექსი არის როცა ტუჩებში კოცნიან!- უმტკიცებს თინას გაბო
- არა, სექსია, როცა შიშვლები არიან!- თავდაჯერებით ამბობს თინა.
უცებ თინა დედამისს ეკითხება რა გვარი ხარო? როცა პასუხად მიიღო გულედანიო, პროტესტი გამოხატა.
- რატომ არ ხარ სურგულაძე, მამა ხომ არის და შენ რა ღმერთმა მოგწერა?!
- კბილი უნდა ამოვიღო, ბევრი ფული მექნება!- თქვა უცებ თავდაჯერებით თინამ.  ნეტა საიდან მიხვდა, რომ კბილები ყველას სჭირდება და სტომატოლოგს ყოველთვის ექნება სამუშაო, ჭკვიანია თინა. გაბომ ტოლი არ დაუდო
- მე სახლები უნდა ავაშენო და ძაღლი უნდა მეყოლოს!
-ძაღლს ჩვენ გავზარდავთ ხომ!- უპასუხა გახარებულმა თინამ
- კი, სახლს ავუშენებთ და გავზარდავთ!
-დე, ვარდი იყიდე!- რატომღაც ვარდი მოუნდა თინას
- რად გინდა?
-ისე, ლამაზია!- პასუხობს თინა. იცის თინა მატრაბაზმა  სილამაზის და ფულის ფასი.
- დაიძინეთ!- ვეუბნები მე
- არა, წამოძინებული ვარ დილით, გვიან დავწვები!
- დებილო, გვიანია, დაწექი!- უწყრება თინა.





                                             გაბოს საფიქრალი

    გაბო  გაბრაზებული მომვარდა
 - ბებო ყველაზე გაბრაზებული ვარ, მათხოვარი გავხდები, მარტო შენ  მოგცემ ფულს, ყველამ თავის თავს მიხედოს!
- ვინ გაგაბრაზა გაბო, რა ხდება?
- ყველამ, დედამ ოთახიდან გამომაგდო, ხვალ ბაღში არ მინდა , რაღაც ტვინი მაქვს გაბუჟებული! ისე მუშა უნდა გამოვიდე და სახლი მინდა ავაშენო, კარებს გავუკეთებ და თქვენთან მოვალ!- მოვეფერე და დავამშვიდე
-ბებო, შენ სანამ დაბერდები ცოლს მოიყვან?
- შენ გინდა რომ მე გავთხოვდე?
- კი და ბევრი შვილები უნდა გეყოლოს!
- კარგი, გაბო ასე მოვიქცევი, წავალ მასთან და იქ ვიცხოვრებ!- გაბოს რაღაც არ მოეწონა
- გამხდარია, ბებერია, წვერიანია? - დამაყარა კითხვები
-  ბებერი არ არის და არც წვერიანი!
- მაშინ არ უნდა გიყვარდეს, თუ ჩვენთან ადგილი არ არის, შვილები მას დაუტოვე,   შენ აქ იყავი ჩემთან!
- ასე არ შეიძლება გაბო, თუ მათხოვებ მასთან ერთად უნდა ვიცხოვრო!

- არა, შენ დედა იქნები და ყველგან იგივე იქნება, შენ გააკეთებ ყველაფერს! არა, არ მოიყვანო ცოლი, იმეგობრე მაინც, მთელ სამყაროზე კარგი ბებია ხარ და როგორ უნდა გაგიშვა!
- კარგი, გაბო, მოვილაპარაკეთ, შენთან ვრჩები!- გაბომ  გაიხარა და ჩამეკონა. მე რვეული ავიღე და ღიმილით ჩვენი დიალოგის წერა დავიწყე, რომ არ დამვიწყებოდა.

- რა გეცინება! მაგას წერა რად უნდა და მეტი ამაზე არ ვილაპარაკოთ თორემ გავბრაზდები!
 ასე მიბიძგა  ოჯახის შექმნისკენ გაბომ, მეც განვეწყვე, მაგრამ რად გინდა... ისევ გადამაფიქრებინა!  მოკლედ, დავრჩი გაუთხოვარი, ისღა დამრჩენია  ვიმეგობრო ვინმესთან.





Thursday, March 26, 2015

მანჩო
ნუ მიენდობით ჩემს ცრუ ღიმილს, იგი კარია, რომლის იქეთ ცივ სიბნელეში მაგიდას უზის მობუზული ქალი და როგორც ჰორიზონტზე ჩამავალი მზე, მხოლოდ საკუთარ თავს ანათებს.
1995 წლის 25 მარტს გააპროტესტე შენი დაბადების დღე, შინ არ დავრჩებიო. მაინც ბევრმა მოგილოცა. მაშინ გამიკვირდა, ახლა მეფიქრება, რომ პროტესტის მიზეზი შენს გონში ჩადებული ინფორმაცია იყო ან სიგნალი შეუცნობლიდან მარადიული ასაკის შესახებ?! დედაშენი თავისი დარჩენილი ცხოვრება იძულებულია ყოველ გაზაფხულზე 17 წლის იუბილე მოგილოცოს.
დაბადების დღეს გილოცავ ღიმილის ბიჭო!





Wednesday, March 18, 2015

                                          გაბო ისევ მაოცებს

მე და გაბო ტელევიზორს ვუყურებთ, გაბო  მინორულ განწყობაზეა.
  - რა ხდება გაბო?- ვეკითხები მოფერებით
  - არ მინდა აქ, ავსტრალიაში მინდა!
  -  მერე? გაგიშვებთ!
  - ნუ მატყუებ!- მიპასუხა ირონიულად. ამასობაში ტელევიზორში რაღაც ეროტიკული მომენტის გადართვა მოვასწარი.
   - ბებო, ან უნდა გადართო ან თვალი უნდა დახუჭო და მერე კინოში სხვა რამე იქნება ხომ?
   - ჰო, გაბო!
   -ბებო, შენ მერე არავინ გიყვარდა?- მივხვდი საით უმიზნებდა ეს ჭკუისკოლოფი მატრაბაზი,მაგრამ თავი გავისულელე
  -მანჩო ძიას შემდეგ?
  - არა, ბაბუს შემდეგ, აი ტუჩებში რომ უნდა აკოცო ისე არავინ შეგიყვარდა? ანუ მეორედ არ გიყვარდა?- "გამიასნა" გაბუკამ
  -არა!
 -არც მესამედ?- არ მეშვება ბავშვი
  -არა, არავინ არ შემიყვარდა გაბო!
  - ბებო, მე არ მინდა ვინმე მოვიყვანო, ან აქ უნდა ვიცხოვროთ, ან სხვაგან, მე აქ მიყვარს და იმას რომ არ მოეწონოს, გამშორდება და ამიტომ არ მოვიყვან!
  - გაბო, მოდი, ამაზე დიდი რომ გაიზრდები მერე იფიქრე!
  - კარგი ბებო, ახლა დავწვეთ, შენთან მინდა, ოღონდ არ მომატყუო, გამორთე ტელევიზორი და კომპიუტერი!- ვემორჩილები ჩემს კაცს, ჩვენ ლოგინში ვაგრძელებთ მასლაათს, მერე გაბუკა იძინებს , მე ვდგები ჩუმად, ტელევიზორში კინოს შევხედავ, შემდეგ ამ ვირტუალურ სამყაროშიც შემოვიჭყიტები ხოლმე. ასე  მეორდება  ყოველღამე. ლოგინში ისეთ თემებზე მესაუბრება, რომ მაკვირვებს, მაგრამ თუ იმ მომენტში არ ჩავიწერე მავიწყდება. თვითონაც მიბრაზდება,  ეს არ ჩაიწეროვო,  მე კი ძალიან  მენანება გაბოს ბაგიდან ამოფრქვეული  დაკარგული მარგალიტები.







Friday, March 6, 2015

                                             ჩვენი დიალოგი

  გაბო ბაღიდან მომყავს, ბუზღუნებს, ლეგოს აწყობა უნდა დაემთავრებინა
- ნუ გეშინიოდა, მე ავაწყობდი ბაღში, უხმიოდ ვითამაშებდი!
- არ მეშინია გაბო, ლიზი იყო შენს გვერდით?- გაბო იმორცხვებს
- არა, სხვა გოგოა, მე ვეხუტები, ის კი მკოცნის!
- ესე იგი გიყვარს გაბო?
- ბებო, მე შვიდწლინამდე, თუ რვაწლინამდე არ უნდა წავიდე სკოლაში?!- გადადის სხვა თემაზე გაბო, არ უყვარს ამ თემაზე საუბარი. შინ მისულს მეუბნება
- უდიდეს ბოდიშს გიხდი, მაგრამ წყალი უნდა დამალევინო და მაჭამო!
- რა გაჭამო გაბო?
- მაგას სამზარეულოში მოვიფიქრებ! -  ცოტა ხანში ეთოს და გუჯის უბრაზდება
- არ მინდა აქ ცხოვრება!
- სად გინდა გაბო?
- სადმე შენთან  მარტო მინდა  ცხოვრება, მაგრამ იტირებენ ეთო და გუჯი,  მაშინ აქ ვიცხოვროთ, თან მიყვარს ეს სახლი!
 - კარგი გაბო, დავრჩეთ! - დაწოლისას აჭყიპინდა
- ცუდი რეკმამა იყო ბებო და არ დამეძინება, მოდი ჩაგეხუტო, მიყვარხარ, შენ რომ არ მყავდე რას ვიზამდი, ისეთი თბილი ხარ და საყვარელი!
- მეც მიყვარხარ გაბუკა ძალიან!

- იმიტომ რომ მანჩო ძიას ვგევარ?!- არაფერს ვეუბნები, ვეფერები, ჩვეულებრივ  ვეჭორავები ძილის წინ. გაბო იძინებს. ვუყურებ მძინარეს და ვფიქრობ ნუთუ მართლა იმიტომ მიყვარს ასე რომ  "მას"  ჰგავს, მასავით  გონიერია და მასავით ლამაზი ენა აქვს?!   არ ვიცი, ის კი ვიცი , რომ გაბუკა ღვთის საჩუქარია, ის კაცია, რომელმაც ხელახლა დამაწყებინა ცხოვრება, მადლობა ამისთვის უფალს!