Sunday, December 21, 2014

                                         გაბო თოვლის ბაბუზე და სიზმარი

ბავშვებს პირველი წლები ნამდვილი თოვლის ბაბუა დასდიოდათ სახლში და თან დიდი ხურჯინით საჩუქრები მოჰქონდა, იყო ერთი ჟივილ-ხივილი, მხიარულება, ცეკვა-თამაში. პატარები გაფაციცებით აკვირდებოდნენ, მართლა ნამდვილი თოვლის ბაბუ იყო თუ არა. ეთო რა თქმა უნდა ხვდებოდა, რომ ეს გამოძახებით იყო, გუჯი წასვლისას დადარაჯებია თოვლის ბაბუს და ტაქსით რატომ წავიდა, მარხილი სად არის, ეტყობა არ არის ნამდვილი, თან წვერებს წარამარა ისწორებდა, გვატყუებთო? დაგვაყარა კითხვები. ყველაფრის ავტორმა, მატამ გადაწყვიტა, შემდეგში თოვლის ბაბუ კი არ მოსულიყო, არამედ საჩუქრები გამოეგზავნა და ბავშვებს ნაძვის ხის ძირში  ეპოვათ ხურჯინი.  ერთ საღამოს მე და გაბო ძილის წინ ვსაუბრობთ, გაბო მეუბნება
-ბებო, ახალ წელს მატას და თოვლის ბაბუს ლეგო უნდა ვთხოვო, არაუშავს თუ მატამ ვერ მომიტანა, დაიღალა მატა, თოვლის ბაბუმ მომიტანოს! 
- გაბო, რით დაიღალა მატა?- ვეკითხები მე, გაბო პასუხს არ მაძლევს და ეშმაკურად ეღიმება. ვხედავ, რომ გაბოც მიხვედრილა ყველაფერს და თან მატაც რომ ებრალება!  მაგარი კაცია გაბო! 
-კარგი გაბო დაიძინე!
- ვერ ვიძინებ, სულ თვალები მაქვს გახილული, კედლიდან, ძაღლები, კატები, ლომები მოდიოდნენ და სულ აქ ვიხედებოდი. ცოტა ხანში რაღაც გრუხუნი გაისმა, გაბომ თავი წამოჰყო
-ოჰ, რა კარგად მეძინა, გამაღვიძეთ, კარგი არა უშავს! ისეთი სიზმარი იყო, რომ არ გახსოვს და არც გეშინია, ყველა ჩემთან მოდიოდა, თოვლის ბაბუც იყო.





Wednesday, December 17, 2014

                                                      გაბო მუშაობას აპირებს

გაბო ადრე იღვიძებს და თავზე მადგება.
-ჯერ კიდევ არ ამდგარი ხარ? მე უკვე ადგომილი ვარ. ზიარებაზე თუ მიდიხარ სეფისკვერი მომიტანე!- უცებ თავი აარტყა ტახტს, ატირდა მწარედ, ვამშვიდებ და ტახტს ვურტყამ, ვუწყრები, გაბოს რატომ ატკინეთქო.
-რათ უნდა დარტყმა, ადამიანი კი არ არის! სულ თავს ვურტყამ, თავის მტყელელი უნდა გამოვიდე, ცოდო არ ვარ?!- მერე გუჯიკოსთან და ეთოსთან მოუვიდა კამათი.
- ბებო, ტიკ-ტაკი შემიჭამეს ეთომ, მერე გუჯამ, მერე ისევ ეთომ და ასე შემდეგ, ახლა ოთხი მტერი მყავს!
- ვინ გენაცვალე?
 -ორი წიტაიშვილი: ეთო, გუჯა,  და ორი ბაღელები:  ქსოვრელი და თომა. ნეტა საიდან იჩითებიან ასეთი ბავშვები?!  აუ, ბებო მასკლოკინებს წყალი დამალევინე!- ვასმევ.
-ბებო, იღლები ხომ?! წყალი მინდა, ჭამა მშია, ჩახუტება მინდა, ძაღლები მინდა, აცრილი არიან! და ასე შემდეგ.
- კი,  გაბო, ვიღლები!
- რომ გავიზრდები, ვიმუშავებ, სახლსაც ვიყიდი, სახლსაც ძაღლის, აცრილს მოვიყვანთ,  მე მოვუვლი, ეზოში დავსვამთ!
-ოჰ, გაბო ოღონდ ძაღლი არა, მეყოფა ამდენი ცხოველები!
- ბებო მე მოვუვლი, ძაღლს ვერ მოვუვლი?!  პატარა კი არა ვარ, ამ სახლს არასოდეს გამოვტოვებ (დავტოვებ, უყვარს ნუცუბიძეზე სახლი, ტირილს იწყებს სადმე გადასვლა რომ ვახსენოთ, თან უბანში კარგი ავტორიტეტი აქვს, მაგარი ყმაა). აქ მოიყვანს გუჯა ცოლს და მეც, მაგრამ მე ცოლის მოყვანა არ მიყვარს, ბაღში ჩემს გარდა ყველას ჰყავს.





Tuesday, December 16, 2014

                                                მანჩოს წინდახედულება    

  არიან ადამიანები, რომლებიც სამყაროს აკეთილშობილებენ, ალამაზებენ, გასაძლისს ხდიან ყოფას. ვცდილობ მანჩოს ბუნების თუნდაც მცირე ნიუანსები გადმოვცე. ის ყველას გვაერთიანებდა, ერთმანეთის სიყვარულს გვასწავლიდა. მანჩო ის ტკივილია, რომელიც არ ყუჩდება, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს. იშვიათები ცოცხლობენ არა წლობით, არამედ წამებით, არადა მისი ცხოვრება ნებისმიერი მოკვდავის სიცოცხლეზე მარადიული და ხანგძლივია. რამდენი რამ იყო, იყო ბავშვობა, სკოლა, ქუჩა, მეგობრები, ჩხუბიც, რამოდენიმეჯერ  სიკვდილს ჩახედა თვალებში, მაგრამ არასოდეს სუსტის დაჩაგვრა. საოცრად ეხერხებოდა ემოციების მართვა და არ მახსოვს საკუთარ თავზე კონტროლი დაეკარგოს. წავიდა და დაგვტოვა ყველა, ცხოვრების აზვირთებულ ტალღებში.
  ადრე ჩემს მოგონებებში ვახსენე, რომ ჩვენ მანქანა მოგვპარეს. გუჯა ამას ძალიან განიცდიდა, არა იმიტომ რომ მანქანას მისტიროდა, შეურაცხყფილად გრძნობდა თავს, როგორ მაკადრესო ( ელგუჯა გულედანი კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა, მას მთელი აფხაზეთი სცემდა პატივს, ცნობილი იყო  როგორც კარგი ლექტორი, მოჭადრაკე, მეთევზე, მონადირე, მოთამადე, სპორტის , თეატრის ქომაგი... მოკლედ კარგი ყმა იყო) თან მის რისხვას ის ინფორმაცია ამძაფრებდა, თითქოს მანქანა სვანეთში ენახათ, სვანებმა ეს როგორ გამიბედეს, პასუხს ვაგებინებ ამის გამკეთებელსო.( გუჯას სვანები ნომერ პირველ სვანს ეძახდნენ, დიდი ამტორიტეტი ჰქონდა და დიდი ამაგიც, თუ ვინმეს უნივერსტეტში რამე  სჭირდებოდა გუჯა იყო პატრონი) მანჩოს  ძალიან უყვარდა ჩვენი  "სემიორკა."  მამა-შვილი ხშირად დადიოდნენ  სათევზაოდ თუ სანადიროდ. გუჯა მანჩოს ანებივრებდა, მეოთხე კლასიდან ატარებინებდა მანქანას. 
 იმ ავადმოსაგონარი მოვლენების შემდეგ,  ოცდაშვიდ სექტემბერს გზას ფეხით რომ დავადექით, ჩხალთაში, თუ ნაკრაში (კარგად არ მახსოვს) ღამით შევისვენეთ. მანქანების ტევა არ იყო. რა თქმა უნდა იქიდან მანქანების გამოყვანა  ძალიან საძნელო იყო და ბევრმა იქვე დატოვა. სიბნელეში შევამჩნიე, რომ მანჩო რაღაც აფორიაქდა, მოძრაობდა, თითქოს რაღაცის შემოწმებას ცდილობდა. ვკითხე, რა ხდება, სად იკარგები ამ სიბნელეშითქო და არაფერიო, მიპასუხა. დავადექით ისევ გზას და ჭუბერში ჩავაღწიეთ,  შემდეგ სამეგრელოში გადავედით  და მხოლოდ მაშინ უთხრა მანჩომ მამამისს, ჩვენი მანქანა ვიპოვეო.  გუჯა გადაირია, რით ამტკიცებ რომ ჩვენი იყო და რატომ იქ არ მითხარიო. მანჩოს გაუგია მანქანის მეპატრონის გვარი, და ისიც მოუხერხებია, წინ სიდენიის ქვეშ ის ნატყვიარი ენახა, რომელიც უტყუარი დასტური იყო, რომ მანქანა ჩვენი იყო. ( ნადირობისას იარაღი გავარდნიათ მამას თუ შვილს არ ვიცი და ტყვია მეორე მხარეს იყო გასული, როცა მიმგვანებულ მანქანას ანახებდნენ გუჯას, უცებ სიდენიის ქვეშ დახედავდა, ნატყვიარი იყო თუ არა).ამან მთლად გადარია გუჯა,  ვერ მშვიდდებოდა, ცოფებს ყრიდა, მანჩომ დაამშვიდა.
 - მა, შენთვის რომ მეთქვა, არაფრით არ შეიძლებოდა, წარმოდგენილი მაქვს იქ რა დატრიალდებოდა, შენ თავს ვერ შეიკავებდი, და შეიძლება ეს ამბავი მკვლელობითაც დამთავრებულიყო!- როგორც ყოველთვის მანჩო მართალი იყო და წინდახედულად მოიქცა, მაშინ მხოლოდ თოთხმეტი წლისა იყო.
 "ამქვეყნად მხოლოდ ჩვიდმეტი წელი არგუნა განგებამ. ის,  რაც ღმერთმა  მის ამქვეყნიურ სიცოცხლეს წლების სახით დააკლო, ჩვიდმეტი წლის სილამაზედ და სივაჟკაცედ ჩაეღვარა მის ელვარე, შუქიან თვალებს, გაშლილ პირისახეს, ლამაზად აშოლტილ ტანსა და ბეჭგანიერი მხრების გაშლას. მისი სახით ამქვეყნად სილამაზე მოვიდა. ასე ლამაზად მერცხლები მოფრინავენ საქართველოში გაზაფხულის პირს ბუდეების გასაწყობად. გაზაფხულის სილაღეს შეფარვია მისი ბავშვობა- სიჭაბუკის უმშვენიერესი დღეებით ნაქარგი ჩვიდმეტი წელი." .......
                                                                                      ნატო უდესიანი





Sunday, December 14, 2014

                                                     წინ დახვედრილი სიკეთე

  წუთისოფელი რომ წუთისოფლობდა კი ვიცოდი, მაგრამ წუთზე ხანმოკლე თუ იყო არ მეგონა! მახსენდება დიდი შოთას სიტყვები:
"ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი,
წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!"
   სოხუმი... 1993 წლის სექტემბერი...  გაგანია ომია... ჩვენ მანქანა  არა გვყავს (მოგვპარეს) და  გაჭირვებით ვახერხებთ აეროპორტამდე მისვლას, მაგრამ უშედეგოდ, ვერ ავდივართ თვითმფრინავში და ისევ უკან ვბრუნდებით. მოზღვავებული, შეშინებული  ხალხი მიცვალებულს არ სცემს პატივს, სადაა მიცვალებულის ადგილი, ჯობია ცოცხლები გადავრჩეთო, და ჩვენ რას გავხდებოდით.(შიშს მართლა დიდი თვალები ჰქონია, სამი დღე ატარა მიცვალებული ერთმა სამხედრომ, ბოლოს იყვირა,  დღესაც თუ არ მომცემთ საშუალებას ავასვენო,  ლიმონკას ავაფეთქებო. მრცხვენია, მაგრამ სიმწრით გამეცინა). ასე გაგრძელდა რამოდენიმე დღე. როცა მასიური დაბომბვები იწყებოდა, ჩავდიოდით სარდაში და იქ ვიმალებოდით.  ძალიან შეშინებულს  მანჩო მყავდა პრობლემად, ის სარდაფში არ ჩამოდიოდა, უფრო ქუჩაში იყო, თან გვეურჩებოდა, თქვენ წადით, მე სოხუმს  არ დავტოვებ, ორი "ლიმონკა" მაქვს და ჩემს სახლში შემოჭრილებს თავად გავუსწორდებიო. მოკლედ ბოლო დღეა, 27 სექტემბერი,  უკვე სოხუმის ქუჩებში გააფთრებული ბრძოლაა, ქალაქი ყველა მხრიდან იბომბება.  მეზობლებთან ვისხედით და ვბჭობდით რა გვექნა. ერთი მეზობელი რუსი იყო, მეორე აფხაზი, რომელთანაც ჩვენთვის უცნობი ქალბატონი იყო სტუმრად. მეზობლები გვამშვიდებდნენ, თქვენი ოჯახი ყველამ იცის,  "სვეტაია სემიას!" გეძახიან,  ხელს არავინ გახლებთ, დარჩითო. მეორე გვეუბნებოდა, თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ შეგეხონ, მაგრამ  მანჩოს რა მოვუხერხოთ, ასეთ ლამაზ, სვან ბიჭებს ცოცხალს არ ტოვებენ და  ამის მეშინიაო. რა ჭკუაზე ვიქნებოდით,  თან მანჩო დამალვაზე სასტიკ უარს ამბობდა. ამ საუბარში ვართ და ის სტუმარი ქალი მანჩოს ეკითხება, შენ მანუჩარ გულედანი ხარ და ესენი შენი მშობლები არიანო? მანჩომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ქალი წამოხტა, ჩაეკონა, მადლობები უხადა, ლამის იტირა.  ჩემი გოგონები საბერძნეთიდან ყოველ დარეკვაზე  აღფრთოვანებით მესაუბრებიან შენზე,  რა საოცარი ბიჭი ყოფილხარ,  ფოთში რომ გავუშვი მარტოები, ძალიან მეშინოდა,  ჩასვლისთანავე დამირეკეს და დამამშვიდეს,  ისეთი კარგი ბიჭი შეგვხვდა, დაგვაბინავა, არ ინერვიულოვო. საოცარია, ბედმა როგორ დროს  შეგვახვედრა ერთმანეთს, ქალი ემოციებს ვერ თოკავდა.
  ახლა კი გამახსენდა ყველაფერი.
  ერთ დღეს მანჩო აღფრთოვანებული მოვიდა შინ ( მაშინ ფოთში ვიყავით), ორი სოხუმელი დები ვნახე პორტში შეშინებულები, პირველად იყვნენ ქალაქში და აზრზე არ იყვნენ საით წასულიყვნენ, ფოთიდან საბერძნეთში აპირებენ გამგზავრებას. მეც სოხუმელი ვარ, ნუ გეშინიათ მეთქი, ბიჭებს უფლება არ მივეცი ზედმეტი ეკადრებინათ სტუმრებისთვის, ახლობელთან დავაბინავე, ერთი შენ გგავს ძალიან, მიმართა მატას, მინდა გაგაცნოთო. გაცნობა არ მოხერხდა, მაგრამ გოგოებს მანჩო ეპატრონა, გემით მშვიდობიანად გაამგზავრა. მათ კი დედისთვის მოუყოლიათ მანჩოს გულისხმიერების ამბავი. სწორედ მათი დედა გვესაუბრებოდა ახლა. თვითონ გვარად ახალაიამ ( თუ ადამიამ)  ქალიშვილები  გაარიდა ქალაქს, მეუღლე კი სამხედრო პირი, აფხაზი ჰყოლია და თქვენზე ხელს არავის ვახლებინებო, "ტოლკა ჩერეზ ნაშ ტრუპო! "- იძახოდა, მაგრამ აბა რას დავრჩებოდით, ერთადერთი გზა გვრჩებოდა ჭუბერის გზით ფეხით წამოვსულიყავით და როგორც იქნა გამოვაღწიეთ. უღელტეხილზეც საკმაო ტკივილი და სირთულეები გადავიტანეთ, თუმც ეს უკვე ცალკე თემაა. იქ სასწაულად გადავრჩით, რისთვისაც უფალს მადლობას ვწირავდი, მაგრამ თურმე....
  გალაქტიონი მამშვიდებს:
   " ყოველივე ქარია და ჩვენება!
     ოჰ! სიცოცხლეც უეცარი ქარია...
     მარადია ერთადერთი, მშვენება."
დიახ, შენი მშვენება, სულის მშვენება, სრულყოფილება, უზადო ღიმილი და ის ტკბილი წუთები, საათები, დღეები, რომელიც შენთან ერთად დაიფერფლა უცვლელად დამრჩება.





                                                   უცნობი მოგონებები

  ნორმალურ ახალშობილს აქვს ყველა ზნეობრივი თვისების ჩანასახი და ამ ჩანასახის ზრდა-განვითარების, ჩამოყალიბების, დახვეწის შესაძლებლობაც.
     "სწორი არზრდით ჩამოყალიბებული ზნეობა. სრულქმნილი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ თუთაშხია, იმ კაცთაგანია, რომელნიც სრულქმნილებასთან ყველაზე ახლოს არიან."
გარდაცვლილი შვილის გახსენებისას დედა ყოველთვის მის საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს. ძალიან ხშირად სევდიანი ფიქრებით ვბრუნდები წარსულში, თვალს ვავლებ მანუჩარ გულედანის ბავშვობას, ყმაწვილკაცობის ეპიზოდებს და მისგან წყენას, გულისტკივილს ვერ ვიხსენებ. სამივე შვილი განურჩევლად მიყვარდა, მაგრამ მანჩო ის სითბო იყო, რომლითაც მყუდრო ვიყავი, ის სინათლე იყო, რომლის წყალობით კაშკაშებდა ჩემი წუთისოფელი, მეამაყებოდა ასეთი შვილი, რომელსაც ყველაფერი კარგად გამოსდიოდა.
  მანჩო არ იყო ზედმეტად მოლაპარაკე, თავისთავზე კი საერთოდ არ საუბრობდა. რამდენი  დაგვიტოვა მოსაგონრად და რამდენი რამ კიდევ არ ვიცით  მის შესახებ. ახლახან მანჩოს საუკეთესო მეგობარი, ირაკლი მებონია დაოჯახდა ( უნდა აღვნიშნო, რომ ირაკლიმ დიდი ტრავმა მიიღო მანჩოს გარდაცვალებით, მან და დედამისმა, ქალბატონმა მაყვალამ,  თავიანთი განცდები საგაზეთო სტატიებში გამოხატეს).  როცა ლელა მისალოცად მივიდა ოჯახში რა თქმა უნდა სასაუბრო თემა მანჩო იყო. ოჯახის თითოეულ წევრს საოცრად უყვარდა ჩემი შვილი. მაყვალა ( ირაკლის დედა) იტყოდა ხოლმე, მანჩო რომ შემოდის სახლში კედლებიც იცინიანო. საუბარში დედ-მამის მოგონებები.
ირაკლის დედა:
 "სოხუმის  დაცემის დღეებში აეროპორტში ერთმანეთს რომ შევხვდით, გახსოვთ ალბათ თუ როგორ ვიწვალეთ, ვერ ვახერებდით თვითმფრინავში ჩასხდომას. მე ვწუხდი დედაჩემის გამო, რომელმაც სოხუმში დარჩენა არჩია და არაფრით არ გამომყვა, უკან ვერ მივბრუნდებოდი, რადგან ის რაიონი  უკვე ძალიან საშიში იყო. მეორე დღეს მანჩომ მითხრა: " მაყვალა დეიდა, დამშვიდდით, მე ვინახულე დედათქვენი და კარგად არისო."
ირაკლის მამა:
 "ერთ წვიმიან ამინდში მანქანა ღრმა ტალახიან ორმოში ჩამივარდა, მუხლებამდე იყო ტყლაპო და ვერაფერს ვახერხებდი. უცებ ვიღაც მაღალი, ლამაზი ბიჭი გამოჩნდა, შარვალი აიკაპიწა,  შეაბოტა იმ ტალახში  და მანქანა ამომაყვანინა. როცა ვკითხე ვინა ხარ შვილოთქო, ელგუჯა გულედანის ბიჭი ვარო, მიპასუხა."
 ეს რომ გავიგე გავოგნდი (თუმცა მანჩოსგან გასაკვირი არაფერი იყო), როგორ მოახერხა, იმ გაგანია ომში მაყვალას დედის მონახულება ისე, რომ ჩვენ ვერაფერი გავიგეთ. მანჩომ შიში  არ იცოდა. ყოველთვის მეშინოდა მისი ამაყი, უშიშარი ბუნების გამო, სიკვდილი კი სულ სხვა მხრიდან  მოგვეპარა.
.........................................................................................
...........................................................................................
  ჩვიდმეტი წლის იმდენს გასწვდი, იმდენ სიბრძნეს აფრქვევდი,
  მიწიერი აღარ იყავ, მაღლა ზეცად ახვედი....
                                                                    მარეხ ბაღიშვილი

ო, რამხელა გაიზარდა, დამშვენდა და ისიც როგორ!
ამ ზრდილობით სავსე სვანთან, ჯვარს ვიწერო- უთქვამს გოგოს!
შენ გეტრფოდა აგრე რიგად, ფერიების გუნდი მანჩო!
დღეს კი სად ხარ ბედის გრიგალს ლამის ვეცე და მივახრჩო!
 ...................                                                        ამირიდონ ჩეგიანი                                                        




Friday, December 12, 2014

                            მანჩო, მასწავლებელი და გუჯას მეგობარი   

  ჩვენი ამქვეყნიური ყოფა რაღაც დიადის და მარადიულობის კარიბჭეა. მცირე დროში  უნდა მოვასწროთ სამყაროს რეალური სახის დანახვა. ყოველი წუთი გვაახლოვებს  მარადისობასთან. ამ მშფოთვარე სამყაროს წინაშე უძლეველია მხოლოდ ღვთის სიყვარული, მისი მეუფება სამყაროზე.              
   მანჩო მაშინ მეხუთე კლასში იყო.  ქართულის მასწავლებელი დროებით ახალგაზრდა დამწყებმა მასწავლებელმა შეცვალა. პედაგოგი ძალიან ნერვიული აღმოჩნდა  და ბავშვებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდა. მშობლებს დიდი პროტესტი გვქონდა, მაგრამ ვითმენდით იმის იმედით, რომ მალე ისევ მოგვიბრუნდებოდა ჩვენი მასწავლებელი. ერთ დღეს სკოლაში მივაკითხე ბავშვებს, რაღაც ჩოჩქოლი გავიგონე და ვხედავ, მანჩო მოდის ყურებდასისხლიანებული, თავჩაქინდრული  და  ლამის მთელი  სკოლა  მოჰყვება უკან,  თავში მწარედ ჩაარტყეს და თავბრუ ეხვევაო. ძნელი წარმოსადგენი არ არის რა დამემართებოდა. ბავშვს ხელი მოვკიდე და სამასწავლებლოში შევიყვანე, კლასელებიც  შემოიყვანეს. იმ ჯიხვმა თავი იმართლა, მერხი ამოკაწრაო, ბავშვებმა სხვას დაადეს ხელი, მანჩო არაფერ შუაშიაო. ერთ-ერთმა პედაგოგმა მანჩოს მიმართა რატომ არ თქვი, რომ შენ არ იყავი დამნაშავეო. მანჩომ საოცარი პასუხი გასცა. რატომ უნდა მეთქვა, ისიც ხომ გაილახებოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა რომელი გავილახებოდითო.პრინციპით, "ძაღლი, ძაღლის ტყავს არ დახევსო" პედაგოგები ეცადნენ მაინც კოლეგა გაემართლებინათ. მერე ეს ამბავი გუჯამ გაიგო  და  დასაბმელი გახდა, მერხის გამო მიკლავდით შვილს, სკოლას დავაქცევო,  დირექტორიც ჩაერია,  პასუხს მოვთხოვო. (დიდებულ პედაგოგს, ბრწყინვალე მათემატიკოსს, კარგ მოჭადრაკეს, სპორტის მოყვარულ დირექტორს, ლეონტი ქუხილავას მანჩო ძალიან უყვარდა, მაგარი ბიჭი იზრდება, მედალი უნდა ჩამოგკიდო ასეთი შვილების გაზრდისთვისო, მეტყოდა ხოლმე)  გუჯას საოცარი მეხსიერება ჰქონდა, და  გაახსენდა, რომ ამ მასწავლებელს მასთან საგანი არ ჩაებარებინა. ვის ჩააბარე ფილოსოფია, ათეიზმს ხომ  ჩემს მეტი არავინ კითხულობს, დიპლომი როგორ აიღე, მდივანმა ჩაგიწყო ეტყობა, ღირსი ხარ დიპლომი გაგიუქმოვო. ის საცოდავი ბრინჯივით დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო.  მაგრამ გუჯა ის კაცი არ იყო,  მართლა გაეფუჭებინა.  როგორც შემდგომში გავიგეთ ის ქალი  გუჯას მეგობრის,  (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვწერ), უკეთილშობილესი ადამიანისა და  კარგი მოჭადრაკის, (გუჯა თვითონაც ჭადრაკის კარგი მოთამაშე და მოყვარული იყო და ყველა მოჭადრაკესთან მეგობრობდა, მახსოვს სოხუმში მათი თავშეყრის ადგილს "ბრეხალოვკა" ერქვა)  მეუღლე აღმოჩნდა.  გადარეულა, ელგუჯა გულედანის ბიჭი როგორ ცემე, ეს საოცარი ბუნების ბავშვი, როგორ შევხედო მათ თვალებშიო. აი რა მოუყოლია ცოლისთვის:
  "ერთ დღეს მე და ბავშვებს კინოთეატრ სოხუმში ამერიკული ფილმის სანახავად მისულებს  სალაროსთან უშველებელი  რიგი დაგვხვდა,  მანჩო წინ მდგარა, მე ბოლოსკენ ვიდექი, შესაძლებელი იყო ბილეთი არც შემხვედროდა. მანჩოს შევუმჩნევივარ, ვუცნივარ,  ბილეთები აუღია ჩვენთვისაც, თქვენ ხომ მამიკოს მეგობარი ხართო და სამი ბილეთი ხელში დამაკავა.  გამაოგნა ასეთი პატარა  ბავშვის ყურადღებამ, გულისხმიერებამ, მას ხომ მხოლოდ ერთხელ ვყავდი ნანახი  მამამისთან." ამ მონაყოლმა ეტყობა ცოლს  გული გაულღო და შემომითვალა, მოვიდეს, ბოდიშს მოვუხდიო. არც მიფიქრია მივსულიყავი და საბოდიშო სიტყვა მომესმინა, ეს ჩემს ხასიათში არ ჯდება. მას კი სინდისის ქენჯნად ისიც ეყოფოდა, რომ ბავშვს არაფრის გამო ტვინის შერყევა  მიაღებინა.
 სიყვარულის სილაჟვარდე, ჩვიდმეტი წლის სინორჩე,
გაიყოლა ბედისწერამ, ვაჟკაცური ღიმილი.
რამდენი რამ უნდა გეთქვა, ქვეყნის ამაოებამ -
იარებად ამოხეთქა, ჩაღვინთა სათნოება!







                                                      გაბოს უფულობა აწუხებს

გაბო ბაღიდან მოვიყვანეთ.
-მშია!- ყვირის გაბო
- რა გინდა, რას შეჭამ?- ვეკითხები
-მწვადი არ მიყვარს, ხოლმე-ხოლმე წიწაკები მხვდება, არც შოკოლადი-კუჭს მატკიებს!
- გაბო, არც მწვადი გვაქვს და არც შოკოლადი, კაკაო გინდა?
-კი, კაკაო მომირჩენს მშიერებს! -  საღამოს აცხადებს
-არ მაინტერესებს არავინ, მე დედასთან ვწვები!
- გაბო, არ გიყვარვარ?
- კი, ცოტა მიყვარხარ!
- ადრე ბევრი გიყვარდი!
-რა ვიცი, ახლა დედა მოვინდომე, სულ გუჯი რატომ უნდა იწვეს დედასთან?- შემდეგ ლელას მივარდა პლასტილინი მიყიდეო (ყოველდღე ითხოვს პლასტილინს).
- გაბო, ვერ გიყიდი, არ მაქვს ფული!- კატეგორიულად მიმართა დედამისმა.

-ლელა, ვაბშე, რატომ დამთავრდა შენი სამსახური?!- წამოიძახა შეწუხებულმა გაბომ.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            

Wednesday, December 10, 2014

                                          გაბო კინგ-კონგს უყურებს

  დივანზე მოკალათებული ბავშვები კინგ-კონგს უყურებენ, გაბო ლელას კალთაში უზის და ისიც გაფართოებული თვალებით მისჩერებია ეკრანს, თან კომენტარებს არ იშურებს. კინგ-კონგს ხელში ქალი უჭირავს და ებრძვის დინოზავრებს, გაბო ნერვიულობს და ჭკუას ასწავლის, დასვი ის გოგო ძირს და ისე იბრძოლეო. მოგვიანებით ქალის ხელში აყვანისას გაბომ კინგ-კონგს ისევ მიმართა
-ახლა ტუჩებში ხომ უნდა აკოცო?!-

 სამწუხაროდ გაბოს შენიშვნები ფილმის გოლიათ გმირს არ მიუღია

Sunday, December 7, 2014

                                                  .



    უცნობი ბიჭები

                                             
                                                                 (გია ფარულავას მონაყოლი) 
    ერთ დღეს  რუსთაველზე მე და მანჩომ  ბიჭები გავიცანით, საუბარში მანჩომ მათ მოწყენის მიზეზი ჰკითხა. ერთ-ერთმა თქვა, წაგებული ხუთასი დოლარი მაქვს ხვალ ჩასაბარებელი და ვერ ვშოულობო.  მანჩომ ბიჭებს გვითხრა ფული მოვაგროვოთ და ვიქეიფოთო,  შენ კი რაც შეიძლება მეტი უნდა გამოართვა მამაშენს, დამავალა სერიოზულად მე. მეორე დღეს   რუსთაველზე  ის ბიჭი იპოვა, ჩვენი მოგროვოლი ხუთასი დოლარი მისცა  და უთხრა, არასოდეს ითამაშოვო. გაოგნებული მეგობრები კი დაგვამშვიდა, ქეიფს მერეც მოვასწრებთ,  იქნებ შემდეგში არ ითამაშოს, ცოდო იყოვო. არ დამავიწყდება იმ ბიჭის სახე, ასე მხოლოდ მანჩოს შეეძლო მოქცეულიყო, დარწმუნებული ვარ მართლა არასოდეს ითამაშებს,  მანჩოს სასწაულად შეეძლო ადამიანებზე ზემოქმედება, ძლიერი ლოგო ჰქონდა.
     " ქონებას თვისას მათხოვრები ითვლიან მხოლოდ!"
 შექსპირის ამ სიტყვებს ხშირად წამოიძახებდა ხოლმე  ცოტა ხნით სიყვარულისთვის, სიკეთისთვის ჩამოსული ანგელოზი.
  მე  ერთ დღეს ვიქეც ცივ ლოდად,
 კარგად არ მახსოვს რა მოხდა..
მაგრამ ვიცი რომ არ მოხვალ.... 

      მანჩო აცდენდა ხოლმე ლექციებს, მე პროტესტი მქონდა, ის კი ღიმილით მამშვიდებდა, დე ჩავაბარებ გამოცდას და დიპლომსაც მოგართმევ თავის დროზეო, კი გაქვთ ორ-ორი დიპლომი შენ და მამას მაგრამ რა?! მთავარია როგორ გამოიყენებ, ცხოვრება უნდა შეგეძლოს. ერთ დღესაც ლელა უნივერსიტეტიდან  ლამის ტირილით მოვიდა. ლექტორმა ფეხზე დამაყენა და პასუხი მომთხოვა შენი ძმა რატომ არ დადისო. მანჩოს ხმა არ ამოუღია, საერთოდ ნაკლებად მოსაუბრე იყო, ვერასოდეს მიხვდებოდი რას მოიმოქმედებდა. მერე გამაგებინეს, რომ იმ ლექტორს პასუხი მოსთხოვა, ჩემი და რა შუაში იყო, მეტჯერ არ გაბედოთ ასეთი არაკაცური საქციელი.  აგერ ვარ და მე გიპასუხებთ  არ მინდა თქვენს ლექციებზე სიარული და არ დავდივარ, გამოცდას კი ჩავაბარებ. ხმა ვერ ამოუღია იმ ლექტორს, რომელსაც დიდად კარგი სახელი არ ჰქონდა.  როცა ეს ამბავი გავიგე, დავტუქსე, ეს როგორ გაბედეთქო. არავის მივცემ უფლებას, გინდა ლექტორი იყოს გინდა რექტორი ჩემი და ატიროსო,მიპასუხა მოჭრით. თავის დებზე უზომოდ შეყვარებული,მართლა ვის რას გააბედინებდა?! სხვათაშორის იმდენად ნიჭიერი იყო, გამოცდებზე მაინც მაღალ ნიშნებს იღებდა. რა ვიცი ეს სწორი იყო თუ არა , მაგრამ თვით ლექტორებმაც აღიარეს, რომ მანჩო მართალი იყო, მითუმეტეს მე და გუჯაც უნივერსიტეტის თანამშრომლები ვიყავით.

    აქვე მინდა გავიხსენო კიდევ ერთი მომენტი,როდესაც მანჩო ისევ ძალიან ახლოს იყო სიკვდილთან მიახლოვებული.აფხაზეთის ცნობილი  მოლაპარაკებების დროს მე და მანჩო სოხუმში ჩავედით, გუჯა წინააღმდეგი იყო, ეს ჩვენ გამოვიტანეთ შეიარაღება, აფხაზებს გუდაუთაში აქვთ ყველაფერი, ომი არ დამთავრებულა, სად მიდიხართო?!  ქალაქი პარალიზებული იყო, წყალიც არ მოდიოდა, მანჩოს უზომოდ უყვარდა თავისი ქალაქი, მოირბინა უბანი, თან სტადიონზე თამაშობდა, თან წყლით მამარაგებდა, რომ სახლი მიმელაგებინა. რამოდენიმე დღის შემდეგ ხობში უნდა დავბრუნებულიყავით და მერე მთელი ოჯახი წავსულიყავით  სოხუმში, მანჩოს არ უნდოდა წამოსვლა, შინ დავრჩებიო, მაგრამ მარტო არ დავტოვე. მოვდივართ ელექტრიჩკით, მოვუახლოვდით ინგირს და შეიქმნა ერთი ამბავი, ამოცვივდნენ კბილებამდე შეიარაღებული ზვიადისტები, ვინ იბრძოდით, რატომ იბრძოდით, ვის გაქვს იარაღიო?   ზოგს ცემდნენ, ზოგს ვაგონიდან აგდებდნენ, მოკლედ ყველაფერს ჩითავდნენ. მოვიდა ჩვენი ჯერიც, ვზივართ მე და მანჩო. ვისია ის ჩანთა ზემოთ რომ დევსო? - უყვირა ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმულმა პატარა ,შეიარაღებულმა კაცმა.
- ჩვენია!- უხალისოდ უპასუხა მანჩომ
- რა დევს შიგნით?- ხმას აუწია "პატრიოტმა"
- ნახე რაც დევს! - უპასუხა ისევ მშრალად მანჩომ და ბოტასების შნურკების შეკვრა დაიწყო ზოზინით
- შენ გეუბნებიან ბიჭო,ადექი და ჩამოიღე ჩანთა! - ყვირილით,ბრძანების ტონით მიმართა გავეშებულმა მებრძოლმა
- შენ გაინტერესებს და თავად ჩამოიღე - თავის აუწევლად მიუგდო ისევ სიტყვა მანჩომ.   დავიზაფრე, ოფლმა დამასხა. შევხედე, ჩუმად მივანიშნე  (მანჩოს რომ არ ენახა), გარეთ გავიდეთ, რაღაც უნდა გითხრათქო. იკადრა ჩანთა ჩამოაგდო, გახსნა,მერე უფრო განრისხებული მიაშტერდა მანჩოს, ფიქრობდა ალბათ როგორ დაესაჯა ბიჭი, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა და ეწინააღმდეგებოდა, ვაგონში ეს არავის გაუბედავს. ვითომ სხვათაშორის  გარეთ გავედი, გამომყვა. შევევედრე, მხოლოდ თხუთმეტი წლისაა, შეეშვი, თავს შეგაკლავს და არ დაგმორჩილდება, ხომ იცით როგორი ასაკია, მამამისი ზვიადის მეგობარია, შეგიძლია იკითხო, ნუ დამღუპავმეთქი, ჯერ შემეწინააღმდეგა, ამხელა ბიჭი რაფერ არის მხოლოდ თხუთმეტისო,მაგრამ  მერე მოლბა და თავი დაგვანება. მოვბრუნდი, გვერდით მოვუჯექი, ხელი გადავხვიე, მის თვალებში დიდი გულგატეხილობა ამოვიკითხე, ეს მერამდენედ?! საერთოდ რა იყო მისთვის ბოძებული ჩვიდმეტი წელი?! ვაკოცე, და მივახვედრე, რომ მაგარი ბიჭი ხართქო. ის ჩემს მიერ წაკითხულ წიგნის გმირებს ჰგავდა და ეს მე მომწონდა. როცა მე მამაკაცების მიმართ პრეტენზია მიჩნდება, გოგონები მეუბნებიან, შენი მოსაწონი არ დადის, შენ მანჩოსნაირი გინდა ყველა იყოსო?   არა ნახევარი - ან მეოთხედითქო-ვპასუხობ



Tuesday, December 2, 2014

                                                            გაბოს ინტერესის სფერო

გაბო ეზოში გასვლას ითხოვს.
-თბილად ჩაიცვი გაბუკა, არ გაცივდე!-ვეუბნები მე და ვაცმევ.
-მე არ მეშინია სიცივის, პატარა კი არა ვარ!- მპასუხობს თავდაჯერებით. ცოტა ხანში შემოდის და კომპიუტერთან ჯდება,  რაღაც საიტს ეძებს, კომპიუტერი ჭედავს.
-ბებო რა, რაღაც ინტერვირუსი სჭირს?
- ჰო, გაბო, მაცა, მე დაგეხმარები!
-არ მინდა, მე მოვძებნავდი!- ამასობაში ტელევიზორსაც შეხედა, აკვირდება ნიჭიერში ვინ გამოდის, გაბოს ყველა გამომსვლელი არ აინტერესებს, უცებ მსუქან "ბაბაიაგას" მოჰკრა თვალი, რომელსაც ჰიპნოზი უნდა გაეკეთებინა.
-ზუსტად ეს მაინტერესებდა!- წამოიძახა გაბომ და დივანზე მოკალათდა საჰიპნოზოდ.