მანჩოს წინდახედულება
არიან ადამიანები, რომლებიც სამყაროს აკეთილშობილებენ, ალამაზებენ, გასაძლისს ხდიან ყოფას. ვცდილობ მანჩოს ბუნების თუნდაც მცირე ნიუანსები გადმოვცე. ის ყველას გვაერთიანებდა, ერთმანეთის სიყვარულს გვასწავლიდა. მანჩო ის ტკივილია, რომელიც არ ყუჩდება, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს. იშვიათები ცოცხლობენ არა წლობით, არამედ წამებით, არადა მისი ცხოვრება ნებისმიერი მოკვდავის სიცოცხლეზე მარადიული და ხანგძლივია. რამდენი რამ იყო, იყო ბავშვობა, სკოლა, ქუჩა, მეგობრები, ჩხუბიც, რამოდენიმეჯერ სიკვდილს ჩახედა თვალებში, მაგრამ არასოდეს სუსტის დაჩაგვრა. საოცრად ეხერხებოდა ემოციების მართვა და არ მახსოვს საკუთარ თავზე კონტროლი დაეკარგოს. წავიდა და დაგვტოვა ყველა, ცხოვრების აზვირთებულ ტალღებში.
ადრე ჩემს მოგონებებში ვახსენე, რომ ჩვენ მანქანა მოგვპარეს. გუჯა ამას ძალიან განიცდიდა, არა იმიტომ რომ მანქანას მისტიროდა, შეურაცხყფილად გრძნობდა თავს, როგორ მაკადრესო ( ელგუჯა გულედანი კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა, მას მთელი აფხაზეთი სცემდა პატივს, ცნობილი იყო როგორც კარგი ლექტორი, მოჭადრაკე, მეთევზე, მონადირე, მოთამადე, სპორტის , თეატრის ქომაგი... მოკლედ კარგი ყმა იყო) თან მის რისხვას ის ინფორმაცია ამძაფრებდა, თითქოს მანქანა სვანეთში ენახათ, სვანებმა ეს როგორ გამიბედეს, პასუხს ვაგებინებ ამის გამკეთებელსო.( გუჯას სვანები ნომერ პირველ სვანს ეძახდნენ, დიდი ამტორიტეტი ჰქონდა და დიდი ამაგიც, თუ ვინმეს უნივერსტეტში რამე სჭირდებოდა გუჯა იყო პატრონი) მანჩოს ძალიან უყვარდა ჩვენი "სემიორკა." მამა-შვილი ხშირად დადიოდნენ სათევზაოდ თუ სანადიროდ. გუჯა მანჩოს ანებივრებდა, მეოთხე კლასიდან ატარებინებდა მანქანას.
იმ ავადმოსაგონარი მოვლენების შემდეგ, ოცდაშვიდ სექტემბერს გზას ფეხით რომ დავადექით, ჩხალთაში, თუ ნაკრაში (კარგად არ მახსოვს) ღამით შევისვენეთ. მანქანების ტევა არ იყო. რა თქმა უნდა იქიდან მანქანების გამოყვანა ძალიან საძნელო იყო და ბევრმა იქვე დატოვა. სიბნელეში შევამჩნიე, რომ მანჩო რაღაც აფორიაქდა, მოძრაობდა, თითქოს რაღაცის შემოწმებას ცდილობდა. ვკითხე, რა ხდება, სად იკარგები ამ სიბნელეშითქო და არაფერიო, მიპასუხა. დავადექით ისევ გზას და ჭუბერში ჩავაღწიეთ, შემდეგ სამეგრელოში გადავედით და მხოლოდ მაშინ უთხრა მანჩომ მამამისს, ჩვენი მანქანა ვიპოვეო. გუჯა გადაირია, რით ამტკიცებ რომ ჩვენი იყო და რატომ იქ არ მითხარიო. მანჩოს გაუგია მანქანის მეპატრონის გვარი, და ისიც მოუხერხებია, წინ სიდენიის ქვეშ ის ნატყვიარი ენახა, რომელიც უტყუარი დასტური იყო, რომ მანქანა ჩვენი იყო. ( ნადირობისას იარაღი გავარდნიათ მამას თუ შვილს არ ვიცი და ტყვია მეორე მხარეს იყო გასული, როცა მიმგვანებულ მანქანას ანახებდნენ გუჯას, უცებ სიდენიის ქვეშ დახედავდა, ნატყვიარი იყო თუ არა).ამან მთლად გადარია გუჯა, ვერ მშვიდდებოდა, ცოფებს ყრიდა, მანჩომ დაამშვიდა.
- მა, შენთვის რომ მეთქვა, არაფრით არ შეიძლებოდა, წარმოდგენილი მაქვს იქ რა დატრიალდებოდა, შენ თავს ვერ შეიკავებდი, და შეიძლება ეს ამბავი მკვლელობითაც დამთავრებულიყო!- როგორც ყოველთვის მანჩო მართალი იყო და წინდახედულად მოიქცა, მაშინ მხოლოდ თოთხმეტი წლისა იყო.
"ამქვეყნად მხოლოდ ჩვიდმეტი წელი არგუნა განგებამ. ის, რაც ღმერთმა მის ამქვეყნიურ სიცოცხლეს წლების სახით დააკლო, ჩვიდმეტი წლის სილამაზედ და სივაჟკაცედ ჩაეღვარა მის ელვარე, შუქიან თვალებს, გაშლილ პირისახეს, ლამაზად აშოლტილ ტანსა და ბეჭგანიერი მხრების გაშლას. მისი სახით ამქვეყნად სილამაზე მოვიდა. ასე ლამაზად მერცხლები მოფრინავენ საქართველოში გაზაფხულის პირს ბუდეების გასაწყობად. გაზაფხულის სილაღეს შეფარვია მისი ბავშვობა- სიჭაბუკის უმშვენიერესი დღეებით ნაქარგი ჩვიდმეტი წელი." .......
ნატო უდესიანი
No comments:
Post a Comment