Friday, December 12, 2014

                            მანჩო, მასწავლებელი და გუჯას მეგობარი   

  ჩვენი ამქვეყნიური ყოფა რაღაც დიადის და მარადიულობის კარიბჭეა. მცირე დროში  უნდა მოვასწროთ სამყაროს რეალური სახის დანახვა. ყოველი წუთი გვაახლოვებს  მარადისობასთან. ამ მშფოთვარე სამყაროს წინაშე უძლეველია მხოლოდ ღვთის სიყვარული, მისი მეუფება სამყაროზე.              
   მანჩო მაშინ მეხუთე კლასში იყო.  ქართულის მასწავლებელი დროებით ახალგაზრდა დამწყებმა მასწავლებელმა შეცვალა. პედაგოგი ძალიან ნერვიული აღმოჩნდა  და ბავშვებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდა. მშობლებს დიდი პროტესტი გვქონდა, მაგრამ ვითმენდით იმის იმედით, რომ მალე ისევ მოგვიბრუნდებოდა ჩვენი მასწავლებელი. ერთ დღეს სკოლაში მივაკითხე ბავშვებს, რაღაც ჩოჩქოლი გავიგონე და ვხედავ, მანჩო მოდის ყურებდასისხლიანებული, თავჩაქინდრული  და  ლამის მთელი  სკოლა  მოჰყვება უკან,  თავში მწარედ ჩაარტყეს და თავბრუ ეხვევაო. ძნელი წარმოსადგენი არ არის რა დამემართებოდა. ბავშვს ხელი მოვკიდე და სამასწავლებლოში შევიყვანე, კლასელებიც  შემოიყვანეს. იმ ჯიხვმა თავი იმართლა, მერხი ამოკაწრაო, ბავშვებმა სხვას დაადეს ხელი, მანჩო არაფერ შუაშიაო. ერთ-ერთმა პედაგოგმა მანჩოს მიმართა რატომ არ თქვი, რომ შენ არ იყავი დამნაშავეო. მანჩომ საოცარი პასუხი გასცა. რატომ უნდა მეთქვა, ისიც ხომ გაილახებოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა რომელი გავილახებოდითო.პრინციპით, "ძაღლი, ძაღლის ტყავს არ დახევსო" პედაგოგები ეცადნენ მაინც კოლეგა გაემართლებინათ. მერე ეს ამბავი გუჯამ გაიგო  და  დასაბმელი გახდა, მერხის გამო მიკლავდით შვილს, სკოლას დავაქცევო,  დირექტორიც ჩაერია,  პასუხს მოვთხოვო. (დიდებულ პედაგოგს, ბრწყინვალე მათემატიკოსს, კარგ მოჭადრაკეს, სპორტის მოყვარულ დირექტორს, ლეონტი ქუხილავას მანჩო ძალიან უყვარდა, მაგარი ბიჭი იზრდება, მედალი უნდა ჩამოგკიდო ასეთი შვილების გაზრდისთვისო, მეტყოდა ხოლმე)  გუჯას საოცარი მეხსიერება ჰქონდა, და  გაახსენდა, რომ ამ მასწავლებელს მასთან საგანი არ ჩაებარებინა. ვის ჩააბარე ფილოსოფია, ათეიზმს ხომ  ჩემს მეტი არავინ კითხულობს, დიპლომი როგორ აიღე, მდივანმა ჩაგიწყო ეტყობა, ღირსი ხარ დიპლომი გაგიუქმოვო. ის საცოდავი ბრინჯივით დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო.  მაგრამ გუჯა ის კაცი არ იყო,  მართლა გაეფუჭებინა.  როგორც შემდგომში გავიგეთ ის ქალი  გუჯას მეგობრის,  (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვწერ), უკეთილშობილესი ადამიანისა და  კარგი მოჭადრაკის, (გუჯა თვითონაც ჭადრაკის კარგი მოთამაშე და მოყვარული იყო და ყველა მოჭადრაკესთან მეგობრობდა, მახსოვს სოხუმში მათი თავშეყრის ადგილს "ბრეხალოვკა" ერქვა)  მეუღლე აღმოჩნდა.  გადარეულა, ელგუჯა გულედანის ბიჭი როგორ ცემე, ეს საოცარი ბუნების ბავშვი, როგორ შევხედო მათ თვალებშიო. აი რა მოუყოლია ცოლისთვის:
  "ერთ დღეს მე და ბავშვებს კინოთეატრ სოხუმში ამერიკული ფილმის სანახავად მისულებს  სალაროსთან უშველებელი  რიგი დაგვხვდა,  მანჩო წინ მდგარა, მე ბოლოსკენ ვიდექი, შესაძლებელი იყო ბილეთი არც შემხვედროდა. მანჩოს შევუმჩნევივარ, ვუცნივარ,  ბილეთები აუღია ჩვენთვისაც, თქვენ ხომ მამიკოს მეგობარი ხართო და სამი ბილეთი ხელში დამაკავა.  გამაოგნა ასეთი პატარა  ბავშვის ყურადღებამ, გულისხმიერებამ, მას ხომ მხოლოდ ერთხელ ვყავდი ნანახი  მამამისთან." ამ მონაყოლმა ეტყობა ცოლს  გული გაულღო და შემომითვალა, მოვიდეს, ბოდიშს მოვუხდიო. არც მიფიქრია მივსულიყავი და საბოდიშო სიტყვა მომესმინა, ეს ჩემს ხასიათში არ ჯდება. მას კი სინდისის ქენჯნად ისიც ეყოფოდა, რომ ბავშვს არაფრის გამო ტვინის შერყევა  მიაღებინა.
 სიყვარულის სილაჟვარდე, ჩვიდმეტი წლის სინორჩე,
გაიყოლა ბედისწერამ, ვაჟკაცური ღიმილი.
რამდენი რამ უნდა გეთქვა, ქვეყნის ამაოებამ -
იარებად ამოხეთქა, ჩაღვინთა სათნოება!







No comments:

Post a Comment