Tuesday, June 5, 2018

                               ლია

   ლიას არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა. დედა ადრე გარდაეცვალა და მოზარდს მხრებზე დააწვა ოჯახის სიმძიმე. არა, მამა ყველაფერს აკეთებდა, რომ ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა, მაგრამ იმ ჯაფისთვის რაც ქალს უწევს ხოლმე ოჯახში, მოსწავლე გოგონასთვის მძიმე იყო. მას უდედობა სწავლაშიც დაეტყო, ხშირად აცდენდა სკოლას, სამეცადინოდ დრო ნაკლებად რჩებოდა. წუხდნენ სკოლის მასწავლებლები, დირექტორი, რომ უნიჭიერესი, სწავლით გამორჩეული გოგო უკან-უკან მიდიოდა. აბა ოჯახში ოთხ მამაკაცს განა ცოტა მიხედვა უნდოდა?! მამა და ძმები თითქმის გარეთ იყვნენ, ხან სათიბზე, ხან ყანაში, საჭმელ - სასმელი, ოჯახში სისუფთავე და წესრიგი ხომ იყო საჭირო. როცა მამას რაიმე სამუშაო გამოუჩნდებოდა ბიჭებიც მიჰყავდა, შვილებს ხელობას ასწავლიდა. ასე გადიოდა წლები, ლიამ სკოლა დაამთავრა, სწავლის გაგრძელებაზე არც უფიქრია, ოჯახს ვერ დავტოვებო. შემდეგ გამოჩნდა თანასოფლელი ბონდო, რომელსაც ლია თავდავიწყებით შეყვარებოდა. ლიას კი სიყვარულისთვის არ ეცალა, თუმც მოსწონდა კარგი აღნაგობის, ვაჟკაცური თაყვანისმცემელი. გავიდა დრო და ლია სანათესაოს ჩარევით  გაჰყვა ცოლად ბონდოს. მოკლედ, შეიქმნა ჩვეულებრივი ქართული, კლასიკური ოჯახი, სადაც ყველანაირ საკითხში  მამაკაცის ხმა და გადაწყვეტილება იყო მთავარი. მაშინ არ იყო ახლა ასე ყბადაღებულ ფემინიზმზე საუბარი. ვეფხისტყაოსნიდან იცოდნენ მხოლოდ, რომ "ლეკვი ლომისა სწორია ზუ იყოს თუნდაც ხვადია!" ლია უსიყვარულოდ გათხოვდა, მაგრამ მორჩილად იღებდა ქმრის ყველანაირ კრიტიკას, სიმკაცრეს, ეჭვიანობას, ეგონა ასე იყო საჭირო. გადიოდა წლები, მათ ოთხი შვილი ეყოლათ, ორი ბიჭი ორი გოგო. ლიამ თავი ბედნიერად წარმოიდგინა, ამაზე მეტი ბედნიერება რაღა უნდა იყოსო, მაგრამ ერთ დღესაც მიხვდა, რომ ასე ცხოვრებას ვერ გააგრძელებდა, თან დედამთილ-მამათილიც უარყოფით როლს თამაშობდნენ ცოლ- ქმრის ცხოვრებაში. მათ არასოდეს დაუცავთ თვინიერი, ობოლი გოგონა ქმრის აგრესიებისგან.  ლია ოჯახიდან გაიქცა. ქმარი, დედამთილ-მამათილი აუმხედრდნენ შვილებს არ გაგატანთ, დაბრუნდიო. ლიას კი იქ დაბრუნებას სიკვდილი ერჩივნა. მოერიდა მამას და ძმებს, კონფლიქტში მათი ჩათრევა არ უნდოდა, მამას უთხრა, რაღაც პროფესიას უნდა დავეუფლოვო და ქალაქში წამოვიდა. მართლაც მოეწყო რაღაც ტექნიკურ სასწავლებელში, ბეჯითად მოეკიდა საქმეს, უნდოდა ფეხზე დამდგარიყო, დამოუკიდებლად შეძლებოდა ცხოვრება, რომ შვილებიც წამოეყვანა.  მაგრამ ხომ იცით კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო...მერე სრულიად მოულოდნელად ლიას  ეწვია სიყვარული, მისთვის სრულიად უცნობი გრძნობა, რომელმაც ის წალეკა. მას ახლა ყველაფრის დათმობა შეეძლო, მისთვის მზე სხვანაირად ანათებდა და დედამიწა სხვანაირად ბრუნავდა. სუსხიან ამინდშიც კი თბილოდა. ამბობენ, სიყვარული ვერ დამაბრმავებსო, მაგრამ ვერ დაგეგმავ, როდის შეიყვარო, ის უეცრად მოდის და ისე მყარად იკალათებს გულში ადგილს, რომ იქიდან ვერანაირი ძალით ვერ გამოიყვან. ყმაწვილმა ქალმა, რომელმაც ბედნიერი ბავშვობა ადრეულ ასაკში დაკარგა,  ამდენი ტანჯვა გამოიარა, ახლა თავი ბედნიერად იგრძნო, არც დაფიქრებულა, მიენდო ბედს და მალე დაქორწინდა კიდევაც. მართლაც სითბო, სიყვარული და ბედნიერება იგრძნო, მაგრამ მას მუდმივად სინდისი ქეჯნიდა, მოსვენებას არ აძლევდა შვილებზე ფიქრი. რაღაც გაჭირვებით, მეზობლების დახმარებით ახერხებდა მათ ნახვას, მაგრამ  შვილები მას ცივად ხვდებოდნენ. ეტყობოდათ მამის და ბებია-ბაბუის გავლენა. დედა, რომელიც გათხოვდა შვილების ღირსი არ არისო. ყოველი მონახულების შემდეგ ლია გულდათუთქული ბრუნდებოდა შინ. ცოტა ხანში კი მისი ყოფილი მეუღლეც დაქორწინდა. ლიას  ახლა მეტი სადარდებელი გაუჩნდა, ნერვიულობდა, კითხულობდა ახლობლებში, ბავშვებს როგორ ექცევაო? ზოგი კარგს ეუბნებოდა, ზოგი ცუდს.     ბოლო შეხვედრაზე მას ქალიშვილები არ მოეწონა,  რაღაც ზედმეტად მშვიდები, ნახევრად მძინარენი მოეჩვენა. მიზეზი ჰკითხა და პასუხი მიიღო, წუხელ არ გვიძინიაო. ლიამ მოსვენება დაკარგა, მალევე მოახერხა ისევ ეხილა შვილები, იგივე მდგომარეობაში, რომ ნახა ძალიან შეწუხდა, მეუღლეს გაუმხილა, ხომ არ ვიჩივლოვო, არ ურჩია ქმარმა, ჯერ გადახედე, სხვა გზით ვეცადოთ გავიგოთ რა ხდება და იქნებ მოვაგვაროთ რამეო. ამის შემდეგ რაღაც ერთ კვირაში ბონდოს გაუჩინარების ამბავი შეიტყო. ჭორები დადიოდა, ცოლმა მოკლა, შვილებმა მოკლესო. ლიამ სასწრაფოდ დაურეკა ბავშვების დედინაცვალს და კაფეში შეხვედრა დაუნიშნა. ღიმილით შემოვიდა კაფეში ლალი, ღიმილითვე შეხვდა ლია.
- ყავას ხომ დალევ? - ჰკითხა ლიამ
- კი, სიამოვნებით!
- მოდი ცოტა ღვინოც დავლიოთ, გავხალისდებით! - შესთავაზა ლიამ, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ისაუბრეს ამქვეყნიურ-იმქვეყნიურზე და როცა ცოტა შეჭიკჭიკდა ნაზი მაშინ ჰკითხა
- შინ ხომ ყველანი კარგად არიან? 
- კი, ღვთის წყალობით!
- სად დაიკარგა ის დასამიწებელი?- ჰკითხა სხვათაშორის ლიამ
- არ ვიცი, შინიდან გავიდა და არ მობრუნებულა!
- მე სისხლი გამიშრო, შენ მაინც თუ ხარ ბედნიერი?
- რა ბედნიერი, სვამს ხშირად, გვეკამათება!
- ჰო, ასე იქცეოდა, გოგონებს ხომ არ უწყრება?
- კი, გარეთ არ უშვებს, მოკლე კაბებს არ აცმევს!
- ნეტავი საერთოდ აორთქლდებოდეს, არც შენ გაყრის თურმე ხეირს, გამიხარდება!- წარმოთქვა მრავალმნიშვნელოვნად ლიამ და პასუხს დაელოდა
- შენს პირს შაქარი, ჩაძაღლდებოდეს სადმე, ამოვისუნთქავთ ყველანი! - წარმოთქვა სიბრაზით ნაზიმ. ქალებმა დიდხანს ისაუბრეს, თითქოს დამეგობრდნენ, ერთმანეთს ბევრი რამ გაუგეს, ლიამ იმაზე მეტი დააფქვევინა ნაზის ვიდრე, ვიდრე მოელოდა. 
დაემშვიდობა თანამესუფრეს თბილად და მტკიცედ გადაწყვიტა სასწრაფოდ რამე ეღონა, მაგრამ ვაგლახ....

No comments:

Post a Comment