მანჩო და გია - დაპირისპირება თბილისელებთან
მანჩო, ის ტკივილია, რომელიც არსოდეს ყუჩდება, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს. იშვიათები ცოცხლობენ არა წლებით,არამედ წამებით. ამ მოკლე ხანში რამდენი რამ იყო, იყო ბავშვობა, სკოლა, ყმაწვილკაცობა, ქუჩა, მეგობრები, ბევრჯერ ჩხუბიც, რამდენჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, მაგრამ არასოდეს სუსტის დაჩაგვრა. ახლა ერთ ეპიზოდს გავიხსენებდევნილობის პირველი წელი, სასტუმრო აჭარაში ვცხოვრობთ. მანჩო მეგობარ ბიჭებთან ერთად ხშირად დადიოდა სტადიონზე და კალათბურთს თამაშობდა. მოწინააღმდეგე მხარე თბილისელები იყვნენ. ერთ დღეს მანჩო აწითლებულ-აღელვებული, აშკარად ნაძიძგილავები მოვიდა. შევწუხდი, იჩხუბეთქო?- მაგრამ იუარა. მერე მივმართე, შენ გხედავ რა დღეში ხარ, ისინი თუ გაილახნენთქო. გაილახნენ და კიდევ გაილახებიანო-წამოცდა. რამოდენიმე დღის შემდეგ ფოიეში მყოფმა ყური მოვკარი, ვიღაც აღშფოთებული ქალი ამბობდა, მანუჩარ გულედანს ესროლესო. როგორ აღმოვჩნდი მერვე სართულზე არ მახსოვს და ცოცხალი რომ ვნახე ვუყვირე, ასეთი რა დააშავე, რომ გესროლესთქო. სამი ტყვია იყო ფანჯარაში გასროლილი და ბიჭი აბსოლუტურად მშვიდად იჯდა ოთახში."დე, დამშვიდდი, ძალიან გთხოვ და ერთი იცოდე, მე არასდროს არაფერს დავაშავებ, მერე აგიხსნი ყველაფერს!" აი რა მომიყვეს ბიჭებმა. კალათბურთის თამაშისას ერთმა თბილისელმა კალათბურთელმა, მანჩოს თავზე წამოარტყა თურმე, მანჩომ ეს ვერ მოითმინა, თვალში ხომ არ გეპატარავებიო და ხურდა კარგად დაუბრუნა, შემდეგ ჩხუბში ორივე მხარე ჩაერთნენ, ისინი დაემუქრნენ, სოხუმელებს არ გაბლატავებთ დედაქალაქში, გაგყრით თქვენს ქალაქშიო. ერთ დღესაც სასტუმრო აჭარაში მოვარდნენ ის ბიჭები საჩხუბრად, მაგრამ მანჩომ და მისმა მეგობრებმა კი არ მოიგერიეს, სასტიკად გაუსწორდნენ. გამწვავდა სიტუაცია. გია გულედანმა ( მანჩოს ბიძაშვილი) , რომელმაც მხოლოდ კლიჩკა იცოდა და მეტი არაფერი იმ ბიჭისა,მონახა ის მისი ჯგუფი და გაარჩიეს საქმე, შეთანხმდნენ, ეომათ ორივე მხარეს, ვინ გაიმარჯვებდა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა და მერე შერიგებულიყვნენ. მართლაც სერიოზული ბხუბი გამართულა,მოგებული მხარე მანჩოს და გიას მხარე აღმოჩნდა, ხელიც ჩამოურთმევიათ ერთმანეთისთვის მოლაპარაკებისამებრ და შერიგებულან. თითქოს უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ სოხუმელი ბიჭის გამარჯვება ვერ გადახარშეს ეტყობა. ერთ-ერთმა ავტომატით მოახერხა აჭარაში შემოპარულიყო ყველა გაიკრიფა, აბა ავტომატიანს ვინ დაუდგებოდა და მანჩოს დაადგა თავზე. მანჩომ თურმე დანებს დაავლო ხელი, ის ავტომატით ედგა, ეს კიდევ დანებს არ უშვებდა ხელიდან. არ ვიცი რა მოხდებოდა, იქ ირინას, (რომელიც ჩვენთან იმყოფებოდა იმ მომენტში) ძალისხმევამ ხელი შეუწყო დაძაბული მდგომარეობა ტრაგიკულად არ დამთავრებულიყო. და ავტომატის ჯერის ხმამ გააყრუა იქაურობა, ბოლო მომენტში მაინც არ გაიმეტა ფანჯარაში გაისროლა. ეს უკვე მეტის მეტი იყო, იარაღი უნდა მქონოდა, მეც ვისროდი და ამით ინციდენთი ამოიწურებოდაო. გაგიჟდა გია, შეყარა ისინი და თავიანთი ხალხიც, ეს იყო რაღაც საოცარი, შეიძლება ითქვას საუკუნის გარჩევა. ვინ არ მირეკავდა გუჯას მეგობრებიდან (გუჯა მოსკოვში იყო) მანჩოს პრობლემები შექმნია, დახმარება ხომ არ გინდათ, ქურდებს ჩავრევთ, ჩვენ მივხედავთ მაგ ბიჭებსო, მაგრამ გიამ და მანჩომ სხვისი დახმარება იუარეს. რუსთაველზე თურმე ივერიის თავზეც იდგნენ შეიარაღებული ბიჭები, აქედან ჩვენი მხარე, გიას საძმაკაცო, ყველანი იარაღებით. ისინიც კბილებამდე შეიარაღებულნი. მაშინ იარაღი ყველას ჰქონდა.ზაზამ, (მანჩოს მამიდაშვილი, აწ გარდაცვლილი) რომელსაც პოლიციაში მაშინ სერიოზული თანამდებობა ეჭირა,სასწორზე შეაგდო მისი კარიერა, მანჩოს თავს ვერავის დავაჩაგვრინებ მის გვერდით უნდა ვიყოვო და გარჩევაზე ისიც იარაღით მოვიდა, ( ეს პოლიციელისთვის ხომ ყოვლად მიუღებელი იყო. ისროდნენ და მზად ვიყავით, ჩვენც არ დაგვენდოვო, მიუხედავად მათი შეიარაღებული მხედრიონელი მეგობრების სიმრავლისა, არც აქეთ მხარეს იყვნენ ჯაბანნი და გიამ ის ტიპი, ვინც ყველაფერი წამოიწყო კარგად ნაცემი მომიყვანა, ბიცოლაჩემს ბოდიში მოუხადე, რაც ჩაიდინე და რაც ანერვიულე იმის გამოვო. როცა ის ბიჭი, ( კლიჩკასაც ვერ ვამბობ, კალათბურთელი იყო და თავს ვიკავებ) ბოდიშს მიხდიდა, ერთი სული მქონდა ჩამეკრა გულში და მადლობა გადამეხადა, რომ ბოლო მომენტში არ გაწირა ჩემი შვილი და ფანჯარაში გაისროლა ტყვიები, მაგრამ გიასი მომერიდა. ამხელა ამბავი დაატრიალა და როგორ მივფერებოდი. თერთმეტი რიცხვი იყო მაშინ, გადავრჩით, მაგრამ თერთმეტი რიცხვი მისთვის საკრალური აღმოჩნდა, მეორე წლის სექტემბერის თერთმეტში კი....მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ის თუ მართალი იყო დამარცხებას ვერ შეურიგდებოდა და რა თქმა უნდა სასწორზე ეკიდა არა მარტო მანჩოსი არამედ გიას და ზაზას და ბევრის სიცოცხლე, მაგრამ აქ ღირსების საქმე იყო, რომელსაც ვერც ერთი ვერ დათმობდა. თბილისიდან გაგდების მუქარა და არაკაცური საქციელი ძვირი დაუჯინეს. მამამისი გუჯას ნაცნობა მოვარდა ჩემთან საბოდიშოდ, დავეჩოქები, ეს ვისთვის უსვრიაო. მოდიოდნენ საბოდიშოდ მისი ნათესავები.მერე შეშინებული ვეკითხებოდი ჩემს შვილს, დე, კიდევ ხომ არ გაგრძელდება რამეთქო, მამშვიდებდა, არა, დამთავრდა ყველაფერი, მე არ ვარ თბილისში სტუმარი, ეს ჩემი ქალაქიც არის და მგონი მიხვდნენო. ნეტა მე რატომ არ ვიყავი მაინცდამაინც იმ დღეს სახლშითქო. არა დე, ხომ არ გაგიჟდი, შენ რომ ყოფილიყავი მართლა მოკვდებოდა ჩვენს შორის რომელიმეო. არ ვიცი რა იგულისხმა. მე რომ შევევედრებოდი არ მომიკლა შვილითქო, ჩემი საცოდავი მდგომარეობა მასზე ცუდად იმოქმედებდა და უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია ალბათ?! არ ვიცი, არ ვიცი.....
გაზაფხულია, სიხარულია,
ჩემში კი მხოლოდ ის წარსულია,
ის დრო, როდესაც ვიყავით ერთად
შენ წახვედი და დატოვე სევდა.
მოიპარება ფანჯრებში ღამე,
ღამესთან ერთად ტკბილი სიზმარი
შენი თვალები სინათლით სავსე,
კარზე კაკუნი, ნუთუ ის არის?!
სადღაც ამ სულის უსასრულეთში,
ამ ნაცრისფერი სამყაროს მიღმა,
დარჩა ხატება ლამაზთვალება,
ნეტარი როგორც გამობრწყინება
თამარ ფულარია
No comments:
Post a Comment