Tuesday, January 24, 2017

გაბო წუხელ
წუხელ ბავშვები დავაწვინე და ჩვეულებრივ ფილმი მოვნახე. ცოტა ხანში გაბო შემოტანტალდა პიჟამოთი, შენთან მინდა, აქ დივანზე ჩავიძინებო. შევფუთე და ვუბრძანე, მალე ჩაიძინეთქო. ინტიმური კადრებისას გაბოს შევხედე, თვალები დაჭყეტილი ჰქონდა. დავტუქსე, თვალები დახუჭე და ასეთ კადრებს არ უყუროთქო
- ეჰ, ბებო, ამაზე უარესები მაქვს ნანახი!- მიპასუხა ირონიით ჩემს პროტესტზე. ფილმში( სხვათაშორის ცნობილი ფილმია, სათაური არ მახსოვს), ასაკოვანი მასწავლებელი ახალგაზრდა, ლამაზ თანამშრომელს ეტრფის და ემეგობრება, არავისთვის ემეტება, შანტაჟზეც მიდის ( იცის, რომ ქალს არასრულწლოვან მოსწავლესთან აქვს ურთიერთობა) და ეს მას ადრეც აქვს გაკეთებული. იმდენს იზამს ამ გოგოს, ჯერ ოჯახს დაუნგრევს, მერე კი ციხეში გაუშვებს. ბევრი რომ არ გავაგრძელო დასასრულს ქალი პარჯში სკამზე ჩამომჯდარ ახალგაზრდა გოგოს მიუჯდება და გამოესაუბრება, ანუ მორიგი მსხვერპლი იპოვა.
- ახლა ამ გოგოს გაუმწარებს ცხოვრებას! - წამოიძახა, ჩემი აზრით უკვე დაძინებულმა გაბომ

         პრობლემებით შეწუხებული ფიქრებში ძალიან შორს წავედი და ჩემდაუნებურად ხმამაღლა წამოვიძახე: "ამის დედა ვატირე 100 000 დოლარი როგორ მომიგვარებდა ყველაფერსთქო!" გაბო გაოცებული მიყურებს, ბებო  რა ცუდი სიტყვა თქვიო. 
- ბოდიში გაბო, წამომცდა, ბევრი სადარდებელი მაქვს და უაზროდ ვთქვი!- თავი ვიმართლე ჩემს უწმაწურ სიტყვებს მიუჩვეველ გაბოსთან. გაბომ მოფერებით მომმართა
- ბებო, თუ ასე გჭირდება ფული, წადი ყველაზე მდიდარ ადამიანთან, სთხოვე მილიონი და მოგცემს!-მომცა რჩევა გაბომ და უცებ მილიონერი გამხადა. ამის გამგონე გუჯამ კიდევ უკეთესი რჩევა მომცა
-  წადი, ბანკი გაძარცვე და გამდიდრდები,   მითუმეტეს   არ   არის   ძნელი  საქართველოში  ბანკის   გაძარცვა ! 
აღშფოთებულმა გაბომ წამოიყვირა
- და ბებო ციხეში უნდა ჩაჯდეს?
- გაბო, არა უშავს, თქვენ ბევრი ფულით დაგტოვებთ, მე კი ჩავჯდები ციხეში, დიდი  ამბავი!- წამოვიძახე  პათოსით გუჯას იდეით აღფრთოვანებულმა.
- მერე ჩვენ რა გვეშველება ბებო! - საწყალი თვალებით შემომხედა გაბომ.  მოკლედ, ფულის მოსაპოვებლად ორივე რჩევა მისაღებია ჩემთვის და როცა გავმდიდრდები, მოგახსენებთ როგორ და თქვენც გიწილადებთ.აბა მილიონს მარტოკამ რა უნდა ვუყო


                                                    ტურნირი
ტურნირიდან მოსულ გაბუკას ვეკითხები რა ჰქენითქო?
 - ბებო გუშინ წავაგე, დღეს ოთხი ხელი მოვიგე, მაგრამ ერთი არ ითვლება!- მიპასუხა აგდებით
- რატომ გაბო? - ვეკითხები გაკვირვებული
- ერთ პატარა ბავშვს ვეთამაშე, თიროდა, არ უნდოდა წაგება. მე დავამშვიდე, შანსი ყველას აქვს მეტი, ფორა მივეცი. მოკლედ, მე არაფერს ვუკლავდი ის კი მინადგურებდა ფიგურებს.ხომ არ გავუკეთებდი. ბოლოს დამრჩა მხოლოდ პაიკი, კუ, მხედარი და მეფე. პაიკით ლაზიერი გავაცოცხლე და მეფით და ლაზიერით შამათი გავუკეთე, აბა "დეტსკი მატს" ხომ არ გავუკეთებდი! - ჩამომირაკრაკა გაბომ. არ მითქვამს, ბარემ მოგეგებინა იმ პატარისთვისთქო, რადგან  "დიდი" გაბო  ბავშვივით გულჩვილია და შეიძლება ეტირა.




No comments:

Post a Comment