წერილის მოლოდინში
ყოველი კაცი წინაპართა ბოლო წერტილია და ეს წერტილი ისე უნდა დაისვას, რომ კარგად დააჩნდეს. ჩვენი ცხოვრება ის დღეები როდია, რომელიც გადის, არამედ ისინი, რომლებიც გვამახსოვრდება და დაგვამახსოვრდება მაშინ თუ სიყვარულით ვიცხოვრებთ.
აფხაზეთის ცნობილი მოვლენების შემდეგ პირველი ხანები ფოთში დავბინავდით. ფოთში იმხანად ინგლისური ენის მოსამზადებელი ჯგუფი შეიქმნა მთელი ქლაქის მაშტაბით, გამარჯვებულებს ამერიკის შეერთებულ შტატებში უშვებდნენ სასწავლებლად. დაფინანსება მხოლოდ ფოთში მაცხოვრებელ მოსწავლეებზე ხორციელდებოდა. ჩვენი თხოვნით და ძალისხმევით ლელა და მარინა მაინც ჩავარიცხინეთ ჯგუფში. მარინამ საუკეთესო ქულები დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა. (სხვათაშორის პირველი და მეორე ადგილი სოხუმელებმა გაინაწილეს). რა თქმა უნდა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ბავშვს შრომა წყალში არ ჩაჰყროდა, ყველა შევაწუხეთ, მადლობა მაშინდელ რწმუნებულს, რომან მელიას, რომ გამონაკლისის სახით ორივე სოხუმელი გამარჯვებული დააფინანსა, უფრო მეტიც, მითხრეს ლელასაც ასეთი ქულები რომ აეღო იმასაც დავაფინანსებდითო. მოკლედ უფინანსობაში, დევნილის სტატუსით სულში ჩაფურთხებულმა, დათრგუნულმა ოჯახმა მაინც მოვახერხეთ მატა ამერიკაში გაგვეშვა. ჩვენ კი იმ ცნობილი ხელმოწერის იმედად ისევ მივბრუნდით სოხუმში და ყველას კარგად მოეხსენება იქ მიტყუებულებმა რა გამოვიარეთ. ჭუბერის გზით ძლივს გამოვაღწიეთ და ოჯახი ორმაგად განადგურებული და დამცირებული თბილისში ჩამოვედით. ჩვენთვის ნათელი წერტილი და სიხარული მარინას წარმატებული სწავლა და ის მადლობები იყო, რომლებსაც იქედან ვგებულობდით. ერთ დღეს ჯგუფის ხელმძღვანელმა დაგვირეკა და მოგვახარა, ბავშვმა წერილი გამოატანა ერთ ამერიკელს, რომელსაც მისამართი მივეცი და მოგიტანთო. ინფორმაციებს მხოლოდ ჯგუფის ხელმძღვანელს აწვდიდნენ. უზომოდ გავიხარეთ, მაგრამ ის უცხოელი არადა არ ჩანდა. მისამართი არც ხელმძღვანელმა იცოდა. ერთ დილით მანჩო მეუბნება დღეს უნდა მოვნახო ის კაციო. გამეცინა
- დე, ამხელა ქალაქში რანაირად უნდა მონახო! - მივმართე იმედგაცრუებულმა. პასუხი არ გაუცია ისე გავიდა შინიდან. საღამოს მოვიდა თვალებანთებული და ქაღალდი მომაწოდა, სადაც იმ ამერიკელის მისამართი ეწერა. გავოგნდი, როგორ მიაგენითქო.
- მივაგენი დე, რუსთაველზე გავედი, ცოტა ტვინი გავანძრიე მივდექ-მოვდექი და მეტი არაფერი, მივადექი, ბევრი ვეხვეწე იმ ამერიკელს, მაგრამ წერილი მაინც არ გამომატანა, დედაშენს უნდა გადავცეო, ბლოკნოტში იყურებოდა თუ როდის უნდა გადმოეცა ჩვენთვის წერილი, ხომ იცი ეს უცხოელები, სხვანაირადა აქვთ ტვინი მომართული! - თქვა გულდაწყვეტით.
- ახლავე წავალთ მე და ლელა ჩემო ჭკუის კოლოფო!- მივმართე და ვაკოცე.
- დე, ერთი თხოვნა მაქვს, წერილი უჩემოდ არ გახსნათ, აქ მოიტანეთ და ერთად წავიკითხოთ!- შევპირდი და გავიქეცით, მივადექით იმ ამერიკელს, რომელსაც მგონი წერილის მოტანა არც იმ კვირაში ჰქონდა დაგეგმილი. ერთი კია, ვერ მოვითმინეთ, გავხსენით და სულმოუთმენლად წავიკითხეთ, სურათებიც დავათვალიერეთ. სახლში მანჩომ გულდაწყვეტით, ლამის თვალცრემლიანმა მითხრა, რატომ წაიკითხეთ უჩემოდო. საოცრად ვაჟკაცურს და უშიშარს ჩვილი გული ჰქონდა. აი მისი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა მისი უბის წიგნაკიდან: "დის გული სიწმინდის ალმასია, სინაზის უძირო ზღვა!" უზომოდ უყვარდა თავისი დები, ეს საერთო სიხარული და ინფორმაცია, რომელიც მატასგან მოდიოდა, ერთად უნდოდა გაგვეზიარებინა მე კი...დღესაც ვერ ვპატიობ ჩემს თავს და გული მეწურება, რომ სიტყვა გავტეხე... გული ვატკინე... ხოლო თუ როგორ მიაგნო იმ კაცს არაფრით არ გვითხრა. უყვარდა ასეთი სიურპრიზები მანჩოს. ის ამერიკელი კი შემდეგ რესტორანში დავპატიჟეთ და კარგად ვაქეიფეთ. აღფრთოვანდა ჩვენი ოჯახით, მანჩოს სიმღერით, ლელას ცეკვით და საერთოდ ჩვენი სტუმარმოყვარეობით, რა ლამაზი ოჯახი გქონიათ, მანჩო რა ბიჭი გყოლიათო და მანჩოს ბოდიში მოუხადა წერილი ვერ გაგატანე, ვერ გენდეო, მაგრამ მანჩო მაინც მწყრალად უყურებდა.
ზოგი ფოთოლი ერთბაშად დაენარცხება ნეშომპალას, ზოგი კი ლამაზად მიფრინავს მარადისობისაკენ. მანჩო სპეტაკ სამოსელზე მიბნეული ძოწივით ბრწყინავდა, ყველას მზერას რომ იტაცებს. მის მიერ ნაჩუქარი ჩვიდმეტი გაზაფხული კი ისე კაშკაშებს, რომ არასოდეს გაფერმკრთალდება.
"დამეთანხმებით რომ სიცოცხლე დიდი განძია,
და რომ ეს განძი ვერც ამოვხსნით რატომ გვაჩუქეს,
ამის ამოხსნა შორს სცილდება ჩვენს ფანტაზიას,
ღმერთსაც რომ ჰკითხო, ნაღდად ღმერთიც ვერ გვიპასუხებს.
თუკი მოვდივართ არაფრიდან რაღას გვაწუხებს,
ისევ გადასვლა არაფერში ლიწინ-ლიწინით,
როდის იქნება, რა აზრი აქვს, უნდა დასრულდეს,
უნდა დასრულდეს ყოველივე მაინც სიკვდილით.
ზოგი ფოთოლი ერთბაშად დაენარცხება ნეშომპალას, ზოგი კი ლამაზად მიფრინავს მარადისობისაკენ. მანჩო სპეტაკ სამოსელზე მიბნეული ძოწივით ბრწყინავდა, ყველას მზერას რომ იტაცებს. მის მიერ ნაჩუქარი ჩვიდმეტი გაზაფხული კი ისე კაშკაშებს, რომ არასოდეს გაფერმკრთალდება.
"დამეთანხმებით რომ სიცოცხლე დიდი განძია,
და რომ ეს განძი ვერც ამოვხსნით რატომ გვაჩუქეს,
ამის ამოხსნა შორს სცილდება ჩვენს ფანტაზიას,
ღმერთსაც რომ ჰკითხო, ნაღდად ღმერთიც ვერ გვიპასუხებს.
თუკი მოვდივართ არაფრიდან რაღას გვაწუხებს,
ისევ გადასვლა არაფერში ლიწინ-ლიწინით,
როდის იქნება, რა აზრი აქვს, უნდა დასრულდეს,
უნდა დასრულდეს ყოველივე მაინც სიკვდილით.
იცი, სიცოცხლე ეს ლამაზი მელოდიაა,
ანუ ხანმოკლე მიწიერი არდადეგები!"
No comments:
Post a Comment