Wednesday, August 13, 2014

                                                                    გუჯიკო

გუჯიკო პირველ კლასში იყო, გაბუკა ძალიან პატარა, გაგვიჭირდა დილის საათებში სკოლიდან ბავშვის წამოყვანა  და დედამისმა გადაწყვიტა გუჯა გახანგძლივებულ ჯგუფში დაეტოვებინა.პირველი დღეა, ბავშვს საჭმელი გავატანეთ და სკოლაში გავუშვით. გუჯა ძალიან ამაყი, დარდიანი ბავშვია, გულმა არ მომითმინა და გაკვეთილების დამთავრებისთანავე ჩავირბინე სკოლაში, ვნახავ როგორ არისთქო. ვიწრო და გრძელ ოთახში ბავშვებს მერხებზე საჭმელი დაელაგებინათ და ხმაურით ჭამდნენ, მხოლოდ გუჯი იჯდა უხმოდ, დარდიანი. ასაკოვანმა მასწავლებელმა მითხრა არაფრით ჩანთიდან საჭმელი არ ამოალაგაო. გუჯა ჩემს დანახვაზე არც განძრეულა, მხოლოდ საყვედურით სავსე, განმგმირავი მზერა მომაპყრო. მასწავლებელს ვუთხარი, ბავშვი   შინ მიმყავსთქო. გზაზე არც ერთი არ ვიღებდით ხმას. დუმილი მე დავარღვიე.
- რატომ არ ჭამდი გუჯიკო?!
- მე იქ არასოდეს შევჭამ!- ისეთი ტონით მითხრა, მივხვდი,ასეც მოიქცეოდა და  ამას არასოდეს გვაპატიებდა. გული მომეწურა, ახლაც თვალწინ მიდგას მისი ცრემლიანი თვალები.
- გუჯიკო, მაპატიე,პირობას გაძლევ, არასოდეს, არასოდეს დაგტოვებ გახანგძლივებულ ჯგუფში!- გუჯიკო შემირიგდა, გამოხალისდა.მართლაც სიტყვა შევასრულეთ, დამხმარე ქალი ავიყვანეთ და გუჯიკოც დამშვიდდა. შიგადაშიგ როცა გამაბრაზებდა, ვემუქრებოდი გახანგძლივებულში გაგიშვებთქო, მაგრამ გუჯიკოს ეცინებოდა, შენ ხომ პირობა მომეციო.





No comments:

Post a Comment